კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარი ვერსია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7-16(642) 

დოდომ სადავე მოზიდა, ცხენი მოაბრუნა და უნაგირიდან ჩამოხტა, მაგრამ, ნიკასთან მიახლოება ვერ შეძლო. წაქცევით შეშინებული პირუტყვი გაშმაგებული იქნევდა ფეხებს და ადგომას ცდილობდა. დოდოს უნებლიე კივილი აღმოხდა, როდესაც ოსკარის ფლოქვმა ნიკას თავის გვერდით რამდენჯერმე მოთხარა მიწა. დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა – შესაძლოა, ცხენის მომდევნო გაბრძოლება მხედრისთვის საბედისწერო აღმოჩენილიყო. დოდომ ძალა მოიკრიბა, მეორე მხრიდან შემოუარა ოსკარს, აღვირს ჩააფრინდა და მთელი ძალით მოქაჩა. თან ყვიროდა:

– ადექი, ოსკარ!.. გესმის?.. ადექი!..

დოდოს ხმამ ცხენი დაამშვიდა და ბორგვა შეწყვიტა. შემდეგ გვერდზე გადაბრუნდა, წინა ფეხებს დაეყრდნო, მსუბუქად აზიდა სხეული და ისე მშვიდად გაუყვა ბილიკს, თითქოს არაფერი მომხდარა. დოდომ მაშინვე თავი მიანება ცხენს, ნიკას გვერდით დაეშვა მუხლებზე, მისი ლოყები ხელისგულებში მოიქცია და შიშნარევი ხმით ჩასძახა:

– თვალები გაახილე!.. შემომხედე, ნიკა!.. გესმის ჩემი?!

ნიკამ მძიმედ ასწია ქუთუთოები და დანისლული მზერა მიაპყრო.

– ჰო შემომხედე... რამე მითხარი... – აჩქარდა დოდო.

– სუნთქვა მიჭირს, – ყრუდ ჩაილაპარაკა ნიკამ და წამოწევა დააპირა.

– არა, არ ადგე, საშიშია... შეიძლება, ნეკნი გაქვს გატეხილი... – დოდო მხრებში ჩააფრინდა და ადგომის საშუალება არ მისცა.

ამასობაში მათთან იპოდრომის რამდენიმე თანამშრომელმა მიირბინა, მათ შორის იყო ექიმიც. მან ქურთუკი გაუღეღა ნიკას და ფრთხილად შეუდგა მკერდის შემოწმებას, თან, ყოველი შეხებისას ეკითხებოდა:

– აქ გტკივა?..

– არა...

– ასე? 

– მტკივა... 

– ახლა?.. – მარჯვენა გვერდზე მიაჭირა ხელი ექიმმა.

– მტკივა-მეთქი, შენი!.. – კბილები გააღრჭიალა ნიკამ და ხელი აუკრა.

– გასაგებია... – წელში გაიმარათა ექიმი, – საშიში არაფერია. დაეხმარეთ, ადგეს.

– ადგეს?! – გაოცებით გახედა დოდომ.

– ჰო... საშუალო ხარისხის დაჟეჟილობა აქვს. არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი ნეკნიც ჰქონდეს გაბზარული, მაგრამ, რაც მთავარია, მოტეხილობას გადაურჩა, – უპასუხა ექიმმა.

დოდო და ერთ-ერთი მეჯინიბე მხარში ამოუდგნენ ნიკას და ფრთხილად წამოაყენეს.

– შეძლებ სიარულს? – ჰკითხა ექიმმა, – თუ გინდა, საკაცეს მოვატანინებ.

– არ მინდა. უბრალოდ, სუნთქვა მიჭირს. ცოტა ხანს ჩამოვჯდები.

– უკვე გითხარი, რომ ნეკნები მთელი გაქვს, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, რენტგენი მაინც გადაიღე. ეს ხვალისთვის. დღეს კი, სახლში დაბრუნებისთანავე მიიღე თბილი აბაზანა და მაშინვე ლოგინში ჩაწექი. ახლა შენთვის დასვენება პირველი წამალია... თუ დაგჭირდით, ჩემს ოთახში ვიქნები, – თქვა ექიმმა და ადმინისტრაციული შენობისკენ წავიდა. დოდომ ნიკას წელზე მოხვია ხელი და იქვე, ღობის გასწვრივ დაგდებული მორისკენ წაიყვანა.

– არც ვიცი, რა გითხრა, – ალაპარაკდა დოდო, როგორც კი ნიკა მორზე ჩამოჯდა, – ვერ წარმოიდგენ, როგორ შემეშინდა. ვერ ვხვდები, რა ბუზმა უკბინა ოსკარს. ჯობდა, საერთოდ არ მომეყვანე აქ. კაფეში ან რესტორანში ნეკნებს არ დაიჟეჟავდი.

