კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიყვეს ჰიტლერმა და სტალინმა პოლონეთის ტერიტორია

თანამედროვე პოლონეთის სახელმწიფო საზღვრები მეორე მსოფლიო ომის შედეგად დადგინდა. იოსებ სტალინისთვის ეს სულაც არ იყო უმნიშვნელო საკითხი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბელადი განსაკუთრებით იყო დაინტერესებული პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრით. ამ თემას განვიხილავთ საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით.

დიდი ხნის განმავლობაში, მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში პოლონეთსა და რუსეთს შორის ხანგრძლივი ომები მიმდინარეობდა სასაზღვრო ტერიტორიებისთვის. უნდა ითქვას, რომ ეს ომები ძირითადად პოლონეთის გამარჯვებით მთავრდებოდა. პოლონეთმა რუსეთს წაართვა არა მარტო დღევანდელი უკრაინისა და ბელორუსიის უდიდესი ნაწილი, არამედ, საკუთრივ რუსული ტერიტორიებიც – ქალაქები: ფსკოვი, სმოლენსკი და სხვა. მეთვრამეტე საუკუნეში პოლონეთი ისე დასუსტდა, რომ რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ მისი ტერიტორია სამჯერ გადაინაწილეს. ბოლო გადანაწილებით, რომელიც 1795 წელს განხორციელდა, რუსეთს ერგო ქალაქი ვარშავა და მდინარე ვისლის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია. ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1917 წლამდე დარჩა. 

1917 წელს, რუსეთის იმპერიის აღსასრულის შემდეგ, პოლონეთმა სახელმწიფოებრიობა აღიდგინა და რუსეთის, გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში მყოფი პოლონეთის ისტორიული ტერიტორიები კვლავ ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა. ცხადია, საბჭოთა რუსეთის ბოლშევიკი ლიდერებისთვის ეს მიუღებელი იყო, მაგრამ, პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში რუსეთმა ხელი ვერ შეუშალა პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენას ხელმძღვანელობდა დიდი პატრიოტი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი და უდრეკი ნებისყოფის ადამიანი, იუზეფ პილსუდსკი. მან კარგად იცოდა, რომ რუსეთის უკანდახევა დროებითი იყო. პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული რუსეთი ძალას მოიკრებდა და პოლონეთის ტერიტორიის მიტაცებას შეეცდებოდა. დასავლეთ ევროპის დიდი სახელმწიფოების მხრიდან სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფილი პილსუდსკი საბჭოთა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის აღსაკვეთად ემზადებოდა. 1920 წლის აპრილში პოლონეთმა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო და ძალიან სწრაფად დაიკავა უკრაინისა და ბელორუსიის დიდი ნაწილი. იუზეფ პილსუდსკი ვარაუდობდა, რომ თუ საბჭოთა რუსეთი მოახერხებდა ომის დაწყებას პოლონეთის წინააღმდეგ, მას ჯერ უკრაინიდან და ბელორუსიიდან მოუხდებოდა პოლონეთის განდევნა, ხოლო შემდეგ – საკუთრივ პოლონეთში შეჭრა. ასე რომ, პილსუდსკის ვარაუდით, უკრაინა და ბელორუსია უნდა ყოფილიყო ბუფერი პოლონეთსა და რუსეთს შორის. პილსუდსკის ვარაუდი გამართლდა. 1920 წლის მეორე ნახევარში საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ უკრაინის ტერიტორიიდან პოლონელების განდევნა შეძლო, მაგრამ, წარმატებით გათამამებული წითელი არმიის იერიშები ვარშავისა და ლვოვის მიმართულებით რუსებისთვის სრული კატასტროფით დასრულდა. ქანცგაწყვეტილ წითელ არმიას ომის გაგრძელება აღარ შეეძლო. პილსუდსკიმ „წითელი საფრთხე” პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრებთან შეაჩერა. ცხადია, წითელი არმიის სამარცხვინო მარცხის შემდეგ საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ტერიტორიულ დათმობებზე მოუწია წასვლა. იმის შიშით, რომ პოლონეთის არმიას კვლავ ახალი შეტევები არ დაეწყო, 1921 წლის მარტის საზავო ხელშეკრულებით პოლონეთს გადაეცა უზარმაზარი ტერიტორია _ დასავლეთ უკრაინა (ქალაქები ლვოვი, უჟგოროდი და სხვა) და დასავლეთ ბელორუსია (ქალაქები: გროდნო, ბრესტი და სხვა). 

