კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო მოუხელთებელი ქართველი ბანდიტი, რომლის მოკვლისთვისაც მინისტრმა არაოფიციალური ჯილდო დააწესა

გაქცევა

სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მოსამართლე ფეხზე ადგა და ტრიბუნალის განაჩენი წაიკითხა, რომელიც ასე დაასრულა:

– ტარიელ ანზორის ძე გასვიანს, მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა. განაჩენი საბოლოოა და კასაციას არ ექვემდებარება.

დარბაზში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. უცებ, მესამე რიგიდან ოთხი მამაკაცი გამოვარდა. მათ პისტოლეტები მიუშვირეს ბადრაგს და აიძულეს, ბრალდებული გაეთავისუფლებინათ. შემდეგ, ბადრაგის ტაბელური იარაღი – ოთხი „მაკაროვიც“ თან წაიღეს და სიკვდილმისჯილთან ერთად დარბაზი დატოვეს.

ეს უპრეცედენტო გაქცევა, კიევის სამხედრო ტრიბუნალიდან 1970 წლის 19 მარტს განხორციელდა. გაქცეული, 19 წლის ტარიელ გასვიანი ორი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს. ის კიევის სამხედრო ოლქში მსახურობდა და კაპიტანი იური მარჩენკო და ზემდეგი ანდრეი სუსლოვი პირადი შეურაცხყოფის გამო დახოცა. გასვიანი „ყარაულში“ იდგა და ხელში დანაწამოცმული ავტომატი ეკავა. მარჩენკომ და სუსლოვმა შემოწმებაზე ჩამოიარეს და კაპიტანმა მას ყოველგვარი მიზეზის გარეშე დედა შეაგინა. გასვიანმა ადეკვატურად უპასუხა და გინება უკანვე დაუბრუნა. ზემდეგმა სუსლოვმა გასვიანს ყბაში მუშტი დაარტყა და მიწაზე დააგდო. კაპიტანმა კი პისტოლეტი დაადო შუბლზე, მიაფურთხა და ზედ დედის გინებაც დააყოლა. გასვიანმა მარჩენკოს დანა ატაკა მუცელში, დაუტრიალა და ნაწლავები გამოაყრევინა. შეშინებული ზემდეგი სუსლოვი გაიქცა. გასვიანი გამოეკიდა, დაეწია, მიაბრუნა, მუშტის დარტყმით მიწაზე დააგდო, ორჯერ ჩასცა დანიანი ავტომატი გულ-მკერდის არეში და ადგილზევე მოკლა. ხმაურზე, ნაწილის ხელმძღვანელობა და ჯარისკაცები შეგროვდნენ. ტარიელი იქვე დააპატიმრეს და სამხედრო ციხეში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი მარჩენკომ და სუსლოვმა დაიწყეს, გასვიანს არანაირი შეღავათი არ გაუწიეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ტრიბუნალიდან გაქცევის შემდეგ კი, სულ რაღაც, ნახევარ საათში, მთელი კიევი გადაკეტეს და შეიარაღებული ქართველების ინტენსიური ძებნა დაიწყეს. თუმცა, ისინი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო.

სისხლიანი ოპერაცია

ტარიელ გასვიანის გაქცევა მისმა მამიდაშვილმა, 32 წლის ნუგზარ ონიანმა, მეტსახელად „სვანმა“ მოაწყო. მას თავისი ძმა, ბეთქილი და ტარიელის დეიდაშვილები, ძმები – ჯუმბერ და ჯაბა ვიბლიანები ეხმარებოდნენ.

