კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

რა ეტაპი ამოიწურა გაგა ჩიხლაძის ცხოვრებაში, რა ისწავლა მან დროთა განმავლობაში და რატომ აღარ აქვს ცანცარობის დრო

ჯგუფი „ფრანი” საქართველოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხალხის სიმპათია მათ თავიანთი განსხვავებული სტილითა და ცოცხალი შესრულებით დაიმსახურეს. ჩვენი დღევანდელი სტუმარია „ფრანის” ერთ-ერთი წევრი – გაგა ჩიხლაძე, რომლის ცხოვრებაში საკმაოდ საინტერესო სიახლეებია. 

– როგორ ხარ, რა ხდება შენკენ ახალი და კარგი?

– ჩემკენ მშვიდობაა, ძველებურად ვარ. შემოქმედებითად საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ, ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს, ვწერთ ახალ სიმღერებს. სამომავლოდ ძალიან კარგი გეგმები გვაქვს. რამდენიმე წელია, ალბომზე ვმუშაობთ, იმედია მალე დავამთავრებთ და მსმენელიც მოისმენს. აქტიურ რეჟიმში ვართ, ოღონდ, სტუდიაში და არა გარეთ, კონცერტებით. სეზონიც არ იყო შესაბამისი – ახალი წლის მერე „მკვდარი” სეზონია. საახალწლოდ გვქონდა რამდენიმე კონცერტი, 8 მარტსაც ჩავატარეთ, პატარ-პატარა საღამოებს ვატარებთ ხოლმე. „ნაით-ოფისში” ჩავატარეთ „ფრანის“ 7 წლის იუბილე.

– პრესაში ნაკლებად ჩანხარ ამ ბოლო დროს, ადრე უფრო იყავი ყურადღების ეპიცენტრში. რისი ბრალია?

– ალბათ რაღაც ეტაპი ამოიწურა, ან, შეიძლება, ამის განწყობა აღარ მაქვს. ტელევიზიებშიც ნაკლებად დავდივარ. ჩემში, შეიძლება, ხდებოდეს რაღაც ახალი, მაგრამ, იქ არაფერი ახალი არ მხვდება. ადრე ბავშვები ვიყავით და გვიხაროდა, სადაც მიგვიწვევდნენ, ყველგან ვმღეროდით, ახლა გავიზარდეთ, დრო შეიცვალა. სხვა განწყობა გვაქვს, დავდინჯდით, დავღვინდით (იცინის).

– უცხოეთში ტურნეებს ხომ არ გეგმავთ?

– სურვილი გვაქვს, რაღაც-რაღაც შემოთავაზებებიც არის. ალბათ, დავთანხმდებით. ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ამჟამად ახალ დუეტებზე ვმუშაობთ. პირადად მე ლაშა ნოზაძესთან ერთად ჩავწერე დუეტი. ჯერ არც გახმაურებულა ეს სიმღერა, რადიოებში არ დატრიალებულა. ლაშას ბავშვის ნათლია ვარ და ჩვენი ოჯახური, ძმაკაცური, საერთო სიმღერა ჩაიწერა.

– სანამ დიდ, მასშტაბურ კონცერტს გამართავთ, მანამდე სად შეუძლია მსმენელს „ფრანის“ მოსმენა?

– ახალი ბარი გაიხსნა – „აურა“, ჩემმა მეგობარმა გახსნა. კვირაობით საღამოებს იქ ვაწყობ ხოლმე, კარაოკე მიმყავს. თეატრიდანაც მივიღე შემოთავაზება – მე პროფესიით მსახიობი ვარ და ნელ-ნელა ჩემს ძველ საქმიანობასაც ვუბრუნდები. ადრე აქტიურად ვიყავი დაკავებული სპექტაკლებში, თეატრს დიდ დროს ვუთმობდი, მაგრამ, მას შემდეგ, რაც „ფრანი“ ოდნავ წინ წამოიწია, უკვე დრო აღარ მქონდა. ოჯახი, თეატრი, მუსიკა – ეს ყველაფერი ვეღარ შევაწყვე ერთმანეთთან. რაღაცნაირად „ფრანმა“ უფრო გადამიბირა. ძალიან ბევრი სამუშაო იყო. ახლაც ძალიან ბევრი საქმეა, მაგრამ, ცოტა გავიზარდეთ და დროის განაწილება ვისწავლეთ. ადრე საქმის კეთებისთვის ოთხი საათი თუ გვჭირდებოდა, ახლა გვჭირდება ორი საათი. შემოქმედებითადაც გავიზარდეთ და ასაკითაც. ცოტა მეტი გვესმის, ვიდრე მანამდე. შეიძლება ითქვას, სურვილი გაჩნდა თეატრალური ხედვების, იმიტომ, რომ მაგარი შემოქმედებაა. სულ ვფიქრობ, რომ, რაც თეატრს მოვწყდი, შემოქმედებითი აზროვნება სხვაგან წავიდა. თუმცა, ჯერჯერობით ბოლომდე ვერ დავლაგდი, ბევრს ვფიქრობ. თუ ჯგუფს საქართველოდან წასვლა მოგვიწია, მაშინ აზრი არ აქვს აქ რამის დაწყებას, ამიტომ ჯერ ფიქრის პროცესში ვარ, გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. ცანცარობის დრო აღარ არის.

