კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დადიოდა თოვლის პაპის სამოსში გამოწყობილი და ხურჯინგადაკიდებული სტალინი საბჭოთა მოქალაქეების ოჯახში

თოვლის პაპა

(1949 წლის 1 იანვარი)

სტალინი აშკარად არაჩვეულებრივი, გამორჩეული პიროვნება იყო, მაგრამ მოკვდავისთვის დამახასიათებელი ყველა ადამიანური თვისება ჰქონდა. დიდი ბელადი თავისი სისადავით გამოირჩეოდა, თუმცა თანამედროვე პოლიტიკოსების მსგავსად, არასდროს პოზიორობდა. ის არ ყოფილა ქედმაღალი უბრალო ადამიანების მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ განგების რჩეული იყო, გლეხთან გლეხური, მუშასთან მუშური და მეომართან, ჯარისკაცთან, შესაბამისი ურთიერთობების დამყარება შეეძლო. მისი შემხედვარე, ყოველთვის გაოცებული ვიყავი, თუ როგორ ახერხებდა საერთო ენის გამონახვას ამდენნაირ ხალხთან. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი იშვიათად ეძლეოდა მხიარულებას, იყო მომენტები, როცა უჩვეულო როლში გვევლინებოდა და ყოველი ასეთი შემთხვევისას, მე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი მის სიდიადეში. 1948 წლის მიწურულს, დიდი ბელადი განსაკუთრებით ამაღლებულ, კარგ განწყობაზე იყო, რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა და სამხედრო-ტექნიკურმა წარმატებებმა გამოიწვია.

31 დეკემბერს სტალინმა კრემლის კაბინეტიდან მთელ ჩვენს ქვეყანას ახალი წლის დადგომა მიულოცა და როგორც კი გამოსვლა დაასრულა, მე და ვლასიკი გვიხმო: „საახალწლო სუფრაზე კრემლში არ მივალ და შენ (მან მე მომმართა) მხოლოდ ორი მანქანა და ოთხი მცველი (თქვენი ჩათვლით) მოამზადეთ ჩუმად გასასვლელად. შენ კი (ვლასიკს მიმართა) ჩემი ზომის თეთრი ქართული ჩოხა, შესაბამისი აქსესუარით, თუშური თავსაბურავი და თოვლის პაპის წვერ-ულვაში მომიტანეო. დავიბენი. თუმცა, მიზეზის კითხვას ვინ გაუბედავდა და ბრძანების შესასრულებლად დავიძარით. ის-ის იყო კაბინეტიდან გავდიოდით, რომ სტალინმა შეგვაჩერა და დასძინა: ქართული ხურჯინიც წამოიღეთ და კრემლის სასადილოს საწყობში ეს ხურჯინი შესაბამისი ნუგბარით შეავსეთო (ეს ბრძანება ვლასიკს ეკუთვნოდა). მე კი ასეთი დავალება მომცა: შენ ჩემს სტუმრებს გაუარე (სტალინის კრემლის ბინაში მთელი პოლიტბიურო იყო შეკრებილი საახალწლო წვეულებაზე და დიდ ბელადს ელოდნენ, რომელიც მათ საახალწლო გამოსვლის შემდეგ უნდა შეერთებოდა) და უთხარი, რომ შემაგვიანდება, უჩემოდ დაიწყონ, მაგრამ ნუ გამოთვრებიანო. მე კიდევ უფრო მეტად დავიბენი და ვლასიკთან ერთად უხმოდ დავტოვე სტალინის კაბინეტი. ოცი წუთის შემდეგ დიდი ბელადის ყველა ბრძანება შესრულებული იყო. სტალინმა ვლასიკს ჩოხა და წვერ-ულვაში გამოართვა, შემდეგ კი პატარა ოთახში გაუჩინარდა. მე და ვლასიკი, სტალინის მოლოდინში უხმოდ გავირინდეთ და შუა კაბინეტში მორჩილად ველოდით მის გამოჩენას. 