კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ბედნიერება ყველა ასაკში შეიძლება

ძვირფასო „თბილისელებო“!

ჩემს ცხოვრებაში მეორედ ვწერ წერილს რედაქციაში. პირველი წერილიც თქვენ მოგწერეთ. ალბათ, გახსოვართ – მე ის „ბეკინა“ ვარ, შვილები ცოლის შერთვის უფლებას რომ არ მაძლევდნენ და მაშინ სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა ჩემი გულისტკივილი. მაგრამ, ვერ წარმოიდგენთ, ახლა რა ბედნიერი ვარ. ეტყობა, მაშინ კარგ ხელზე გამომიგზავნეთ ის წერილი. რადგან ჩემი ბედის შემობრუნებაში თქვენც მიგიძღვით წილი (თუნდაც ირიბად), ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი სიხარულიც გაგიზიაროთ.

საქმე ისაა, რომ, როცა ის წერილი მივიტანე ფოსტაში და სახლში ვბრუნდებოდი, გზაში რაღაცაზე ამისრიალდა ფეხი, ცუდად დავეცი და ხელი მოვიტეხე. საბედნიეროდ, საავადმყოფოში დიდხანს დაწოლა არ დამჭირდა, მაგრამ სანამ იქ ვიყავი, გავიცანი ერთი უსათნოესი ქალბატონი – ჩემი პალატის ექთანი, რომელიც მთელი იმ რამდენიმე დღის განმავლობაში თან მყვებოდა, მერე კი სახლშიც მაკითხავდა, რომ ხელის მდგომარეობა გაეკონტროლებინა. მოკლედ რომ გითხრათ, ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა. რაც ყველაზე მთავარია, ჩემს შვილებსაც ისე მოეწონათ ნათელა, რომ დაქორწინების ნება დაგვრთეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა (ოცკაციანი) ქორწილიც კი გადაგვიხადეს. ახლა მე ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან, გარდა იმისა, რომ გვერდით მყავს უსაყვარლესი ცოლი, მასა და ჩემს შვილებსაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.

ამ ასაკშიც თუ შეიძლებოდა, ასეთი სიხარული ღირსებოდა ადამიანს, ვერ წარმოვიდგენდი.

თქვენი „ბეკინა“, 72 წლის.

 

ქმარს აღარ ვენდობი

არაერთხელ გამიგია სხვადასხვა ასაკის ქალებისგან – დღეს დედამიწაზე ერთი მამაკაციც კი არ დადის ისეთი, ცოლისთვის არ ეღალატოსო; თვით ყველაზე წესიერ, ერთგულ და მზრუნველ ქმარსაც კი, ჩუმად თუ აშკარად, თვალი სხვა ქალებისკენ გაურბისო. ანუ, ერთგული ქმრის ცნებას საერთოდ გამორიცხავდნენ. სხვათა შორის, არც გათხოვებამდე და არც გათხოვების შემდეგ არ ვიზიარებდი ამ აზრს, რადგან, გათხოვებამდე, როგორც ყველა გოგონა, მეც რომანტიკოსი ვიყავი და ცისფერი და ვარდისფერი სათვალეებით ვუყურებდი ცხოვრებას; გათხოვების შემდეგ კი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დავფრინავდი, ისეთი ქმარი შემხვდა და შესაბამისად, არც ახალგაზრდობის დროინდელი ცისფერი და ვარდისფერი შეცვლილა სხვა ფერებით. ისეთი ქმარი მყავდა, ყველა გოგოს რომ შურდა ჩემი. ჯერ, სანამ დავქორწინდებოდით, მართლა რომეოსა და ჯულიეტასავით გვიყვარდა ერთმანეთი. სულ იმას ცდილობდა, რამე ესიამოვნებინა ჩემთვის, გავეხარებინე. ისე მექცეოდა, ნამდვილი პრინცესა მეგონა თავი. ჩემს მეგობრებსაც თან ჰყვებოდა. ერთი სიტყვით, ყველა გოგო რომ იოცნებებდა, ისეთი კავალერი იყო. ერთხელ ჩემს დაქალთან ვიყავით მისული გოგოები და, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი, ჩვენი შეყვარებულების ირგვლივ ტრიალებდა. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ოთოსნაირი ჯენტლმენი, მზრუნველი, ერთგული და ასე ყურებამდე შეყვარებული ბიჭი არასდროს უნახავთ. მაგრამ, ერთ-ერთმა მათგანმა რაღაც ორაზროვნად გამოაცხადა ახლა კი იქცევა ისე, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება, მაგრამ, მთავარია, ქმარი როგორი იქნება. ხომ იცი ქართველი კაცების ამბავი – ჯერ ტყავიდან ძვრებიან, რომ გოგოს თავი შეაყვარონ, ათასგვარ რომანტიკულ სისულელეებს სჩადიან, რას აღარ აკეთებენ, მაგრამ, როგორც კი იმ გოგოს ცოლად, ანუ, თავის საკუთრებად დაიგულებენ, მერე ეს რომანტიკა სადღაც უკვალოდ ქრება და ერთ დროს საოცნებო ქალი ჩვეულებრივი „მონა-პოვარი“ ხდებაო. ჩემი ოთო ეგეთი არ არის-მეთქი, – მეწყინა. ამას მომავალი გვიჩვენებსო, – მითხრა ჩემმა დაქალმა. სხვები გაჩუმდნენ, მე კი თავი ვეღარ შევიკავე და მივახალე, – ამას იმიტომ ამბობ, რომ ჩემი გშურს-მეთქი, – და იქაურობა აცრემლებულმა დავტოვე. სხვათა შორის, ერთხელ დეიდაჩემმაც დაახლოებით იგივე მითხრა: ახლა ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ, მთავარია, როგორი ქმარი იქნებაო.

