კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აფასებს ქართველ კონკურსანტებს იურმალის „რუხი კარდინალი“ – ალექსანდრ რევზინი და რითაა ის ბედნიერი საქართველოში

 

კონკურს „ახალ ტალღაზე“ მონაწილეობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გვაქვს. თუმცა, პირველად მოხდა, როცა საკმაოდ წონიანი დელეგაცია – კონკურსის „ტოპ-მენეჯმენტი“ წინაშესარჩევი ტურის ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვიდა. თბილისს ეწვივნენ ალექსანდრ რუმიანცევი, კონკურსის გენერალური დირექტორი, „ახალი ტალღის“ „რუხი კარდინალი“ და მთავარი რგოლი, რეჟისორი ალექსანდრ რევზინი, ჟიურის წევრი ვალერი მელაძე, მუსიკალური პროდიუსერი ანასტასია მუხინა, კონკურსის საუნდპროდიუსერი ბრენდონ სტოუნი, იგივე ბესიკ შპეტიშვილი და სხვები. კონკურსის მთავარი მოთხოვნა, რომ რომელიმე ტელეარხმა „ახალი ტალღის“ პირდაპირი ტრანსლაცია იყიდოს, წელს „იმედმა“ დააკმაყოფილა და ივლისის ცხელ სამ დღეს, ქართველები დიდ გულშემატკივრობასა და ნერვიულობაში გავატარებთ. შიდაშესარჩევი კონკურსის თვალყურის სადევნებლად მუსიკალური პროდიუსერები შეიკრიბნენ. ჟიურის წევრი იყო რუსა მორჩილაძე – „იმედის“ მუსიკალური პროდიუსერი, იქ იყვნენ: მარინა ბერიძე, ნატო დუმბაძე, დათო ოქიტაშვილი, რომელიც ვალერი მელაძის ქართულ მხარეს წარმოადგენდა; მაია ყიფიანი, რომლის გარეშეც ეს კონკურსი წარმოუდგენელია. „იმედში“ იყვნენ „ახალი ტალღის“ სხვადასხვა დროის მონაწილეები. სოფო ხალვაში და დუეტი „ჯორჯია“ ჟიურიში ისხდნენ, რა თქმა უნდა, იქ იყო ლელა წურწუმიაც, როგორც „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი, ყოფილი მონაწილე. მან რევზინს ხელმოწერილი დისკიც გადასცა საჩუქრად. როგორც ყოფილი მონაწილე, იქ იყო მაია ყარყარაშვილიც.

კონკურსში ყველა ის მომღერალი მონაწილეობდა, ვინც, შეიძლება ითქვას, ახალი ქართული შოუ-ბიზნესის ამინდის შექმნას ცდილობს. ერთადერთი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე გახლდათ, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებლად იმღერა და პატარებთან შედარებით თავდაჯერებული იდგა სცენაზე. კონკურსში მონაწილეობდნენ: ოთო ნემსაძისა და ნინი წიკლაურის დუეტი, სალომე ქათამაძე, ნინი ცნობილაძე, მაგდა ვასაძე, მიშა სულუხია, თემო საჯაია და სხვები. ქასთინგის დროს იყო უხერხული მომენტებიც, რომელიც ძირითადად გამოიწვია იმან, რომ კონკურსანტებმა ცუდად იცოდნენ რუსული და არ ჰქონდათ საკუთარი სიმღერა. როგორც რევზინმა რამდენჯერმე გაიმეორა, სტივ უანდერის მოსმენა რომ უნდოდათ, ის იურმალაში ჩაიყვანეს. ის რაღაც ორიგინალურსა და განსაკუთრებულს ეძებდა. მოსმენას ერთსაათიანი მსჯელობა მოჰყვა, სადაც კონკურსანტების ბედი წყდებოდა. მონაწილეები ელოდებოდნენ, რომ მოსკოვის ნახევარფინალისთვის დაახლოებით ხუთ მონაწილეს აირჩევდნენ. მოვლენები კი სხვაგვარად განვითარდა და რევზინმა სულ ორი მონაწილე დაასახელა, რომლებიც „ახალი ტალღის“ ფორმატის მიხედვით, ყველაზე ორიგინალურები და თვითმყოფადები იყვნენ. ესენი არიან ნინი ცნობილაძე და სალომე ქათამაძე, რომლებიც უკვე წავიდნენ კიევში კიდევ ერთ ტურში მონაწილეობის მისაღებად. იქ უკვე იმ მომღერლის ვინაობა გაირკვევა, რომელიც იურმალაში საქართველოს წარადგენს. ჟურნალის გამოსვლის დროს მისი ვინაობა უკვე გარკვეული იქნება. ცნობილია, თუ ვინ წარადგენს საქართველოს საბავშვო იურმალაზე – ეს არის თერთმეტი წლის ირაკლი ინწკირველი, უსაყვარლესი პატარა, რომელიც როგორც ნასტია მუხინამ თქვა, ყველაზე კაშკაშა კონკურსანტი იყო. 

ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ვალერი მელაძის გამოჩენამ. როგორც კულისებში გავიგეთ, თბილისში უნდა ჩამოსულიყო კონსტანტინ მელაძე და იგორ კრუტოიც, მაგრამ ვერ მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ ვალერი მელაძესთან ინტერვიუს ფასი ოთხნულიან ციფრს აღწევს, საქართველოში ის ძალიან ღია და თბილი იყო ჟურნალისტებთან ურთიერთობაში და მასთან ინტერვიუს ჩაწერაც მოვახერხეთ. 

– ყველა მონაწილე სასწაულად მღერის, სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვთქვა როგორი ნიჭიერები არიან. კარგი იქნება, დრო მქონდეს და ყველას სათითაოდ ავუხსნა რა დეტალები და ნიუანსები უნდა დახვეწონ იმისთვის, რომ დიდ სცენაზე როგორც ინდივიდუალური და ორიგინალური მომღერალი ისე ავიდნენ. როგორც რევზინმა თქვა, მომღერალს რეპერტუარი ქმნის და მათ ბევრი უნდა იმუშაონ რეპერტუარზე. ის, რომ საქართველოში ყველა კარგად მღერის, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამ ფონზე უფრო რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ უნდა გახდეს არც ერთისთვის ფარ-ხმლის დაყრის მიზეზი. ჩემს ცხოვრებაში სამ კონკურსზე მაქვს მონაწილეობა მიღებული და სამივედან მაშინვე გამოვვარდი. ამიტომ, შევეშვი ამ კონკურსებს და პირდაპირ სცენისკენ ავიღე გეზი (იცინის). ყველაზე მთავარი მიზანი იყო, ჩემი მეგობრები ქართველების ნიჭიერებით გამეკვირვებინა და ეს ნამდვილად გამომივიდა. მათი უმრავლესობა პირველად არის საქართველოში. მინდოდა, გამეგიჟებინა და გავაგიჟე არა მხოლოდ ნიჭიერებით, არამედ იმით, თუ როგორი დახვედრა იციან საქართველოში და როგორი სტუმართმოყვარეები ვართ. 

– ქასთინგის შემდეგ რაიმე პროგრამა თუ გაქვთ, რის გაკეთებას აპირებთ?

– გუშინ საღამოს იყო სადილი, რომელზე ჩამოსვლაც ვერ მოვახერხე. მაგრამ, სამაგიეროდ, დღეს საღამოს გველის ვახშამი რესტორან „სენატში“, რომელიც სტუმრებისთვის დაუვიწყარი იქნება (ინტერვიუ ჩაწერილია 2 აპრილს – ავტორი). გვინდოდა, შევხვედროდით პატრიარქს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის საქართველოში არ იმყოფება. გუშინ მათ ნახეს ღამის თბილისი, როგორც გავიგე, ცოტა დაულევიათ კიდეც და გადასარევად გაერთნენ. 

– მოენატრათ ქართული ღვინო?

– სხვათა შორის, მოსკოვში უკვე დაიწყეს ცოტ-ცოტა გაყიდვა. „ბორჯომი“ ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ ამბობენ, ეს ამბავიც განხილვის პროცესშია და მალე „ბორჯომის“ დალევასაც შევძლებთ.

– ჩუმ-ჩუმად, დარწმუნებული ვარ, აქამდეც იყიდებოდა.

– რასაკვირველია. ყველა ქართულ რესტორანში შეგეძლო დაგელია „ბორჯომიც“ და ღვინოც. საღამოს გავისეირნებთ და შემდეგ ქართულ სუფრას აუცილებლად შემოვუსხდებით. 

– საქმის გარეშე, რამდენიმე დღით როდის ჩამოხვალთ საქართველოში, ისე, რომ პრესასთან ურთიერთობისთვისაც მეტი დრო გქონდეთ?

– ვფიქრობ, ზაფხულში, ალბათ, ივლისში. მიმოსვლის პრობლემა არ მქონია. მინდა, დღეს ისეთი ადამიანი ავარჩიოთ, ვინც წელს კონკურსს მოიგებს. 

