კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-16(642) 

– მაგისთვის არ შეგაწუხებთ. თქვენ მხოლოდ მოიტაცეთ და საიმედო ადგილას დატოვეთ. მე თავად ჩავალ იქ და ბოლოს მოვუღებ. აი, ამ ტელეფონზე დარეკავთ და ადგილს მაცნობებთ, – მითხრა ნაუმოვმა და მკითხა: – ფულს ახლავე წაიღებთ?

– არა, ანგარიშზე დამისვით.

 – კარგი. შევთანხმდით.

 ობიექტი, პირობითად მას პაბლო ვუწოდოთ, კოლუმბიის ქალაქ მედელინში, ნამდვილ ციხესიმაგრეში ცხოვრობდა და მას, არც მეტი, არც ნაკლები, ორასი კარგად გაწვრთნილი და კბილებამდე შეიარაღებული მცველი სდარაჯობდა. სწორედ ამიტომ მითხრა ნაუმოვმა მასზე – მოუხელთებელიაო და, ცოტა არ იყოს, მეც შევცბი. თუმცა, სიტყვა ნათქვამი იყო, უკან ვერ დავიხევდი და შეკვეთის შესრულებას შევუდექი. თავდაპირველად ქალაქ როსტოვში ჩავედი და ექვსჯერ ნასამართლევი რეციდივისტი, 63 წლის ოლეგ ბერეჟნოი, მეტსახელად „კროტი“ მოვძებნე. ის იმით იყო ცნობილი, რომ გვირაბებს თხრიდა საპყრობილეებიდან და გარბოდა. ბოლოს, რომ ვერაფერი მოუხერხეს, სოლიკამსკის „ბელი ლებედში“, მესამე სართულზე, დაჯავშნილ საკანში გამოამწყვდიეს და ხუთი წელი იქ მოახდევინეს. მას მე პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ, მის შესახებ ბევრი რამ მსმენოდა და როსტოვში მის დასარწმუნებლად ჩავედი. კროტს დიმიტრიჩსაც ეძახდნენ (მამის სახელით) და, კარი რომ გამიღო, ვუთხარი:

– გამარჯობა, დიმიტრიჩ, მიმიღებ?

– სტუმარი ღვთისაა, შემოდი, – მან თავის ოროთახიან ბინაში შემიპატიჟა, სადაც მარტო ცხოვრობდა. რომ შევედი და დავჯექი, მითხრა: შემახსენე, რომელი ხარ, თორემ, მე ბებერს, ტვინი მელევა და მეხსიერება მღალატობს.

– რა დროს სიბერეა, დიმიტრიჩ. 63 წლის ხარ, გაფურჩქვნის ასაკში და ორმოცი წლის კაცივით გამოიყურები. მე კი იმიტომ ვერ მიცანი, რომ პირველად მხედავ.

გამოცდილმა რეციდივისტმა ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:

– ვინმემ გამოგგზავნა ჩემთან?

– არა, მე თვითონ მოვედი.

– გასაგებია. გისმენ, მითხარი, რა გინდა.

– დიმიტრიჩ, შორეული მოგზაურობა თუ გიყვარს?

– მთელი ცხოვრება შორეულ მოგზაურობებში არ მაქვს გატარებული?

– ესე იგი, მოგზაურობა გიყვარს.

– მაინც, სად მეპატიჟები?

– კოლუმბიაში, – მოკლედ მოვუჭერი კროტს, მან კი ალმაცერად შემომხედა და მითხრა:

– იქ რა დამკარგვია?

– დაკარგვით – არაფერი, მაგრამ, შეიძლება, იპოვო. უფრო სწორად კი – იშოვო.

– რა უნდა ვიშოვო?

– ფული, დიდი ფული.

– მუქთად არავინ არაფერს მოგცემს. მაინც, რა უნდა გავაკეთო და რამდენს მთავაზობ?

– ასმეტრიანი გვირაბი უნდა გათხარო და ორასი ათას დოლარს მიიღებ.

– რაო?!

– შენ რა, მართლა დაბერდი და ყურში სმენა მოგაკლდა? – ხუმრობით ვუთხარი დიმიტრიჩს და გავუმეორე, – ასმეტრიან გვირაბში ორასი ათას დოლარს მიიღებ, თითო მეტრზე – ორი ათას დოლარს. გაწყობს?

დიმიტრიჩმა თავი გააქნია, გრძლად ჩაუსტვინა და მითხრა:

– მეგობარო, ახლა დალაგებულად მითხარი, ვინ ხარ და რა გინდა, ოღონდ, ყოველგვარი შაყირის გარეშე. რაც არ უნდა იყოს, მუჟიკი ვარ, თანაც, ექვსჯერ ნასროკალი და, არც ისეთი პატარა, რომ ასე ამიგდო.