15 წუთის შემდეგ პატარა ოთახის კარი გაიღო და კაბინეტში სტალინი შემოვიდა. რომ არ გვცოდნოდა, ვინ იდგა ჩვენ წინ, ვერც კი ვიცნობდით დიდ ბელადს, რომელიც ჩოხასა და წვერ-ულვაშს ისე შეეცვალა, ნამდვილი თოვლის პაპა გეგონებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ სტალინი 70 წელს იყო მიტანებული, ძალიან უხდებოდა თეთრი ქართული ჩოხა, ქამარ-ხანჯალი და შავი ნაბადი. სტალინმა გაიღიმა, გასასვლელი კარისკენ გაემართა და ხელით გვანიშნა, წავედითო. ვლასიკმა უზარმაზარი, საახალწლო ხორაგით სავსე ხურჯინი მხარზე მოიგდო და სამივენი კრემლის ეზოსკენ დავიძარით. დერეფნებში მდგომი დაცვის წევრები გაოცებით გვაყოლებდნენ თვალს და აშკარა ინტერესით ათვალიერებდნენ თოვლის პაპას. თუმცა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ის თავად დიდი ბელადი იყო. ბრძანებისამებრ, ორი მანქანა სრულ მზადყოფნაში იყო და როცა მე და ვლასიკი დიდი ბელადის ავტომობილში განვთავსდით (მე წინ, ხოლო სტალინი და ვლასიკი უკან) ვლასიკმა სტალინს ჰკითხა: „საით გვიბრძანებთ გამგზავრებას, ამხანაგო სტალინ?“, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „გორკის ქუჩაზე გავიდეთ“ – და ჩვენც დავიძარით. კრემლის ჭიშკარს რომ გავცილდით, საათს დავხედე – ორის თხუთმეტი წუთი იყო. მოსკოვის ქუჩები სადღესასწაულოდ გახლდათ მორთული და გაჩახჩახებული, საცხოვრებელი სახლებიდან სინათლეები გამოკრთოდა და მხიარული ჟრიამული ისმოდა. აშკარად იგრძნობოდა საბჭოთა ადამიანების საზეიმო განწყობა. სტალინი აქეთ-იქით იყურებოდა, სიამოვნებით იღიმებოდა და ამბობდა: „ჩვენმა გმირმა ხალხმა ნამდვილად დაიმსახურა ბედნიერება. მათ ხომ საამისოდ უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს“. 10 წუთის შემდეგ უკვე გორკის ქუჩაზე ვიყავით და ორიოდე კვარტლის გავლის შემდეგ, სტალინმა შეჩერება გვიბრძანა. ჩვენ, რვასართულიანი, მასიური შენობის წინ შევჩერდით. მანქანიდან ჯერ ვლასიკი გადმოვიდა და უზარმაზარი ხურჯინი გადმოიტანა. მას სტალინი გადმოჰყვა და მერე მეც გადმოვედი. „წავედით“, – ჩაილაპარაკა ბელადმა და რვასართულიანის განათებული სადარბაზოსკენ გაეშურა. მე, ვლასიკი და კიდევ დაცვის ორი წევრი აქეთ-იქიდან დავუდექით სტალინს, თუმცა წარმოდგენაც არ გვქონდა, სად მივდიოდით. დიდი ბელადი ზომიერი ნაბიჯებით მიუყვებოდა კიბეებს, მხოლოდ მეოთხე სართულზე შეისვენა წამით. შემდეგ ფართო კორიდორისკენ შეუხვია და ერთ-ერთ კართან შეჩერდა, რომელზეც აბრა იყო მიკრული „ბინა ¹16 – მირონოვი ს. ა.“, „მოდი, ამათ ვესტუმროთ, ვნახოთ, როგორ ხვდებიან ახალ წელს უბრალო ადამიანები. მე მგონი, უცხოებს ხელს არ გვკრავენ, მით უმეტეს, ხელცარიელები არ მივსულვართ!