– ნუ ღელავ, საშინელი არაფერი მომხდარა.

– საშინელი არაფერი მომხდარა?! – გაოცებულმა ახედა დოდომ, – შენ ვერც კი ხვდები, რომ სიკვდილს გადაურჩი. იცი, რამდენი სანტიმეტრით აგცდა ოსკარის ფლოქვი?

– აზრზე არა ვარ. როგორც კი ცხენი დამეცა, სუნთქვა შემეკრა და თვალთ დამიბნელდა, – უპასუხა ნიკამ.

– დიდი-დიდი, ათი სანტიმეტრით. ოთხჯერ თუ ხუთჯერ ფლოქვი შენი თავის გვერდით დაარტყა მიწას. სულ ცოტაც და, საფეთქელს ჩაგიმტვრევდა, – აკანკალებული დოდო მკერდში ჩაეკრა.

– კარგი, კარგი, დამშვიდდი, – თმაზე მოეფერა ნიკა.

– ახლა როგორ ხარ, სიარულს შეძლებ?

– ყოველ შემთხვევაში, სახლამდე ნაღდად მივაღწევ.

– არავითარი სახლი, – სწრაფად თქვა დოდომ, – ჩემთან წამოხვალ. ასეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ დაგტოვებ... წამოდი!

დოდოს მანქანა ცენტრალურ შესასვლელთან უფრო ახლოს იდგა. მანქანასთან მიახლოებისას ის დაწინაურდა, კარი გააღო და ნიკას მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო.

– შენი მანქანით წამოვიდე? – ჰკითხა მან.

– ჰო... ასეთ მდგომარეობაში მანქანის მართვა გაგიჭირდება.

– ჩემი მანქანა აქ დავტოვო?

– გასაღები მომეცი, ბიჭებს ვთხოვ და ჩემს სახლთან მოიყვანენ, – შესთავაზა დოდომ.

– კეთილი, – დაეთანხმა ნიკა, მანქანის გასაღები მისცა და მძიმედ დაეშვა სავარძელზე.

დოდომ მაშინვე ადმინისტრაციული შენობის ცენტრალურ შესასვლელს მიაშურა, სადაც იპოდრომის რამდენიმე თანამშრომელი იდგა. მან ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გვერდით გაიხმო და საუბარი გაუბა, თან ნიკას მანქანაზე უთითებდა და რაღაცას უხსნიდა. ბოლოს დოდომ ახალგაზრდას გასაღები მისცა, მანქანასთან დაბრუნდა, საჭეს მიუჯდა და ნიკას უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა. ჩემი ნაცნობია, უკან გამოგვყვება და მანქანას ჩემს სახლთან მოიყვანს. წავედით?

– წავედით, – უპასუხა ნიკამ და მოხერხებულად მოეწყო სავარძელში.

* * *

დოდო ვერაზე, უზარმაზარ ხუთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ბინა სადად, მაგრამ გემოვნებით იყო მოწყობილი. ყველაფერში ბინის პატრონის სივრცისადმი სიყვარული იგრძნობოდა: ოთახები არ იყო ავეჯით გადატვირთული. ვრცელი ჰოლი, რბილი ავეჯით გაწყობილი სასტუმრო ოთახი, რომლის კედლებსაც რამდენიმე ფერწერული ტილო ამშვენებდა. არსად ჩანდა ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი. სამაგიეროდ, კუთხეში მოზრდილი აკვარიუმი იდგა. ასეთი აკვარიუმი ნიკას ადრე არასდროს უნახავს. შუშის ვიწრო და გრძელი მართკუთხედი ცალკეულ სექციებად იყო დაყოფილი და ყოველ სექციაში თითო თევზი დაცურავდა. გარეგნულად თევზები ერთი ჯიშის უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, შეფერილობით აბსოლუტერად განსხვავდებოდნენ. აქ იყო სისხლივით წითელი, ლურჯი, იისფერი, სხვადასხვა ფორმისა და ფერის ზოლებით, ლაქებით, წინწკლებით მოხატული რამდენიმე თევზი. ყოველ მათგანს ძალიან ლამაზი, ფუშფუშა კუდი ამშვენებდა. თევზები მძიმედ ამოძრავებდნენ ფარფლებს და მშვიდად დაცურავდნენ კედლიდან კედლამდე. მაგრამ, დროდადრო სურათი მოულოდნელად იცვლებოდა: რომელიმე მათგანი ელვის სისწრაფით მოსწყდებოდა ადგილს და მთელი ძალით ეხეთქებოდა შუშის ტიხარს, რომლითაც მეზობელი თევზისგან იყო გამოყოფილი. ამის დანახვაზე მეზობელიც ასევე იქცეოდა – თავგამოდებით ეხეთქებოდა ტიხარს. რამდენიმე უშედეგო შეტევის შემდეგ თევზები მშვიდდებოდნენ და ისევ მძიმედ იწყებდნენ წრეზე ცურვას, ცოტა ხანში კი იგივე მეორდებოდა.