– დიმიტრიჩ, ვინ ვარ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ კარგი კაცი ვარ. ორასი ათას დოლარს კი, ნაღდად გაგიმაზავ, თანაც – ახლავე. მთავარია, ხარისხიანი გვირაბი გათხარო, ოღონდ, სწრაფად, – ვუთხარი კროტს, შემდეგ პატარა ჩანთა გავხსენი, მაგიდაზე ოცი ცალი ასდოლარიანების შეკვრა დავყარე და დავამატე: – აი, მაყუთი. შეგიძლია, შეინახო. საბუთები, მგზავრობა, ცხოვრება და ინსტრუმენტები ჩემზე იყოს.

კროტი ისე მონუსხა მაგიდაზე დაყრილმა ფულმა, როგორც ბაყაყს ნუსხავს ხოლმე კობრა. შემდეგ, ფულები სწრაფად მოხვეტა და გვერდით ოთახში გავიდა. იქიდან ოციოდე წუთის მერე დაბრუნდა და მითხრა:

– თანახმა ვარ, წავედით.

– ძალიან კარგი. ახლა მაღაზიაში წავიდეთ და ახალი შმოტკები შევიძინოთ. შემდეგ სამი-ოთხზე სურათი გადავიღოთ, ხუთი დღის მერე კი გზას გავუდგებით, – ვუთხარი კროტს, რომელიც უკვე „ნორმაში ჩამჯდარიყო“  და ორასი ათასი დოლარი ბოროტი ხუმრობა აღარ ეგონა.

დიმიტრიჩს ჩაცმა ძალიან მოუხდა. სურათები რომ დაათვალიერა, რომლებზეც ჰალსტუხში იყო აღბეჭდილი, მხრები აიჩეჩა და თქვა:

– რაც მართალია, მართალია, ჩაშმოტკვა მაგრად ცვლის ადამიანებს. წარმოდგენილი მაქვს, რა ხანიგურ ვიდზე დადგებიან მმართველი ბობოლები, პიჯაკები და ჰალსტუხები რომ გააძრო და ბირკიანი ბუშლატები ჩააცვა.

– დიმიტრიჩ, ფრთხილად იყავი და სახლში იჯექი. იცოდე, შარს ერიდე. ოთხ დღეში გამოგივლი და გავემგზავრებით.

– რა შარს, რის გარეთ ბოდიალს, რას მეუბნები? ორასი ათასი ბაქსი ტრაკქვეშ მაქვს და ზედმეტად გავინძრევი? დარდი ნუ გაქვს, როგორც დამტოვებ, ისევე დაგხვდები.

– კარგი. წავედი, ნახვამდის.

– შენი სახელი მაინც მითხარი.

– ხოსე. შენ კი – პედრო ხარ. გასაგებია?

– გასაგებია, სენიორ ხოსე, – რევერანსი გააკეთა დიმიტრიჩმა და დაამატა: – პედრო თქვენი ერთგული იქნება სიცოცხლის ბოლომდე.

მე და დიმიტრიჩი ესპანელი ეთნოგრაფების სტატუსით გავემგზავრეთ კოლუმბიაში და შევთანხმდით, რომ ის ყრუ-მუნჯი იყო.

– გასაგებია, რა თქმა უნდა, ყრუ-მუნჯი ვარ. მე ხომ ესპანური არ ვიცი და რომ არ დავიწვა, ასე ჯობია, – მითხრა დიმიტრიჩმა, როდესაც კოლუმბიაში გამგზავრების წინ ინსტრუქტაჟს ვუტარებდი და, დაამატა: – ერთხელ ურალიდან მოვხიე და ძაღლების ყურადღება რომ არ მიმეპყრო და „ბაზარში“ არ გავჭედილიყავი, ყრუ-მუნჯის როლი ხუთიანზე შევასრულე. ასე რომ, გამოცდილება მაქვს.

დიმიტრიჩს საკმაოდ ბევრი ლაყბობა უყვარდა და, ასაკის მიუხედავად, ერთი შეხედვით, არასერიოზული  ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა, ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო. ის მშვენივრად ასრულებდა ჩემს ყველა მითითებას. მისი ნამდვილი ძალა კი მედელინში გვირაბის თხრის დროს გამოჩნდა. მან 102 მეტრი სიგრძის გვირაბი ჩვიდმეტ დღეში გათხარა. როდესაც ყველაფერი მზად იყო, მითხრა:

– აი, რასაც შეგპირდი, შევასრულე. ზედაპირამდე ორიოდე მეტრიღა დარჩა და ადგილზე იქნები. რა ვქნა?