დაქორწინებიდან პირველი ოთხი წელიწადი მართლაც უბედნიერესი ქალი ვიყავი – ოთო ისევ ისე მევლებოდა თავს, როგორც შეყვარებულობის პერიოდში. გარდა ამისა, მე და ბავშვს რომ არაფერი მოგვკლებოდა, მეორე სამსახურიც იშოვა და ღამეებს ათენებდა მუშაობაში. ხშირად მომხდარა ისე, რომ ღამით სამსახურში რჩებოდა და დილით დაღლილ-დაქანცული ბრუნდებოდა. ძალიან მეცოდებოდა და ვეხვეწებოდი, ერთ-ერთ სამსახურს თავი დაანებე, რაც გვექნება, იმას ვიმყოფინებთ-მეთქი, მაგრამ, ამბობდა, ვერ ავიტან, ჩემს ცოლ-შვილს რამე რომ აკლდეთო. ასეთი დატვირთვის მიუხედავად, ყოველთვის ახერხებდა, თვეში ერთხელ ან ორჯერ ან რესტორანში წავეყვანე, ან კონცერტზე, ან თავის მეგობრებთან წვეულებაზე.

ერთხელ ძალიან ცნობილი ჯაზმენი ჩამოვიდა თბილისში და მითხრა, ბილეთებს შემპირდნენ და კონცერტზე წავიდეთო – იცოდა, რომ ჯაზზე ვგიჟდებოდი. იმ დღისთვის სპეციალურად მოვემზადე, მაგრამ, კონცერტამდე ორი-სამი საათით ადრე დამირეკა და ბოდიში მომიხადა – ბილეთებიც არ მომიტანეს და, თან, ისეთი საქმე გამომიჩნდა სამსახურში, მაინც ვერ წამოვიდოდიო. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ, რა უნდა მექნა. არადა, ბავშვი წინასწარ წავიყვანე დედაჩემთან. ოთოს დარეკვიდან დაახლოებით ერთ საათში ჩემმა დაქალმა, ეკამ დამირეკა და მითხრა, ჩემმა ძმამ კონცერტის ორი ბილეთი მომიტანა, ჩემი შეყვარებული თბილისში არ არის და შენ ხომ არ წამოხვალო. კინაღამ გადავირიე სიხარულით. მაშინვე დავურეკე ოთოს, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ვიფიქრე, ცოტა მოგვიანებით დავურეკავ-მეთქი და ეკასთან შესახვედრად წავედი. დარბაზში რომ შევედი, იქაურობა უკვე სავსე იყო ხალხით და ჩვენი ადგილების ძებნა დავიწყეთ. მაგრამ, უცებ ეკას გაყინული და დაბნეული სახე შევნიშნე. მის მზერას თვალი გავაყოლე და დავინახე, ოთო ვიღაც ახალგაზრდა ქალთან იჯდა და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა, ის კი, ძალიან ნასიამოვნები, კეკლუცად იცინოდა და შუბლით ლოყაზე ეყრდნობოდა. კომენტარიც კი აღარ იყო საჭირო, იმდენად აშკარად იგრძნობოდა მათი ახლო ურთიერთობა. ვერ მოვითმინე, მათთან ახლოს მივედი, ოთოს ხელი დავუქნიე და დავუძახე, ბილეთი უშენოდაც ვიშოვე-მეთქი. საწყალი, ისე დაიბნა, აღარ იცოდა, რა ექნა ან რა ეთქვა. მე კი ბოლომდე არ დავინდე და ღიმილით ვუთხარი (ცხადია, სხვებმაც გაიგონეს): ნუ დაიბენი, მიპატიებია. ეგ ის ბოზია, ამას წინათ რომ მიყვებოდი-მეთქი? ხომ წარმოგიდგენიათ ან ერთს რა დაემართებოდა და ან მეორეს. სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა, მე კი ჩემს ადგილას დავჯექი და ბოლომდე ვუყურე კონცერტს. ეკა გაოგნებული მიყურებდა – შენ თუ ასე მოიქცეოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდიო.

მერე გავარკვიე, რომ თურმე, ოთო წელიწადზე მეტი იყო, რაც იმ ქალს ხვდებოდა. მე კი ჩემი ჯენტლმენი და რომანტიკოსი ქმარი ლამის ერთადერთ ერთგულ მამაკაცად მიმაჩნდა.

ახლა ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. მართალია, ჯერ ოფიციალურად არ გავყრილვართ, მაგრამ განცხადება უკვე შეტანილი მაქვს. თვითონ ძალიან მეხვეწება, შევრიგდეთო, მაგრამ მის მიმართ არანაირი გრძნობა აღარ მაქვს, თანაც, აღარ ვენდობი და როგორ ვიცხოვრო ასეთ კაცთან?!

თათია, 35 წლის.

 

скачать dle 11.3