კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აფინანსებს სახელმწიფო თვით ჰარვარდის უნივრესიტეტსაც კი და რატომ არის სტუდენტის სიღარიბე გადამწყვეტი ფაქტორი ჰარვარდში მოსახვედრად

უკვე ცნობილია, რომ 2013/2014 სასწავლო წლებში სახელმწიფოს მიერ სტუდენტთა გრანტებისთვის გამოყოფილი თანხაც გაიზრდება და უფრო მეტიც, 14 სპეციალობაზე სწავლებას სახელმწიფო, საერთოდაც, თავიდან ბოლომდე დააფინანსებს. ამ ინიციატივამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და იდეის მოწინააღმდეგეებმა ის სოციალისტური აზროვნების გადმონაშთად მონათლეს. ამის პარალელურად, ცნობილია, რომ ქართველი სტუდენტები მრავლად სწავლობენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში არა მხოლოდ სრულიად უფასოდ, არამედ ცხოვრების ხარჯითაც არიან უზრუნველყოფილნი. რა თქმა უნდა, იქაური სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, რაც, სულ მცირე, იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს გაძლევს, რომ ევროპულ ქვეყნებს „სოციალიზმი“ უკვე დაუმყარებიათ.

სულ ახლახან კი გაირკვა, რომ სახელმწიფო საქართველოს საჯარო სკოლების 650 000 მოსწავლეს საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს სახელმძღვანელოებით, რაც, იმას გარდა, რომ საგამომცემლო ბიზნესის მზის ჩასვენებად შეფასდა, საზოგადოების ნაწილის მიერ კვლავ სოციალისტურ მიდგომად მოინათლა. რადგან ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული კურსი ურყევად პროდასავლურია, გამოცდების ცენტრის კვლევის კოორდინატორი ნათია ანდღულაძე დაგვეხმარება იმის გარკვევაში, განათლების როგორი მოდელები არსებობს განვითარებულ ქვეყნებში და მიიჩნევენ თუ არა საკუთარ ვალდებულებად დასავლური სახელმწიფოები ყველასთვის განათლების ხელმისაწვდომობას. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს განათლების მიღების უფლება.

– როგორი მიდგომაა საშუალო განათლებისადმი ევროპაში: ფასიანია, უფასოა, ნაწილობრივ უფასოა თუ რა ხდება?

– ზოგადი განათლება ყველგან უფასოა ყველაზე უკიდურესად კაპიტალისტურ ქვეყნებშიც კი, რადგან ამ ქვეყნებს გააზრებული აქვთ ზოგადი განათლების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის არა მარტო ეკონომიკური, არამედ სოციალური და კულტურული განვითარების თვალსაზრისითაც. ეკონომიკური განვითარებისთვის განათლების აუცილებლობა მარტივი ასახსნელია, გვჭირდება ადამიანური რესურსი, რომელსაც, მინიმუმ, სხვისი ზედამხედველობის ქვეშ მაინც შეუძლია სამუშაოს შესრულება, მაგრამ ეკონომიკის განვითარებისთვის ჩნდება უფრო მაღალი კომპეტენციების მქონე ადამიანები. ზოგადი განათლება მაღალტექნოლოგიური და, მით უმეტეს, ცოდნის ეკონომიკის განვითარებისთვის საკმარისი არ არის და ამიტომ ბევრ ქვეყანაში, ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უმაღლეს და პროფესიულ განათლებასაც. გამომდინარე იქიდან, რომ არა მხოლოდ მოქალაქის პირადი ინტერესია განათლების მიღება, ბევრ ქვეყანაში ითვლიან განათლებაში ინვესტირებიდან კერძო, ანუ, განათლების მიმღების და საზოგადოების მიერ მიღებულ ფინანსურ სარგებელს. კვლევებით ჩანს, რომ სოციალური ამონაგები, მაგალითად, ზოგად განათლებაში უტოლდება კერძო ამონაგებს.

– საზოგადოება უფრო მეტ ხეირს ნახულობს განათლებული ადამიანების სიმრავლით, ვიდრე თავად ეს განათლებული ადამიანები თავიანთი განათლებულობით.

– დიახ, და აქვე ემატება სოციალური სტაბილურობის არგუმენტი. კაპიტალისტურ ქვეყნებში განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი, რადგან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სოციალური დაწინაურების, ანუ სოციალური მობილობის პერსპექტივა და ეს უნდა ხდებოდეს არა რევოლუციებით, არამედ მშვიდობიანი საშუალებებით. განათლებას აქვს დატვირთვა, რომ ადამიანს მისცეს ერთი სოციალური კლასიდან მეორეში გადასვლის შესაძლებლობა.