– კიბეს შევიტანთ. შენ გვირაბის თხრას დაასრულებ, შემდეგ წახვალ და თავისუფალი ხარ. ბილეთი მზადაა და პირველივე რეისით ჯერ რიოში ჩაფრინდები, იქიდან – მოსკოვში. მოსკოვიდან როსტოვში ჩასვლა კი, ვფიქრობ, არ გაგიჭირდება.

– არ შეიძლება, რომ უკანაც ერთად დავბრუნდეთ?

– არა, დიმიტრიჩ, უკან მარტო უნდა დაბრუნდე.

დიმიტრიჩს მეტი არაფერი უთქვამს. შუაღამისას მან ბოლო ხვრელი გათხარა და წავიდა. მე ერთი საათი მოვიცადე. შემდეგ პაბლოს სამყოფელში ფრთხილად ავძვერი და ობიექტის ძებნას შევუდექი. გვირაბი მასიური ღობის ძირში, სამეფო პალმების გვერდით ამოდიოდა და მას ხშირი ყვავილნარიც ფარავდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიყავი შეიარაღებული, მოტაცების ოპერაცია ყოველგვარი ხმაურის გარეშე უნდა შემესრულებინა და მაყუჩიანი იარაღიდან მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამესროლა. მაგრამ, ის არ გამჭირვებია და ობიექტი თავისი საძინებლიდან მას მერე გამოვიყვანე, რაც ის სპეციალური აეროზოლით გავთიშე. პაბლო ოცდაათიოდე წლის საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო და, ასაკის მიუხედავად, ნარკობიზნესში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ის ჯერ ხშირი ტყის პირას გამოვიყვანე და წინასწარ გამზადებულ „ჯიპში“ ჩავაწვინე. შემდეგ კი კონსპირაციულ ბინაში მივიყვანე და საიმედოდ დავაბი, მე კი აეროპორტისკენ გავემართე და რიოში გადავფრინდი, ნაუმოვს რიოს აეროპორტიდანვე დავურეკე და პაბლოს ადგილსამყოფელი ვაცნობე. მერე რიოდან მოსკოვში ჩავფრინდი და იქ ტელევიზორიდან შევიტყვე პაბლოს გაუჩინარების ამბავი. მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები პაბლოს მოტაცებაზე ლაპარაკობდნენ და სხვადასხვა ვერსიას ასახელებდნენ. პაბლოს ცხედარი კი ქალაქ მედელინის სადგურის სანაგვეზე ზუსტად ერთი თვის მერე იპოვეს. მისი სურათები რომ ვნახე, ვერ ვიცანი – მისგან მხოლოდ ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი. როგორც შემდეგ ექსპერტებმა დაასკვნეს, მას, თურმე, წითელი ჭიანჭველები სწოვდნენ სისხლს, რაც საშინელ ტანჯვა-წამებას იწვევს... ნაუმოვმა, მართლაც რომ ჯოჯოხეთურ ტანჯვაში ამოხადა სული დორას მკვლელობის შემკვეთს და ამ შურისძიებაში ლომის წილი მე მეკუთვნოდა. რაც შეეხება დიმიტრიჩს, ის მშვიდობიანად დაბრუნდა როსტოვში, პატარა კაფე გახსნა, სადაც, ამ ქალაქის კრიმინალური სამყარო იკრიბებოდა.

არ მეგონა, თუ კროტს კვლავ შევხვდებოდი, მაგრამ, ასე მოხდა. ტყუილად კი არაა ნათქვამი: „მთა მთას ვერ შეხვდება, თორემ კაცი კაცს – ყოველთვისო“. ერთხელ ერთი მსხვილი შეკვეთა ავიღე, რომლის მიხედვითაც, ობიექტი რესტორნის წინ უნდა გამენადგურებინა ავტომატური ცეცხლით. იქიდან კი ჯერ ერთი ავტომობილით უნდა გავქცეულიყავი, ხოლო შემდეგ სხვა ავტომობილში გადავმჯდარიყავი და მშვიდად გავცლოდი იქაურობას. მეორე ავტომობილში გადაჯდომის შემდეგ გრიმი და პარიკი უნდა მომეშორებინა. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი, შაბლონური სიტუაცია იყო და არანაირ გართულებებს არ ველოდი. თუმცა, ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ და კინაღამ ჩავვარდი... ობიექტი ჩავცხრილე, მანქანა ადგილს მოვწყვიტე და გავქანდი. მაგრამ, ასიოდე მეტრიც არ მქონდა გავლილი, რომ მოულოდნელად სატვირთო მანქანა დამეჯახა და გადამატრიალა. კიდევ კარგი, გონება არ დამიკარგავს. ავტომატმომარჯვებული მანქანიდან გამოვვარდი, გზაზე შემთხვევით გამოჩენილ მოტოციკლეტისტს მოტოციკლი გავტაცე და გავიქეცი, თუმცა, მდევარი კუდზე მაჯდა. მე მათ ავტომატური ცეცხლი გავუხსენი და ჩამოვიშორე. ხოლო, იქ რომ მივედი, სადაც სათადარიგო მანქანა იდგა, გავოგნდი – მას ოთხივე ბორბალი მოხსნილი ჰქონდა და აგურებზე იყო შეყენებული. ავტომატი ბუჩქებში ჩავაგდე. სამოსი გავისწორე და სწრაფი ნაბიჯებით მოვშორდი იქაურობას. ინტუიცია მკარნახობდა, რომ ქალაქში სიარული არ შეიძლებოდა, რადგან გაშიფრული ვიყავი და დამიჭერდნენ. უცებ დიმიტრიჩი გამახსენდა და მისი ბინისკენ გავემართე, რომელიც იქვე მდებარეობდა. რომ მივედი, დავაკაკუნე... კარი თავად კროტმა გამიღო და, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო, რადგან, გრიმით ვიყავი. მან ყურადღებით შემათვალიერა და მკითხა:

