კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ხუტურიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუტა.

შალვა ხუტურიძე მეფე ლაშა-გიორგისთან დაახლოებული პირი ყოფილა. ის მეფის ვაზირის მანდატურთუხუცესის მეორე მოადგილე – მესტუმრე იყო. თანამდებობა მესტუმრე დიდ და საპატიო პოსტად ითვლებოდა. მესტუმრე შალვა, როგორც ისტორიულ წყაროებში ჩანს, წარგზავნილი იყო იერუსალიმში, შეწირულობათა ჩასატანად. როგორც ირკვევა, მას ლაშა-გიორგის აღაპები განუნუსხებია.

საქართველოში 30 ხუტურიძე ცხოვრობს: ახმეტაში – 21, თბილისში – 5, თელავში – 4.

ზირაქიშვილი-ზირაქაშვილი-ზირაქიძე

ზირაქიშვილი ეპონიმური გვარ-სახელია. მას საფუძვლად დაედო წინაპრის საკუთარი სახელი – ზირაქი. ამავე ფუძითაა ნაწარმოები გვარი ზირაქაძე. ზირაქაშვილები 1683 წელს ქსნის ერისთავების მკვიდრი ყმები და გორის ვაჭრები იყვნენ. გიორგი მეფემ ისინი მამულებით უწყალობა დავით ქსნის ერისთავს. 

მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს ზირაქიშვილი მოწმედ მოიხსენიება, მასზედ, რომ ლუარსაბ სადაღაშვილმა ნაზარა ფირალიშვილს მის საზღვრამდე სახლ-კარი მიჰყიდა.

მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში, ქართული ტრადიციის მიხედვით, ზირაქაშვილები ზირაქიშვილებად ჩაწერეს.

დღეს გვხვდება როგორც ზირაქაშვილები, ასევე ზირაქიშვილები და ზირაქაძეები.

საქართველოში 901 ზირაქაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 513, საგარეჯოში – 160, თბილისში – 139. არიან სხვაგანაც.

328 ზირაქიშვილი: თბილისში – 192, გურჯაანში – 52, დედოფლისწყაროში – 22. არიან სხვაგანაც.

ეპიტაშვილი-ებიტაშვილი

ეპიტაშვილის ადრინდელი გვარი ებიტაშვილი იყო. ებიტა მამაკაცის უძველესი ქართული სახელია. ის ბევრ ისტორიულ საბუთში გვხვდება. „ელიზბარ ქსნის ერისთავმა პაპუნა გარაყანიძეს უწყალობა სოფელი თემი, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ებიტას და როინს ეკუთვნოდათ”.

1963 წელს ებიტა იყო მოწმე პაპუნა ფავნელიშვილის მიერ ნიქოზის ეკლესიისთვის ბოძებული საქვრივო გლეხისა და გასამყრელო ხარის შეწირულობის წიგნისა.

მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიება ვერეში მცხოვრები გიორგი ებიტაშვილი.

ებიტაშვილები ცხოვრობდნენ შიდა ქართლში, კერძოდ, კასპსა და დუშეთის მხარეში. იქიდან რამდენიმე კომლი გარე კახეთში, კერძოდ – ნორიოში და, კახეთში, კერძოდ – თელავში გადასულა, სადაც ზოგი ისევ ებიტაშვილად ჩაწერილა, ზოგი კი ეპიტაშვილად.

საქართველოში 696 ეპიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 322, გარდაბანში – 300, გორში – 21. არიან სხვაგანაც.

249 ებიტაშვილი: დუშეთში – 49, თელავში – 43, თბილისში – 38. არიან სხვაგანაც.

ნებიერიძე

გვარის ფუძეა უძველესი საკუთარი სახელი ნებიერი, რომელიც მოიხსენიება ტბეთის სულთა მატიანეში. ამავე ძირისაა გვარი ნებიერაშვილი.

ნებიერიძე სოციალურ ნიადაგზე წარმოშობილ გვარებს მიეკუთვნება. ნებიერ გლეხთა კატეგორია საქართველოში მეთექვსმეტე საუკუნეში მომრავლდა. ნებიერი, ანუ წყალობის ყმა, ისეთი კატეგორიაა, რომელიც, ფეოდალთა შეთანხმების საფუძველზე, ინარჩუნებდა გარკვეულ შეუვალობასა და უფლებებს.

ნებიერიძეები სამცხის თემიდან არიან წარმოშობით.

1846-1847 წლებში, სტეფანე ნებიერიძე, ხელმწიფის მიერ გამოცემული რესკრიპტით, ახალციხელ მოქალაქეებთან ერთად, რომლებსაც დიდი მამულები ჰქონდათ შეძენილი, ჩაირიცხა ფეოდალთა კასტაში აზნაურის წოდებით.

იონა ნებიერიძემ კი, ღერბიან ქაღალდზე დაწერილი ცნობა მისი აზნაურული წოდების შესახებ პირველად მიიღო 1853 წელს და წარუდგინა ქუთაისის გუბერნატორ იზუმოვსკის, რომ, როგორც აზნაურს, ჩინის მისაღებად ეს დრო ნამსახურეობაში ჩათვლოდა.

საქართველოში 2 470 ნებიერიძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 1 240, თბილისში – 640, გორში – 154. არიან სხვაგანაც.