– შენ რომელი გირჩევნია, კარიერის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგრძელება თუ აქ დარჩენა?

– კარიერას სხვაგან არც გავაგრძელებ, შეიძლება, რაღაც პერიოდით წავიდე სხვაგან, მაგრამ, შემდეგ ისევ აქ დავბრუნდები. შემოსავალი – სხვაგან, შემოქმედება – აქ. მე ისეთი ქართველი ვარ, ვერ წარმომიდგენია სხვაგან გადახვეწა და ყველაფრის მიტოვება. ძირითადად ოჯახზე ვარ გადართული და ჩემი წასვლა ცოტა რთული ამბავია.

– ოჯახსა და შემოქმედებას შორის დროს როგორ ანაწილებ, რომელს უფრო მეტ დროს უთმობ?

– ჩემს საქმეს უფრო მეტ დროს ვუთმობ, ამაში ოჯახი ძალიან მეხმარება და ხელს მიწყობს. ყველანაირად მიქმნიან ხელოვანი ადამიანის გარემოს. ეს ყველაფერი თავისთავად თუ არ დაბალანსდა, არც საქმე გამოვა და ვერც ოჯახი ივარგებს. ოჯახს ცოტა კი ვაკლივარ თვალში, მაგრამ, საქმე კეთდება, რაც მთავარია (იცინის). მთავარია, კაი კაცები ვიყოთ და ყველაფერი დალაგდება.

– წინასწარ თუ გეგმავ, როდის რას გააკეთებ? 

– არასდროს არ ვგეგმავ წინასწარ. შეიძლება, ნახევარი საათით ადრე გამახსენდეს, რომ სადღაც ვარ წასასვლელი. სპონტანურად ხდება ხოლმე ყველაფერი, გეგმა არასდროს მქონია ცხოვრებაში. ერთადერთი გეგმა, რაც ვიცი, ეს არის რეპეტიცია – წინა დღეს ვნიშნავთ ხოლმე და, ვიცით, რომ უნდა შევხვდეთ და დავუკრათ.

– რეპეტიცია ყველაზე კარგი საშუალებაა განწყობის ასამაღლებლად?

– ნამდვილად. თუმცა, როდესაც ცუდი განწყობა მაქვს, ძირითადად ჩუმად ვარ. ახლა ცუდ განწყობაზე არ ვარ, მარხვის პერიოდია და ყველა ძალიან მშვიდად ვართ. ზოგადად, განწყობის ადამიანი ვარ – შეიძლება, უდიდესი რაღაც მოვითმინო და, შეეძლება, ძალიან ელემენტარული ვერ მოვითმინო. ამ პერიოდში მაქსიმალური სიმშვიდე მაქვს, კარგი დროა, გაზაფხული მიყვარს ძალიან. ამდენი წლის შემდეგ, მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ გაზაფხული ყოფილა ყველაზე მაგარი. დაბადების დღეც აპრილში მაქვს. სიმღერაც კი დავწერე გაზაფხულზე – „მარტი მოვიდა” ჰქვია. ოღონდ, მარტი არ მიყვარს, აპრილი მიყვარს (იცინის).

– პირად ცხოვრებაში ძალიან კარგი სიახლე გაქვს – მალე მეორე შვილის მამა გახდები.

– დაახლოებით აგვისტოს დასაწყისში ველოდებით მეორე შვილს. სქესიც ვიცით უკვე – გოგოა. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი შეგრძნებაა, მით უმეტეს, პირველი ბიჭის შემდეგ მეორე გოგო გვეყოლება და ძალიან მიხარია. სახლში საახალოჯახწევრო სამზადისია (იცინის). აქამდე თუ ვფიქრობდი ერთზე, ორზე ან მეტ ადამიანზე, ახლა კიდევ ერთით მეტზე უნდა ვიფიქრო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს და დიდი სიხარულით ველოდები აგვისტოს მოსვლას.

– სახელი ხომ არ გაქვს შერჩეული?

– არა, სახელი ჯერ არ შეგვირჩევია, მაგრამ, სიმღერა უკვე დავწერე და მივუძღვენი. სიმღერას ჰქვია „მე მინდა, რომ”. თომასთვისაც მაქვს მიძღვნილი სიმღერა.

– ბოლოს, შენი სამომავლო გეგმების შესახებაც მოგვიყევი.

– სამომავლოდ წინასწარ არ ვიცი, რა როგორ იქნება, ამ თვეში კი აუცილებლად გვექნება კონცერტი. მაისშიც და ივნისშიც დაგეგმილია კონცერტები. თუ ჩემი საზღვარგარეთული შემოთავაზებები ამ კონცერტებს დაემთხვევა, შეიძლება, უარი ვუთხრა. თუ აქ მაქვს დანიშნული კონცერტი და შეთანხმებული ვარ, რატომ უნდა დავარღვიო? შეიძლება, შეპირებულზე ნაკლებიც გადაგიხადონ, მაგრამ, ჯერ არის კაცი და სიტყვა, მერე კი – ყველაფერი დანარჩენი. ეს არის ის გეგმები, რაც შემოთავაზებების შედეგად დაგვესახა. დანარჩენი, რა როგორ იქნება წინასწარ ნამდვილად არ ვიცი.

скачать dle 11.3