კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რჩევებს აძლევს დათო ტურაშვილს თავისი ნაბოლარა ქალიშვილი

 „თბილისელებთან” შეხვედრის, მიღების, გადაღებისა და ინტერვიუს ჩაწერის დროს, დიდი, სერიოზული და გამოცდილი რესპონდენტივით იქცეოდა დათო ტურაშვილის ლამაზი და ჭკვიანი ქალიშვილი – სოფიო. მან თავისი უშუალობით, ლოგიკური მსჯელობითა და სიდინჯით გაგვაოცა. ინტერვიუდან დადებითი ემოციებით დამუხტულები დავბრუნდით.

სოფიო ტურაშვილი: მე ვარ სოფიო ტურაშვილი, 9 წლის. ვსწავლობ ქართული სასწავლებლის მესამე კლასში. სკოლის საგნებიდან ყველაზე ძალიან ქართული ენა მიყვარს. საერთოდ, კითხვა მიყვარს. სკოლის გარდა, დავდივარ ხატვაზე და ცეკვაზე. ხატვა უფრო მომწონს, იქ ვერთობი; ცეკვაზე ცოტა ვიღლები. მუსიკაზე მინდა, შემიყვანონ... ვნახოთ, თუ შემიყვანენ.

– მეცადინეობა გიყვარს?

– არ მიყვარს... არავის არ უყვარს მეცადინეობა. მეცადინეობის დროს თუ გამიჭირდება რამე, დედიკო მეხმარება, თუ არ სცალია, მაშინ – მამიკო. საერთოდ, მარტო ვმეცადინეობ. გარეგნობით, მეუბნებიან, მამიკოს გავხარო. მხიარული ბავშვი ვარ, მაგრამ, ხანდახან ისეთ ცუდ ხასიათზე ვდგები ხოლმე...

– რამ შეიძლება გაგიფუჭოს ხასიათი?

– ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა საჭმელს ძალით მაჭმევენ ხოლმე. ტრადიციული საჭმელები არ მიყვარს, „მაკდონალდსი“ მიყვარს, პიცა...

– მოდი, რაც გიყვარს იმაზე ვისაუბროთ. ამჟამად რას კითხულობ?

– პატარა რომ ვიყავი, მამა მიკითხვდა რაღაცეებს. ყველაზე მეტად „დონ კიხოტი” მიყვარდა. ახლა თვითონ ვკითხულობ. სწავლის პერიოდში პატარა წიგნებს ვკითხულობ, არდადეგების დროს – უფრო მოზრდილს. ბიოგრაფიების კითხვა მიყვარს. 

– ვისი ბიოგრაფია დაგამახსოვრდა?

– ფიროსმანის. საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. სიღარიბეში ცხოვრობდა, დუქნებში ხატავდა და ძალიან გვიან აღმოაჩინეს. ფიროსმანის ნახატების გამოფენაზეც ვიყავი, განსაკუთრებით მომეწონა „გოგონა ბუშტით”, „მარგარიტა”.

ფიროსმანის გარდა, გავეცანი ლეონარდო და ვინჩის, ვაჟა-ფშაველას, გალილეო გალილეისა და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიებს. ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა ის, რომ ექვთიმე თაყაიშვილი, როდესაც მაღალი კლასის მოსწავლე იყო, დაბალკლასელები ჰყავდა და იმათ ასწავლიდა; კიდევ, ჩამოაყალიბა უნივერსიტეტი. „ბითლებზეც” წავიკითხე, მათი სიმღერებიც მომისმენია.

– მამიკოს წიგნებს კითხულობ თუ ის მხოლოდ დიდებისთვის წერს?

– ჯერ არაფერი წამიკითხავს. ვეუბნები ხოლმე, რომ ბავშვებისთვისაც დაწეროს რამე. ერთხელ დაწერა, ჟურნალში იყო რუბრიკა – „საბავშვო დრო“ და იქ იბეჭდებოდა – მამას ნაწერები.

– მამაზე მომიყევი რამე.

– რა ვიცი, რა მოგიყვეთ... კარგი კაცია, რასაც ვთხოვ, ყველაფერს ყიდულობს ჩემთვის, გარდა ცუდი საჭმელებისა.

– ცუდი საჭმელები რომელია?

– ჩიპსები, მარილიანი ორცხობილები... ხანდახან მამას ზოოპარკში დავყავარ ხოლმე, ხანდახან – კუს ტბაზე,  ოღონდ, ზაფხულში. სადაც მომინდება, იქ დავყავარ. მამიკო ჩემი მეგობარია. თუ რამეს შემპირდება, აუცილებლად მისრულებს, დედაც და მამაც. ტელევიზორში ხშირად ვნახულობ მამას. ხანდახან მასწავლებლებიც მეუბნებიან ხოლმე – მამაშენი ვნახეთ ტელევიზორში და კარგად ლაპარაკობდაო... კარგ რაღაცეებს მეუბნებიან მამაზე.

