კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (50)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

რა უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საქართველოს ოცდამეერთე საუკუნეში: რუსეთის თუ თურქეთის მოკავშირეობა

ორიოდ კვირის წინათ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: „გასული საუკუნე უკვე ის გვერდია, რომელიც ჩვენ გადავფურცლეთ. ახლა ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირებს სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზასა და ბათუმს შორის. ამჯერად ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი გზებით. არავისთან არ ვიომებთ, საზღვრებსაც პატივს ვცემთ. ახლა ამაშია ჩვენი ძალა. დღეს ეს ქვეყნები სრულიად სხვა ქვეყნებია, მაგრამ 110 წლის წინ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენღაზა იყვნენ ერთი ქვეყნის – ოსმალური იმპერიის ნაწილი. ვამბობთ რა ამას, ჩვენ ვიღებთ მათ გამოწვევას, რომლებიც ცეცხლს გაგვიხსნიან, ბრალს დაგვდებენ ნეოოსმანიზმში. მაგრამ თუ ასეა, ისინი, რომლებმაც გააერთიანეს მთელი ევროპა, რატომ არ იწოდებიან ახალ რომაელებად?“ განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, გამაოგნებელია, თუმცა ჯერჯერობით საქართველოს საგარეო უწყებას არაფერი უთქვამს (სავარაუდოდ, არც მის კოლეგებს ვირტუალური ნეოოსმალური იმპერიის საზღვრებში მოქცეული სხვა ქვეყნებიდან). მეორე მხრივ, დანარჩენი მსოფლიოსთვის არანაკლებ გამაოგნებელია ჩრდილოეთ კორეის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბირთვული რაკეტების დამიზნება, რაც თვით ფიდელ კასტრომაც კი დაგმო. თუმცა ბ-ნი კასტროს შეშფოთებაც გასაგებია: კუბა აშშ-ის სიახლოვესაა და ამ უკანასკნელისთვის დამიზნებული რაკეტა მასაც მოხვდება. ყურის ძირსა და ოდნავ მოშორებით განვითარებულ მოვლენებზე აზრს მამუკა არეშიძე გაგვიზიარებს.

– როგორ უნდა გავიგოთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება?
– ჩემთვის ეს აგრესიული განცხადებაა. იმიტომ რომ ქვეყანა, რომელთანაც შენ გაქვს ახლო პარტნიორობა, ასეთი ტიპის განცხადებების უფლებას არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს. მე ვფიქრობ, რომ უკვე დროა, თურქეთთან თავშეკავებული პოლიტიკა ვაწარმოოთ და არ არის საჭირო თურქეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის ასეთი გულში ჩაკვრა და გაუთავებელი ხვევნა-კოცნა. სამწუხაროდ, დავით ოღლუ და ერდოღანი ის ადამიანები არიან, რომლებიც ნეოოსმალურ იდეას ახორციელებენ, რაც გულისხმობს გავლენის სფეროების გავრცელებას ყოფილი ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში. იდეის ავტორია დავით ოღლუ, თურქეთის ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც 2002 წელს მოახდინა ამის დეკლარირება, როდესაც სტამბულის უნივერსიტეტის პროფესორი იყო და ზუსტად იმიტომ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ამ იდეების ქადაგება დაიწყო. თურქეთი ყველანაირი მეთოდით ცდილობს ამ იდეის განხორციელებას და თან, არჩევს სუსტ რგოლს. სუსტი რგოლია სირია და სამხრეთ კავკასია, თორემ იმავეს ის არ იტყვის ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებზე, რომლებიც უფრო დიდხანს იყო მისი კოლონია, ვიდრე საქართველო.
– რატომღაც, არ უხსენებია სომხეთი და აზერბაიჯანი. 
– თურქეთს ყარსის ხელშეკრულებით გარკვეული ეფემერული უფლებები აქვს აჭარაზე.
– როგორც ვიცი, ეს არის ეკონომიკური ბერკეტები, უბრალოდ  თურქეთს არასდროს უსარგებლია ამით.