– ვის ეძებთ, პატივცემულო?

– დიმიტრიჩ, შენთან ვარ და შემომიშვი.

კროტმა სახლში შემიყვანა. სავარძელში რომ მოვკალათდი, მითხრა:

– გეტყობა, მიცნობ, მე კი ვერ გიცანი.

– დიმიტრიჩ, შენი დახმარება მინდა. აქ პატარა ინციდენტი მომიხდა და მთელი შავები მე მეძებენ. როგორმე ქალაქიდან უნდა გავიდე და შენ უნდა დამეხმარო.

– შავებს რა დაუშავე?

– დიდი ხნის ბაზარია და არ ღირს მოყოლა. შენ ის მითხარი, ამაში დამეხმარები?

– მაინც, ვინ ხარ?

– მოკითხვა კოლუმბიიდან. გახსოვს, ასმეტრიანი გვირაბი რომ გათხარე ქალაქ მედელინში?

– კი მაგრამ, შენ ეს საიდან იცი? ჩვენ იქ ორნი ვმუშაობდით...

– მესამე მე ვიყავი. შენ ეს მითხარი, დამეხმარები თუ არა როსტოვიდან გასვლაში?

– მედელინის ამბავი საიდან იცი?

– მე კიდევ ბევრი სხვა რამეც ვიცი. მაგალითად, ორასი ათასი დოლარის შესახებ, რომლითაც შენ პატარა კაფე გახსენი. დამეხმარები თუ არა?

– დაგეხმარები. ის, ვინც ეს გითხრა, კარგი კაცია და, ცუდი რომ იყო, არ გეტყოდა. ჩემი მანქანით გაგიყვან. როსტოვში ყველა მიცნობს და არავინ გამშმონავს, – მითხრა დიმიტრიჩმა. მართლაც, სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ, მისი „ჟიგულის“ საბარგულში ვიწექი და როსტოვიდან გავდიოდი. როდესაც სამშვიდობოზე გავედით, კროტმა საბარგულიდან ამომიყვანა, გამომემშვიდობა და როსტოვისკენ გაბრუნდა. მე კი გრიმი და პარიკი მოვიშორე, სადგურში ბილეთი ვიყიდე და მატარებელში ჩავჯექი. დიმიტრი მას მერე აღარ შემხვედრია, მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, რომ ის დღესაც ცოცხალია. სიბერის მიუხედავად, კვლავ მხნედაა და თავის ცნობილ კაფეს დიდი წარმატებით უძღვება. ტოლია ნაუმოვის ისტორიას კი იმას დავამატებ, რომ კოლუმბიური ვოიაჟიდან თვე-ნახევრის შემდეგ „ძიამ“ დამირეკა და თავისთან მისვლა მთხოვა.

– ხომ მშვიდობაა? – ვკითხე რომანს, რადგან მასთან ძალიან იშვიათად მივდიოდი, ხოლმე.

 – რა თქმა უნდა. უბრალოდ, მარტო ვარ და თითო ჭიქა გადავკრათ ამ საღამოს.

„ძიას“ „თითო ჭიქა“ იმაზე მინიშნება იყო, რომ საქმეზე ლაპარაკი ტელეფონით არ სურდა. მას არც შეკვეთაზე უნდა ელაპარაკა ჩემთან, რადგან ასეთი საუბრები ჩვენ შორის ალექსანდრეს ქვედა ბაღში იმართებოდა.

„ჰმ, ნეტავ რა საქმე აქვს მოხუცს ჩემთან?“–  ვფიქრობდი გუნებაში, როდესაც რომანთან მივდიოდი. მის ბინაში შევდგი თუ არა ფეხი, ვკითხე:

– რა ხდება, „ძია“, რაღაც იდუმალებით ხარ მოცული.

