კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ლევან ჟორჟოლიანი „ბიბისის“ „ნიუს-რუმში“, რამ აღაფრთოვანა ის და რა მოხდა მის ცხოვრებაში აბსოლუტურად სპონტანურად

„მაესტროს” დილის წამყვანი ლევან ჟორჟოლიანი ძალიან საინტერესო და მხიარული რესპონდენტი აღმოჩნდა. ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და უკვე საკმაოდ კარგი ჟურნალისტური გამოცდილება აქვს – მან ყველა ჟურნალისტის საოცნებო ტელევიზიაში მოხვედრაც მოასწრო. მან ხალისით გვიამბო, თუ როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა „ბიბისიდან“ და რა თვისებები დაეხმარა წარმატების მიღწევაში.

– პირველი კურსიდან ვმუშაობ. თავიდან იყო „ინტერნიუსის“ პროექტი – „მედია.ჯი“, რომლის ძირითადი მიმართულება იყო პრობლემური საკითხები მედიაში, სხვადასხვა კვლევა და ასე შემდეგ. მერე გარკვეული პერიოდი ვთანამშრომლობდი სხვადასხვა გამოცემასთან, მათ შორის იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა ფინეთისთვის.“ ჟურნალისტებს ვეხმარებოდი ინფორმაციების მოძიებაში და მათ შორის იყვნენ საერთაშორისო ჟურნალისტებიც; თუმცა, ამას სისტემატიური სახე არ ჰქონია, რადგან, ვსწავლობდი კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც შაბათ-კვირაც კი არ მქონდა თავისუფალი. ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა. დავამთავრე კავკასიის მედიის სკოლა. შემდეგ აქტიურად ვიყავი ჩართული მედია-კვლევებში, კერძოდ, წინასაარჩევნოდ თემა იყო ასეთი: რამდენად იყენებდნენ სიძულვილის ენას პოლიტიკური სუბიექტები. საკმაოდ მასშტაბური კვლევა ჩატარდა.

– ტელეკომპანია „მაესტროში” როგორ მოხვდი?

– ტელეკომპანია „მაესტროში“ მოვხვდი გადაცემა „ფაკულტეტიდან.“ მოგეხსენებათ, ციხის კადრების შემდეგ სტუდენტთა მასობრივი პროტესტი იყო. იმისათვის, რომ ახალგაზრდებს მისცემოდათ შანსი, ღიად გამოეთქვათ საკუთარი აზრი, „მაესტრომ“ სპონტანურად დაგეგმა გადაცემა „ფაკულტეტი”. პირველად მოვხვდი ამ გადაცემაში. შემდეგ „მაესტროს“ პროდიუსერებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ გაკეთებულიყო დილის გადაცემა და ერთ-ერთ ქასთინგზე მეც მივედი. როგორც აღმოჩნდა, გამიმართლა და ამირჩიეს. ზოგადად, ყოველთვის აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში, კონკურსში, ერთ-ერთი იყო „ახალგაზრდა კავკასიელ ჟურნალისტთა კურსი”. აფხაზ, ოს, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტებთან ერთად ვიყავი მთიან ყარაბაღში, რამაც ძალიან ბევრი გამოცდილება შემძინა. დღეს მხოლოდ გვსმენია, რომ ენგურს გაღმა არსებობს მხარე, რომელიც ჩვენი იყო და არაფერი ვიცით მის შესახებ. ძალიან კარგი შანსი მომეცა, გავსაუბრებოდი აფხაზებს და ოსებს ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ძალიან მაინტერესებს სოციალური საკითხები და კონფლიქტები. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ომი, „მშვიდობის ჟურნალისტიკა“ რასაც ჰქვია, იმის დიდი მომხრე ვარ.

– როგორია შენი დილა „მაესტროსთან” ერთად?

