კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოკეისტი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ლიგაში – ნჰლ-ში

 

დიდი ხანია, სპორტი ბიზნესად იქცა, გამონაკლისი არც ჰოკეია. განსაკუთრებით კი – ნაციონალური ჰოკეის ლიგა, იგივე ნჰლ, რომლის მოთამაშეები ზღაპრულ კონტრაქტებსა და მილიონობით დოლარზე გათვლილ ხელშეკრულებებს აწერენ ხელს. გთავაზობთ 2012-2013 წლების სეზონის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰოკეისტების ტოპ-ათეულს ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ჰოკეის ლიგიდან.

 

ჯო ტორნტონი (კანადა) – 8 მილიონი დოლარი

ის ნაციონალური ჰოკეის ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გაბარიტული და საიმედო მცველია, რომელიც, პრაქტიკულად, ყველა ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოდის. საიმედოობასთან ერთად, ტორნტონი შედეგითაც გამოირჩევა და სეზონის განმავლობაში 60-მდე რეზულტატურ გადაცემას აკეთებს. „სან ხოსე შარკსის” ვარსკვლავი 2010 წელს კანადის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა; იგი, ასევე, არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ტორნტონი, 1997 წლის დრაფტის პირველი ნომერი გახლდათ.

სტივენ სტემკოსი (კანადა) – 8 მილიონი დოლარი

„ტამპა ბეი ლაითნინგის” კანადელი ჰოკეისტი, 23 წლის სტივენ სტემკოსი, ლიგის ყველაზე პერსპექტიულ თავდამსხმელად და ყველაზე მაღალშემოსავლიან ახალგაზრდა მოთამაშედ ითვლება. კანადის ნაკრების წევრი სტემკოსი ჭაბუკთა შორის, პრაქტიკულად, ყველა პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა და ამჟამად ტიტულების მოპოვებას კანადის ნაკრებთან ერთად აპირებს. სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისთვის კანადელები იმედოვნებენ, რომ სტემკოსი საუკეთესო სპორტულ ფორმაში იქნება.

ზდენო ჰარა (სლოვაკეთი) – 8,5 მილიონი დოლარი

სლოვაკი გიგანტი – ზდენო ჰარა, რომლის მეტსახელებია „ცხოველი” და „დიდი ჰარა,” სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილი დამცველია მსოფლიო ჰოკეიში. „ბოსტონ ბრიუინზის” კაპიტანი და შეუცვლელი მოთამაშე 1997 წლიდან ასპარეზობს ლიგაში და ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და შედეგიან მოთამაშედ ითვლება, რომელიც ერთ სეზონში 50-მდე ქულას აგროვებს. ჰარა 2011 წლის სტენლის თასის გამარჯვებულია ბოსტონურ კლუბთან ერთად.

სიდნი კროსბი (კანადა) – 9 მილიონი დოლარი

კროსბი „პიტსბურგ პინგვინების” ქომაგების კერპი და სათაყვანებელი მოთამაშეა, რომელსაც ბოლო პერიოდში ნაკლები შედეგები აქვს, რაც ხშირი ტრავმების ბრალია. „პინგვინების” კაპიტანი კროსბი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, რაც ჰოკეისთვის არცთუ ბევრია და, პიტსბურგში იმედოვნებენ, რომ ლიგის ყოფილი ბომბარდირი კვლავ დაიბრუნებს ჩვეულ ფორმას. საგულისხმოა, რომ 2010 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალში, სწორედ სიდნი კროსბიმ გაუტანა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს გამარჯვებისა და ოქროს მედლების მომტანი გოლი. 

ევგენი მალკინი (რუსეთი) – 9 მილიონი დოლარი

„პიტსბურგ პინგვინების” კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც, კროსბისგან განსხვავებით, ნაკლებად ტრავმირდება და სტაბილურობით გამოირჩევა, მაგნიტოგორსკში დაიბადა. ევგენი მალკინი რუსეთის ნაკრების წევრი და 2006 და 2010 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. 2008-2009 წლების სეზონში მალკინმა კლუბთან ერთად, სტენლის თასი მოიგო, რამდენიმე სეზონით ადრე კი ის ლიგის საუკეთესო ახალწვეულად დასახელდა. მალკინი, ოვეჩკინთან და ბრიზგალოვთან ერთად, რუსეთის მთავარ იმედად ითვლება 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