ნიკა ცოტა ხანს ათვალიერებდა აკვარიუმს, შემდეგ დივანზე ჩამოჯდა და დოდოს გახედა:

– შენი ბინა სულ სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი.

– არ მოგწონს?

– მომწონს, მაგრამ, მაინც სხვას ველოდი.

– მაინც რას?

– უფრო შენი ტემპერამენტის შესაბამისს. მაგალითად, მძლავრ მუსიკალურ ცენტრს, სამხრეთამერიკული რიტმული მუსიკის დიდი კრებულით. შენ კი, არათუ მუსიკალური ცენტრი, ტელევიზორიც კი არ გაქვს. სამაგიეროდ, გაქვს ასეთი ორიგინალური აკვარიუმი.

– ცდები... სიმართლე გითხრა, მართლაც ძალიან ცოტა დროს ვუთმობ ტელევიზორს, მაგრამ, ქვის ხანაშიც არ ვცხოვრობ. ტელევიზორი და ცენტრი საძინებელში მიდგას, ძილის წინ თუ ჩავრთავ ხოლმე – გააჩნია, რა ხასიათზე ვარ. ჩემი მუსიკალური გემოვნებაც ვერ გამოიცანი – კლასიკას ვუსმენ: ვაგნერს, ბეთჰოვენს,  ბრამსს. ძალიან მომწონს ჩაიკოვსკი, მიყვარს ბლუზიც. ეს აკვარიუმი კი ჩემი ცხოვრების ნაწილია, მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებდი, – უპასუხა დოდომ.

– რა ჯიშის თევზებია? ასეთები არასდროს მინახავს, – აკვარიუმს მიუბრუნდა ნიკა.

– ვერც ნახავდი. აკვარიუმის მოყვარულები გაურბიან ამ ჯიშის თევზებს. ბევრი მათ ზედმეტ თავის ტკივილად მიიჩნევს.

– რატომ? – ჰკითხა ნიკამ.

– იმიტომ, რომ რთული მოსავლელები არიან. ეს ტროპიკების თევზებია, ამაზონში ცხოვრობენ. ვერ იტანენ ტემპერატურის ცვლილებას, თან, განსაკუთრებული კვებაც სჭირდებათ. მოკლედ, ძვირი ჯდება, – უპასუხა დოდომ.

– რატომ არიან ცალ-ცალკე? ერთად, ერთ აკვარიუმში უფრო ლამაზად გამოჩნდებოდნენ.

– გამოჩნდებოდნენ, – გაეცინა დოდოს, – რამდენიმე საათი მართლაც ლამაზი სანახაობა იქნებოდა, მაგრამ, მეორე დღისთვის მათგან მხოლოდ ერთი დარჩებოდა ცოცხალი.

– ერთი? – გაუკვირდა ნიკას, – რატომ?

დოდო აკვარიუმს მიუახლოვდა და თითებით მოეფერა სრიალა შუშას.

– ხედავ, რა ლამაზები არიან? ბუნებაში პრაქტიკულად შეუძლებელია ორი ერთნაირის ნახვა. მათ „მებრძოლ თევზებს“ უწოდებენ, მაგრამ ეს შეცდომაა – ისინი დაუნდობელი მკვლელები არიან. მათში მხოლოდ ერთია მდედრი – აი, ის, რუხი შეფერილობის. მამრები შუშის მიღმა ხედავენ მას, ამასთან ერთად, ხედავენ ერთმანეთსაც. სხვა მამრის სიახლოვე მათთვის ნამდვილი კატასტროფაა. საშუალება თუ მიეცათ, მანამდე იბრძოლებენ, სანამ მათგან მხოლოდ ერთი დარჩება ცოცხალი. მაგრამ, ერთმანეთის გარეშეც არ შეუძლიათ არსებობა. ასე მგონია, მეტოქის სიახლოვე მათთვის გარკვეული სტიმულატორია. თითქოს მოწინააღმდეგე აიძულებთ ფორმაში ყოფნას. მარტო დარჩენილები დუნეები ხდებიან, ნაკლებს მოძრაობენ, ცუდად იკვებებიან და, საბოლოოდ, იღუპებიან

თითქოს დოდოს სტყვების დადასტურება სურსო, ერთ-ერთმა თევზმა მარაოსავით გაშალა ლამაზი კუდი და შუშის ტიხარს მიღმა მყოფი მეზობლისკენ გაქანდა. მეტოქე შეტევას არ შეუშინდა და მეორე მხრიდან შეასკდა შუშას. თითის სიგრძე მკვლელებმა კიდევ რამდენჯერმე შეუტიეს ტიხარს, შემდეგ კი დამშვიდდნენ და საპირისპირო მხარეს გაცურეს.