– ყარსის ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ბათუმი თურქეთის ნაწილია, დიახ, საუბარია ეკონომიკურ გავლენაზე და იმაზე, რომ ხიფათის შემთხვევაში თურქეთს აქვს უფლება, ძალა გამოიყენოს. დავით ოღლუს განცხადება პირველი არ არის. ორი წლის წინათ ერდოღანმაც იგივე თქვა. ცოტა სხვანაირად, მაგრამ მაინც: მან ახსენა თავისი თანამოძმეები ბაქოში, სირიასა და ბათუმიც მიაყოლა. თურქეთის ხელისუფლება მუდმივად უსვამს ხაზს ფაქტს, რომ ბათუმი მათია. სკოლებში ასწავლიან, რომ აჭარა მთლიანად მათია და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2000-იანი წლების შუაში დაუმთავრდა და საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელა. ისეთ რამეს ვიტყვი, რის გამოც შემრისხავს ქართველი საზოგადოება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: რასაკვირველია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს იმ კულტურულ ძეგლებს, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ პარხალი და ოთხთა ეკლესია თურქეთში კაშხლის აშენების შემთხვევაში დაიტბორება. რა უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენთან, საქართველოში, აშენდეს საკულტო ძეგლი მეჩეთი, თუ ეს ორი უმნიშვნელოვანესი ტაძარი გადარჩეს?! მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტი უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა გაითავისოს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი რესტავრაცია, მაგრამ ეს არის თურქეთის ტერიტორია.
– აქვე გავიხსენებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასული საუკუნის 90-იან წლებში თურქეთთან ჩარჩო-ხელშეკრულება გააფორმა, რომლითაც აიღო ვალდებულება, რომ არასდროს განაცხადებდა პრეტენზიას თავის ისტორიულ ტერიტორიებზე.
–  სხვათა შორის, თურქეთმაც დაადასტურა ოფიციალურად, რომ პრეტენზია არ ექნება საქართველოს ტერიტორიაზე. მაშინ, თუ ეს ასეა, თურქეთი ვალდებულია, თავის ტერიტორიაზე მიხედოს კულტურის ძეგლებს, ისევე, როგორც ჩვენ ვართ ვალდებულნი, ჩვენს ტერიტორიაზე მივხედოთ სომხური იქნება, თურქული თუ სხვა კულტურის ძეგლებს. ამდენად, ყოველგვარი ვაჭრობა ამ თემაზე ჩემთვის მიუღებელია. როდესაც თურქეთი გვეუბნება, ოშკს რესტავრაციას ჩავუტარებ,  ოღონდ შენ გაუკეთე რესტავრაცია რაბათის ციხესო, მე ეს მესმის, მაგრამ, როდესაც ამბობს, მეჩეთი უნდა ავაშენო საქართველოს ტერიტორიაზეო, არ მესმის. მეჩეთში არ არის საქმე. 150-ზე მეტი მეჩეთია აშენებული აჭარაში და ქართველმა მუსლიმანებმა, თუ მოინდომებენ, უნდა ააშენონ მეჩეთი იქ, სადაც საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თურქეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება არათუ განცხადებები გააკეთოს, არამედ საერთოდაც ილაპარაკოს ამ თემაზე. თუ შეავიწროეს ქართველი მუსლიმანები, მაშინ შეიძლება, განცხადება გააკეთოს, თორემ როგორ იქნება, რომ თურქეთის რელიგიის სამინისტრო აწყობს ევრაზიის მუსლიმანთა შეკრებას და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად ჰყავს მიწვეული?! თუნდაც, ახლა ბავშვთა ფესტივალი რომ იმართებოდა.
– მაგრამ ხომ ამოიღეს აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა?
– ამოიღეს, მაგრამ ხომ აპირებდნენ მიწვევას?! ჩვენც შეგვიძლია, მოვაწყოთ რამე ღონისძიება და დავპატიჟოთ ქურთთა მუშათა პარტიის ლიდერები, როგორც დამოუკიდებელი ქურთისტანის წარმომადგენლები. 
– ჩვენ ამის ძალა არ გვაქვს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.
