კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აპირებს გიჟური სურვილების განხორციელებას გვანცა ჯაფარიძე და რა იმედგაცრუებები ჰქონდა მას ცხოვრებაში

„რუსთავი 2-ზე“ უკვე დაიწყო „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონი ახალი ჟიურითა და ახალი მონაწილეებით. ერთ-ერთი მათგანია 20 წლის გვანცა ჯაფარიძე, რომელსაც არაერთი გატაცება აქვს.

გვანცა ჯაფარიძე: „სეუში“ ვსწავლობ‚ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მოდელიც ვარ, თუმცა‚ დაახლოებით‚ ორი წელია‚ რაც ჩემს სააგენტოსთან აღარ მაქვს ურთიერთობა. თუმცა‚ თუ‚ ამ მხრივ არის რამე საინტერესო შემოთავაზება, არ ვამბობ უარს. ასევე‚ სიმღერის კუთხით მაქვს ხოლმე სხვადასხვა მიწვევა: კლუბებში, ღონისძიებებზე თბილისში, ბათუმში. გარდა ამისა‚ ვხატავ და, საერთოდ, გადაწყვეტილი მქონდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება. შემდეგ თეატრალურში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას ვოკალისა და დრამის ფაკულტეტზე, მაგრამ, ბოლოს არჩევანი მაინც ჟურნალისტიკაზე შევაჩერე, რადგან ეს პროფესია ბავშვობიდან მომწონდა. ბოლო დროს იმდენად აღარ მრჩება თავისუფალი დრო, რომ ვხატო, თან‚ მუზაც აღარ მომდის. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, რაღაც მაკლია და მინდა, ჩემი ნეგატიური ემოციები გამოვხატო‚ მაშინ  ვხატავ, თუმცა, ამას ახლა სიმღერით უფრო ვახერხებ. მაგრამ, ჩემთვის ხატვაც განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა და ამაში ძალიან მეხმარება. სპორტითაც ვარ გატაცებული – თხილამურებით სრიალზე ვგიჟდები. დაახლოებით ორი წელია‚ რაც თხილამურებზე ვდგავარ და საკმაოდ წარმატებულად. ბაბუაჩემი, გივი ჯაფარიძე‚ მოთხილამურე იყო, საქართველოს ჩემპიონი; მამაჩემიც და ჩემი ბიძაშვილებიც მოთხილამურეები, ჩემპიონები არიან. მე‚ რაღაც‚ გვიან მომიწია თხილამურებზე დადგომა, მაგრამ, ნიჭიერი ვყოფილვარ, ძალიან მალე ავითვისე. შეჯიბრებაზეც კი გამოვედი ჩემი უნივერსიტეტის სახელით. ძალიან რთული ტრასა იყო, ტრამპლინებზე ვიხტუნავე. მიყვარს ადრენალინი, ექსტრემი. პატარა ვიყავი‚ პირველად თხილამურებზე რომ დამაყენეს, მაგრამ, შემეშინდა და ახლა ეს შიში დავძლიე, თან‚ ისე, რომ ზოგი მეუბნება – გიჟი ხარ, შენ არ უნდა იდგე თხილამურებზეო, რადგან, ყველაზე საშიშ ადგილებში ვსრიალებ. კიდევ, მიყვარს ველოსპორტი. ზაფხულში ღამის 11 საათის მერე გავდივარ გარეთ ველოსიპედით, ყურსასმენებით და ლამის მთელ თბილისს ვუვლი წრეს, თან, ისეთ ადგილებში დავდივარ, სადაც ყველაზე დიდი მოძრაობაა. ეს‚ ერთი მხრივ‚ სპორტია და, მეორე მხრივ – ძალიან კარგი განტვირთვა. უფრო გიჟური სურვილების განხორციელებაც მინდა: პარაშუტით გადმოხტომა, ასევე‚ ხიდიდან  გადახტომა, მაგრამ, საქართველოში ცოტა მეშინია, ასეც ვერ გავრისკავ. სხვაგან უფრო შეიძლება.

– საკმაოდ ხალისიანი, ენერგიული და ემოციური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.