– ევოლუციის ჭეშმარიტი ქმნილებები არიან – ლამაზები, სწრაფები და დაუნდობლები. ჭიდილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ... როგორ გამართე ლაპარაკით. ერთი წუთით... – დოდო სამზარეულოში გავიდა. უკან მობრუნებულმა ჟურნალის მაგიდაზე ვისკიანი ჭიქა დადგა და ნიკას უთხრა, დალიეო.

– არ მინდა, – იუარა ნიკამ, – ისედაც გაბრუებული ვარ.

– დალიე, დაღლილობის შეგრძნებას მოგიხსნის და მოეშვები. მანამდე კი აბაზანას მოგიმზადებ, – თქვა დოდომ და ოთახიდან გავიდა.

ნიკამ ჭიქა აიღო, რამდენჯერმე შეატრიალა ხელში და ერთი ყლუპი ვისკი მოსვა. სასმელი ესიამოვნა. მაშინვე იგრძნო, როგორ დაურბინა თბილმა ტალღამ სხეულს. ნიკამ კიდევ ერთი ყლუპი მოსვა, თავი უკან გადაწია და თვალები დახუჭა. ცოტა ხანში ოთახში ნაბიჯების ხმა გაისმა. დივანი ოდნავ შეინძრა. ნიკამ თვალები გაახილა – დოდო დივანის მეორე მხარეს იჯდა და ღიმილით შესცქეროდა.

– დაღლილობა მომერია, – ჩაილაპარაკა ნიკამ და დივანზე შესწორდა.

– ცოტაც გაუძელი. აბაზანა მოგიმზადე. ხომ გახსოვს ექიმის დანიშნულება: თბილი აბაზანა და სიმშვიდე. წამოდი... – თქვა დოდომ.

– ჰო, – ჩაილაპარაკა ნიკამ, კიდევ ერთი ყლუპი ვისკი მოსვა და ადგა.

მრგვალ აბაზანაში წყლის ზედაპირი თოვლივით ქათქათა, სურნელოვან ქაფს დაეფარა.

– ტანსაცმელი იქ, ტუმბოზე დააწყვე. მერე გაგიწმენდ, – ხელით მიანიშნა დოდომ და სააბაზანოდან გავიდა.

ნიკა დარიგებისამებრ მოიქცა. ტანსაცმელი გაიხადა, ტუმბოზე დააწყო და აბაზანაში ჩაწვა. დაღლილობამ, რამდენიმე ყლუპმა ვისკიმ და თბილმა წყალმა სწრაფად გაიტანა თავისი – ნიკა მოეშვა და თავისთავად დაეხუჭა თვალები. არნახული სიმშვიდის შეგრძნება დაეუფლა. ახლა მხოლოდ ერთი რამ სურდა: რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო ასე. სმენას კარის გაღების ხმა მისწვდა. „ალბათ ტანსაცმლის წასაღებად შემოვიდა,“ – გაიფიქრა ნიკამ და სწორედ ამ დროს, მკერდზე ხელის შეხებით იგრძნო. მან მძიმედ აზიდა ქუთუთოები და გაოცებულმა ახედა ხალათში გამოწყობილ დოდოს, რომელიც აბაზანის კიდეზე იჯდა და ფრთხილად ეფერებოდა მკერდზე. ქალი შეჩერდა. მერე ადგა, ნელი, გამომწვევი მოძრაობით გაიხადა ხალათი, კიდეს ფრთხილად გადააბიჯა და აბაზანაში ჩაეშვა. მისი უზადო სხეულის დანახვამ ნიკას ჟრუანტელი მოჰგვარა. მხურვალე ტალღამ სწრაფად დაურბინა, სხეულის ყოველ უჯრედს მისწვდა და გაათბო. ხელი თავისთავად ამოძრავდა. ჯერ მაჯაზე შეეხო დოდოს, შემდეგ ზემოთ აუყვა – იდაყვი უკან მოიტოვა, მხარზე მოეხვია და და თავისკენ მიიზიდა. ქალი ლერწამივით მსუბუქად დაჰყვა. მისკენ გადაიხარა, ჟინიანად ჩააკვდა ტუჩებში და...