– ძალაში კი არ არის საქმე, საქმე თავხედობაშია. ჩაატარა ასეთი ღონისძიება სომხეთმა და დაპატიჟა თურქეთის მუშათა პარტიის წარმომადგენლები, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის წარმომადგენლები. თურქეთი ძალიან ეშმაკურად იქცევა: ის იყენებს თავის უკან მყოფ დასავლურ სამხედრო სიძლიერეს. ამერიკის შეერთებული შტატების მეცადინეობით თურქეთი დღეს ორიენტირებულია, დააბალანსოს  რუსეთი კავკასიაში, მაგრამ ამ დაბალანსების პოლიტიკას იყენებს თავისი ინტერესებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ეს ძალიან აშფოთებს, მაგრამ მიშვებული აქვთ პროცესი და ვეღარ უვლიან. თვითონ მისცეს იმის საშუალება თურქეთს, რომ ხმამაღლა ელაპარაკა რუსეთთან, ამასობაში კი თურქეთი თავის ინტერესებსაც ახორციელებს, რაც არ არის მომგებიანი დასავლეთისთვის. 
– კომიკური ფაქტია: თურქეთს აქვს თავისი ტერიტორიული პრეტენზიები; ვიცით, რომ რუსეთსაც აქვს პრეტენზიები, სულ გვამადლიან, რომ გაგვაერთიანეს; ასევე, ირანიც მოსტირის აღმოსავლეთ საქართველოს, როგორც ირანის ერთ-ერთ პროვინციას. აღარაფერს ვიტყვი ჩვენი მცირეწონიანი მეზობლების პრეტენზიებზე. როგორ გაგვინაწილებენ?
– რასაკვირველია, გაინაწილებენ, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს თავისი იდეოლოგია, სადაც სკოლებში ისტორიას სწორად არ ასწავლიან და რომელმაც ვერ იპოვა თავისი ფუნქცია, ყოველთვის იქნება მეზობლების საჯიჯგნი ობიექტი. როდესაც მსოფლიოში არის ისეთი იდეოლოგიზებული ქვეყანა, როგორიცაა ისრაელი, რომელმაც ყველაფერს გაუძლო სწორედ იმიტომ, რომ აქვს ძალიან მყარად ჩამოყალიბებული იდეოლოგია, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია, იგივე გავაკეთოთ?! თუნდაც, ამას საფუძველი ჩავუყაროთ?! ახსენეთ, რუსეთი გვაყვედრისო. რეალურად რუსეთმა საქართველოს კი არ შემოუერთა აჭარა და სხვა ტერიტორიები, არამედ რუსეთის იმპერიას, მაგრამ ჩვენ ხომ ამან სარგებელი მოგვიტანა. გვყავდა უდიდესი პიროვნება ილია ჭავჭავაძე, რომელმაც თავისი მოძღვრებით მანამდე შექმნა ისეთი ფონი, რომ აჭარაში შეიქმნა აჭარული ინტელიგენციის ფენა, რომელიც ორიენტირებული იყო საქართველოზე და ტერმინი დედა-საქართველო სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა, რის ერთ-ერთი მამამთავარი იყო მემედ აბაშიძე.
– ესეც უნდა გავიხსენო, იმიტომ რომ იდეოლოგიასთანაა კავშირში: რევოლუციის შემდეგ მემედ აბაშიძის ძეგლი ბათუმის ბულვარიდან მოშორებით გადაიტანეს და პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმში გამოსვლისას თქვა, იჯდეს მემედ აბაშიძე მოყუჩებულშიო, დამსწრე საზოგადოებამ კი ტაში დასცხო.
– აი, ამ იდეოლოგიის შექმნა განაპირობა აფხაზი შერვაშიძეების პროქართულმა პოზიციამ. ჩვენმა საზოგადოებამ  კარგად არ იცის, რას ამბობდა მაშინ ილია ჭავჭავაძე, რა ტიპის იდეოლოგია შეუქმნა ქართველებს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. კარგად არ ვიცით, რას აკეთებდა არჩილ ჯორჯაძე, რა ტიპის იდეოლოგიის მქონე იყო იმ დროის ინტელიგენცია. აი, ამაზე ვლაპარაკობ. უნდა დავფიქრდეთ: დღეს თურქეთთან დაპირისპირებაში რა უფრო გვაძლევს ხელს: შუალედური თამაში, რუსეთის გამოყენება და ისევ სარგებლის ნახვა თუ თურქეთის თამაშის გამოყენება და სარგებლის აქედან ნახვა?! ჩვენ ხომ სარგებელზე არ ვართ ორიენტირებულნი?! ჩვენ ორიენტირებულნი ვართ იმაზე, როგორმე სული გავიტანოთ ზეგამდე. საქართველო მაგონებს კაცია მუნჯაძეს, რომელსაც რელსზე სძინავს, მაგრამ არ მოდის ეს მატარებელი.