რომანს ეშმაკურად ჩაეცინა ულვაშებში და მითხრა:

– ვიცი, რომ რეალისტი ხარ, მაგრამ, იდუმალების სამყაროში მოგიწევს დროებით გამგზავრება და ჯადოსნური, ზღაპრული სხივები მოგჭრიან მაგ არწივისებურ თვალებს.

„ძიასგან“ მსგავსი სიტყვები პირველად მესმოდა, რადგან მისგან მშრალ, მოკლე და კონკრეტულ ლაპარაკს ვიყავი მიჩვეული. ამიტომ, ვუთხარი:

– „ძია“, ჯადოქრის როლზე ხომ არ მიგიწვიეს რომელიმე ფილმში და რეპეტიციას ხომ არ გადიხარ?

– ახლავე ყველაფერს გაიგებ, – მითხრა რომანმა და თვალები შავი, სქელი ნაჭრით ამიხვია, თან დაამატა: – იცოდე, გამოხედვა არ გაბედო!

– მაინც, რას მიპირებ?

– ახლავე გაიგებ, – მითხრა „ძიამ“. მისი მოძრაობიდან მივხვდი, რომ ოთახში სინათლე ჩააქრო და მაგიდაზე რაღაც დადო. შემდეგ მომიახლოვდა, ზურგსუკან დამიდგა, სახვევი მომხსნა და მითხრა: – აი, შეხედე!

ოთახში ერთი პატარა სანთელი ენთო, რომლის შუქსაც მაგიდაზე დადებული საგანი ირეკლავდა და ირგვლივ ზღაპრულ სხივებს აფრქვევდა. ეს მართლაც იდუმალი, ფანტასტიკური სანახაობა იყო და ძალაუნებურად აღმომხდა:

 – ეს რა არის?

– თორმეტკარატიანი ნარინჯისფერი ბრილიანტი „დორა“, – მითხრა ძიამ, ეს შენ შემკვეთმა გამოგიგზავნა, რომელსაც რიოში შეხვდი.

ყველაფერი ნათელი იყო ჩემთვის: ტოლია ნაუმოვმა, თავისი შურისძიების თითქმის სრულად დაკმაყოფილების ნიშნად, უძვირფასესი ბრილიანტი „დორა“ მაჩუქა. ეს ძვირფასი ქვა დღემდე ჩემს სეიფში ინახება სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად და დროდადრო მისი ზღაპრული ნათებით ვტკბები ხოლმე. „დორა“ ტოლია ნაუმოვმა თავისი განსვენებული მეუღლის, დორას პატივსაცემად უწოდა ამ ბრილიანტს. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მას ასეთი სიყვარული თუ შეეძლო. „დორას“ რომ ვუყურებ ხოლმე, ჩემი მერიკო მახსენდება და თვალები ცრემლით მევსება, მაგრამ, ჩემს მერის ვეღარაფერი დააბრუნებს ამქვეყნად და ცრემლებით მხოლოდ გულის დარდს ვიქარვებ ხოლმე.

სხვათა შორის, კოჯრის სპეცსკოლაში მასწავლეს, რომ მძიმე ნერვული დაძაბულობიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებაა ტირილი...

– კარგად დაიმახსოვრე, კოკი, – მასწავლიდა ჩვენი უწყების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუქტორი – ჩვენი პროფესიის ადამიანებს ნერვული სისტემა უკიდურესად ეძაბებათ ხოლმე, ასეთ დროს კი არც ალკოჰოლს მიეძალო, არც დამამშვიდებელ წამლებს და არც სხვა, მსგავს საშუალებებს, არამედ, იტირე, ერთი გულიანად აღრიალდი და დაძაბულობაც ჩაგიცხრება.

– თუ ვერ შევძელი ტირილი?

– შეძლებ. შენი ცხოვრების ყველაზე უბედური დღე გაიხსენე, ყველაფერი თვალნათლივ, კინოკადრებივით გაატარე გონებაში და, მერწმუნე, ატირდები. მაპატიე, ჩემო კარგო, რომ შენს მტკივნეულ დღეებს ვეხები, მაგრამ, ასეთ დროს შენი დამწვარი მშობლები გაიხსენე. გახსოვს? შენს გადაბუგულ სახლ-კარს რომ დაუბრუნდი და შენს ეზოსთან ზეწარგადაფარებული ორი საკაცე დაგხვდა. შენ ზეწრები გადაწიე და დედ-მამის დანახშირებული ცხედრები დაინახე...

