კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რომელ კონკრეტულ საკითხებზე უნდა გაამახვილოს სასამართლომ ყურადღება სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროს?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი გამოიყენება ამ კონკრეტულ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა ზოგადად სარჩელი. 

კითხვა:  მაინტერესებს, რა შემთხვევაში გამოაქვს სასამართლოს სამოქალაქო საქმეზე  ნაწილობრივი გადაწყვეტილება და რას ნიშნავს, ზოგადად, სასამართლოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით, გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ. ნაწილობრივი გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის თხოვნით, სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს იმ შემთხვევაშიც, როცა აღიძრა შეგებებული სარჩელი, გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ-ერთი სარჩელი ან შეგებებული სარჩელი.  

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს შუალედური გადაწყვეტილება და რა შემთხვევაში გამოაქვს სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს წინასწარი, ანუ შუალედური გადაწყვეტილება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ წინასწარი, ანუ შუალედური გადაწყვეტილება, სასამართლოს გამოაქვს, თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა, ოდენობა. ამ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ. ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს აპელაციის წესით და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მას ექნება პრეიუდიციული ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს.   

კითხვა:  მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, სამოქალაქო საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილებით, მხარეს  მიაკუთვნოს  იმაზე მეტი, რასაც ის სარჩელში ითხოვდა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები. შესაბამისად სასამართლოს უფლება არ აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როდის შედის ძალაში სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება და რა იურიდიული შედეგები მოჰყვება გადაწყვეტილების ძალაში შესვლას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.  ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ კანონიერ ძალაში მისი შესვლის შემდეგ.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, როდის შედის კანონიერ ძალაში სამოქალაქო საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება  კანონიერ ძალაში შედის: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ ის არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ასევე, მაშინ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როდის შედის კანონიერ ძალაში სამოქალაქო საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და როდის – საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება, თუ ის არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ გასაჩივრებული იყო  – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების, განჩინების  გამოცხადების შემდეგ, მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორია სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარების კანონით დადგენილი წესი და რა ვადებში უნდა   უზრუნველყოს სასამართლომ  გამოტანილი გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, მისი წარმომადგენელი ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ გადაწყდება საკითხი, თუ ერთ მხარეს რამდენიმე მოპასუხეა და სასამართლომ თითოეულს ერთობლივად დააკისრა გარკვეული ვალდებულების შესრულება, ან პირიქით?

პასუხი: გაცნობებთ, რომ შესაძლებელია, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანოს რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ, ან  რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ. კერძოდ, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ რა წილი ეკუთვნის თითოეულ მათგანს, ან აღნიშნოს, რომ გადახდევინების უფლება სოლიდარულია. იმ შემთხვევაში კი, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ თითოეულმა მოპასუხემ გადაწყვეტილების რა წილი შეასრულოს, ან აღნიშნოს, რომ მათი პასუხისმგებლობაც სოლიდარულია.  

скачать dle 11.3