ყოველივე ზემოთ თქმული ძალიან მძიმე მემკვიდრეობას წარმოადგენდა იოსებ სტალინისთვის. საბჭოთა სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი ვერ შეეგუებოდა დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის დაკარგვას. სტალინისთვის ისიც ცხადი, იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიებს პოლონეთი ომის გარეშე არ დათმობდა. ბელადი შესაფერის დროს ელოდა, ელოდა მოთმინებით და ეს დროც დადგა...

ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი პოლონეთი აღმოჩნდა. სტალინმა რამდენჯერმე შესთავაზა პოლონეთს გერმანიისაგან დაცვა, მაგრამ, პოლონელმა პოლიტიკოსებმა შორს დაიჭირეს თავი – ისინი გერმანიის აგრესიის მოგერიებას ინგლისისა და საფრანგეთის დახმარებით ცდილობდნენ. სტალინი პოლონეთის ამ პოზიციამ ძალიან გააღიზიანა. 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში ხელი მოეწერა საბჭოთა კავშირ-გერმანიის თავდაუსხმელობის პაქტს. ადოლფ ჰიტლერმა და იოსებ სტალინმა აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროები გადაინაწილეს. ეს გამიჯვნა სხვა ქვეყნებთან ერთად პოლონეთსაც შეეხო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გერმანიის მფლობელობაში უნდა გადასულიყო მდინარე ვისლის დასავლეთით მდებარე ტერიტორია, ვისლის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია კი საბჭოთა კავშირს ერგო. ორად უნდა გაყოფილიყო ქალაქი ვარშავაც: ვისლის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქალაქის ნაწილი გერმანიას რჩებოდა, მარჯვენა კი – საბჭოთა კავშირს. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიამ ომი დაიწყო პოლონეთის წინააღმდეგ. გერმანელები სწრაფად მიიწევდნენ ვარშავისკენ. 17 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა დაიწყო სტალინმა. საბოლოოდ, საბჭოთა არმიამ დაიკავა 1921 წლიდან პოლონეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში მყოფი დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის ტერიტორია, შემდეგ – საკუთრივ პოლონეთის ტერიტორია და მიუახლოვდა ვარშავას. ამ დროისთვის პოლონელებს ვარშავა უკვე მთლიანად ჰქონდათ დაკავებული. ამრიგად, გერმანიამ დაარღვია 1939 წლის 23 აგვისტოს პაქტის პირობა და ვისლის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე ვარშავის ნაწილი საბჭოთა კავშირს არ დაუთმო. ამ გადაწყვეტილებას რომ იღებდა, ჰიტლერი, გარკვეულ რისკზე წავიდა, თუმცა, გაუმართლა – სტალინმა ვითარება აღარ გაამწვავა. საბოლოოდ, ბერლინსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, სტალინი მხოლოდ დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის ტერიტორიებით დაკმაყოფილდა. 

1945 წელს, ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, ევროპაში ახალი საზღვრები დადგინდა. ცვლილება შეეხო პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარსაც. სტალინი დიდ პოლიტიკურ თამაშს ეწეოდა: მან მხარი დაუჭირა პოლონეთისთვის ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის გადაცემას, როგორიც იყო დანცინგი (დღევანდელი გდანსკი) და სხვა ტერიტორიები. სამაგიეროდ, სტალინმა ერთი გოჯი მიწაც კი არ დაუთმო პოლონეთს აღმოსავლეთით და მთელი დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია (მათ შორის პოლონელებით კომპაქტურად დასახლებული ტერიტორიებიც კი) საბჭოთა კავშირის საზღვრებში მოაქცია. არც ერთი სერიოზული პრეტენზია საზღვრის დადგენის შესახებ სტალინმა პოლონელებისგან არ მიიღო.

скачать dle 11.3