ინსტრუქტორის სიტყვებმა ისე გულში ჩამწვდომად იმოქმედა ჩემზე, რომ სისხლმა საშინელი სისწრაფით დაიწყო მოძრაობა ჩემს ორგანიზმში, წნევამ ამიწია, გულმა ისეთი სისწრაფით დაიწყო ბაგაბუგი, ლამის გამისკდა, მაგრამ, ერთი ცრემლიც არ გადმომიგდია და ინსტრუქტორს მსგავსი რამ აღარ უთქვამს ჩემთვის. ჩემი კარიერის განმავლობაში კი, ჯოჯოხეთური ნერვული დაძაბულობის მიუხედავად, არასდროს გამომიყენებია ტირილი განმუხტვის საშუალებად. თუმცა, რამდენჯერმე ცრემლებიც კი წამომსვლია, რომ არაფერი ვთქვათ, ცრემლების ღვრაზე მერიკოსა და დედ-მამის საფლავების მონახულების დროს... ნერვულ დაძაბულობას ყოველთვის ჩემი ნებისყოფის სიმტკიცის წყალობით ვძლევდი ხოლმე და ასეა დღემდე. არ ვტრაბახობ, მაგრამ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იოგის გამძლეობა მაქვს და წყობიდან თითქმის არასდროს გამოვდივარ. წყობიდან გამოსვლა უკმაყოფილების შედეგია, უკმაყოფილებას კი ნერვების აუშლელად ვაგვარებ ხოლმე და, არცთუ ისე იშვიათად, „ქირურგიული“ გზითაც კი...

– ჩვენ პლანეტის ქირურგები ვართ, – ირონიით იტყოდა ხოლმე ერთ-ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი, – დედამიწა სიცოცხლის პლანეტაა და ხალხმა მასზე ბედნიერად უნდა იცხოვროს. ხოლო, თუ ვინმე ბოროტი მასზე კიბოს გავრცელებას შეეცდება, რომ სიცოცხლე მოსპოს, ჩვენ ამ მეტასტაზების დროულად ამოკვეთა გვევალება და, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენი მისია უნდა შევასრულოთო...

ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი მეტასტაზი მაქვს ამოკვეთილი დედამიწის სხეულიდან და ამ კაცობრიულ,  პლანეტარულ სიკეთეში ჩემი მოკრძალებული წვლილიც დევს.

ერთხელ, სოჭში ვისვენებდი ცოლ-შვილთან ერთად. „ბუხტის“ რაიონში, ველურ პლაჟზე ვიმყოფებოდით და ჩვენ გარდა იქ არავინ იყო. ჩემები ნაპირზე იყვნენ და საუზმობდნენ, მე კი კლდეებისკენ გავცურე და, როგორც კი ლოდზე შევდგი ფეხი, ნაცნობი ხმა მომესმა:

– რაც მართალია, მართალია, დელფინივით ცურავ, შენგან ცურვის ნამდვილი ჩემპიონი გამოვიდოდა.

თავი ავწიე და კლდეს ამოფარებული მუხინი დავინახე, რომელიც მიღიმოდა. მივხვდი, რომ რაღაც სასწრაფო და სერიოზული მოხდა, რადგან, თავად გენერალმა მომაკითხა. მე კლდეზე ავედი და ვუთხარი:

– გამარჯობა, ანდრეი ლუკიჩ. რამე სერიოზული მოხდა?

– სერიოზული რომ არ მოხდეს, ასე სასწრაფოდ იმიტომ მოგძებნე. ზუსტად ერთ საათში პორტის მეხუთე ნავსაყუდელთან გელოდები. ცოლ-შვილს სასტუმროში მიიყვან და, თბილისში დარეკვის საბაბით, ფოსტამტში წახვალ.

– მერიკო მეტყვის, ნომრიდან დარეკეო, – ვუთხარი მუხინს, მან კი მომიგო:

– სასტუმროში ყველა ტელეფონს გავთიშავ და წასასვლელი საბაბიც გექნება. აბა, შენ იცი, არ დააგვიანო.

მუხინს კლდეების უკან სწრაფმავალი კატერი ჰყავდა დაბმული და იმით წავიდა. მე კი სამასი მეტრი გავცურე ნაპირამდე, ისე მოვიქეცი, როგორც მუხინმა მითხრა და მეხუთე ნავსაყუდელთან დათქმულ დროზე სამი წუთით ადრე მივედი. გენერალი მუხინი ერთ-ერთ კომფორტულ იახტაზე მელოდებოდა და, როცა მივედი მითხრა:

– იუგოსლავიაში უნდა გაემგზავრო. ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქ სპლიტში. აი, შენი საბუთები. შენ ინგლისელი ჟურნალისტი ხარ და აკრედიტაციაც გაქვს. შენი სამიზნეები არიან პროფესორები – ვისტი და კლაინი. შენ მათი ლიკვიდაცია უნდა განახორციელო და პლანეტარული ქირურგის როლი იკისრო.