მოულოდნელად მობილური ტელეფონი აწკრიალდა. დოდომ უკმაყოფილოდ გახედა ნიკას შარვალს, რომლის ჯიბიდანაც ისმოდა ზარის ხმა და ჩაილაპარაკა: 

– ახლავე გამოვრთავ.

– არა, – სწრაფად თქვა ნიკამ. მან უკვე იცოდა, ვინც ურეკავდა – ეს ზარი საგანგებოდ ჰქონდა დაყენებული ნანას ნომერზე, რათა სხვა აბონენტებისგან გამოერჩია, – დაველაპარაკები.

– ეს აუცილებელია? – ჰკითხა დოდომ.

– აუცილებელია. ნანა მირეკავს, – უპასუხა ნიკამ.

– ნანა... ვინაა ნანა? – ჩაეძია დოდო.

– ჩემი კლიენტი.

დოდო უხალისოდ გადასწვდა შარვალს, ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და ნიკას გაუწოდა.

– გისმენ, ნანა, – უპასუხა მან.

– მაპატიე, ასეთ დროს რომ გირეკავ, მაგრამ, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, – ცრემლნარევი ხმით ალაპარაკდა ნანა, – მეშინია... ძალიან მეშინია და სხვა არავინ მყავს, ვისაც შეიძლება, რომ დახმარება ვთხოვო...

– გეშინია?! რისი გეშინია? – აბაზანიდან წამოიწია ნიკამ.

– ვიღაც მირეკავს და მემუქრება!

– როდის დაგირეკა?

– პირველად რამდენიმე საათის წინ. შემდეგ კიდევ ორჯერ დარეკა. ყოველი დარეკვისას ერთსა და იმავეს მიმეორებს: გონს მოეგე. ნიკა გურულთან ურთიერთობა შეწყვიტე, თორემ, შენს ქმართან მოგიწევს გამგზავრებაო!.. – ტირილი აუვარდა ნანას, – თანაც, სახლში მარტო ვარ, ჩემები რაიონში არიან წასულები. სახლიდან გამოსვლა და ვინმესთან წასვლა კი არა, ფანჯარასთან მიახლოებაც ვერ გამიბედავს!

– კარგი, დამშვიდდი. მე ახლავე მოვალ! – უპასუხა ნიკამ. მერე მობილური გათიშა, აბაზანიდან ამოვიდა და სწრაფად შეუდგა ტანის გამშრალებას.

დოდო ცოტა ხანს უხმოდ ადევნებდა თვალს. ბოლოს მაინც ვერ შეძლო თავის შეკავება და გაოცებულმა ჰკითხა:

– მართლა მიდიხარ?

– უნდა წავიდე. ნანას ვიღაც ემუქრება, – უპასუხა ნიკამ.

– არ მეგონა, შენს დამქირავებელს ღამითაც თუ უწევდი მომსახურებას, – ირონიით შენიშნა დოდომ.

– ხომ გითხარი, რომ ვიღაც ემუქრება! – უკმაყოფილო ხმით უპასუხა ნიკამ.

– ამისთვის არსებობს პოლიცია, პატრული. შენ რა შუაში ხარ?

– იმ ადამიანმა მე მთხოვა დახმარება, – ნიკამ გვერდზე გადადო პირსახოცი და ჩაცმას შეუდგა, – მე კი ჯერ არავისთვის მითქვამს უარი დახმარებაზე.

– მე არავინ მემუქრება, ნიკა, მაგრამ, ახლა საშინლად არ მინდა მარტო დარჩენა. იცოდე, რომ წასვლით ძალიან მატკენ გულს.

– მაპატიე, დოდო, მაგრამ, ვერ დავრჩები.

– შენი ნებაა, – დოდო სწრაფად ამოვიდა აბაზანიდან, ხალათი პირდაპირ სველ ტანზე მოისხა და უკანმოუხედავად გავიდა სააბაზანო ოთახიდან.

ნიკამ ჩაცმა დაასრულა და სასტუმრო ოთახში გავიდა. დოდო გაქვავებული სახით იჯდა დივანზე. მზერა აკვარიუმში მოსრიალე თევზებისკენ ჰქონდა მიმართული.