– ეს რეალურია დუეტ „ჯორჯიას“ შემდეგ? არც ისე დიდი დრო გავიდა იქიდან, რაც ქართველებმა ტრიუმფით დაამთავრეს კონკურსი და ამ ტრიუმფის გამეორება ისევ საქართველოსთვის რეალურია?

– აბსოლუტურად რეალურია. ჯერ ერთი, იმ გამარჯვებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მეორეც, თუ ძლიერი კონკურსანტი იქნება, შეიძლება, ზედიზედ რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ გახდეს საქართველოს წარმომადგენელი გამარჯვებული. „ჯორჯიას“ გამარჯვება საოცარი იყო. არავითარი შეზღუდვა და ჩარჩო არ არსებობს. ძალიან გამიხარდება თუ საქართველო ყოველ წელს გაიმარჯვებს (იცინის). ვიცი, საქართველოში როგორც ხდება და ჩვენს არჩევანს, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, აუცილებლად მოჰყვება მითქმა-მოთქმა – ვიღაცა იტყვის, რომ პროტექციონიზმს ჰქონდა ადგილი. სხვათა შორის, ჩემმა ბათუმელმა ნათესავებმა დამირეკეს, ეს ბავშვი არ დამიჩაგროთო, მაგრამ ჟიურის სხვა წევრებთან ვერაფერს გავხდი (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ჟიური ისე მუშაობს, რომ შეუძლებელია, ვინმემ ვინმეს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. გადასარევი, უნიჭიერესი გოგოები ავარჩიეთ და ვინც არ უნდა წარმოადგინოს საქართველო იურმალაში, ჩემი სახით უდიდესი გულშემატკივარი ეყოლება. 

ალექსანდრ რევზინი: უამრავ ქვეყანაში ვატარებთ ქასთინგებსა და გადაწყვეტილების მისაღებად მსჯელობა ამდენ ხანს არსად გაგრძელებულა. 

– აქამდე რატომ არ იღებდით შესარჩევ ტურში მონაწილეობას?

– ყოველთვის ვმონაწილეობ ორ შესარჩევ კონკურსში, ჰელსინკიში ან რიგაში და რომელიც კიევში იმართება. ამ წელს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში შესარჩევი კონკურსი პირველად იმართებოდა, საჭირო იყო, ამეხსნა, საერთოდ რა არის „ახალი ტალღა“. ერთია, როდესაც კონკურსს ტელევიზიით უყურებ, სავარძელში მშვიდად ზიხარ, „კაიფობ“, არხიდან არხზე რთავ, ყავას მიირთმევ და მეორეა, ამ კონკურსის ფორმატის, შინაარსის გაგება. სულ სხვა საქმეა უკვე, მონაწილეობის მიღება, მის კულისებში გარკვევა, ის, თუ რა მოთხოვნებს უყენებს კონკურსი თითოეულ მონაწილეს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩამოსვლა აუცილებელი იყო. მით უფრო, რომ საქართველოში ყოფნა ძალიან მიყვარს. მიყვარს თბილისი. 

– კონკურსანტები როგორ მოგეწონათ?

– მათ არ აქვთ რეპერტუარი და ეს ყველაზე ცუდია. ალბათ, იმ პერიოდმა, რომელიც „ახალ ტალღაზე“ ჩავარდა, თავისი გავლენა იქონია. არ არსებობს ორიგინალური მუსიკა და ეს დიდი პრობლემაა. სოფიკოს, დუეტ „ჯორჯიას“ საკუთარი ფანტასტიკური სიმღერები ჰქონდათ. უიტნი ჰიუსტონს თავისი ჰქონდა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული და მისი გამეორება არავის არაფერს მოუტანს. შეიძლება მომღერალი იყოს ძალიან ნიჭიერი, ჰქონდეს თავისი კარგი სიმღერები, მაგრამ არის კიდევ პატარა დეტალები, რასაც ყურადღებას ვაქცევთ. ეს აბსოლუტურად ამოუცნობი ფენომენია, წინასწარ ვერაფერს გათვლი და გამოიცნობ. ტალანტი უცებ ინთება, ბრწყინდება და ხედავ, ადამიანი ჩვენს კონკურსთან ზუსტ ტონალობაშია. სწორედ ამას ვეძებთ. 

– როგორი შანსები აქვთ „ახალ ტალღაზე“?