– თუ ასე გაუღვიძებლად ვიძინეთ, აუცილებლად მოვა. ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რაკეტები მიუშვირა ამერიკის შეერთებულ შტატებს. რამდენად რეალურია ბირთვული დაპირისპირება? თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან სახიფათო ზღვარზე გადის ეს თამაში, რადგან საქმე ბირთვულ იარაღს ეხება.
– რთულია იმის თქმა, რამდენად სახიფათოა, იმიტომ რომ ვერავინ გააკონტროლებს ავტორიტარული რეჟიმის ქმედებას, სადამ ჰუსეინის არ იყოს, რომელმაც ქუვეითზე გაილაშქრა. არ მგონია, ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდეს, რადგან ეს, უპირველესად, ჩრდილოეთ კორეის განადგურებას ნიშნავს, მაგრამ ამას გარკვეული დისკომფორტის შექმნა შეუძლია რეგიონის ქვეყნებისთვის. უპირველესად, ეს არის იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები და, რა თქმა უნდა, ჩინეთი. ჩინეთის ხელისუფლება გაღიზიანებულია ოფიციალური ფხენიანის ასეთი ტიპის აქტივობით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოფიციალური ფხენიანი ამ დისკომფორტს ქმნის იმიტომ, რომ კარგად ივაჭროს.
– რა არის ამ შემთხვევაში სავაჭრო?
– ჩრდილოეთ კორეას სანქციები აქვს დაწესებული. სხვათა შორის, იქ შეზღუდულად შედის კვების ის პროდუქტები, რომელსაც გაერო აგზავნის. ფხენიანის ხელისუფლებას ასეთი ფორმულა აქვს: ბევრ ფულს ვხარჯავ შეიარაღებაზე და ამიტომ მსოფლიომ უნდა მაჭამოს და პლუს –  თავი დამანებოს. აქ ძალიან საინტერესოა რუსეთის ფაქტორი. მე თუ მკითხავთ, რუსეთმა და ჩინეთმა ჯინი გამოუშვეს ბოთლიდან. ამდენი ხნის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის სახით ამ ორმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ისეთი მონსტრი, რომელიც უკვე თვითონ აღარ მოსწონთ, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ. აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც, ვფიქრობ, დააინტერესებს ჩვენს მკითხველს: მე მგონია, რომ ჩრდილოეთ კორეა მაინც გრძნობს მოსკოვის ზურგს. გარკვეული წაქეზება მოსკოვის მხრიდან არის და ამიტომაც ბაქიბუქობს ასე ოფიციალური ფხენიანი. ეს მაგონებს იმას, რაც ჩვენთან 2008 წელს მოხდა, როდესაც ზოგიერთი ამერიკული ორგანიზაციის მხარე აქეზებდა საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
– ჩვენ ვნახეთ, როგორც ჩაერია 2008 წლის ომში ამერიკის შეერთებული შტატები. ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეაზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ იაქტიურებს?
– სამხრეთ კორეაზე თავდასხმის შემთხვევაში გარდაუვალია ამ კონფლიქტში ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევა და, ასევე, აუცილებლად ჩაერთვება იაპონიაც. გააჩნია, იმ წუთას როგორი სიტუაცია შეიქმნება. თუ ჩრდილოეთ კორეამ გამოიყენა ბირთვული მუხტი, მაშინ არც ჩინეთი და არც რუსეთი მხარს არ დაუჭერს მას და მეტსაც გეტყვით, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი აუცილებლად იქნება ოფიციალური ფხენიანის წინააღმდეგი. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, სირიაში მიმდინარე პროცესები გარდამტეხია: რუსეთი, ერთი მხრივ, ცდილობს შეაკავოს დასავლეთის აგრესია თავისი უახლოესი მოკავშირე სირიის წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, ცდილობს, სამხრეთ კორეაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ჩრდილოეთ კორეის მეშვეობით შეუქმნას ისეთი პრობლემები, რომ მათ სირიაში ომის გაჩაღების თავი არ ჰქონდეთ. ანუ სირიაში შეკავებისთვის უქმნის რუსეთი პრობლემას ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეით. მიდის ბრძოლა, ერით მხრივ, შორეული აღმოსავლეთისთვის და, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთისთვის.

скачать dle 11.3