მუხინის სიტყვებმა კოჯრელი ინსტრუქტორი გამახსენა და ვკითხე:

– ანდრეი ლუკიჩ, ვინ არიან ვისტი და კლაინი და რა უბედურებას აპირებენ?

– ორივე ამერიკელი მიკრობიოლოგია, ნობელის პრემიის ლაურეატები. ბოროტი გენიოსები არიან და, თუკი მათი ამჟამინდელი სამუშაოები წარმატებით დასრულდა, მსოფლიო კატასტროფის წინაშე დადგება.

– ისეთს რას აკეთებენ?

– რას და, ვირუს „ბურღს“. მათი ჩანაფიქრით, ეს „ბურღი“ უნივერსალური თვისებებით უნდა იყოს აღჭურვილი და აღწევდეს ნებისმიერ გარემოში, მრავლდებოდეს ძალიან სწრაფად, შეეძლოს ნებისმიერი სასიკვდილო ინფექციის გადატანა და მასზე არანაირი ანტივირუსი არ მოქმედებდეს. ხომ წარმოგიდგენია, რა უბედურებას დაატრიალებს „ცეერუ“, ვისტმა და კლაინმა რომ „ბურღი“ შექმნან! ასეთ შემთხვევაში, საბჭოეთს ყოველგვარი ატომური ბომბის გარეშე გაასწორებენ მიწასთან და მთელ პლანეტაზე სიცოცხლეს მოსპობენ. ასეთია მათი ბნელი ზრახვები, ისინი არც სხვას ინდობენ და არც საკუთარ თავს.

– ანდრეი ლუკიჩ, ვისტი და კლაინი თუ ასეთი მნიშვნელოვანი პერსონები არიან, სპლიტში რა უნდათ, და, საერთოდ, რა ხდება იქ?

– ბოლოდან დავიწყებ. სპლიტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება მიკრობიოლოგიაში და ეს ორი პროფესორი მასზე დასასწრებად უნდა ჩავიდეს იქ. რაც შეეხება მათ მნიშვნელობას, გიმეორებ, რომ ისინი ბოროტი გენიოსები არიან და „ცეერუ“ იძულებულია, მათ კაპრიზებს დაჰყვეს. სპლიტში „ცეერუს“ საუკეთესო აგენტები იქნებიან მობილიზებულები მათ დასაცავად და სწორედ ამიტომ გგზავნით იქ შენ და არა სხვას. პროფესორების დახოცვა შიშველი ხელებით მოგიწევს, რადგან იქ უმკაცრესი კონტროლი იქნება დაწესებული, დაცვა კი – გაათმაგებული. აბა, შენ იცი. კაცობრიობის ბედი შენზეა დამოკიდებული.

მუხინის სიტყვებმა, ერთი მხრივ, უხერხულობაში ჩამაგდო, მეორე მხრივ კი სიამაყით ამავსო და ბოროტი გენიოსების სალიკვიდაციოდ უაღრესად მობილიზებული გავემგზავრე იუგოსლავიაში. სპლიტში მართლაც რომ შეინიშნებოდა „ცეერუს“ აგენტების სიმრავლე და ისინი არც მალავდნენ ამას. მათი მთავარი ამოცანა იყო, სამი დღის განმავლობაში დაეცვათ ვისტი და კლაინი, შემდეგ კი უვნებლად ჩაეყვანათ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიუხედავად ამისა, კონფერენციის მეორე დღეს დავალება წარმატებით შევასრულე და მაშინვე მოსკოვში დავბრუნდი. მე სასტუმროს კლერკის უნიფორმაში ვიყავი გამოწყობილი და ლიფტს ვმართავდი (ნამდვილი კლერკი კი ამ დროს გაკოჭილი იწვა ჩემს ნომერში). დილის ცხრის ნახევარზე, მეოთხე სართულზე, სადაც ამერიკელი პროფესორები ცხოვრობდნენ, ლიფტი გამოიძახეს. მეოთხეზე რომ ავედი, კაბინაში შემოვიდნენ ორი პირადი მცველი და ორივე პროფესორი. როგორც კი ლიფტი დავძარი, „ცეერუელი“ მუტრუკები ელვისებური დარტყმებით დავანოკაუტე და იქვე ჩავკეცე. ხოლო, სანამ პროფესორები მიხვდებოდნენ, რა მოხდა, მე  მათ კისრები მოვამტვრიე, იქვე დავყარე და კაბინა მეორე სართულზე გავაჩერე, მერე გარეთ გამოვედი და გავჭედე. შემდეგ ჩემს ნომერში დავბრუნდი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და დაცვის თავგზის ასაბნევად სახანძრო სირენა ავამუშავე. სანამ სასტუმროში პანიკა იყო, მე იქაურობა დავტოვე და ჯერ უახლოეს კუნძულამდე კატერით მივედი, რომელიც იქვე მივაგდე, შემდეგ კი საბჭოთა სატვირთო გემმა ოდესაში მშვიდობიანად ჩამიყვანა.