– როდესაც ზოგადი განათლების უფასოობაზე ვლაპარაკობთ, რა კომპონენტს გულისხმობს ეს უფასო განათლება დასავლურ ქვეყნებში? ჩვენთანაც აფინანსებს სახელმწიფო ვაუჩერებით საშუალო განათლებას, ახლა დაუმატა უფასო სახელმძღვანელოებიც.

– უფასო სახელმძღვანელოების აუცილებლობა, დასავლური ქვეყნების განვითარების დონიდან გამომდინარე, მაინცდამაინც, არ არსებობს, მაგრამ იქ მოქმედებს პროგრამები, რომლებიც ხელმოკლე ოჯახის ბავშვებს უზრუნველყოფს უფასო სახელმძღვანელოებით. ეს პრაქტიკა ლათინურ ამერიკაში და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ხშირად გვხვდება.

– ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ვიცი, 40 მილიონ ადამიანზე მეტი იღებს სასურსათო ტალონებს.

– დიახ, ამერიკაში მოსწავლეების ნაწილი იღებს უფასო და იაფი ლანჩის ტალონებს. ამ პრაქტიკას ძალიან დიდი ისტორია აქვს. მაგალითად, სინგაპურში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან სკოლებში მოქმედებდა პროგრამა, რომელიც ბავშვების კვებას უზრუნველყოფდა, ანუ ბავშვების გამოკვება შედიოდა სკოლის მომსახურებაში.

– მარგარეტ ტეტჩერზე ვუყურე ფილმს ამას წინათ, რომელშიც ითქვა, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდი ბრიტანეთის სკოლებში უფასოდ ურიგებდნენ რძეს მოსწავლეებს.

– სინგაპური იმ პერიოდში ბრიტანეთის კოლონია იყო, ამიტომ იქაც იმავეს აკეთებდნენ.

– ეს მაგალითი იმისთვის მოვიტანე, რომ დღეს ჩვენ თითქმის იმ დონეზე ვართ, რა დონეზეც ბრიტანეთი იყო 50 წლის წინათ. 

 – ალბათ… სინგაპურში სახელმწიფო ხარჯების ძალიან დიდი წილი იხარჯებოდა იმისთვის, რომ სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი გამხდარიყო მოსწავლეებისთვის და ხდებოდა სახელმწიფოს მიერ სახელმძღვანელოების სუბსიდირება.

– არის მოსაზრება, რომ უნდა მომხდარიყო მოსწავლეების დიფერენცირება, რომლებსაც ეკუთვნით ან არ ეკუთვნით უფასო სახელმძღვანელოები. ჩემი აზრით, ძალიან უხერხულია, როდესაც უმწეო ოჯახების ბავშვებს საჯაროდ გადასცემდნენ სახელმძღვანელოებს, მგონია, რომ ბავშვს ატრავმირებს ეს. როგორ უნდა მოხდეს დიფერენცირება და რის მიხედვით?

–  ბუნებრივია, ბავშვის ტრავმირება და სტიგმატიზება არ არის კარგი, მაგრამ შესაძლებელია, მომავალში დავხვეწოთ ეს პროგრამა და კარგად გავთვალოთ, რა თანხის ეკონომიას გავაკეთებთ, თუ იმ კატეგორიას, რომელსაც ისედაც შეუძლია სახელმძღვანელოების ყიდვა, გამოვაკლებთ საერთო რაოდენობას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რა ტიპის ინფორმაციაა შესაგროვებელი და რა ხარჯებია გასაწევი  ამ ინფორმაციის შესაგროვებლად. მაგალითად, ქვეყნებში, სადაც პროფესიული და უმაღლესი განათლება უფასო არ არის, დაფინანსებას სახელმწიფო იმ სტუდენტებს აძლევს, ვინც სწავლის დაფინანსებას სახელმწიფოს გარეშე ვერ შეძლებდა ან გაუჭირდებოდა. ჩვენთან გრანტების ძალიან მცირე ნაწილი გაიცემა მოწყვლად ჯგუფებზე და დანარჩენ გრანტს მიღებული ქულების მიხედვით ვანაწილებთ. აშშ-ს თუ ავიღებთ, იქ ქულების მიხედვით დაფინანსებას გასცემენ საშუალო დონის უნივერსიტეტები, რომ საუკეთესო სტუდენტები მიიზიდონ. მაღალი რეიტინგის უნივერსიტეტები ისედაც ახერხებენ საუკეთესო სტუდენტების მიზიდვას. სახელმწიფოს როლი კი რჩება: ხელმოკლე ოჯახებიდან ახალგაზრდების დაფინანსება გრანტის ან იაფი სესხების პროგრამების საშუალებით.

