კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წამოვიდა ნინო გაჩეჩილაძე სერიალიდან დროულად და რა ასწავლა თაკო გაჩეჩილაძეს პირველმა ქორწინებამ

ნინო და თაკო გაჩეჩილაძეები მაყურებელმა და მსმენელმა უკვე დიდი ხანია შეიყვარა. მათ შესახებ ყოველთვის ყველაფერი აინტერესებთ და დიდი ცნობისმოყვარეობით ადევნებენ თვალს როგორც მათ პირად ცხოვრებას, ასევე შემოქმედებით სიახლეებს. ჩვენი რესპონდენტებისგან შეიტყობთ, თუ როგორ ცხოვრობენ, როგორია მათი დედმამიშვილური ურთიერთობა და მომავლის გეგმები. 

– ხშირად დედმამიშვილები პატარა ასაკში არცთუ ისე შეხმატკბილებულად ცხოვრობენ და შიგადაშიგ ჩხუბიც „შემოერევათ.“ თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

ნინო: ბავშვობაში, რა თქმა უნდა, რაღაც სისულელეებზე ჩვენც ვჩხუბობდით, ახლა კი ასეთი რამ საერთოდ აღარ ხდება ჩვენ შორის. რა გვაქვს გასაყოფი, რაზე უნდა ვიჩხუბოთ? შეიძლება, ვიკამათოთ რაღაც საკითხებზე  რაც, საბოლოო ჯამში, გარკვეულ კონსენსუსამდე მიდის. ასე რომ, ბავშვობის შემდეგ ჩვენ შორის არანაირი უთანხმოება არ მომხდარა.

– რომელი უფრო დამჯერი შვილი ხართ?

თაკო: ამბობენ, რომ მე. ნინო ბავშვობაში ძალიან ჯიუტი და გიჟი იყო, ყველაფერს ანგრევდა, გიჟობდა და სულ მაიმუნობდა. მე ძალიან მოკრძალებული და დამჯერი ბავშვი ვყოფილვარ. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, შენნაირ შვილიშვილს დიდი სიამოვნებით გავზრდიდიო.

– თქვენ შორის სამი წელია სხვაობა, რაც, ასაკის მატებასთან ერთად, როგორც წესი, აღარ იგრძნობა ხოლმე.

ნინო: რაც წლები გვემატება, ჩვენი ასაკი თითქოს გათანაბრდა. რა თქმა უნდა, სამი წელი რაღაცას ნიშნავს, მაგრამ, თაკოს, გარკვეულწილად, უფრო მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს – ოჯახი ჰქონდა და იცის, რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა. მე არც ოჯახი მქონია და დიდად გამოცდილებაც არ მაქვს ამ საკითხში. ამიტომ, თაკო ხშირად მაძლევს ისეთ რჩევას, რომლის გათვალისწინება ნამდვილად ღირს, რადგან, რა შეცდომებიც თვითონ დაუშვა, არ უნდა, რომ მეც იგივე გავიმეორო. ამიტომ, ვცდილობ, გავითვალისწინო, თუმცა, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ. 

– თაკო, უფროსი დის რჩევებს ითვალისწინებ?

თაკო: ნინოს რჩევებს, რა თქმა უნდა, ვისმენ და ვითვალისწინებ. ზოგადად, იცი, როგორი ადამიანი ვარ? ძალიან ახლო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ვეკითხები რჩევას, მაგრამ, გადაწყვეტილებას მაინც თვითონ ვიღებ. შეიძლება, კარგი სულაც არ არის, მაგრამ, არ არსებობს, სხვის ჭკუაზე ვიარო. ასეთი ჯიუტი ხასიათი მაქვს. 

ნინო: თაკო ძალიან ჯიუტია, შეიძლება, საერთოდ არავის არ დაუჯეროს, მაგრამ, როცა რაღაცას ვეუბნებით მე და დედა, ეს ყველაფერი მის ცნობიერებაში მაინც ილექება. ასე რომ, შეიძლება, არ გვიჯერებს, მაგრამ, ბოლოს მაინც მიდის იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. მოკლედ, ცდილობს, დაგვიჯეროს, მაგრამ, ხან გამოსდის, ხან – არა.

– მაყურებელი დებ გაჩეჩილეძეებს კარგად გიცნობთ და ბევრი გულშემატკივარიც გყავთ. თაკო, ნინო რომ შენი მსმენელია, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ, შენ თუ იყავი „ჩემი ცოლის დაქალების” მაყურებელი?