მამაჩემს რჩევებს ვაძლევ ხანდახან – როცა მეკითხება, შენ რას მირჩევო. მაგალითად: რომელი წიგნი წავიღო გადაცემაში, შენ რომელი წიგნი მოგწონსო, რომელი წიგნი მოგიტანოო.

– რის გამო გიბრაზდება მამიკო?

– საჭმელს თუ არ შევჭამ. მეტი არაფერზე არ ბრაზდება ჯერჯერობით.

– მე ვიცი, რომ მამიკოსთან ერთად გიმოგზაურია კიდეც. მართალია?

– დიახ, ზაფხულში ეგვიპტეში ვიყავით. ბევრი ძველი ტაძარი დავათვალიერეთ, იეროგლიფები ვნახეთ. გემით ვისეირნეთ ნილოსზე და იქიდან ნიანგი დავინახე. ჩვენი გემი სხვადასხვა ადგილებში ჩერდებოდა. ერთგან გადავედით და დავათვალიერეთ ნიანგების მუზეუმი. იქ ნიანგების მუმიები ვნახეთ. საინტერესო იყო, მაგრამ, სურათები არ გადაგვაღებინეს – არ შეიძლებაო.

ეგვიპტეში ნიკა წულუკიძე გავიცანი და ერთად ვითევზავეთ. მე ვერაფერი დავიჭირე, ნიკამ კი ძალიან ლამაზი თევზები დაიჭირა. კიდევ, „დაივინგზე” ვიყავით, იახტით წავედით. შემდეგ იახტა წითელ ზღვაში გაჩერდა და ჩვენ ჩავყვინთეთ. წყლის ქვეშ ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. ვნახეთ მარჯნები, ფერად-ფერადი თევზები... 

– ოცნებობ რამეზე?

– ვოცნებობ, რომ პარიზში წავიდე – ეიფელის კოშკი მინდა ვნახო, პარიზის ქუჩები მაინტერესებს როგორია; კიდევ, „დისნეი-ლენდში“ მინდა მოხვედრა; კიდევ, ძმა მინდა პატარა...

– სახელიც ხომ არ გაქვს მისთვის მოფიქრებული?

– იოანე და ნიკა მომწონს.

– ლამაზი გოგო ხარ, ასე მგონია, რომელიღაც ფილმში მყავხარ ნანახი...

– ფილმის გადაღებაზე ვყოფილვარ – ზაფხულში. ფილმი „სიყვარული აქცენტით” ჩემი მამიკოს სცენარით გადაიღეს და მე მასში ბოლო ეპიზოდში ვჩანვარ, ოღონდ, მაშინ გრძელი თმა მქონდა.

– ალბათ, იმიტომ ვერ გიცანი თავიდან. მოგეწონა? საინტერესო პროცესი ყოფილა ფილმის გადაღება?

– საინტერესო იყო. ნახევარი ჯგუფი რუსები იყვნენ – ნახევარი ქართველები. რუსული კარგად არ მესმის და უფრო ქართველებთან ვკონტაქტობდი. მე და რეზიკო (გიგინეიშვილი) ხშირად დავდიოდით ერთად. მიშა მესხი და თინა დალაქიშვილი გავიცანი. მიშა ბაყაყის ხმაზე ლაპარაკობდა და ძალიან მაცინებდა. გადაღების პროცესი ძალიან მომეწონა. კიდევ თუ გადამიღებენ, კარგი იქნება. არ მეგონა, ფილმის გადაღებას ამდენი რამ თუ სჭირდება. ერთსა და იმავეს იმდენ ხანს წერდნენ, რა ვიცი... მე ვუყურებდი და მომწონდა. 

– ფილმში მე ვინ გადამიღებს, მაგრამ ის მაინც მასწავლე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გადაღებას დაგასწრონ?

– ჩუმად უნდა იყო. სასტუმროს სცენას რომ იღებდნენ, ყველა გასუსული იყო, ვინმეს ან ბოთლი რომ დავარდნოდა, ან გამოქცეულიყო, ან დაეხველებინა, ყველაფრის ხელახლა გადაღება დასჭირდებოდათ.

– ფილმი რომ ნახე დასრულებული სახით, მოგეწონა? შენ ასეთი წარმოგედგინა?

– ძალიან მომეწონა. ფილმი უფრო კარგი გამოვიდა, ვიდრე წარმომედგინა. ყველაზე მეტად, დუტა რომ ვერ ეუბნება თავის შეყვარებულს ვერაფერს, ის მომენტი მომეწონა და ვერასდროს რომ ვერ პოულობს იმ გოგოს.

– გადაწყვეტილი გაქვს, რა გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?

– არა, ჯერ არ გადამიწყვეტია.

– ყველაზე მეტად ვინ განებივრებს?

– ბებია, მამა და დედა.

скачать dle 11.3