– კი, ასეთი ვარ. თუმცა‚ ზოგჯერ ჩავიკეტები ხოლმე საკუთარ თავში, მაგრამ, ეს იშვიათად ხდება. უფრო მეტად გართობის მოყვარული ვარ და ბევრს ვერთობი მეგობრებთან ერთად. ცეკვა მიყვარს, სიმღერაზე ხომ აღარ არის საუბარი.

– გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოდელიც იყავი. 

– საერთოდ არ მიზიდავდა ეს სფერო, მაგრამ, ჩემი დის მეგობარი ძალიან იყო ამ საქმეში ჩართული და სულ ამბობდა, მივიყვანოთ ჯიჯისთანო. მე ფოტოგრაფია უფრო მიზიდავდა. 13 წლის რომ ვიყავი‚ ჩემი გადაღებული ფოტოები გამოფენილიც იყო. საბოლოოდ, მაინც მივედი სააგენტოში, სადაც ძალიან კარგად შემხვდნენ და შემპირდნენ, რომ, შეიძლება‚ სოფო ჭყონიას  უცხოეთშიც გავეშვი. მაგრამ, საბოლოოდ, ვერ მოხერხდა და გული ამიცრუვდა. თუმცა‚ ჩვენებებზე გამოვდიოდი, „ფეშენ ვიქზეც“ გამოვსულვარ, სხვადასხვა რეკლამაში ვარ გადაღებული, ასევე‚ მუსიკალურ კლიპებში. ერთ-ერთი იყო კლიპი „სტეფანე და 3 ჯი“, რომელიც MT-ზე მოხვდა. მოკლედ‚ მაქვს კამერასთან მუშაობის გამოცდილება. ბოლოს „მის BMW-ს“ კონკურსში ვმონაწილეობდი და გავხდი „BMW ქლაბ ჯორჯიას” ფავორიტი. ახლაც‚ საინტერესო შემოთავაზება თუ იქნება, არ ვიტყვი უარს.

– ბავშვობიდან მღერი?

– ბავშვობაში საოპერო სიმღერებს ვმღეროდი. პავაროტი მიყვარდა ძალიან, დისკი მქონდა და სულ იმას ვმღეროდი. ზოგადად‚ მაქვს საოპერო ხმის ტემბრი, დედამ კონსერვატორიაშიც კი მიმიყვანა. მაგრამ იმდენად დავიმორცხვე, „ჭრელო პეპელაც“ კი ვერ ვიმღერე წესიერად. ჩემი პირველი კონკურსი იყო „ჯეოსტარი“ – ავიყვანე პედაგოგი და აქედან დავიწყე აქტიური მუსიკალური ცხოვრება. თუმცა‚ იყო იმედგაცრუება, ხელიც ჩავიქნიე. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ სწორად მოიქცნენ, რადგან, პატარა ვიყავი, ბოლომდე არ ვიყავი დახვეწილი, ძალიან გამიჭირდებოდა და ვერაფერს გავაკეთებდი. ამის მერე იყო „იმედზე“ სრულიად განსხვავებული პროექტი – „ახალი ხმა“ და გადავწყვიტე‚ ბედი მეცადა. რეალურად‚ რა სიმღერაც ვიმღერე, არ მიხდებოდა, არ არის ჩემი სტილი და, შეიძლება‚ ამანაც ბევრი რამ განაპირობა. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიდოდი, ამიტომ‚ რომ არ შემოტრიალდნენ მწვრთნელები‚ გამიკვირდა კიდეც და თან ძალიან დამწყდა გული. ვთქვი: ვსიო, აღარანაირ კონკურსში არ მივიღებ მონაწილეობას-მეთქი. ვერ ვიტან ქასთინგებს, მაგრამ, სხვანაირად აღარ გამოვა. ბოლოს ჩემი მეგობრის, მანანა დოიაშვილის რჩევით‚ „საქართველოს ვარსკვლავზე“ მაინც მოვედი. მან დამარწმუნა, რომ არ უნდა გავჩერდე: შენ უნდა გამოჩნდე, ხალხს უნდა დაანახვო‚ რა შეგიძლიაო. მოკლედ, მოვემზადე და, როგორც ჩანს‚ თავი მოვაწონე ჟიურის.

– რას ელოდები ამ კონკურსისგან?

