კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ცნობილ მოვლენას მიუძღვნეს ვერაზე ჯვრის დადგმა და რომელ ხიდს ამშვენებდნენ თამამშევის ქარვასლიდან წამოღებული გრიფონები

თბილისის მოედნებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გმირთა მოედანს – ცენტრალურ მოედანს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რამდენიმე ქუჩასა და უბანს. ამჟამინდელი გმირთა მოედანი სრულიად განსხვავდება იმ მოედნისგან, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდის, ან, სულაც, მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდის ფოტოებზეა აღბეჭდილი. მოედნის ისტორიას ძველი ფოტოების დახმარებით გაგაცნობთ.

 

ჯვარი ვერაზე

უწინ გმირთა მოედნის ტერიტორია თბილისის შემოსასვლელად ითვლებოდა და აქ მთავრდებოდა საქართველოს სამხედრო გზა. იმ ადგილთან ახლოს, სადაც ამჟამად თბილისის ცირკი დგას, თუჯის დიდი ჯვარი იდგა, რომელიც 1846 წელს დაიდგა იმპერატორ ნიკოლოზ პირველის გადარჩენის აღსანიშნავად – 1837 წელს ტფილისიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალი იმპერატორის ეტლი გადაბრუნებულა და მონარქი სასწაულებრივად გადარჩენია სიკვდილს. ამ მოვლენას მიუძღვნეს ჯვრის დადგმა, რომელსაც თბილისელები „ვერის ჯვარს” უწოდებდნენ. ჯვარზე გამოსახული იყო „ყოვლისმომცველი თვალი” და წარწერა ძველ რუსულ ენაზე: „ზèâûé âú ïîìîùè გûøíÿჯî, âú êðîâå ბîჯჭ íåხåñíჭჯî âîჰâîðèòñÿ». 12 îêòÿხðÿ 1837 ჯîჰჭ “. მოგვიანებით „ვერის ჯვარი” მოედნის გაფართოებასა და რეკონსტრუქციას შეეწირა – ის ქედი, სადაც ჯვარი იდგა, ლავრენტი ბერიას პერიოდში აიღეს. 

„ედემის ბაღი” და „ნე უეზჟაი, გოლუბჩიკ მოი”

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე გმირთა მოედნის ტერიტორია თბილისელ მოქეიფეთა საყვარელ ადგილად ითვლებოდა, სადაც მრავალი სამიკიტნო და დუქანი იყო გახსნილი, რომლებსაც სხვადასხვა ეგზოტიკური სახელი ერქვათ: „ფანტაზია”, „რასსვეტი”, „ნე უეზჟაი, გოლუბჩიკ მოი” და „ედემის ბაღი”. ცნობისთვის, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც დუქანი „ნე უეზჟაი, გოლუბჩიკ მოი” იდგა, ცნობილი 11-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აიგო, ხოლო „ედემის ბაღის” ადგილას 1927 წელს ზოოპარკი გაშენდა. „ნე უეზჟაი, გოლუბჩიკ მოი” იმ დროის ცნობილი დუქანი იყო, სახელი მას ძველი ბოშური რომანსის პატივსაცემად ეწოდა. დუქანი მიხეილ ჭიაურელის კინოფილმში – „რაც გინახავს ვეღარ ნახავ,” რამდენიმე კადრში ფიგურირებს. დუქნის ხშირი სტუმარი იყო ნიკო ფიროსმანი. 

 

