კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის რომელ ბაღს უწოდებდნენ „იასეს ბაღს“ და სად იმართებოდა მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ყაბახი

თბილისის შუაგულში მდებარე ბაღს თბილისელები დღემდე ძველი სახელით – ალექსანდრეს ბაღად მოიხსენიებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ბაღი ორ  ნაწილად არის გაყოფილი და თითოეულს სხვადასხვა სახელი აქვს (9 აპრილის სახელობის და გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღები), საბჭოთა დროს კი მას, სულაც, „კომუნარების ბაღს” უწოდებდნენ. ძველი ფოტოების დახმარებით, შევეცდებით, აღვადგინოთ ბაღის დაარსებისა და მისი შემდგომი არსებობის პერიოდები.

 

ალექსანდრეს ბაღი

ბაღის ქვედა ბაქანზე ძველად ყაბახი (სპორტული ასპარეზი) იმართებოდა. ყაბახი ამ ადგილზე თბილისის ტურნეფორისეულ თბილისის 1701 წლის ნახატზეა ნაჩვენები; ამასვე მიუთითებს ვახუშტი ბაგრატიონიც 1735 წლის გეგმაზე. ამ ადგილზე კვლავ ყაბახია მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისშიც – აქ სხვადასხვა სახის ასპარეზობა იმართებოდა ხოლმე. ერთმანეთს ცვლიდნენ ცხენოსნები, მოჭიდავეები, ყოჩები, აქლემები, მამლები და სხვა.

ძველი თბილისის მცოდნე და მოტრფიალე იოსებ გრიშაშვილი ასე აღწერდა ყოჩების ჭიდაობას: „ყველაზე ძლიერ გავრცელებული იყო ყოჩების ჭიდაობა. ჭიდაობის მოყვარულნი დაყოჩებულ ერკემალს სახლში ზრდიდნენ, განსაკუთრებული მზრუნველობით ექცეოდნენ, პურზედ ინახავდნენ და ჯაჭვითა ჰყავდათ დაბმული, რომ უბრალოდ არავის დასტაკებოდა. ყოჩაობის დროს კი ქერით ათრობდნენ, ყელზედ ფერადმძივებიან საყელოს უკეთებდნენ, ქოჩორს ენდროთი უღებავდნენ და უკან გადატანილ რქის წვერებს კოპწიად გადაუხერხავდნენ... ჭიდაობის გათავების შემდეგ, ყველანი „ჩასხდებოდნენ” მტკვრის პირას ჩარხებთან და იმართებოდა მეგობრული ქეიფი”. 

შემდგომ ამ ადგილს თბილისელები „იასეს ბაღს“ უწოდებდნენ, რადგან, ქართლის მაჰმადიანი მეფე იასე სადღაც იმ ტერიტორიაზეა დაკრძალული. ბაღის დაარსება მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკის ინიციატივით დაიწყო, მას ჰყავდა ქართველი მეუღლე, გვარად ორბელიანი და თვითონაც კარგი კაცი იყო, რომელსაც უყვარდა ქართველები. ბარიატინსკის სახელს ატარებდა დღევანდელი ჭანტურიას ქუჩა, რადგან, მისი სახლი ამავე ქუჩაზე მდებარეობდა. საბჭოთა დროს ამ ქუჩას ჯორჯიაშვილის ქუჩა ერქვა. დღევანდელი ბაღის ზედა ბაქანზე, ქაშუეთის ეკლესიასა და ჭანტურიას ქუჩას შორის, გვიან საუკუნეებში ქართული სასაფლაო იყო. დაახლოებით ამჟამინდელი თაბუკაშვილის ქუჩის სწვრივად გაფანტული იყო აგურის მცირე საწარმოები – აგურხანები. ისინი მოშალეს კავკასიის მხარის მთავარმმართებელ ერმოლოვის განკარგულებით: ისეთი ორმოები გაჩნდა, რომ საფრთხეს უქმნიან არა მარტო ცხენოსნებს, არამედ, ფეხით მავალთაცო.

მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში ძველი ყაბახის ტერიტორიაზე მოაწყვეს სამხედრო პლაცი („ალექსანდრეს პლაცი”), 1859 წელს კი საფუძველი ჩაეყარა ფერდობებზე გაშლილ ბაღს. თბილისის პირველი საზოგადოებრივი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა 1865 წელს  და ეწოდა „ალექსანდრეს ბაღი“, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის პატივსაცემად. ცნობილია, რომ იმპერატორი თბილისში იყო ჩამოსული და ამ ბაღის ტერიტორიაზე ერთი ხის ნერგი დარგო, რის შემდეგაც ბაღს მისი სახელი ეწოდა. ბაღი დააპროექტა არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა, რუსეთში გადმოსახლებული შვედი ოჯახის შთამომავალმა, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსმა, რომელიც 1858-1903 წლებში თბილისში მოღვაწეობდა. ალექსანდრეს ბაღი რეგულარული დაგეგმარების იყო და თბილისის იმდროინდელი პრესა მას პირველ „ევროპული ყაიდის” ბაღს უწოდებდა. სიმონსონმავე დააპროექტა ამ ბაღისთვის საგამოფენო პავილიონები, მებაღის სახლი, კაფე-რესტორანი, შადრევნები, მათ შორის – ბაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შადრევანი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი და ერთ-ერთი ყველაზე ძველი შადრევანია თბილისში. შადრევანს წყალი მტკვრიდან, წყალსაქაჩების საშუალებით მიეწოდებოდა, ხოლო ბაღის წყლით უზრუნველყოფა ვერეს ხეობიდან ხდებოდა ეგრეთ წოდებული „ყორღანოვის წყალსაქაჩის“ დახმარებით. ცნობილი ფაქტია, რომ  თბილისური ბომონდი ხშირად დადიოდა სასეირნოდ ამ ბაღში და ამიტომ, იმ დროის თბილისის პრესტიჟული ადგილი იყო. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბაღის ნაწილი გაიჩეხა და აშენდა  სამხედრო მუზეუმი, მაშინდელი მაღალი წრის საზოგადოება განაწყენდა და ბომონდმა მუშტაიდის ბაღში გადაინაცვლა. ალექსანდრეს ბაღის მოსაწყობად მოწვეული იყო ბოტანიკოსი, მებაღე ჰენრიხ კარლ შარერი, რომელიც იქვე ცხოვრობდა, მებაღის სახლში. მისი დარგული ხეების უმეტესობა ბაღში დღესაც არის შემორჩენილი. ბაღის ქვედა ნაწილში, იმ ადგილას, სადაც ამჟამად გიორგი ლეონიძის ძეგლი დგას, იდგა ეკლესია – ალექსანდრე ნეველის საყდარი, რომელიც გასაბჭოების შემდგომ წლებში ბოლშევიკებმა დაანგრიეს. ეს ტაძარი, რომლის არქიტექტურა ძალიან ლამაზი გახლდათ, 1888 წელს იმპერატორის ოჯახის სარკინიგზო კატასტროფაში გადარჩენის აღსანიშნავად დაიდგა. 

ბაღი ორ ნაწილად ტრამვაის გაყვანის დროს გაიყო. მეფის დროს ამ ქუჩას „საპიორნაია” ერქვა, საბჭოთა პერიოდში ბორის ძნელაძის სახელს ატარებდა, ახლა კი რეზო თაბუკაშვილის ქუჩა ჰქვია. მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში ზედა და ქვედა ტერასების შემაერთებელი ფართო კიბე გააუქმეს, რის გამოც ამჟამინდელი თაბუკაშვილის ქუჩა საკოლმეურნეო მოედნამდე გაგრძელდა, რამაც რუსთაველის გამზირი ნაწილობრივ განტვირთა საქალაქო ტრანსპორტისგან. რევოლუციის პერიოდში ალექსანდრეს ბაღი არაერთი სისხლიანი შეტაკების ადგილი გახდა. 1918 წლის 10 თებერვალს ბოლშევიკებმა, სტეფანე შაუმიანის ხელმძღვანელობით, ბაღში დიდი მანიფესტაცია გამართეს, მაგრამ, ამიერკავკასიის სეიმმა, სახალხო გვარდიის დახმარებით, ტყვიამფრქვევებითა და შაშხანებით ისინი დაარბია. რამდენიმე ადამიანი შეეწირა ამ მოვლენებს და ამის აღსანიშნავად ბაღის ქვედა ნაწილში დაიდგა „ხსოვნის კედელი”, რომლის ნაშთები დღემდეა შემორჩენილი. ალექსანდრეს ბაღში რამდენიმე ცნობილი ბოლშევიკია დასაფლავებული: ბორის ძნელაძე, ლუკიანე თაბუკაშვილი, საშა ობოლაძე, რომელთა საფლავები ამჟამადაც იქ მდებარეობს, თუმცა, საფლავის ქვისა და რაიმე მინიშნების გარეშე. ალექსანდრეს ბაღში, ასევე, რამდენიმე ქანდაკება და ბიუსტი დგას. 1903 წლის 19 მარტს გაიხსნა ნიკოლოზ გოგოლის ქანდაკება, რომელიც მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩს ეკუთვნოდა და 90-იანი წლების დასაწყისში, თბილისის ომის დროს განადგურდა და დაიკარგა, ახლა კი მის ადგილას ანატოლი სობჩაკის ძეგლი დგას. ამ ბაღში, ასევე, იდგა ბორის ძნელაძის ძეგლი, იქ კი, სადაც ახლა ლადო გუდიაშვილის ქანდაკება დგას, იდგა ლადო კეცხოველის ქანდაკება. დღემდეა შემორჩენილი ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველია თბილისში. გოგლა ლეონიძის ძეგლი კი ყველაზე გვიან, 1992 წელს დაიდგა. ჯერჯერობით ბოლო ქანდაკება, რომელიც ბაღში 2001 წელს დაიდგა, არის ცნობილი უნგრელი მხატვრის, „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციების ავტორის – მიხაი ზიჩის ქანდაკება. 

 

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია, „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).

скачать dle 11.3