სვანი ორჯერ იყო ნასამართლევი შეიარაღებული ძარცვისთვის და კრიმინალურ სამყაროში კარგად იცნობდნენ. ის ციხიდან იყო გაქცეული და საკავშირო ძებნაში იმყოფებოდა. ამიტომ, როცა მილიცია ტარიელ გასვიანის გაქცევის საქმეს იკვლევდა, ივარაუდეს, რომ ეს გაქცევა „სვანის“ მოწყობილი იყო. კიევის მილიციის სამმართველომ თბილისში დეპეშა გამოაგზავნა, სადაც ეწერა, რომ გასვიანის გაქცევის ორგანიზატორი სავარაუდოდ სვანი იყო და ქართველ კოლეგებს დახმარებას სთხოვდნენ. ეს წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიღეს და სვანისა და სხვების მოძებნა და დაკავება კაპიტან მერაბ ოქრუაშვილს დაავალეს. ის შესაბამის ქვედანაყოფს მეთაურობდა სამინისტროში და ძებნილები მის კომპეტენციაში შედიოდნენ. 34 წლის ოქრუაშვილმა „სვანის“ ძებნა გაააქტიურა და 3 აპრილს შეიტყო, რომ ის და, სავარაუდოდ, ტარიელ გასვიანიც, ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იმალებოდნენ, ვინმე ნესტორ აბრალავას ოჯახში. 4 აპრილს ოქრუაშვილმა და მისმა თერთმეტმა ხელქვეითმა აბრალავას სახლს ალყა შემოარტყეს და შიგ შეჭრა სცადეს. ატყდა სროლა, რომლის დროსაც დაიჭრა ორი მილიციელი, ხოლო მერაბ ოქრუაშვილმა სვანი, იგივე ნუგზარ ონიანი, ადგილზევე მოკლა. სახლში იმყოფებოდა ტარიელ გასვიანიც, რომელმაც გაქცევა მოასწრო და თავი ტყეს შეაფარა.

სვანის ცხედარი ჯერ ზუგდიდის პროზექტურაში გადაასვენეს, იქიდან კი სვანეთში და 32 წლის ნუგზარ ონიანი 11 აპრილს დაკრძალეს. დაკრძალვაზე მისვლა ვერ გაბედეს მილიციის ოპერატიულმა თანამშრომლებმა – გაშიფვრისა და შურისძიების შეეშინდათ. სამაგიეროდ, ბიძაშვილის დასაფლავებას ტარიელ გასვიანი დაესწრო. ის მწარედ ტიროდა და სვანის კუბოსთან დაიფიცა, რომ მის მკვლელს სამაგიეროს გადაუხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ონიანის დაკრძალვაზე მილიციელები არ ყოფილან, ტარიელის სიტყვები მაინც მისწვდა მერაბ ოქრუაშვილის ყურს და იმ დღიდან კაპიტანმა ყურადღება გააასმაგა.

მოუხელთებელი

ტარიელ გასვიანი 2 მაისს შესრულდა 20 წლის და ასაკის მიუხედავად კერკეტი კაკალი აღმოჩნდა – მილიციას ათასი თავსატეხი გაუჩინა. ტარიელის წინაპრები წარმოშობით ზემო სვანეთიდან იყვნენ. თავად კი თბილისში იყო დაბადებული, თუმცა, თითქმის მთელი ნათესაობა სვანეთში ჰყავდა. ახალგაზრდობის მიუხედავად, მან კარგად ორგანიზებული, შეიარაღებული ბანდა ჩამოაყალიბა და თავადვე მეთაურობდა. დაჯგუფება, რომელშიც თერთმეტი ადამიანი იყო გაერთიანებული – ძირითადად, სვანები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეწეოდა ძარცვას. ბანდიტები, ძირითადად თავს ესხმოდნენ იატაკქვეშა მილიონრებს, ეგრეთ წოდებულ „ცეხავიკებს“ და ფულს ართმევდნენ.

ტარიელ გასვიანის ბანდამ ფუნქციონირება 1970 წლის 3 აგვისტოს დაიწყო და 2 დეკემბრის ჩათვლით, ანუ ოთხი თვის განმავლობაში 11 ძარცვა განახორციელა. სულ გაიტაცეს 470 ათასი მანეთი. მილიცია საჩივრებით აივსო. 