– ეს პატარა არსებები მდედრის გულის დასაპყრობად სიცოცხლესაც კი არ იშურებენ, შენ კი უარს ამბობ იმაზე, რაც თითის გაუნძრევლად გეძლევა... არ ვიცი, რა დავარქვა ამას, ნიკა – გატაცება, რაღაც ახლის ძიების სურვილი თუ სხვა, უფრო ღრმა გრძნობა, მაგრამ, მე ძალიან მომწონს შენი სიახლოვე. ნუ მოკლავ იმას, რაც რამდენიმე დღის წინ დაიბადა და ჯერ არ გამყარებულა... – აკვარიუმისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე ჩაილაპარაკა დოდომ.

– მაპატიე. არ მინდოდა შენი წყენინება, მაგრამ... – ნიკამ აღარ დაასრულა და დაიხარა, რომ ლოყაზე ეკოცნა დოდოსთვის, მაგრამ, მისდა გასაოცრად, ქალი გაერიდა. ნიკა წამით შეჩერდა, დოდოს თმაზე მოეფერა, შემდეგ კი შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ბინიდან.

* * *

ნანა ნერვიულად ჭმუჭნიდა ცხვირსახოცს, რომლითაც დროდადრო თვალებს იმშრალებდა და ისე უამბობდა ნიკას მომხდარის შესახებ.

– საღამოს რვა საათი იქნებოდა, როდესაც პირველად დარეკა...

– მობილურზე დაგიკავშირდა თუ ბინის ტელეფონზე? – ჩაეძია ნიკა.

– ორივეზე.

– ორივეზე?! – გაუკვირდა ნიკას.

– ჰო, ორივეზე. პირველად ბინის ტელეფონზე დარეკა. საშინელი ხმა ჰქონდა, ჩახლეჩილი. მომეჩვენა, რომ, კი არ ლაპარაკობდა, ხიხინებდა. სიტყვების გარჩევაც კი მიჭირდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი ყოველი თუნდაც ბუნდოვანი ფრაზა მაგრძნობინებდა იმ გაღიზიანებას, ზიზღსა და აგრესიას, რომლითაც ის მელაპარაკებოდა. ისე შევშინდი, რომ მისი ბოლომდე მოსმენა ვერ შევძელი და ტელეფონი გავთიშე... ცოტა ხანში ისევ დარეკა, მაგრამ, როგორც კი ეკრანზე იგივე ნომერი შევნიშნე, ტელეფონს ახლოსაც არ გავეკარე... ამის შემდეგ მობილურზე დარეკა. ამჯერად ნომერი სხვა იყო. ვერ მივხვდი, ვინ მირეკავდა და ვუპასუხე... ისევ ის აღმოჩნდა. ისევ გავუთიშე ტელეფონი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ისევ მობილურით დამიკავშირდა და ისევ სხვა ნომრით...

– შეგიძლია, დაწვრილებით ამიხსნა, რას მოითხოვდა შენგან? – ჰკითხა ნიკამ.

– შენ თვითონ მოისმინე, – უპასუხა ნანამ და მობილური გაუწოდა, – შეშინებული ვიყავი, დაბნეულიც, მაგრამ, მაინც მივხვდი, რომ შენთვის საინტერესო იქნებოდა ამის მოსმენა. მესამე დარეკვისას ტელეფონი არ გავუთიშე და ყველაფერი ჩავიწერე, რაც მან თქვა.

ნიკამ მობილური ჩამოართვა, მენიუში საჭირო განყოფილება მოძებნა და ჩანაწერი ჩართო.

მობილურიდან მამაკაცის ჩახლეჩილი ხმა გაისმა:

– ნუ მაღიზიანებ, ნანა. ამას მხოლოდ შენთვის ვაკეთებ. თუ კიდევ ერთხელ გამითიშავ ტელეფონს, პირობას გაძლევ, მომდევნო დილას ვეღარ მოესწრები – ამაღამვე გაგამწესებ საიქიოში!...

– რა გნებავთ?

– უკვე გითხარი და კიდევ გიმეორებ: ნუ იქექები ამ საქმეში. დაითხოვე შენი დეტექტივი და ყველაფერი კარგად იქნება. თუ არ შეისმენ, უეჭველად მოგიწევს შენს ქმართან გამგზავრება. გითხრა, როგორ მოხდება ეს?! გზაჯვარედინზე მანქანა დაგეჯახება... ან კიდევ, სადარბაზოდან გამოსულს დაგახლიან ტყვიას... შეიძლება, დაქვრივებულმა და ცხოვრებით თავმობეზრებულმა, სიცოცხლე ფანჯრიდან გადახტომით დაასრულო... შენ რომელი გირჩევნია? – ავად ჩაიხიხინა უცნობმა, – კარგად გაიგე, რაც გითხარი?

– გავიგე... – ყრუდ ჩაილაპარაკა ნანამ.