ქემერტელიძე

ზოგიერთი გვარის წარმოშობა სადაურობაზე მიგვანიშნებს. ქემერტელიძეს წარმოშობაც დასახლებულ პუნქტს უკავშირდება. კერძოდ, სოფელი ქემერტი ცხინვალის რაიონში მდებარეობს.

საქართველოში 333 ქემერტელიძე ცხოვრობს: საჩხერეში – 225, ჭიათურაში – 48, თბილისში – 42. არიან სხვაგანაც.

ძაგნიძე-ძაგანისძე

ძაგნიძე და ძაგანისძე ერთი და იგივე გვარია და კახეთის უძველეს მთავართა საგვარეულოს მიეკუთვნება. ამ გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ძაგანი. ძაგან, ძაგანა ერთ-ერთი უძველესი საკუთარი სახელია. ის მოიხსენიება ჯერ კიდევ 1240 წლის საბუთებში.

ვახუშტი ბატონიშვილი „ქართლის ცხოვრებაში” მთავართა გვარების შესახებ წერდა: „ხოლო გუარნი მთავართა მათ ძუალთანი ესენი არიან: ქობულისძე, დინაური, კრულმანელი, ბაღუშა, რომელი იყო ლიპარტისძე, მარუშისძე, ბაკურასძე, აბულეკი, ვარდანისძე, გამრეკელი, ძაგანისძე, ასათისძე და სხვა”. „ხელისუფალნი და ერისთავნი თამარის მეფობის ხანაში ესენი ყოფილან: კახაბერ კახაბერისძე – რაჭისა, დარათო შარვაშისძე – აფხაზთა, ამუნელისძე – ცხუმისა, ბედიელი – ოდიშისა, ლიხთიმერ-ამერთა, რატი სურამელი – ლიხთიმერ-ამერთა, ბაკურ ძაგნისძე – კახეთის, გრიგოლ ახათისძე – ჰერეთის, ბაიცო ჯაყელი – სამცხის და სპარალისი სხუათა ერისთავთა”.

დღეს, ყოფილ მთავართა და ერისთავთა შთამომავალი ძაგნიძეების უმრავლესობა ცხოვრობს: ვანში, ქუთაისში, თბილისში.

საქართველოში 987 ძაგნიძე ცხოვრობს: ვანში – 491, თბილისში – 162. არიან სხვაგანაც.

ვადაჭკორია-ვადაჩკორია

გვარი ორი კომპონენტისგან შედგება: ვადა+ჯკორ+ია, სადაც ია სუფიქსია. ჯკორი მეგრულად ყმას, მონას ნიშნავს, ვადა კი ისტორიულ საბუთებში გვხვდება როგორც უძველესი სახელი.

ვადაჭკორია და ვადაჩკორია ერთი და იგივე გვარია.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ვადაჭკორიას 856-ე ადგილი უჭირავს.

საქართველოში 1 202 ვადაჭკორია ცხოვრობს: თბილისში – 349, ლანჩხუთში – 265, ბათუმში – 183. არიან სხვაგანაც.

52 ვადაჩკორია: თბილისში – 29, ქობულეთში – 13, გარდაბანში – 2. არიან სხვაგანაც.

მთვრალაშვილი

გადმოცემის თანახმად, გვარი მთვრალაშვილი კერვალიშვილების გვარიდან იღებს სათავეს.

ვინმე პეტრე კერვალიშვილი, წარმოშობით რაჭველი, მეფე ერეკლესთან მზარეულად მსახურობდა. კარგი და კეთილი კაცი ყოფილა და ერეკლეს ძალიან ჰყვარებია. პეტრეს 12 წელი შვილი არ ჰყოლია და ერთ მშვენიერ დღეს ვაჟი შესძენია. ღვინოს არ ეტანებოდა, მაგრამ, იმ დღეს სიხარულისგან გათამამებულა, დაულევია და მთვრალს ჩასძინებია. როცა მეფეს მზარეული მოუკითხავს, უთქვამთ, მთვრალია და სძინავსო. ერეკლეს მეორე დღეს დაუბარებია პეტრე, მასაც მოკრძალებით უთქვამს, ვაჟი შემეძინა და ამის გამო დავთვერიო. მაშინ მეფეს უბრძანებია, ბავშვს გვარად მთვრალაშვილი მიეცით და გაათავისუფლეთ ყველა ბეგარისგან, მამული კი სოფელ პატარძეულში მიეცითო.

გვარის შეცვლის გამო კერვალიშვილები ძალიან გაბრაზებულან და სიონის ეკლესიაში პეტრე შეუჩვენებიათ.

მიუხედავად ამ ისტორიისა, მთვრალაშვილები შემდგომ კმაყოფილები იყვნენ, რადგან მათთვის გვარი თვით მეფე ერეკლეს მიუცია.

მას შემდეგ მთვრალაშვილებს რაჭაში არ დაედგომებოდათ და სხვაგან გადასახლებულან. სავარაუდოდ, ამ გვარის წარმომადგენლები ონის რაიონის სოფელ სიორიდან უნდა იყვნენ პირვანდელი წარმოშობით.

მთვრალაშვილი მცირერიცხოვანი გვარია.

საქართველოში 103 მთვრალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 90, საგარეჯოში – 9, ოზურგეთში – 4.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3