კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიუხვდა კანდიდ ჩარკვიანი ბერიას ფარულ ზრახვებს ცენტრალურ კომიტეტში მისვლისთანავე

„განცდილი და ნააზრევი,” – ასე უწოდა კანდიდ ჩარკვიანმა თავისი ცხოვრების ფურცლებს, რომელიც ექსკლუზიურად გადმოგვცა მისმა შვილმა, გელა ჩარკვიანმა. კანდიდ ჩარკვიანის სახელი, სტალინისა და ბერიას სახელებთან ერთად, ქუხდა 30-50 წლებში. სწორედ ამ პიროვნებას უკავშირდება ქვეყნისთვის ბევრი კარგი და სასარგებლო საქმე, რომელთა გატანა მას დიდი ძალისხმევისა და რისკის ფასად უჯდებოდა. სწორედ მისი წყალობით აშენდა ქალაქი რუსთავი, რომელიც მალარიის ბუდედ ითვლებოდა და ადამიანებს იქ ცხოვრება ვერ წარმოედგინათ; მისი ინიციატივით გამოიცა „ქართულ სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი“: „... ამაზე არავინ ზრუნავდა... შეიძლება, ენათმეცნიერები კიდევაც ფიქრობდნენ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონის გამოცემის აუცილებლობაზე, მაგრამ, ყველა თავისი მეცნიერული ინტერესებით იყო გართული და ამ დიდი საქმის წამოწყებას ვერავინ ბედავდა... 1945 წლის მაისში ვთხოვე სიმონ ჯანაშიას, ცკ-ში მოსულიყო არნოლდ ჩიქობავასთან ერთად... ორივე მეცნიერი განმარტებითი ლექსიკონის გამოცემის წინადადებას დიდი ინტერესითა და სიხარულით შეხვდა... ლექსიკონი, შერჩეული შრიფტით, სპეციალურ ქაღალდზე დაიბეჭდა. მისი ყველა ტომი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული...” მან შემოიღო სკოლებში 11-წლიანი სწავლება, მან გააშენიანა თბილისის ზღვა და ვაკის პარკი: „...ომამდე ვაკე თითქმის დაუსახლებელი ადგილი იყო. დღევანდელი ილია ჭავჭავაძის პროსპექტის განაშენიანება მხოლოდ იწყებოდა... მე უკვე მქონდა გადაწყვეტილი, როგორც კი შესაძლებლობა გვექნებოდა, ვაკეში პარკის გაშენება დაგვეწყო... მართალია გვიჭირდა, მაგრამ, პარკის გაშენება უნდა დაგვეწყო... პარკის ფარგლებში კუს ტბა და მისი შემოგარენიც უნდა მოქცეულიყო, მაგრამ, ტბა პატარა იყო და უნდა გვეფიქრა მისი დონის ამაღლებაზე. ადრე გამეგონა, რომ არსებობდა მცირე გვირაბით ვარაზის ხევის ჩამონადენის ტბაში გადმოგდების პროექტი. ადგილზე დავათვალიერე და დავრწმუნდი, რომ ეს ბევრს არაფერს მოგვცემდა, მაგრამ, სულ არარაობას აჯობებდა...” მან აჩუქა თბილისს მეტროპოლიტენი: „...თბილისში მეტროპოლიტენის აგება ჩვენი ოცნება იყო, მაგრამ, სანამ ქვეყანა ომისაგან მიყენებულ ჭრილობებს არ მოიშუშებდა, ამ საკითხის დასმა შეუძლებლად მიგვაჩნდა... თან, მაშინ თბილისის მოსახლეობა 600 ათასსაც არ აღწევდა და მრავალმილიონიან ლენინგრადს და მილიონს მიღწეულ კიევს ვერ მივბაძავდით... „საჭიროდ იქნეს ცნობილი, აშენდეს ქალაქ თბილისში მეტროპოლიტენი, რომლის პირველი რიგის სიგრძე 7, 5 კილომეტრია...“ რაკი დადგენილება მივიღეთ, აღარ დავახანეთ და მეტროპოლიტენის მშენებლობაზე დაწყებისთვის მზადებას შევუდექით... 1953 წლის გაზაფხულზე მშენებლობა მოულოდნელად შეაჩერეს. აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა ბერიამ, რომელსაც ჩვენი მეტროპოლიტენი სტალინისაგან ბოძებულად მიაჩნდა. იყო წინადადება, გაყვანილი შახტები და დაწყებული გვირაბები ამოევსოთ, მაგრამ, ამ ნაბიჯზე ვეღარ წავიდნენ...” 

ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს „ცეკას“ პირველი მდივნის ცხოვრებიდან: 

„...1924 წლის ივნისში ქუთაისის პირველი სოციალურ-ჰუმანიტარული ტექნიკუმის კურსი დავამთავრე... მე-18 წელიწადში ვიყავი, თუმცა, სკოლაში ხუთიანზე ნაკლები ნიშანი იშვიათად მქონია, უმაღლეს სასწავლებელში შესვლაზე ოცნებაც არ შემეძლო. დედისა და ორი უფროსი დის ხანგრძლივმა ავადმყოფობამ და გარდაცვალებამ ჩვენი ღარიბი ოჯახი სულ უკიდურეს მდგომარეობაში ჩააყენა. ის დახმარებას მოითხოვდა და, სხვა გზა არ იყო – სამსახური უნდა დამეწყო, მაგრამ, სად?.. იმავე წლის სექტემბერში შევხვდი თბილისიდან შვებულებით ჩამოსულ შორეულ ნათესავს – მიხეილ ასათიანს. ის კომუნისტი იყო... ჩემი მდგომარეობა რომ გაიგო, მაშინვე შემომთავაზა, თბილისში გავყოლოდი: ბინად ჩემთან იქნები, სამუშაოს შოვნაში დაგეხმარები, შემდეგ კი შენზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაიკვლევ გზასო. სიხარულით ცას ვეწიე. 1924 წლის 20 ოქტომბერს პატარა გაცვეთილი ჩემოდნით, რომელშიც ღარიბულ თეთრეულთან ერთად საშუალო სკოლის ატესტატი და გულმოდგინედ დალუქული პაკეტით კომკავშირული პირადი საქმე მედო, თბილისს ვეწვიე. თბილისში პირველად ვიყავი, მისამართზე მისვლა გამიჭირდებოდა. ამიტომ, ხელგაშლილობა გამოვიჩინე, ჩემი მცირე თანხიდან რამდენიმე აბაზით ეტლი დავიქირავე და მიხეილ ასათიანის ბინაზე მატერიალურად უზრუნველყოფილი კაცივით მივგრიალდი. მიშამ უმცროს ძმასავით მიმიღო და შემიკედლა. უკვე ციოდა. ჩვენებურ წუღებში ფეხები მეყინებოდა. მიშას თვალს ეს არ გამოჰპარვია, წამიყვანა და „სკოროხოდის” მაგარი, ყელიანი ფეხსაცმელი მიყიდა. ცოტა ხანში ამინდი გაუარესდა, ბლუზით სიარული ჭირდა. – წავიდეთ ბაზარში, – მითხრა მიშამ, იქნებ, ამერიკული პალტო გიყიდო. მაშინ საბჭოთა კავშირში კიდევ შემოდიოდა ამერიკული საქველმოქმედო საზოგადოებისგან შეგროვილი ნახმარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. არ ვიცი, რა წესით, მაგრამ, ეს საქონელი იყიდებოდა, ცხადია, დაბალ ფასებში. იმასაც ირწმუნებოდნენ, რომ ზოგ მყიდველს ბედი გაუღიმებდა და შეძენილი პალტოს, პიჯაკის ან შარვლის ჯიბეში ოქროს საათს ან დოლარებს იპოვიდა. ბაზარში ჩემი სარგო პალტო შევარჩიეთ და ვიყიდეთ. არც საათი, არც დოლარები მის ჯიბეში არ აღმოჩენილა, მაგრამ, ის ჩემთვის მაინც ძვირფასი იყო, რადგან, კარგად მათბობდა და