– ჰოდა, თუ გაიგე, ხვალვე დაუკავშირდი გურულს და ხელშეკრულება გააუქმე – ეს ხომ ძალიან მარტივია. გააკეთებ იმას, რასაც გეუბნები და იცოცხლებ; არ გააკეთებ და... მოკლედ, თვითონაც ხვდები, რაც მოხდება!... ეს ბოლო გაფრთხილებაა. მე აღარ დაგირეკავ. თუ გურულმა საქმის ქექვა განაგრძო, ჩათვალე, რომ მკვდარი ხარ!...

– და, რა გადაწყვიტე ამის შემდეგ? – ნანას მიუბრუნდა ნიკა, როგორც კი ჩანაწერი შეწყდა.

– არც კი ვიცი, რა გითხრა, – მზერა აარიდა ქალმა, – ეს იმდენად აუტანელია, რომ... ამის შემდეგ სახლიდან გასვლასაც ვერ გავბედავ. მაგრამ, როდემდე ვიცხოვრებ განდეგილივით?.. არ ვიცი, როგორ მოახერხეს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მათ მოკლეს ანდრო. მათ შეეწირა ვაჟაც და, ალბათ, ჩემამდე მოღწევასაც შეძლებენ.

– შენ მართლა ფიქრობ ხელშეკრულების გაუქმებაზე? – მოიღრუბლა ნიკა.

– არ ვიცი... – ნანამ პაუზა გააკეთა და ყოყმანით განაგრძო, – მხოლოდ ამ მუქარაშიც არ არის საქმე.

– აბა, რაშია?

– მე... მე ფული აღარ მაქვს, – ნანამ სახეზე აიფარა ხელები, – დღეს შეტყობინება მივიღე ბანკიდან – ანგარიში, რომელზეც დანაზოგს ვინახავდი, დააყადაღეს. მე ვეღარაფერს გადაგიხდი. მაპატიე...

– გულწრფელად მითხარი, რა უფრო გაღელვებს – ეს მუქარა თუ ის, რომ ანგარიში დაგიყადაღეს და ფულს ვერ გადამიხდი?

– ერთი მეორეს დაემატა, მეორეს მესამე და... – პირდაპირ პასუხს თავი  აარიდა ნანამ.

– მე გთხოვე, გულწრფელად გეპასუხა! ნუ ვისაუბრებთ როგორც დამქირავებელი და დაქირავებული. მე შენთან ისე მოვედი, როგორც მეგობარი!

– მესმის, ნიკა. მაგრამ, შენც უნდა გამიგო. ჩემს ნაცნობებს შორის არ მეგულება ადამიანი, რომელიც იმ არაკაცისგან ჩემს დაცვას შეძლებს. მაგრამ, ისიც არ მინდა, ჩემ გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო და თანაც ამაში არაფერი მიიღო. არა, მე ასე არ შემიძლია. მირჩევნია, ისე მოვიქცე, როგორც ყოველთვის ვიქცეოდი.

– როგორ იქცეოდი ყოველთვის?

– ვჩუმდებოდი და ყველაფერს ბედისწერას ვანდობდი, – უპასუხა ნანამ.

– „მოსახდენი მაინც მოხდება“, – ესაა შენი დევიზი? – ჰკითხა ნიკამ.

– ასეც შეიძლება ითქვას.

– და, ამართლებდა?

– ყოველ შემთხვევაში, სხვა ადამიანისთვის ვნება არასდროს მოუტანია, – ამოიოხრა ნანამ.

– ამჯერად მოუტანს! – ცივად შენიშნა ნიკამ.

– რას გულისხმობ? – შიშით გახედა ნანამ.

– როგორ გგონია, შეურიგდებიან შენი მშობლები წყნეთის აგარაკის დაკარგვას – იმ აგარაკის, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში აშენებდნენ?! – ჰკითხა ნიკამ.

– შევეცდები, ყველაფერი ავუხსნა.

– „შევეცდები“ არ ნიშნავს იმას, რომ აუხსნი!

– შენ რას მთავაზობ?.. როგორ მოვიქცე? – გაუბედავად ჰკითხა ნანამ.

– როგორ გადაწყვეტილებას მიიღებ, რომ გითხრა: ორივე პრობლემას მოვაგვარებ-მეთქი?

– კი მაგრამ, როგორ? – გაოცებული მზერა ესროლა ნანამ.