9 ნოემბერს ბანდიტები 51 წლის ვანო გიუნაშვილს ესტუმრნენ სახლში და 60 ათასი მანეთი წაართვეს. გიუნაშვილმა დახმარებისთვის თავის გარე ბიძაშვილს, კანონიერ ქურდს, გოდერძი გიუნაშვილს, მეტსახელად „პიკოს“ მიმართა. პიკომ გასვიანი თავისთან დაიბარა, მაგრამ ტარიელმა უარი განაცხადა. მოტივად ის დაასახელა, რომ ძებნილი იყო და ქურდისთვის პრობლემების შექმნა არ უნდოდა. მაშინ პიკომ შეუთვალა, შენ უბრალოდ მშიშარა ხარ და გირჩევნია, „ცეხავიკ“ ვანო გიუნაშვილის წართმეული 60 ათასი მანეთი დაუბრუნოო. ამაზე გასვიანს არაფერი უპასუხია. ზუსტად ერთი კვირის მერე კი პიკოს მიადგა სახლში საბურთალოზე, სადაც ის ახალაშენებული კორპუსის პირველ სართულზე, სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. ტარიელი რომ მივიდა, პიკო სახლში მარტო იმყოფებოდა.

– მე ტარიელ გასვიანი ვარ. თქვენ მე მშიშარა მიწოდეთ და ამიხსენით, რა უფლებით...

პიკო არ მოელოდა გასვიანის ვიზიტს, თუმცა, არ შემცბარა და მიუგო:

– იმიტომ, რომ ჩემთან მოსვლაზე უარი განაცხადე, რითაც ქურდი შეურაცხყავი.

– ახლა ხომ აქ ვარ. მითხარით, რატომ მიბარებდით?

– ვანო გიუნაშვილს სამოცი ათასი მანეთი უნდა დაუბრუნო.

– არა. ეს ფული ჩვენია და უკან არ დავაბრუნებთ. ის, რომ თქვენი ნათესავია, იმას არ ნიშნავს, რომ ხელშეუხებელია. ჩვენ ფაშისტს წავართვით ფული.

– ეს ფული ქურდულ ობშჩიაკს ეკუთვნის და უნდა დაბრუნდეს, – იცრუა პიკომ, – გასვიანმა კი უთხრა:

– ქურდული ობშჩიაკი ფაშისტებთან არ ინახება და მატყუებთ. ფული არ დაბრუნდება.

– იცოდე, ცეცხლს ეთამაშები.

– მე კარგა ხანია, ცეცხლს ვეთამაშები.

– ასეთი ცეცხლი ჯერ არ შეგხვედრია და იცოდე, ფრთხილად იყავი, არ დაგწვას.

– კარგად ბრძანდებოდეთ, – ტარიელი პიკოს გამოემშვიდობა და წავიდა.

პიკომ შავ სამყაროში ხმა გაავრცელა – ტარიელ გასვიანი ბოზია, ქურდულ ობშჩიაკს შეეხოო. თავად კი რამდენიმე შეიარაღებული კრიმინალი ჩაისახლა ბინაში, რომ ტარიელის თავდასხმის შემთხვევაში, მისთვის პასუხი გაეცა. გასვიანმა პიკოს შეუთვალა, რომ ცილისწამებისთვის პასუხს აგებინებდა და 2 დეკემბერს მეთერთმეტე ძარცვა განახორციელა – კვლავ ვანო გიუნაშვილს ეწვია სახლში და 80 ათასი მანეთი გასტაცა. გიუნაშვილმა ამჯერად ნაცნობ მილიციელს მიმართა დახმარებისთვის. ეს ნაცნობი მილიციელი კი მერაბ ოქრუაშვილი იყო, რომლის სისხლის დაღვრაც ტარიელს ჰქონდა დაფიცებული. 2 დეკემბრის შემდეგ, გასვიანის ბანდა კარგა ხანს არსად გამოჩენილა და მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ეძებდნენ, მოუხელთებელი ბანდიტის აღმოჩენა არ ხერხდებოდა.

ორმაგი შურისძიება

გასვიანის ბანდის გაუჩინარებიდან ოთხი თვე იყო გასული და მათ კვალს ვერავინ აგნებდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, გასვიანის გარდა, მილიციელებმა დანარჩენი ათის ვინაობა არ იცოდნენ. გასვიანის გამო რამდენიმე ხელქვეითი ჩამოაქვეითეს, მერაბ ოქრუაშვილი კი დააწინაურეს და მაიორის წოდებაც უბოძეს. მას უკვე პერსონალური ავტომობილი ემსახურებოდა.