თაკო: საკმაოდ მკაცრი შემფასებელი ვიყავი ნინოსთვის, მაგრამ, უფრო მეტად მაინტერესებდა, მაყურებელი როგორ მიიღებდა. ნინო ძალიან ნიჭიერი და აქტიური მსახიობი რომ იყო თეატრში, ეს ნინოს მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ვიცოდით, მაგრამ, ვინც თეატრის მაყურებელი არ არის, არ იცოდნენ. ძალიან გამიხარდა, რომ ამ სერიალით მაყურებლის უმეტესობამ გაიცნო ის. იმის გარდა, რომ ხალხმა ძალიან შეიყვარა და მიიღო კატოს პერსონაჟი, ძალიან მიხაროდა, რომ ნინო მათთვის გივის შვილი ან თაკოს და კი არ იყო, ან, უბრალოდ, ლამაზი გოგონა, არამედ, ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან ნიჭიერი და კარგი მსახიობიაო. რა თქმა უნდა, ამით მთელი ოჯახი ძალიან ამაყები ვართ. მართლა არ შეიძლებოდა, ასეთი ლამაზი და ნიჭიერი გოგო დაკარგულიყო. 

– როგორც ვიცი, ნინოც მღერის. დუეტის ჩაწერა არ გიცდიათ?

თაკო: ბავშვობაში ვმღეროდით, გუნდში ერთად დავდიოდით. ნინო ბევრ ქართველ მომღერალზე კარგად მღერის, ძალიან კარგი სმენა და ნორმალური ხმა აქვს. სიმღერა რომ გადაწყვიტოს, ძალიან კარგი მომღერალი იქნება, მაგრამ, არ უნდა, ამის სურვილი არ აქვს. სახლში თავისთვის მღერის.

– ნინო, რამდენიმე თვეა, ცალკე გადახვედი საცხოვრებლად. არ გაგიჭირდა ოჯახის გარეშე ყოფნა?

ნინო: ჩემს მშობლებთან ყოველდღე დავდივარ, ამიტომ მათთან განშორების შეგრძნება საერთოდ არ მაქვს. ჩვენი აუცილებელი პირობა სწორედ ის არის, რომ მშობლები ყოველდღე მოვინახულო. 

თაკო: ნინოსთან ხშირად დავდივარ და ვრჩები კიდეც. აი, დედაჩემს პირველად ძალიან გაუჭირდა ნინოს ცალკე გადასვლა და გული უჩუყდებოდა. ამბობდა, მარტო რომ არის, სულ მგონია, მოწყენილიაო. 

– რით ჰგავხართ ერთმანეთს?

თაკო: ამბობენ, რომ ერთმანეთს არ ვგავართ, მაგრამ, ვინც ახლოს გვიცნობს, აუცილებლად საპირისპიროს იტყვის. თუმცა, ნინო ზედმეტად წესრიგის მოყვარულია, მე კი უფრო თავისუფალი ადამიანი ვარ და საკუთარი წესებით ვცხოვრობ. 

– ნინო, ამჟამად რით ხარ დაკავებული, გარდა თეატრისა?

– კინოში მაქვს ძალიან საინტერესო შემოთავაზება. გეგმის მიხედვით, გადაღებები ზაფხულის ბოლოს უნდა დაიწყოს, თუმცა, ყველაფერი ისევ და ისევ ფინანსებთან არის დაკავშირებული. იმდენად სერიოზული და გრანდიოზული პროექტია, მგონი, რეჟისორს დაფინანსებაზე უარი არ უნდა უთხრან. რა ფილმზეა საუბარი, ჯერჯერობით ვერ გავამხელ. იმდენად საჭირო ფილმი იქნება საქართველოსთვის, რომ, წესით, დაფინანსებაზე უარი არავინ არ უნდა თქვას. 

– პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლე ხომ არ გაქვთ?

ნინო: სამწუხაროდ, ჯერჯერობით არა, ისევ ისეთი მშვიდი სიტუაციაა. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები ყოველდღე მწერენ „ფეისბუქზე“, მეკონტაქტებიან, კომპლიმენტებით მავსებენ და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვარ. თუმცა, მაინც მგონია, რომ პირადული საკითხები ზევით წყდება და, რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გამოიჩინო, შეიძლება, ამ ძალისხმევამ არანაირი შედეგი არ გამოიღოს, რადგან, ყველაზე საინტერესო რაღაცეები მაინც სპონტანურად ხდება. სპონტანური შემთხვევები კი, ჩემი აზრით, ზემოთ არის დაგეგმილი – მე ამის მჯერა. როცა რაღაც სერიოზული იქნება, რა თქმა უნდა, არ დაგიმალავთ და გეტყვით.

