კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოიჭირე ტყუილში

პოლ მელკორის თაღლითობაში სადაზღვევო ფირმის პროფესიონალ აგენტს ეჭვი ოდნავაც არ ეპარებოდა. ინტუიციაც ჰკარნახობდა და გამოცდილებაც, მაგრამ, ფაქტები არ ჰქონდა. რანაირად დაემტკიცებინა სასამართლოსთვის, რომ მელკორი ცრუობდა? ამაში კიდევ უფრო დარწმუნდა, როცა მელკორის ცოლი ნახა. ასეთი ქერა ლამაზმანები არ მიჰყვებიან ცოლად უიმედო ხეიბრებს. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, აგენტს ხელთ არაფერი ჰქონდა საკუთარი ეჭვების გარდა, პოლს კი შესანიშნავი ადვოკატი ჰყავდა. მან გულის ამაჩუყებელი სიტყვა წარმოთქვა სასამართლოზე: „ქალბატონებო და ბატონებო! თქვენ წინაშეა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჯერ კიდევ ორი თვის წინ სრულიად საღ-სალამათი იყო და ცხოვრებას შეჰხაროდა. იმ კომპანიამ, რომლის ინტერესებსაც ახლა სადაზღვევო კომპანია იცავს და დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდა არ უნდა, ჩემს კლიენტს ხვალინდელი დღის რწმენა და იმედი დაუკარგა. ეს უსინდისობაა, ბატონებო!..“

ჰეილორი უსმენდა. ადვოკატი სადღაც მართალი იყო. პოლ მელკორი მართლაც იყო ახალგაზრდა და ჯან-ღონით აღსავსე. მას იმ კომპანიის მანქანა დაეჯახა (თანაც, ტროტუარზე მდგომს), რომელიც ჰეილორის სადაზღვევო კომპანიის კლიენტი იყო. შესაბამისად, კომპენსაციაც ამ სადაზღვევოს უნდა გადაეხადა მელკორისთვის. ჰეილორი აღიარებდა, რომ პოლ მელკორს აუცილებლად უნდა მიეღო კომპენსაცია, მაგრამ, არა ნახევარი მილიონი, რასაც ის ითხოვდა და აცხადებდა, რომ ამ ავარიით ის სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის სავარძელს. აი, სწორედ აქ იყო დამარხული ძაღლის თავი. ჰეილორს შინაგანი ხმა ჰკარნახობდა, რომ მელკორს ხერხემალი არ დაზიანებია. ის, უბრალოდ, კარგად ახერხებდა სიმულაციას. ექიმები ვერაფერს ამტკიცებდნენ. სადაზღვევო კომპანიამ რამდენიმე სერიოზული სპეციალისტი მიიწვია კონსულტაციისთვის, მაგრამ, ყველა ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე: პაციენტი პარალიზებულია – მისი კიდურები უსიცოცხლო და უმოძრაოა, თუმცა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ადგილი აქვს სიმულაციას. ჰეილორი ისევ ჩიხში აღმოჩნდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მოწყალების დაც მოისყიდა და პოლ მელკორის პალატაში სათვალთვალო კამერა დააყენებინა... არაფერმა გაჭრა. პოლ მელკორი ან ძალიან ეშმაკი იყო და ყველაფერი წინასწარ გათვალა, ან, მართლაც პარალიზებულს, განძრევა არ შეეძლო. სასამართლოზე ზუსტად ის მოხდა, რასაც ჰეილორი ელოდა: სადაზღვევო კომპანიას კომპენსაცია დააკისრეს, 250 000 დოლარის ოდენობით. ჰეილორი გაცეცხლებული იყო. მან გადაწყვიტა, გაეგრძელებინა თვალთვალი მელკორზე და ის ტყუილში გამოეჭირა. მის ამ იდეას სადაზღვევო კომპანიის უფროსიც დაეთანხმა. მისთვისაც არ იყო ადვილი ამ მარცხთან შეგუება. ჰეილორი იმედოვნებდა, რომ ადრე თუ გვიან, მელკორი ფულის დახარჯვის სურვილს ვერ გაუმკლავდებოდა და გაიყიდებოდა. სასამართლო პროცესის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ მელკორი ცოლთან ერთად ახალ სახლში გადავიდა, საკმაოდ პრესტიჟულ რაიონში. თუმცა, სახლი დიდი არ იყო. ჰეილორი ცოლ-ქმარს ბინაში ესტუმრა. კარი, რა თქმა უნდა, „ქერამ“ გაუღო. ტანზე მჭიდროდ მოტმასნილი ყვითელი შარვალი და ლურჯი მაისური ეცვა, რაც მისი სხეულის ლამაზ ფორმებს კიდევ უფრო მკვეთრად აჩენდა. „სწორედ ასე უნდა იცვამდე სახლში ღამის ბარის ყოფილი მომღერალი“, – გაიფიქრა ჰეილორმა. მელკორი ინვალიდის სავარძელში იჯდა. ბინაში სულ ოთხი ოთახი იყო: მისაღები, ბარ-სამზარეულო და ორი საძინებელი – ინვალიდისთვის და მისი ლამაზი მეუღლისთვის.

– რა გინდა, ჰეილორ, რისთვის მოხვედი? – ჰკითხა მელკორმა.

– მინდოდა, ახალ ბინაში მომენახულებინე.

– შენ ჩემი მეგობარი არ ხარ, ამიტომ, ეს ვიზიტი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

– მინდოდა, მენახა, როგორ ხარჯავ ჩვენს ფულს!

– ეს შენი საქმე არ არის.