“ – ჩაილაპარაკა სტალინმა, ვლასიკს ხურჯინი მარჯვენა ხელით გამოართვა და მხარზე გადაიკიდა, მარცხენათი კი – ზარის ღილაკს მიაჭირა თითი. რამდენიმე წამში ბინის კარი გაიღო და ზღურბლზე გამოჩენილმა ახალგაზრდა გოგონამ მხიარულად ჩაილაპარაკა: „აი, თოვლის პაპაც გვეწვია, მობრძანდით, მობრძანდით, ძვირფასო სტუმრებო“ – და თან, დიდ ბელადს მარცხენა ხელში ხელი ჩაჰკიდა, ოთახში შეიყვანა. ჩვენც მათ მივყევით და დიდ, გაჩახჩახებულ დარბაზში აღმოვჩნდით, სადაც საახალწლო მრგვალ მაგიდასთან ექვსი ადამიანი იჯდა. ათამდე ადგილი კი ცარიელი იყო. მოქეიფეები ჟრიამულით შეგვეგებნენ და მაგიდასთან მიგვიპატიჟეს. „თოვლის პაპამ“ ხურჯინი იატაკზე დადო და თქვა: „ძვირფასო მასპინძლებო, ახალ წელიწადს გილოცავთ, გთხოვთ, ეს ძღვენი მიიღოთ და, თუ არ შეგაწუხებთ, შემოგიერთდებით“. მასპინძელი სერგეი ალექსანდროვიჩ მირონოვი, როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ინჟინერ-მშენებელი აღმოჩნდა. მან თავისი ოჯახის წევრები და სტუმრები სათითაოდ გაგვაცნო: „თოვლის პაპა“ ვერავინ იცნო და ერთ-ერთმა სტუმარმა ჰკითხა: „თქვენ, ალბათ, მსახიობები ხართ, არა?“ რაზეც თოვლის პაპამ მიუგო: „მსახიობები არ ვართ, თუმცა პატარა სასწაულის მოხდენა კი შეგვიძლია და ძალიან რომ მოისურვოთ, თვით ლავრენტი ბერიასაც კი გაგიჩენთ აქ“. „თოვლის პაპის“ სიტყვებმა საერთო მხიარულება გამოიწვია თანამესუფრეებში, ხოლო ოჯახის უფროსმა ჭიქები შეგვივსო და გვითხრა: დაილოცეთ, ძვირფასო სტუმრებო და მიირთვით, რაც გაგვაჩნიაო. ამასობაში ქალებმა ჩვენ მიერ მიტანილი ხურჯინიდან ხორაგი ამოალაგეს და სუფრაზე დაალაგეს, „თოვლის პაპამ“ კი ოდნავ შეცვლილი აქცენტით (რომ დროზე ადრე არ ეცნოთ), ოჯახი დალოცა და ახალი წელი მოგვილოცა ყველას. სუფრაზე მხიარულება გაჩაღდა, ყველანი „თოვლის პაპას“ უცქერდნენ და მეგობრულად უტყაპუნებდნენ ხელს მხარზე. ის კი ხალისით პასუხობდა მათ შეკითხვებს. უცებ, ერთ-ერთმა სტუმარმა „თოვლის პაპას“ მისივე სიტყვები შეახსენა და უთხრა: ამ მხიარულებას პატარა სასწაული დაამშვენებდა, თქვენ, რა თქმა უნდა, იხუმრეთ და ბერიას ვერ მოიყვანთ, მაგრამ, გეტყობათ, კარგი მსახიობები ხართ, სიმღერა გეცოდინებათ და იქნებ პატივი დაგვდოთო. „თოვლის პაპას“ გაეღიმა და უპასუხა: „მე არ ვმღერი, ადრე, ოდესღაც საეკლესიო გუნდში ვგალობდი, მაგრამ ეს ადრე იყო. რაც შეეხება სიმღერას, მე თქვენ მომღერლებს მოგგვრით და მათ მოუსმინეთ“. შემდეგ „თოვლის პაპამ“ ერთ-ერთი ჩვენი თანამგზავრი იხმო და ყურში რაღაც უჩურჩულა. მან თავი დაუკრა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ბინა. „თოვლის პაპამ“ ხურჯინიდან ამოღებული „ოჯალეში“ დაისხა, იგივე სთხოვა ვლასიკს, რომელმაც ყველა ჭიქა შეავსო და სიტყვა ითხოვა: „ამ ღვინოს, რომ იცოდეთ, თავად სტალინი სვამს და მოდი, გემო გავუსინჯოთ“. თან, სადღეგრძელო უნდა წამოეწყო, რომ ოჯახის უფროსმა სიტყვა შეაწყვეტინა: „ძვირფასო სტუმრებო, კინაღამ გამომრჩა, ამ ჭიქით ჩვენი დიდი ბელადის, სტალინის სადღეგრძელო დავლიოთ, ხოლო ალავერდი თქვენთან ვარ“, – მიმართა მან „თოვლის პაპას“ და „ოჯალეში“ ბოლომდე გამოცალა. სტალინის სადღეგრძელოს მაგივრად, – მიუგო მირონოვს „თოვლის პაპამ“, – გთავაზობთ, თქვენი სადღეგრძელო შევსვათ, თქვენ გაგიმარჯოთო და „თოვლის პაპამაც“ ბოლომდე გამოსცალა ჭიქა. მირონოვს შევხედე, ჯერ ბამბისფერი დაედო, შემდეგ კი ჭარხალივით წამოწითლდა, უცებ სიბრაზისგან აენთო და დაიღრიალა: „რას როშავ, ბერიკაცო, რა ჩემი, რის ჩემი სადღეგრძელო, ვერ გაიგე, ჩვენი დიდი ბელადის (ამ სიტყვებთან ერთად მან მეორედ შეავსო ჭიქა „ოჯალეშით“) ჩვენი მამის, სტალინის სადღეგრძელო იყოსო და ის-ის იყო, უნდა გადაეკრა, რომ გაბმული ზარის ხმა გაისმა. მირონოვი შეკრთა, ჭიქა ხელში გაუშეშდა და ხან „თოვლის პაპას“ უყურებდა, ხან – კარს. სუფრაც ერთთავად გაირინდა, დაიძაბა და მხიარული ჟრიამული უეცრად შეწყდა. ამასობაში ის გოგონა, რომელმაც ჩვენ კარი გაგვიღო, მძიმედ წამოდგა სკამიდან და კარის გასაღებად გაეშურა. ოციოდე წამის შემდეგ ოთახში შემოვიდა ბერია, ვოროშილოვი, კალინინი და მოლოტოვი. ოჯახის უფროსს, მირონოვს ენა მუცელში ჩავარდნოდა და გაოცებული სახით უცქერდა ახალმოსულებს. „თოვლის პაპამ“ კი ოჯახის უფროსს მიუგო: „სერგეი ალექსანდროვიჩ, რას გაშეშებულხართ, ნუთუ ასე ხვდებით ძვირფას სტუმრებს? ხომ გითხარით, ბერიას მოგიყვანთ-მეთქი და არა მარტო მოგიყვანეთ, არამედ ლავრენტი პავლოვიჩი გვიმღერებს კიდეც რაიმეს (ბერია ბრწყინვალედ მღეროდა). მირონოვი უეცრად გამოერკვა და საბჭოთა ბელადები, რომლებიც აქამდე მხოლოდ სურათებში  თუ ენახა, სუფრასთან მიიპატიჟა. ბერიას გარდა, ვერავინ მიხვდა, ვინ იყო „თოვლის პაპა“ და გაოცებულები იყურებოდნენ. ბერიამ ღვინით სავსე ჭიქა მაღლა ასწია და რიხიანად ჩაილაპარაკა: „სტალინს გაუმარჯოს“ და სულმოუთქმელად დალია, შემდეგ კი მშვენიერი ხმით იმღერა – „ღვინო კახურო“. ნამღერმა ტაში დაიმსახურა, რის შემდეგაც ბერია დაჯდა და „თოვლის პაპას“ ღიმილით შესცქეროდა. „თოვლის პაპამ“ ოჯახის უფროსს მოწევის უფლება სთხოვა და თანხმობა რომ მიიღო, ჩიბუხი ამოიღო, მოუკიდა და გააბოლა. პოლიტბიუროს წევრებმა ჩიბუხით იცნეს „თოვლის პაპა“, დანარჩენები კი კვლავ ვერაფერს ხვდებოდნენ. როდესაც მან ხელოვნური წვერ-ულვაში მოიხსნა, მხოლოდ ამის შემდეგ გაერკვნენ ყველაფერში. სტალინმა, სიტუაცია რომ განემუხტა, ოჯახის უფროსს პატეფონის დაქოქვა სთხოვა. მუსიკა აჟღერდა და ბელადმა საცეკვაოდ ის ახალგაზრდა გოგონა მიიპატიჟა, კარი რომ გაგვიღო. სუფრაზე საერთო მხიარულება მალე აღდგა, ქეიფი გამთენიამდე გაგრძელდა და სანამ მასპინძელს დავემშვიდობებოდით, კოლექტიური სურათი გადავიღეთ.

 

მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3