 ისიც ვთქვათ, ბევრი ამბობს, რომ წარმატებული ქვეყნები დიდ ფულს არ ხარჯავს განათლებაზე და მაინც აღწევენ წარმატებებს ამ სფეროშიო.

– ჩვენი სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ეს ასე არ არის და საქართველოს მიერ განათლებისთვის გაწეული ხარჯის პროცენტი საკმაოდ მცირეა.

– საქართველოს მიერ 2005-2009 წლებში განათლებისთვის დახარჯული მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, საშუალოდ, იყო 3 პროცენტი, განათლების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში კი –  8,2 პროცენტი. შევადაროთ ფინეთს, სადაც განათლებაზე მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის 6,3 პროცენტი, ბიუჯეტის წილში კი 12 პროცენტია განათლების ხარჯი. სინგაპურსა და ჰონ-კონგში ძალიან დიდია განათლების ხარჯის წილი სახელმწიფო ბიუჯეტში. იყო წლები, როდესაც სინგაპურში სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედი განათლებაზე იხარჯებოდა.  ისრაელი ავიღოთ. აქ 6 პროცენტია განათლების სახელმწიფო ხარჯი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. 

– უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა როგორია დასავლურ ქვეყნებში?

– საქართველოში დადის მითები, რომ დასავლეთში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ხალხი ძალიან ბევრს იხდის უმაღლეს განათლებაში. შევადაროთ: საშუალო ამერიკელ სტუდენტს ჰარვარდში სწავლა იგივე უჯდება, რაც ქართველ სტუდენტს დაუჯდებოდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა. ჰარვარდი ძალიან ძვირი უნივერსიტეტია, მაგრამ იქ არსებობს როგორც ეგრეთ წოდებული „სთიქერ ფრაისი“, ანუ ოფიციალური ფასი, ასევე, რეალური ფასი და ისინი, ვინც რეალურ ფასს იხდიან ჰარვარდში სწავლისთვის, არ არიან ერთეულები. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს სახელმწიფო საგანმანათლებლო კვლევითი ორგანიზაცია და, თუ შეხვალთ მათ საიტზე, ნახავთ განსხვავებებს „სთიქერ ფრაისსა“ და რეალურ ფასს შორის.

– ვინ იხდის სწავლის საფასურს ამ ეგრეთ წოდებული „სთიქერ ფრაისით“?

– ამით სწავლის საფასურს თითქმის არავინ იხდის, მაგალითად, წარჩინებულ კერძო უნივერსიტეტებში მოხვედრის შემთხვევაში, რაც უფრო ღარიბია სტუდენტი, მით უფრო ნაკლებს იხდის, ფაქტობრივად, თუ ღარიბი ხარ, არაფერს იხდი, აქეთ გიხდიან ფულს.

– სახელმწიფო უნივერსიტეტებზეა საუბარი თუ კერძოზე?

– თუ იმ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობ, სადაც ცხოვრობ, ძალიან იაფი გიჯდება სწავლა. მაგალითად, თუ უცხოელი 20 000 დოლარს იხდის იმისთვის, რომ კალიფორნიის რომელიმე უნივერსიტეტში ისწავლოს, იმ შტატის მცხოვრები სტუდენტი იხდის წელიწადში, ვთქვათ, 900 დოლარს. აი, ასეთი განსხვავებებია. საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური, კერძოს რომ თავი დავანებოთ, ერთ სულზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 42 პროცენტია. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 13 პროცენტია. 

– კერძო უმაღლესი სასწავლებლის შემთხვევაში, სახელმწიფო უფინანსებს ხელმოკლე სტუდენტს სწავლის საფასურს თუ კერძო უნივერსიტეტი?

– კერძო უნივერსიტეტები ძალიან დიდ სახელმწიფო დაფინანსებებს იღებენ. მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტიც კი იღებს ძალიან დიდ სახელმწიფო დაფინანსებას.  საქართველოში მეორე პრობლემაა ის, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება მთლიანადაა მიბმული სტუდენტის გადასახადს და ამას მოჰყვება მთელი რიგი პრობლემები. არ შეიძლება, სტუდენტს გადავახდევინოთ უნივერსიტეტში კვლევის ფულიც, არადა, ასე გამოდის. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კვლევებსაც სტუდენტის ხარჯზე ჩავატარებთ.