– შენ სადაზღვევო კომპანია მოატყუე. ზუსტად ვიცი, რომ შენი დამბლა მოგონილია. უბრალოდ, კარგი მსახიობი ხარ. გპირდები, თვალს არ მოგაშორებ. მე ისიც ვიცი, რომ შენი ცოლისნაირი ქერა ლამაზმანები ინვალიდებზე არ თხოვდებიან. რამდენ ხანს გააჩერებ ამ გალიაში?! რისი იმედი გაქვს?

მელკორი ბრაზისგან გაწითლდა, მაგრამ, ნაძალადევად მაინც გაიცინა:

 – რა სასაცილო ხარ, ჰეილორ. რისთვის ირთულებ ცხოვრებას? დამანებე თავი და იყავი შენთვის.

– არ გინდა, სიმართლე მითხრა? შენც მოგეშვება.

– ტელეფონიც ხომ არ გიდევს ჯიბეში, რომ ჩემი აღიარებითი ჩვენება ჩაიწერო? კარგი, მე გაგიმარტივებ საქმეს: ამ დღეებში მე და ჩემი ცოლი წმიდა ადგილის მოსალოცად მივდივართ. აქედან ძალიან შორს. იქ ადამიანები რწმენით მიდიან. იცი, რამდენი ინვალიდი და ხეიბარი განიკურნა? იმ ტაძარში რომ მიხვალ, უამრავ გადაყრილ ყავარჯენსა და სავარძელს ნახავ – განკურნებული მომლოცველები ტოვებენ.

– აჰა, ის არ გეყო, რომ სადაზღვევო კომპანია მოატყუე, ახლა მორწმუნეების გრძნობებზე უნდა ითამაშო? ნაძირალა ხარ, მელკორ. შენ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმე. იქ მიხვალ, ფარისევლურად ილოცებ და ინვალიდის სავარძლიდან ადგები. ანუ, ვითომ სასწაული მოხდა. 

მელკორმა გადაიხარხარა და თავის ლამაზ ცოლს ახედა:

– გესმის, მია, რას ამბობს ბატონი დაზღვევის აგენტი? ჯერ ერთი, ეგ მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფია. მეორეც – ვითომ სასწაული არ არსებობს, მით უმეტეს, მორწმუნეებისთვის. ჩემი განკურნება მხოლოდ რწმენას განუმტკიცებს მათ. შენ ვერც ხვდები, ამით რამხელა საქმეს გავაკეთებ...

გამწარებულმა აგენტმა იმავე დღეს მიიღო გადაწყვეტილება, „მორწმუნე“ ცოლ-ქმარს უკან გაჰყოლოდა, რაშიც უფროსიც დაეთანხმა. 

მონასტერი პატარა კუნძულზე მდებარეობდა. ორი პატარა სასტუმრო გაჭედილი იყო ხეიბრებით და სულით ავადმყოფებით. ჰეილორმა ტაძარი ჩასვლისთანავე მოინახულა. მისი შემოგარენი მართლაც სავსე იყო ყავარჯნებითა და ინვალიდის ეტლებით. ელაპარაკა ტაძრის მოძღვარსაც, რომელმაც დაადასტურა, რომ იქ ასეთი სასწაულები ხშირად ხდებოდა და დასძინა, მხოლოდ უფალმა იცის, ვის მიიჩნევს განკურნების ღირსადო.

მეორე დილით მომლოცველთა პროცესია ტაძრისკენ დაიძრა. გზა საკმაოდ რთული იყო. ციცაბო ფერდობზე, ვიწრო... პროცესია ძალიან ნელა იძვროდა. ინვალიდები ზოგი ტახტრევნებით მიჰყავდათ, ზოგს ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ გადაადგილებაში. მელკორს მეუღლე ახლდა. ისინი პროცესიის შუაში იყვნენ. უცებ სადაზღვევო აგენტის ყურადღება პროცესიაში ატეხილმა ჩოჩქოლმა და ხმაურმა მიიპყრო. ჰეილორის სმენას ქალების წივილ-კივილის ხმაც მისწვდა. შეშფოთებულმა პროცესიაში ძლივს გაიკვლია გზა, თუმცა, იმ ადგილამდე, სადაც რაღაც მოხდა, მაინც ვერ მიაღწია. სიმართლე მხოლოდ საღამოს გახდა ცნობილი: მელკორის ინვალიდის სავარძელი უბედური შემთხვევის გამო ფერდობზე დაგორდა და დაიმსხვრა. მელკორი ადგილზე გარდაიცვალა. ჰეილორმა უნუგეშო ქვრივი სასტუმროს ფოიეში მოინახულა. მიას შავი, ტანზე მოტმასნილი კაბა ეცვა. ქერა თმაც სადად ჰქონდა დავარცხნილი. თვალებთან წამდაუწუმ მიჰქონდა ცხვირსახოცი...

– ეს უბედური შემთხვევა არ იყო, ხომ ასეა? შენ უბიძგე სავარძელს? – პირდაპირ ჰკითხა ჰეილორმა

ქალმა ავად შეხედა:

– მე ის უანგაროდ მიყვარდა... ეს უბედური შემთხვევა იყო... მე მელკორის კანონიერი ცოლი ვარ და კანონიერი მემკვიდრეც. ასე რომ, შენი ადგილი აქ აღარ არის. ყველა შეკითხვას პასუხი გაეცა. მშვიდობით, ჰეილორ...

– შენ მელკორზე ბევრად ჭკვიანი ყოფილხარ. როგორ ვერ შევაფასე შენი შესაძლებლობები... – აღმოხდა ჰეილორს.

ქალმა პასუხად მხოლოდ გაიცინა...

скачать dle 11.3