– ორივეს აქვს არა მხოლოდ გადასვლის, არამედ კონკურსის მოგების შანსი, ნამდვილად ღირსეულები არიან, მაგრამ როგორ აჩვენებენ თავს, ეს მათზეა დამოკიდებული. კარგი იქნებოდა ორივეს წაყვანა, მაგრამ ასე არ ხდება. ჩვენ სატელევიზიო ფორმატში ვმუშაობთ, გვაქვს განსაზღვრული დრო. ეთერი ორი საათი და ოცი წუთი გრძელდება, სამი წუთი გვაქვს თითო მონაწილისთვის. ოცდაშვიდ ნაწარმოებზე მეტის გაჟღერების დრო ფიზიკურად არ გვრჩება. თექვსმეტი მონაწილე გვყავს, თექვსმეტი სამზე, ეს უკვე ორმოცდარვა წუთია... მოკლედ, ჩვენ ციფრების სამყაროში ვცხოვრობთ. ეს ციფრები დროა, დრო კი – ფული. ჩვენთვის ახლა უმთავრესია, რომ მონაწილეს პროდიუსერი ჰყავდეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ არხმა მათ პროდიუსირება გაუწიოს. 

– როგორ შეგხვდნენ ქართველები?

– სუპერ! ყველაფერი იყო, ღვინო, ხაჭაპური, ზუსტად ისე, როგორც უნდა ყოფილიყო და როგორც ველოდებოდით. ხვალ უკვე მივფრინავთ კიევში, სადაც კიდევ ერთი ტურია. ვგიჟდები ამ ქალაქზე, ამ ქვეყანაზე და ყველანაირ შანსს გამოვიყენებ, რომ აქ ხელახლა ჩამოვიდეთ. აქ ყველაფერი მომწონს. 

– ყველა ყოველთვის თქვენს სახეს უყურებს, ყველამ იცის, რომ საბოლოო სიტყვა მაინც თქვენზეა.

– ვცდილობ, არც ნეგატივი და არც პოზიტივი სახეზე არ დამეტყოს. ეს უკვე პროფესიული ჩვევაა-ემოციების შეკავება. როდესაც კონკურსანტი სცენაზე დგას, ნებისმიერმა ჩემმა ჟესტმა, შესაძლოა, ისე დააბნიოს, რომ შესაძლებლობების მეოთხედი ვერ აჩვენოს. თუმცა, ამასაც მნიშვნელობა აქვს, არანაირმა პუბლიკამ არ უნდა დაგაბნიოს. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, ვერ დაგეთანხმებით, ეს არასდროს ხდება ერთპიროვნულად. ბევრს ვმსჯელობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი არგუმენტები მაქვს, რომლის გათვალისწინებაც ჟიურის სხვა წევრებს უწევთ ხოლმე (იცინის).

– ცნობილია, რომ ძალიან მკაცრი ხართ მონაწილეების მიმართ, მაგრამ თქვენთან სამდღიანი მუშაობა ამბობენ, სამუდამოდ ატყობს თქვენს ხელწერას მონაწილეს, რომელიც შემდეგ სულ სხვანაირად დგას სცენაზე. 

– არ ვიცი, რამდენად მკაცრი ვარ და როგორ ეტყობათ ჩემი ხელი, მაგრამ ამდენწლიანი გამოცდილება მაძლევს იმის უფლებას, რომ ზუსტად ვიცოდე, როგორ უნდა მოიქცეს მომღერალი სცენაზე, რა მუშაობს ეფექტურად სატელევიზიო ეთერისთვის და როგორ გამოჩნდნენ მაქსიმალურად კაშკაშა. 

– კონკურსანტები ყოველწლიურად იცვლებიან, მაგრამ მოწვეული რუსი ვარსკვლავები – თითქმის არასდროს. ხომ არ იგეგმება წელს რაიმე ცვლილება?

– ეს არ არის სწორი. „ახალ ტალღას“ ათას ორასი ადამიანი აკეთებს – მთელი არმია. არქივს თუ ამოიღებთ, ნახავთ, რომ ყოველწლიურად ხდება არტისტების ორმოცპროცენტიანი როტაცია. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც მუდმივად ჩვენთანაა – ჟიურის მუდმივი წევრები, რომლებიც ჟანრს განასახიერებენ. უბრალოდ, კაშკაშა სუპერვარსკვლავები, რომლებიც კონკურსზე ჩამოდიან, თავისი ნათებით სხვებს ჩრდილავენ, სინამდვილეში კი, როტაცია საკმაოდ ინტენსიურია. 

ერთი სიტყვით, იურმალაში ყველაფერი მზად არის ქართველი მომღერლის მისაღებად. ნინი ცნობილაძის პროდიუსერი ნატო დუმბაძეა, ხოლო ვინ „მიხედავს“ სალომე ქათამაძეს კიევში, ეს სულ რამდენიმე დღეში გაირკვევა. 

 

скачать dle 11.3