– ჩემი დილა „მაესტროსთან” ერთად ძალიან კარგად იწყება. მიმაჩნია, რომ კარგ რაღაცას ვაკეთებთ. ჩვენი დილა არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ზოგადად დილა – მრავალფეროვანი თემითა და სტუმრებით. ყველა სეგმენტი იპოვის თავის ნიშას – სწორედ ამაზეა გათვლილი ჩვენი გადაცემა. გვყავს საინტერესო სტუმრები. არის, ასევე, პრესის მიმოხილვა. ყოველ დილით თვალყურს ვადევნებთ ბეჭდურ მედიას, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია.

– შენი აზრით, რა თვისებები დაგეხმარა წარმატების მიღწევაში?

– ჩემს შემთხვევაში ყველაფერი მოხდა აბსოლუტურად სპონტანურად. ნახევარი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მოვხვდებოდი ტელევიზიაში. როდესაც გასაუბრებაზე მოვედი, მამუკა ღლონტმა პირველი ის მკითხა, თუ მქონდა სატელევიზიო გამოცდილება. ვუთხარი, რომ გამოცდილება არ მქონდა და მეგონა, გარკვეულ დროს მომცემდნენ მოსამზადებლად, მაგრამ, ასე არ მოხდა და გადაცემა იმ დღესვე ჩავწერეთ. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან, სრულიად გამოუცდელი ვიყავი კამერებთან მუშაობაში. მეგონა, დავიბნეოდი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ისე ცუდი იყო.

– ასეთ სიტუაციებში ხშირად იბნევი ხოლმე, თუ ადვილად ინარჩუნებ სიმშვიდეს?

– ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის სიმშვიდეს ვინარჩუნებ, რადგან, ძალიან ბევრჯერ დავბნეულვარ. ჩემს ცხოვრებაში მართლა დაუგეგმავად ხდება ყველაფერი. ეს, ალბათ, იღბალის დამსახურებაცაა, რადგან, ბევრი ადამიანი გამოირჩევა ნიჭიერებით, მაგრამ, არ უმართლებთ ხოლმე. ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ძალიან გამიმართლა. ტელევიზია ის ადგილია, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ყოველთვის, როცა ტელევიზიაზე საუბრობდნენ, „ნიუს-რუმი” და, ზოგადად, შიდა სამზარეულო ასე წარმომედგინა: ყვირილი, ხმაური, ხშირად დედის გინებაც, რაც საკმაოდ აპრობირებულია (იცინის). პირველად, როდესაც მოვხვდი „ბიბისის” „ნიუს-რუმში“ და იყო აბსოლუტური სიჩუმე, ძალიან გამიკვირდა და აღფრთოვანებულმა ვიკითხე, რატომ არის ასეთი სიწყნარე-მეთქი. ერთ-ერთმა პროდიუსერმა მიპასუხა, რომ ჟურნალისტიკა ისედაც სტრესული პროფესიაა და ზედმეტად ხელოვნური გარემოს შექმნა არ არის საჭირო. მართლაც, ყველამ ვიცით ჩვენი საქმე. როდესაც ეთერი მთავრდება, ვგეგმავთ სიუჟეტებს, ვფიქრობთ თემაზე, ვწერთ ხმას. გარკვეულწილად, მეორე დღის გეგმა მუშავდება; რა თქმა უნდა, სტრესული სიტუაციებიც ხშირად არის, მუდამ მობილიზებული უნდა იყო, რადგან, პირდაპირ ეთერში გადიხარ.

– „ბიბისი” ახსენე. როგორ მოხვდი ყველა ჟურნალისტისთვის საოცნებო ტელევიზიაში?