თბილისის ზოოლოგიური პარკი

პარკი 1927 წელს დაარსდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდინარე ვერეს ხეობაში გამოიყო თავდაპირველად 70-მდე, ხოლო შემდგომ 120-მდე ჰექტარი მიწის ფართობი. გათვალისწინებული იყო შემდეგი განყოფილებები: კავკასიის, ანუ მხარეთმცოდნეობის; ყოფილი საბჭოთა კავშირის ფაუნის, ეგზოტიკური, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და სხვა. ზოოპარკის გენერალური გეგმის შედგენაზე ერთობლივად მუშაობდნენ პროფესორი მანტეიფელი; მოსკოვის ზოოპარკის სამეცნიერო-კვლევითი ნაწილის ხელმძღვანელი, ლენინგრადის ზოოპარკის არქიტექტორი სტეპანოვი და ქართველი მეცნიერები: ჩხიკვიშვილი, ჯანაშვილი და როსტომბეკოვი. ცხოველთა არსებობის ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით, ზოოპარკში შეძლებისდაგვარად იქმნებოდა ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები. წლების განმავლობაში თბილისის ზოოპარკი ქალაქელების საყვარელ დასასვენებელ ადგილად ითვლებოდა, სადაც იდეალური პირობები იყო ბავშვების  გასასეირნებლად. დამოუკიდებლობის პირველ წლებში, განსაკუთრებით კი თბილისის სამოქალაქო ომის წლებში, ზოოპარკმა მძიმე პერიოდი გამოიარა, რასაც რამდენიმე ცხოველის სიცოცხლე შეეწირა. ამჟამად ზოოპარკის ქალაქგარეთ გადატანის პროექტზე მიდის მუშაობა, რადგან, ახალი გზებისა და ესტაკადების გამო, ზოოპარკის ტერიტორია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად დაბინძურებულ ადგილად იქცა. 

 

გმირთა მოედანი

სახელწოდება „გმირთა მოედანი” საბჭოთა კავშირის პირველი გმირების – გემ „ჩელუსკინის” ეკიპაჟის გადამრჩენი მფრინავების პატივსაცემად ეწოდა 1934 წელს. ახალი მოედნის გაჩენა თბილისის საგრძნობმა გაფართოებამ განაპირობა, რაც 1922 წელს დაიწყო, ხოლო ზოოპარკის გაშენებამ მოედანს საზოგადოებრივი მნიშვნელობა შესძინა. 1935 წელს გაიჭრა გზა ახლანდელი თამარ მეფის გამზირის მიმართულებით; იმავე პერიოდში დაიწყო ვარაზისხევის ამოვსება, რამაც მაგისტრალით დააკავშირა ერთმანეთს ვაკისა და დიდუბის რაიონები. 1939 წელს გმირთა მოედანზე აშენდა იმ დროის თბილისის ყველაზე მაღალი შენობა – 11-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის არქიტექტორი კალაშნიკოვი გახლდათ. 11-სართულიანის მშენებლობის პარალელურად აშენდა პირველი 100-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. 1940 წელს კი, 11-სართულიანის მოპირდაპირე მხარეს, ბორცვზე  აშენდა თბილისის ცირკის შენობა, რომლის არქიტექტორები იყვნენ: ნეპრინცევი, სატუნცი და ურუშაძე. გმირთა მოედანს მის რეკონსტრუქციამდე, ამშვენებდა ერევანსკის მოედანზე (ამჟამინდელი თავისუფლების მოედანი) მდგარი თამამშევის ქარვასლის შესასვლელებთან დადგმული გრიფონები, რომლებიც, როგორც ჩანს, ქარვასლის დანგრევის შემდეგ გმირთა მოედანზე გადაუტანია ლავრენტი ბერიას. მდინარე ვერეზე პატარა ხიდი იყო გადებული, რომელიც ამჟამად ესტაკადების კონსტრუქციებშია ჩამალული, ორი გრიფონი კი ვარაზისხევის კუთხეში იდგა. ისინი ამჟამად თავის ისტორიულ ადგილზე, თავისუფლების მოედანზე, ძველი მერიის შენობის წინ დადგეს. არსებობდა ამ ორი გრიფონის იდენტური კიდევ ორი გრიფონი, თუმცა ისინი ქარვასლის დანგრევის შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდა.   1970-იან წლებში აუცილებელი გახდა მოედნის გაფართოება, რამაც მისი სრული რეკონსტრუქცია გამოიწვია. გმირთა მოედანი ორნახევარჯერ გაფართოვდა და მოეწყო მიწისქვეშა გვირაბი, თუმცა, რეკონსტრუქციის შედეგად მოედანმა დაკარგა საფეხმავლო ფუნქცია, იმის მიუხედავად, რომ მოედანი, წესით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია (ცირკი, ზოოპარკი, მრავალბინიანი კომპლექსი და სხვა). 2006-2012 წლებში განხორციელებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა მთლიანად შეცვალა მოედნის იერი, აშენებულმა ესტაკადებმა და ახალმა გზებმა კი მას სრულიად ახალი ფუნქცია შესძინა.

скачать dle 11.3