თაკო: ხალხს როგორც არ უნდა გაუკვირდეს, ჩემს პირად ცხოვრებაშიც მართლა არაფერი ხდება. ისეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი, მივხვდი, რომ ნერვიულობის ფასად არაფერი არ ღირს ოჯახის გარდა. ყოველთვის ვამბობ, რომ, რადგან დღეს ოჯახი არ მაქვს, ესე იგი ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. ზევიდან „სიგნალი“ აუცილებლად იქნება, რასაც, არ მინდა, რომ გავუსწრო. ერთხელ გავუსწარი და შეცდომა დავუშვი. მინდა, იმასთან შევქმნა ოჯახი, ვინც ნამდვილად იქნება ჩემი ღირსი და მივხვდები, რომ ეს ის არის, ვისაც ამდენ ხანს ველოდი. ამიტომაც არ ვჩქარობ.

– რომელი უფრო პრეტენზიული ხართ?

თაკო: ორივე ძალიან პრეტენზიულები ვართ, მაგრამ, პირადში – ნინო უფრო. მას სჯერა რომ არსებობს პრინცი, რომელიც აუცილებლად მოვა. მე კი, ჩემი გათხოვებისა და მერე გაშორებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ასე არ არის და მიწაზე დავეშვი. იდეალური მამაკაცები რომ არ არსებობენ მივხვდი და, შევეგუე, რომ ყველა ერთნაირია. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ ვართ იდეალურები. 

ნინო: თაკო ადრე საერთოდ არ იყო პრეტენზიული, მაგრამ, მგონი, უკვე ჩემზე პრეტენზიული გახდა. მისთვის მამაკაცის ვიზუალურ მხარეს აღარ აქვს მნიშვნელობა. თავისი პირველი ქორწინებიდან გამომდინარე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მამაკაცის ვიზუალური მხარე და გარეგნობა არაფერს ნიშნავს. მისთვის ეს საკითხი ყველაზე ბოლო ადგილზეა. მთავარია, მამაკაცი შემდგარი და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუ იქნება გავლენიანი, ხომ კარგი. ძლიერი პიროვნება უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, მეც იმ დასკვნამდე მივედი, რომ არ არის სავალდებულო, მამაკაცი ალენ დელონი იყოს, თეთრ ცხენზე ან თეთრ „ფერარიზე“ ამხედრებული პრინცი, მთავარია, იყოს ძლიერი, გამოცდილი და შენი მფარველი ანგელოზი. მისი იმედი ყველგან და ყოველთვის უნდა გქონდეს. ასეთი ადამიანი მე და თაკომ ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. თუმცა, მჯერა, რომ, ყველა, ვინც სიყვარულს ეძებს, საბოლოო ჯამში, აუცილებლად პოულობს. ბევრს უკვირს, რომ გათხოვილი არ ვარ და არც შეყვარებული მყავს. მაგრამ, ეს მარტო ჩვენს ძალისხმევაზე არ არის დამოკიდებული, ეს ყველაფერი ღმერთმა უნდა ინებოს. როცა ურთიერთობა საწყის ეტაპზევე მთავრდება, ესე იგი, ეს ღმერთისგან არ არის და განიშნებს, რომ ის საშენო არ არის. ერთ მშვენიერ დღეს კი აუცილებლად შეგხვდება ის ადამიანი, ვისაც ეძებ და ვინც გეძებს. შეიძლება, ამის გამო ჩათვალონ, რომ პრეტენზიული ვარ, მაგრამ, სხვანაირს ვერ შევეგუები და რა ვქნა? მინდა, ისეთივე მყარი ოჯახი მქონდეს, როგორიც ჩემს მშობლებს აქვთ, სხვანაირი ვერც წარმომიდგენია. თუ ასეთი არ იქნება, მაშინ, საერთოდ ნუ იქნება. 

– ნინო, სერიალი არ მოგენატრა?

– ვუყურებ ხოლმე შაბათ-კვირას და ვერთობი. ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ, რადგან ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხალხია. რაც შეეხება კატოს, ჯერ არ მენატრება, რადგან თავი ძალიან მომაბეზრა. თუ მომენატრება, „იუთუბიზე“ შევალ და ძველ სერიებს ვუყურებ. მიმაჩნია, რომ კატომ თავისი გასაკეთებელი საქმე ჩემთვის უკვე გააკეთა – ხალხის სიყვარული, პოპულარობა და გამოცდილება ნამდვილად მომცა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. არ მინდა, რომ სერიალის მსახიობად დავრჩე და ზუსტად ვიცი, ეს ასე არ იქნება. ძალიან დროულად წამოვედი „ჩემი ცოლის დაქალებიდან.” ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. უსასრულოდ არ უნდა გაიწელოს და მაყურებელს თავი არ უნდა მოაბეზრო. ჩემმა წამოსვლამ კი დამანახვა, ხალხს როგორ ჰყვარებია კატო. მიუხედავად იმისა, რომ უსაქმოდ არ ვარ, ახალ შემოთავაზებებსა და პროექტებს ველოდები. სანამ ახალგაზრდა ვარ და რაღაცის გაკეთება შემიძლია, ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო.

скачать dle 11.3