1971 წლის 4 აპრილს, მაიორი მერაბ ოქრუაშვილი სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. ზუსტად დილის 8 საათსა და 30 წუთზე, მისი სახლის სადარბაზოსთან სამსახურებრივი „ვოლგა“ გაჩერდა. ოქრუაშვილი მანქანაში ჩაჯდა, მაგრამ მძღოლმა მისი დაძვრა ვერ შეძლო. მანქანას ორივე მხრიდან პისტოლეტით შეიარაღებული ორი ადამიანი მიადგა, რომელთა შორის ერთ-ერთი ტარიელ გასვიანი იყო. მათ მძღოლი პისტოლეტის ტარის თავში ჩარტყმით გათიშეს და იქვე დააგდეს. მაიორი ოქრუაშვილი კი უკანა სავარძელზე გადასვეს, ისიც გათიშეს და გასვიანის მეგობარმა „ვოლგა“ ადგილიდან მოწყვიტა. მაიორმა რომ თვალები გაახილა, თბილისის ზღვაზე, უკაცრიელ ნაპირზე ეგდო, თავზე კი პისტოლეტმომარჯვებული ტარიელ გასვიანი ედგა.

– გამოფხიზლდი, შე ბოზო?! – კბილებში გამოცრა მოუხელთებელმა ბანდიტმა, – დღეს 4 აპრილია, შენი აღსასრულის დღე.

– მილიციელის მკვლელობისთვის დაგხვრეტენ. ჯობია, მშვიდობით წახვიდე აქედან, – უთხრა გასვიანს ოქრუაშვილმა.

– დახვრეტა უკვე მაქვს, მაგრამ, სანამ ამას იზამენ, ჯერ უნდა დამიჭირონ. შენ კი, უეჭველად მოკვდები.

– რას მერჩი?

– შენ რას ერჩოდი ნუგზარს, რატომ მოკალი?

– შემომაკვდა.

– მე კი ჩაგაძაღლებ, – თქვა ტარიელმა, მერაბ ოქრუაშვილს ორი ტყვია დაახალა გულში და ადგილზევე მოკლა.

ბანდიტის ლიკვიდაციისთვის მინისტრმა არაოფიციალური ჯილდო დააწესა – 10 ათასი მანეთი და სამოთახიანი ბინა, თუმცა, ტარიელის მოხელთება მაინც ვერ მოხერხდა და ვერც მისი ბანდის სხვა წევრებზე გასვლა შეძლო მილიციამ. მაიორ ოქრუაშვილის მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ, გასვიანმა, მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში პიკო მოკლა. ტარიელი, მაგიდას მიუახლოვდა, სადაც სხვა ქურდებიც ისხდნენ და თქვა:

– აი, ამან, – ტარიელმა გაფითრებულ პიკოზე მიუთითა ქურდებს, – ბოზი მიწოდა, რაც ტყუილია და ბოზი თვითონაა.

ბოზის ხსენებაზე პიკო ადგილიდან წამოიწია, მაგრამ ტარიელმა ორი ტყვია დაახალა გულში და ადგილზევე მოკლა. შემდეგ კი იქაურობა სწრაფად დატოვა. იმ დღის მერე მოუხელთებელ ბანდიტს მილიციაც ეძებდა და ქურდებიც, თუმცა ისე გაუჩინარდა, მის კვალს ვერავინ მიაგნო.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, 1971 წელს, 21 წლის ტარიელ გასვიანმა და მისმა ორმა მეგობარმა თურქეთში გადასვლა მოახერხეს. იქიდან კი ჯერ სამხრეთ ამერიკაში, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ. გასვიანი 1999 წელს მოსკოვში იმყოფებოდა, რამდენიმე კანონიერ ქურდს შეხვდა და პიკოს მკვლელობისთვის თავი გაიმართლა. გასვიანი დღესაც ცოცხალია და ცოლ-შვილთან და შვილიშვილებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

скачать dle 11.3