– როგორც იქნა‚ გამიმართლა და არ ვაპირებ გაჩერებას. ყველანაირად ვეცდები, ყოველი ჩემი გამოსვლა ხალხისთვის იყოს ახალი, საინტერესო, მრავალფეროვანი. უპირველეს ყოვლისა‚ მინდა‚ ხალხის სიყვარული დავიმსახურო და ამისთვის ბოლომდე დავიხაჯები. სხვათა შორის‚ ქასთინგზე ჩემი პრომოს შემდეგ ხალხს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს თავში მაქვს ავარდნილი, ზედმეტად ამბიციური ვარ. ფოტო რომ დაიდო „საქართველოს ვარსკვლავის“ ვებ-გვერდზე, ცოტა ცუდი კომენტარები დაიწერა. ეს პრომო რომ მენახა, შეიძლება‚ მეც ასე მეფიქრა, მაგრამ, მალე დაინახავენ სინამდვილეში როგორი ვარ. შოუა და ყველაფერი შოუსთვის გაკეთდა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის‚ როგორი ვარ და მიხვდნენ, რომ ის პრომო ჩემგან ძალიან შორს იყო. რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობას, ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს გაძლევს, დიდ გამოცდილებას იღებ, რადგან, მუშაობ ბენდთან ერთად, ყოველდღე რეპეტიციები, კამერებთან მუშაობა, ფილარმონიის სცენაზე დგომა... არა მხოლოდ მუსიკალურ, არამედ, ცხოვრებისეულ დიდ გამოცდილებასაც იღებ, ბევრ რამეს სწავლობ. რეჟიმი უკვე შემეცვალა, თან‚ პარალელურად‚ ვმუშაობ.

– სად მუშაობ?

– საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციაში ვარ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზების მენეჯერი. ახლა ვაპირებთ დიდი პროექტის განხორციელებას: „სითი მარათონი – ჩემი ქალაქი დარბის“ – ასეთია ჩვენი ლოზუნგი. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება. ექვსთვიანი პროექტია. სამსახურიდან მაქვს ხელშეწყობა, ჩემს გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებ.

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? 

– ამ ეტაპზე პირად ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. ადრე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ, ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, აღარ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა და დამთავრდა. თან‚ პატარები ვიყავით, იმას ახლა თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი. ამ ეტაპზე ამისთვის არც დრო მაქვს და არც მინდა სერიოზული ურთიერთობა. უფრო კარიერას უნდა მივხედო. აქედანვე თუ არ ვიზრუნე, მერე დაგვიანდება. რომ ავაწყობ კარიერას, მერე იმის დროც მოვა. 

– როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომ შენი ყურადღება მიიქციოს?

– რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორი კარგია ხასიათით, მაინც პირველ ეტაპზე გარეგნობას ექცევა დიდი ყურადღება. მაგრამ‚ თუ ძალიან კარგია მხოლოდ გარეგნობით, მაშინ იქვე მთავრდება ყველაფერი. უპირველეს ყოვლისა‚ უნდა იყოს თავმდაბალი. ვერ ვიტან ისეთ ბიჭებს, რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, „მემარიაჟებიან“, საკუთარ თავზე ბევრს ლაპარაკობენ, თავს იქებენ. ასეთი ბიჭი ჩემს თვალში მაშინვე დაბლდება. განათლებულიც უნდა იყოს და – ცხოვრების აზრზეც. გემოვნებიანი უნდა იყოს‚ უპირველეს ყოვლისა‚ მუსიკაში. როცა ადამიანს არ აქვს ჩამოყალიბებული მუსიკალური გემოვნება, ის ჩემთვის უინტერესოა. მოკლედ‚ საინტერესო ადამიანი უნდა იყოს. შეიძლება‚ ერთნაირი შეხედულებები არ გვქონდეს, მაგრამ, რაღაცაში უნდა ემთხვეოდეს ჩვენი აზრები, თუნდაც მუსიკაში, ან, ზოგადად, ხელოვნებაში. ყურადღებიანი უნდა იყოს, რადგან, ქალისთვის ყურადღების ნაკლებობა არ არის სასიამოვნო. კიდევ, უნდა იყოს მეგობრული და, უპირველეს ყოვლისა – ჩემი მეგობარი. უნდა გამიგოს, გავუზიარო ჩემი ტკივილი და სიხარული.  

скачать dle 11.3