– ისევ ამერიკულ უნივერსიტეტებს დავუბრუნდები: სახელმძღვანელოებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა თუ შედის სწავლის საფასურში?

– რა თქმა უნდა, ყველაფრის ხარჯი შედის, თუ ჰარვარდმა დაგაფინანსა, გაფინანსებს იმიტომ, რომ ხარ მოწყვლადი ჯგუფიდან.

– და იგულისხმება, რომ მჭირდება ყველაფერი, რაც სწავლებასთანაა დაკავშირებული?

– დიახ, ამიტომაც აფინანსებს არა მხოლოდ თქვენი სწავლის ხარჯს, არამედ იქ ცხოვრების ხარჯს და გაძლევთ ყოველთვიურ სტიპენდიას, რომ იცხოვროთ.  ვთქვათ, ამ უნივერსიტეტში აბარებს ფერადკანიანი სტუდენტი ღარიბი ოჯახიდან და თეთრკანიანი სტუდენტი შეძლებული ოჯახიდან, ანუ საშუალო კლასიდან. ამ ორი სტუდენტიდან მოხვედრის შანსი უფრო მაღალი აქვს სტუდენტს მოწყვლადი ჯგუფიდან, იმიტომ რომ ამ უნივერსიტეტს არ აქვს საუკეთესო სტუდენტების მიზიდვის პრობლემა. საუკეთესო სტუდენტებისთვის უკვე სტიპენდიებით იბრძვიან საშუალო უნივერსიტეტები და ისინი სტუდენტებს საშუალო კლასის ოჯახებიდან აძლევენ სტიპენდიას სწავლის გასაგრძელებლად იმიტომ, რომ მათთან იყვნენ ყველაზე ნიჭიერი სტუდენტები. მათ სჭირდებათ რეიტინგებში დაწევა იმ უნივერსიტეტებთან, რომლებიც ზემოთ არიან. რეიტინგების სათავეში მოქცეულ უნივერსიტეტებს ისედაც არანაირი პრობლემა არ აქვთ საუკეთესო სტუდენტების მიზიდვის. ამიტომ ამ ბოლო დროს ასეთ ტრადიციულად მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებში ცუდ ტონად ითვლება სტუდენტის დაფინანსება იმის გამო, რომ მას მაღალი ქულები აქვს მისაღებ გამოცდებში. ეს განსაკუთრებით ბაკალავრიატს ეხება. მაგრამ ზოგიერთ პროგრამაში მაგისტრატურაზეც ვრცელდება.

– ანუ პრიორიტეტულია განათლების მიცემა? ურჩევნიათ, განათლება მიაღებინონ თავიანთი ხარჯით მას, ვისაც ეს სჭირდება და არ მას, ვისაც თავისი ჯიბითაც შეუძლია საკუთარი განათლების უზრუნველყოფა?

– დიახ. ანუ კერძო უნივერსიტეტებსაც კი გათავისებული აქვთ საკუთარი როლი საზოგადოებაში და იციან, რომ მათი მისიაა, დაეხმარონ საზოგადოებას. ისინი მოწყვლადი ჯგუფებიდან სტუდენტების დაფინანსებით თავიანთ საზოგადოებრივ ვალს იხდიან ქვეყნის განვითარებაში. მათი, როგორც უნივერსიტეტის, მისიის ნაწილია ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა და ეს ხდება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებიდან სტუდენტების აკადემიური დაწინაურებით. 

– ევროპაში როგორაა საქმე?

– ევროპის ბევრ ქვეყანაში საერთოდ უფასოა სწავლა და ეს, მაინცდამაინც, კარგი არ არის.  ბევრი ქვეყანა მიდის იქითკენ, რომ გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის სწავლა გახდეს ფასიანი.

– შეძლებული ფენისთვის?

– დიახ და სტიპენდიები გაიცეს  იმ სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სხვანაირად სწავლის გაგრძელებას ვერ მოახერხებენ. ევროპაში ბავშვმა, რომელიც სწავლობს სკოლაში და უნდა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, იცის, რომ, თავისი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად, შეძლებს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას. შესაბამისად, ეს აისახება მის მოსწრებაზეც, რადგან იცის, რომ მის ძალისხმევას შედეგი მოჰყვება.

скачать dle 11.3