– რაც შეეხება ჰონორარს. ეს ყველაფერი უკვე ჩემს პირად საქმედ მიმაჩნია. იმ საქმეში კი, რომლითაც პირადად ვინტერესდები, ფულს არავისგან მივიღებ; თანაც, შენ ანგარიშის დაყადაღება არც უნდა გაშინებდეს. როდესაც ყველაფერი გაირკვევა, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და სესხის ვალდებულება და ყადაღა ერთად მოიხსნება. ის არაკაცი თუ არაკაცები კი იქ წავლენ, სადაც აქამდე უნდა გამოემწყვდიათ. მანამდე კი შენს უსაფრთხოებაზე მე ვიზრუნებ. ნუ გეშინია, ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება. მუქარა იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი ნერვიულობენ. ჩანს, მტკივნეულ ადგილზე დავაბიჯე ფეხი.

– მესმის, მაგრამ...

– რა – „მაგრამ“? – ჩაეძია ნიკა.

– არ მინდა, რომ ჩემ გამო რამე შეგემთხვეს, – ყრუდ ჩაილაპარაკა ნანამ.

– ეს ჩემი პროფესიაა, ნანა. არა აქვს მნიშვნელობა, ვის საქმეზე ვიმუშავებ, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც ჩემი საქმიანობა არ მოეწონება. ასე რომ, საგანგაშო არაფერია. ახლა ისევ ხელშეკრულების შეწყვეტაზე თუ დაიწყებ ლაპარაკს, ჩავთვლი, რომ, უბრალოდ, არ მენდობი და ჩემი იმედი არ გაქვს.

– რომ არ გენდობოდე, არც დაგირეკავდი, – უპასუხა ნანამ.

– ესე იგი, ხელშეკრულება ძალაში რჩება? – ჰკითხა ნიკამ.

– რჩება...

– კეთილი... ახლა მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ, – განაგრძო ნიკამ, – რატომ ხარ მარტო?

– ჩვენ სოფელში სახლი და მოზრდილი ბაღი გვაქვს. მამას უყვარს იქ ყოფნა და დედასთან ერთად ერთი კვირით გაემგზავრა სოფელში. ჩემი მარტო დატოვება არ უნდოდათ, მაგრამ, შენ ჩემს საქმეზე მუშაობ და მე ვერანაირად ვერ გავყვებოდი მშობლებს.

– პრინციპში, უკეთესიცაა, ისინი აქ რომ არ არიან.

– მეც ასე მგონია, – დაეთანხმა ნანა, – ვგრძნობ, რომ არ მაქვს მათთვის ყველაფრის ახსნის ძალა.

ნიკა მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა.

– ჩემთან უნდა წამოხვიდე.

– სად? – დაიბნა ნანა.

– ვიდრე ვითარება გაირკვევა, ჩემს ბინაში იცხოვრებ, – უპასუხა ნიკამ.

– გამორიცხულია! – სწრაფად თქვა ნანამ.

– რატომ, რა არის ამაში უცნაური?

– და, რაა ამაში ნორმალური?! – აღშფოთდა ნანა, – მე ისიც ვერ მომინელებია, რაშიც მადანაშაულებენ ანდროს ოჯახის წევრები და ახლობლები. შენ თვითონ თქვი, რა აზრი შეგექმნება ახალდაქვრივებულ ქალზე, რომელიც უცხო მამაკაცის ბინაში ცხოვრობს?

– მე ძალიან მარტივად ვწყვეტ ასეთ საკითხებს – ვაკეთებ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია და საერთოდ არ მაინტერესებს ვიღაც უსაქმურების აზრი – შენც იმავეს გირჩევ! უპასუხა ნიკამ. 

– მე არ ვწყვეტ ასე!

– კეთილი, მაშინ, მე დავრჩები შენთან.

– არა, არა, ეს შეუძლებელია!

– ნანა, ვითარება არჩევნის საშუალებას არ გვაძლევს. მე დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ შენ არაფერი გემუქრება, სხვანაირად საქმეზე ვერ ვიმუშავებ. ჩემს ბინაში უსაფრთხოდ იქნები, სახლიდან ყოველთვის ერთად გამოვალთ. თანაც, ეს მხოლოდ საქმეს არ ეხება. მე გამოგყვები ყველგან, სადაც შენ მოინდომებ. ბინის გარეთ მუდამ შენ გვერდით ვიქნები, – ნიკამ პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა: – გთხოვ, ნუღარ გავაგრძელებთ ამ საუბარს. ისედაც მძიმე დღე მქონდა და, ახლა აქ რომ მოვსულიყავი, ისეთი ადამიანი დავტოვე მარტო, ვისთან ერთადაც მართლა ძალიან მინდოდა ყოფნა.

ნანამ სწრაფად გახედა ნიკას და ჩაილაპარაკა:

– კარგი, გამოგყვები. შენ გენდობი...  

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3