ალექსანდრ ოვეჩკინი (რუსეთი) – 9 მილიონი დოლარი

ოვეჩკინი პირველი ჰოკეისტია ნაციონალურ ლიგაში, რომლის კონტრაქტი 100 მილიონ დოლარს აღემატებოდა. 2004 წელს „ვაშინგტონ ქეპითელსთან” გაფორმებული კონტრაქტი 13 სრულ სეზონზე და 124 მილიონ დოლარზე იყო გათვლილი. ოვეჩკინის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 17 წლის ასაკში შედგა, რაც, ასევე, რეკორდია რუსული ჰოკეისთვის. მას 6 მსოფლიო ჩემპიონატსა და 2 ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ოვეჩკინს ჰოკეის გარეშეც იცნობენ რუსეთში – ცნობილია, რომ მას რომანები ჰქონდა ჟანა ფრისკესთან, „მის რუსეთთან“ – ვიქტორია ლოპირიოვასთან, „ბლექ აიდ ფისის” სოლისტ ფერჯისთან, ამჟამად კი ის ჩოგბურთელ მარია კირილენკოს ხვდება. ასევე ცნობილია ოვეჩკინის გატაცება – იგი ცნობილი ჰოკეისტების ყვანჯების კოლექციას აგროვებს და მის კოლექციაშია სიდნი კროსბის, მარიო ლემიეს, ზდენო ჰარასა და სხვათა ყვანჯები.

კრისტიან ერჰოფი (გერმანია) – 10 მილიონი დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი კრისტიან ერჰოფის ხელფასი ოვეჩკინისა და კროსბის ხელფასს აღემატება, ის ნაკლებად მოიაზრება ნჰლ-ის ვარსკვლავად. „ბაფალო სეიბრზის” დამცველი 2001 წლიდან ასპარეზობს ლიგაში და საიმედოობითა და სტაბილურობით გამოირჩევა. 30 წლის ერჰოფი 3 ოლიმპიური თამაშისა და 4 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. მის მთავარ ღირსებად დაყენებული დარტყმა, შეტევაში ჩართვა და შედეგიანი გადაცემების გაკეთება ითვლება.

ვინსენტ ლეკავალიე (კანადა) – 10 მილიონი დოლარი

 „ტამპა ბეი ლაითნინგის” კაპიტანი და შეუცვლელი მოთამაშე, 32 წლის ვინსენტ ლეკავალიე, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია. „ტამპას” რიგებში ლეკავალიეს 1 000-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მისი კონტრაქტი 2016 წლამდეა გაფორმებული. გოლფისა და ტაიგერ ვუდსის თაყვანისმცემელი ლეკავალიე უცოლოა და ლიგის ვარსკვლავებს შორის ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლება.

ილია ბრიზგალოვი (რუსეთი) – 10 მილიონი დოლარი

რუსი ილია ბრიზგალოვი ნჰლ-ის ჯერჯერობით ყველაზე მაღალანაზღაურებადი გოლკიპერია, თუმცა, მომავალი სეზონიდან მისი ხელფასის შემცირება იგეგმება – სავარაუდოდ, ციფრი 6,5 მილიონ ამერიკულ დოლარამდე დაეცემა. „ფილადელფია ფლაიერზის” კარის დამცველი ბრიზგალოვი 2001 წლიდან ასპარეზობს ნჰლ-ში და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ჰოკეის გოლკიპერად ითვლება. ის არის „მშრალი სერიის” რეკორდის მფლობელი ნჰლ-ის ახალწვეულთა შორის – მას 249 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია.

ბრედ რიჩარდსი (კანადა) – 12 მილიონი დოლარი

კანადელი ბრედ რიჩარდსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოკეისტია. „ნიუ-იორკ რეინჯერსის” ცენტრალური თავდამსხმელი შედეგიანობით გამოირჩევა, ცნობისთვის, 2010 წელს, 80 მატჩში, მან 91 ქულის მოხვეჭა მოახერხა, რაც ფენომენალური შედეგია თანამედროვე ლიგაში. ბრედ რიჩარდსი, თავისი ვარსკვლავური სტატუსის მიუხედავად, არ ითვლება წამყვან მოთამაშედ კანადის ნაკრებში, თუმცა, მისი ნახვა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რეალობას მოკლებული არ იქნება. 

 

скачать dle 11.3