– ყოჩაღ, კოკი, ბოროტი პროფესორები ახლა ჯოჯოხეთს ეცნობიან, მათი „ბურღი“ კი უკვე ვეღარასოდეს გაბურღავს ჩვენს ულამაზეს პლანეტას, – მითხრა მუხინმა, როდესაც ლუბიანკაზე მივედი და შჩუკინის კაბინეტში შევდგი ფეხი, სადაც ანდრეი ლუკიჩიც იმყოფებოდა.

– ნამდვილი „ასი“ ხარ, შენს საქმეში ვერავინ შეგედრება, – დაამატა შჩუკინმა და მაგრად ჩამომართვა ხელი.

სხვათა შორის, „ბურღი“ მაინც გამოიგონეს, თანაც, საბჭოთა კავშირში და, მისი შემქმნელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 34 წლის იური კოლმანი, ვისტსა და კლაინზე უფრო ბოროტი, ამბიციური და ტექნოკრატი აღმოჩნდა. ის „კაგებეს“ ერთ-ერთ საიდუმლო ლაბორატორიაში მუშაობდა, რომელიც ციმბირის ტაიგაში, ღრმა მიწისქვეშეთში მდებარეობდა და კოლოსალური შედეგები ჰქონდა ამ სფეროში. კოლმანის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „კაგებე“ მის ბევრ საზიზღრობაზე ხუჭავდა თვალს. ამ ახალგაზრდა ბოროტ პროფესორს მიწისქვეშეთში ნამდვილი ჰარამხანა ჰქონდა მოწყობილი, სადაც ოცი რჩეული, ტანწერწეტა ქალი ჰყავდა, რომლებიც მის უკუღმართ სექსუალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდნენ. მას ბევრი ფული, დაცვა, პირადი მანქანა და პირადი თვითმფრინავიც კი ჰყავდა. ერთადერთი, რაშიც მას მკაცრად აკონტროლებდნენ, ის იყო, რომ საიდუმლო ბუნკერიდან ამოსვლის დროს საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებდნენ გარეთ. ამას კი იმიტომ აკეთებდნენ, რომ კოლმანს იქიდან ვირუსი არ გამოეტანა.

– როგორ გეტყობათ, რომ ბიოლოგიაში ინჩი-ბინჩი არ გაგეგებათ, – ეტყოდა ხოლმე მათ გაღიმებული კოლმანი, – ვირუსის გამოტანა სპეციალური კონტეინერის გარეშე შეუძლებელია. ან კი, რაში მჭირდება მისი გარეთ გამოტანაო.

ერთი სიტყვით, ეს გარყვნილი ბოროტი გენიოსი ყველას ატყუებდა და თავისი ზედამხედველები დააჯერა, რომ „ბურღის“ ანტივირუსი არ არსებობდა. მას კი ეს ანტივირუსი უკვე გამოგონებული ჰქონია და სწორედ მისი მეშვეობით მოახერხა „ბურღის“ გარეთ გამოტანა. მას ჯერ ანტივირუსი დაულევია, შემდეგ კი „ბურღი“ გადაუყლაპავს და მოსკოვში რომ ჩასულა, „ბურღი“ ამოუღებინებია, სპეციალურ კონტეინერში მოუთავსებია და ყირიმში გამგზავრებულა. იქ კი თავისი ოთხი მცველი ვირუსით დაუხოცავს და სასტუმროს ნომერში დაუყრია, შემდეგ „კაგებეში“ დაურეკავს და უთქვამს: თუ სასწრაფოდ პოლიტბიუროში არ ამირჩევთ და თავდაცვის კურატორობას არ მომანიჭებთ, „ბურღს“ შავ ზღვაში გავუშვებ და დედამიწაზე სიკვდილს გავავრცელებო.

კოლმანი ადვილად შეასრულებდა მუქარას, თუმცა, პოლიტბიუროში არჩევის არანაირი შანსი არ ჰქონდა, თანაც, ითხოვდა, რომ მისი სურათი და პოლიტბიუროში არჩევის ინფორმაცია ცენტრალური ტელევიზიით, პროგრამა „ვრემიაში“ გაეშვათ, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი უყურებდა. სწორედ ამ დროს გამომიძახეს ლუბიანკაზე და შჩუკინმა მითხრა:

– ჩვენზეა ნათქვამი: ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთო.

– რატომ, ამხანაგო გენერალო, რაშია საქმე? – ვკითხე შჩუკინს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3