– „ბიბისიში“ მოვხვდი პროექტიდან „კავკასიელ ჟურნალისტთა კურსი”. საქართველოდან ვიყავით სამი წარმომადგენელი. იქ მოხვედრა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა: უნდა გაგვეგზავნა ჩვენი მონაცემები, სტატიები, ვიდეოები და წერილი, თუ რატომ გინდოდა მონაწილეობა ამ პროექტში. ეს იყო ტრენინგები. შევისწავლეთ საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ფოტოჟურნალისტიკა და დოკუმენტალისტიკა. გვასწავლიდა „ბიბისის” ერთ-ერთი ტრენერი, რომელსაც აქვს გამოცემული ეთიკის სხვადასხვა სახელმძღვანელო. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე იქ ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, დიდი ხნით არ ვიყავით წასულები, ეს იყო დაახლოებით ერთი კვირა.

– თუ მოახერხე ჩახედვა „ბიბისის” შიდა სამზარეულოში, რა ხდებოდა „ნიუს-რუმში” ეთერს მიღმა?

– „ბიბისიში“ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. ზოგადად ძალიან მიყვარს ბრიტანული კულტურა. „ბიბისის“ საიტზე აქვთ შენობისა და ნიუს-რუმის ტური. ასე რომ, იქ ჩასვლამდეც ვიცოდი, როგორი იყო შენობა, „ნიუს-რუმი“. თუმცა, თვალით ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. „ბიგ-ბენის“ დანახვა არ გამხარებია ისე, როგორც „ბიბისიში“ მოხვედრა. როგორც უკვე ვახსენე, სიმშვიდე იყო. ყველას ჰქონდა თავისი საქმე. თავდაცვის მიზნით ტელეფონები დაშიფრული ჰქონდათ და ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. თუკი უცნობი ნომერი გირეკავს, შეიძლება, „ბიბისიდან“ რეკავდნენ (იცინის).

– ახლა, რაც შეეხება შენს პირად ცხოვრებას: დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დრო, ალბათ, დასვენებისთვისაც გრჩება.

– თავიდან ვწუწუნებდი, რომ თავისუფალი დრო არ მრჩებოდა. ერთხელ, მეგობრებთან ჩამოვთვალე ჩემი დღის რეჟიმი – დილით სამსახურში ვიყავი, მერე სიუჟეტი გავაკეთე, კითხვები დავწერე, შემდეგ კაფეში გავიარე, მერე წიგნი ვიყიდე და ბოლოს დეიდაშვილის ბავშვებთან ვიყავი-მეთქი, მითხრეს, მაგდენს ჩვენ ვერ ვახერხებთო (იცინის). მე წუწუნით ვყვებოდი, არადა, თურმე სხვები ჩემზე ბევრად დაკავებულები იყვნენ. ასე რომ, ნორმალური გრაფიკი მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ დრო არაფრისთვის მრჩება. დილით შვიდის ნახევარზე გვაკითხავს მძღოლი, შემდეგ საგრიმიოროში შევდივართ. განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყო, რომ მანიკას და ნინუცას დაასწრო მაკიაჟის სკამზე, თორემ, მერე ძალიან იწელება დრო (იცინის). საღამოს 5 საათზე უკვე თავისუფალი ვარ. შაბათს ვისვენებ და მთელი დღე სახლში ვარ. კვირის დანარჩენ დღეებში მეგობრებთან ერთად დავდივარ თუნდაც კაფეში, ან კინოში – ყოველთვის ვახერხებ განტვირთვას.

– ახალგაზრდა, დასაოჯახებელი ბიჭი ხარ, ალბათ, თაყვანისმცემლებიც გეყოლება. როგორ გამოხატავენ შენ მიმართ სიმპათიებს?

– მას შემდეგ, რაც „მაესტროში“ დავიწყე მუშაობა, „ფეისბუქის“ მეგობრების რაოდენობა ერთიორად გაიზარდა. ხშირად მამატებენ, მწერენ. ადრე თუ პირადად არ ვიცნობდი ადამიანს, „ფეისბუქში“ არ მყავდა დამატებული. ახლა უკვე იმდენი „ფეისბუქ-მეგობარი“ მყავს, უმეტესობას არც კი ვიცნობ.

скачать dle 11.3