გარეგნულადაც ლამაზად გამოიყურებოდა. სამუშაოზე მოწყობა გაძნელდა... შრომის ბირჟა აღრიცხვაზე არ აგიყვანდა, თუ პროფკავშირის წევრი არ იყავი, პროფკავშირში კი არ მიგიღებდნენ თუ არ მუშაობდი. მაგრამ, აქ გამონაკლისები გვშველოდა... ორი თვის შემდეგ მიშას დაწესებულებაში ადგილი გაუთავისუფლდა და უფროსებთან შეთანხმებით იქ დამნიშნა... მუხრანის ვიწრო ქუჩაზე, რომელიც შემდეგ ბარათაშვილის განიერმა მაგისტრალმა შეცვალა, ქალაქის მილიციის ერთ-ერთი განყოფილება იყო მოთავსებული. იქ შედგა ჩემი შრომითი ნათლობა. რაიონის მილიციის უფროსმა, შემდგომში საკმაოდ ცნობილმა იურისტმა ვარდენ კაკაბაძემ, ერთ, ნახევრად ბნელ ოთახში შემიყვანა და მითხრა: „აი, ახლა აქ იმუშავებო”. ოთახის კართან მიკრულ ფირნიშზე ეწერა: „სამისამართო მაგიდა”... მას შემდეგ, რაც საკუთარ ფეხზე დავდექი, ერთხანს ცხოვრების უვნებელ სიამეთა ცდუნებამ გამიტაცა და ჩვეული გზით ცოდნის შევსებისთვის ზრუნვა შევასუსტე. შევიკერე კარგი კოსტიუმი, ფეხსაცმელი და ახალგაცნობილ ამხანაგებთან ერთად საღამოს საათებს რუსთაველის პროსპექტზე სეირნობას, კინოებში „ბოევიკების” ნახვასა და კლუბებში სხვადასხვა გასართობზე სიარულს ვანდომებდი. ეს იყო, რომ ღვინის სმა არ დამიწყია. წიგნებს ახლა ნაკლები გულმოდგინებით ვკითხულობდი. სამაგიეროდ, დიდად გამიტაცა თეატრმა... 1925 წლის ზამთარში პირველად შევდგი ფეხი ოპერის თეატრში... ვნახე ქალაქში არსებული მუზეუმები, ვესწრებოდი ხელოვანთა გასტროლებს... თბილისში უფრო აქტიურად ჩავები კომკავშირულ მუშაობაში, ვხელმძღვანელობდი და ვაფორმებდი კედლის გაზეთს, ვმეცადინეობდი პოლიტწრეში და, ბოლოს, წიგნის მეოხებით, კვლავ დავუბრუნდი თვითგანვითარებით მუშაობას. თბილისში ამის საშუალება განუსაზღვრელი იყო... 19 წელი მისრულდებოდა და მიმაჩნდა, რომ პარტიის პოლიტიკაში ვერკვეოდი... მეთოთხმეტე ყრილობის სტენოგრამამ გამიხსნა პარტიული ლიტერატურის კითხვის გემოვნება. აღფრთოვანებული ვიყავი  ცენტრალური კომიტეტის საანგარიშო მოხსენების ფორმითა და შინაგანი ლოგიკით...

... ცენტრალურ კომიტეტში მისვლისთანავე მწვავედ ვიგრძენი დროის სუსხი. ბერიას მიერ წამოწყებული დაპატიმრებები ჩემთვის, ჯერ კიდევ რიგითი კომუნისტისთვის, ცნობილი იყო, მაგრამ, არც მათ მასშტაბებზე, არც კონკრეტულ მიზეზებზე წარმოდგენა არა მქონდა, მით უმეტეს, არ მოველოდი თუ რეპრესიების ტალღა ჩემ ახლოს გაივლიდა... 

რამდენიმე სიტყვა ბერიასთან ჩემი ურთიერთობის სიძნელეებზე: პირველ ხანებში ის ნდობით მეპყრობოდა, ცენტრალური კომიტეტის ბიურო ჩემს შეტანილ პროექტებს მცირე შესწორებებით იღებდა, მაგრამ, არ გასულა დიდი დრო და შევამჩნიე, რომ ბერია ტყუილუბრალოდ მიხირდებოდა... 1938 წლის 31 აგვისტოს პარტიამ ახალი და მეტად მძიმე მოვალეობები დამაკისრა: საკავშირო კპ (ბ) ცკ პოლიტბიუროს რეკომენდაციით, საქართველოს კპ (ბ) ცკ პლენუმმა ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად ამირჩია. ამ დღიდან ჩემი მუშაობის ხასიათი ძირეულად იცვლებოდა... პირველი მდივნის პოსტზე 13 წელიწადი და 7 თვე დავყავი. აქედან 9 წელიწადი სამამულო ომზე და ქვეყნის მეურნეობის აღდგენის პერიოდზე მოდიოდა... 

...ომამდელ წლებში ცენტრალურ კომიტეტს ძლიერ აფიქრებდა საქართველოს კინემატოგრაფიის მდგომარეობა... ახლო წლებში უნდა შექმნილიყო ორი მონუმენტური ფილმი – „ფიცი” და „გიორგი სააკაძე”. ორივე მიხეილ ჭიაურელს უნდა დაედგა... ომის წლებში ასეთი გრანდიოზული ფილმის გადაღება ადვილი არ იყო. ეს სტალინის ხელშეწყობით მოხერხდა... მიხეილ ჭიაურელი სტალინმა უფრო ადრე გაიცნო, ვიდრე მე ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნად ამირჩევდნენ. 1939-1940 წლებში მას სტალინის აგარაკზე რამდენიმეჯერ შევხვდი. შემდეგ კი, სტალინის დავალებით, მის სახლში ის მეც მიმიყვანია... დროდადრო სტალინთან სტუმრობამ ჭიაურელს, ეტყობა, დისტანციის გრძნობა მოუდუნა. 1940 წელს, არ მახსოვს, რომელ თვეში, სტალინის დაცვის თანამშრომელმა დამირეკა და გადმომცა, რომ ჭიაურელს ერთი ასეთი სტუმრობისას სტალინის საყოველთაოდ ცნობილი რუხი მაუდის სალდათური ქუდი წაუღია: ამხანაგმა სტალინმა დილით ქუდი თავის ადგილას ვერ ნახა. ვეძებეთ, მაგრამ ვერსად აღმოვაჩინეთ. ერთადერთი სტუმარი, რომელსაც შეეძლო, ქუდი სუვენირად წაეღო, მიხეილ ჭიაურელი იყო. დაუყოვნებლივ მოვიკითხეთ და ქუდი დავიბრუნეთ, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ თქვენ მაინც უნდა იცოდეთო... ჭიაურელი სასწრაფოდ მოვძებნე და ცენტრალურ კომიტეტში დავიბარე. – შევცდი, წამოვიღე, არ მეგონა, თუ ამდენი ამბავი ატყდებოდაო, – გულუბრყვილოდ განაცხადა შეცბუნებულმა მიშამ. მე განვუმარტე ჩვენს სახელოვან რეჟისორს, რომ სტალინთან სტუმრობის პატივი სრულებითაც არ იძლევა მასთან გაშინაურების უფლებას, ხოლო, მის გარდერობში ხელის ფათური – დიდი კადნიერებაა. ღვინომ მიქნა, ცოტა მეტი დავლიე. ალბათ, მაპატიებს ამხანაგი სტალინიო, – თავს იმართლებდა და იიმედებდა მიხეილი. ჩვენი რეჟისორის იმედი გამართლდა – სტალინი ამ შემთხვევას მხოლოდ სიცილით იხსენებდა...”

скачать dle 11.3