კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ვნანობ, რომ ძალიან პატარა გავთხოვდი

17 წლის გავთხოვდი. ჩემი ქმარი 18 წლის იყო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ ასაკში, გავიპარეთ. ორივეს მშობლები წინააღმდეგები იყვნენ ჩვენი დაქორწინების, რადგან, ძალიან პატარები ვიყავით, მაგრამ, ბოლოს შეგვირიგდნენ.

მამუკას ოჯახმა კარგად მიმიღო. განსაკუთრებით მამამთილი მყვებოდა თან, თუმცა, არც დედამთილი მექცეოდა ცუდად. მყავდა  ჩემზე რვა წლით უფროსი მული, რომელიც თავიდან თითქოს კარგად შემხვდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბავშვი გვეყოლა, რაღაცნაირად ამითვალწუნა. აშკარად არ მეჩხუბებოდა, მაგრამ, სულ პროვოკაციებს მიწყობდა, ცინიკურად მელაპარაკებოდა, ყველაფერს მიწუნებდა – ჭურჭლის გარეცხვით დაწყებული, ჩაცმით დამთავრებული. დასცინოდა ჩემს დაქალებს, რომლებიც ჩემთან მოდიოდნენ; დონეს უწუნებდა ჩემს მშობლებს, მაშინ, როცა ძალიან განათლებული, დახვეწილი და ინტელიგენტი მშობლები მყავდა. მოკლედ, თვალში ეკლად ვესობოდი. თავისი ერთადერთი ძმისშვილიც კი (ჩემი შვილი) არ უყვარდა ისე, როგორც უნდა ჰყვარებოდა. რომ მომკვდარიყო, ბავშვს ხელში არ აიყვანდა. საწოლთან რომ ჩაუვლიდა ან ჩემს დედამთილს თუ ეჭირა ხელში, ახლოს მივიდოდა, დააკვირდებოდა და ირონიული სახით გამოაცხადებდა: „ჩვენი რომ არის, გვიყვარს, თორემ, ისე, შეუხედავი ბავშვია, კოპიო დედამისია“, – და გაივლიდა. ერთხელ დედამისს უთხრა ჩემს გასაგონად: „ზოგს რა ბედი აქვს, არაფერში უქნია ღმერთს, მაგრამ მაინც ყველაფერში უმართლებს; არის თუ არა ამის ღირსი, ქმრით დაწყებული, ყველა ხელისგულზე ატარებს და ფეხქვეშ ეგება, არადა, ღირდეს მაინც ამდენ თან გადაყოლად“... – მერე წარბაწევით გადმომხედა, ჩამიარა და კართან გაჩერდა იმის მოლოდინში, რას ვეტყოდი, რომ მერე ბოლომდე აეშვა აფრები. ცრემლების ყლაპვით, ძლივს შევძელი, თავი შემეკავებინა. პასუხი რომ არ გავეცი, ისევ დაიწყო ნერვების ბურღვა და ბოლოს ისე გადაამლაშა, სამზარეულოდან მამამისი გამოვიდა და ძალიან მწარედ უთხრა: ლამის ერთი საათი ვისმენდი შენს საძაგლობებს და ვიცდიდი, როდის დაამთავრებდი გესლის ნთხევას, მაგრამ, არა, მაგ ტვინში გულსა და ენაზე არ გამოგელია შხამი. ისე გახდი ამხელა ქალი, შენთვის ერთი უხეში სიტყვა არ მიკადრებია, მაგრამ ახლა ყველაფერს ერთად გეტყვი: შენი საზიზღარი ხასიათის გამოა, ბიჭს რომ არ მოსწონებიხარ არასდროს; დაქალიც კი არ გყავს შენი იაზვობის გამო; ყველა გაგირბის – ერიდებიან შენთან ურთიერთობას, რომ მერე რამე მიზეზის გამო არ გაახვიო შენი შურიანი გულისა და მწარე ენის ქსელში. რა გინდა, რას ერჩი ამ შენს რძალს, რა დაგიშავა? არაფერიც არ დაუშავებია, მაგრამ, გულზე ხარ გახეთქილი, შენ რომ 27 წლის ასაკში ვერ თხოვდები, ეს კი 17 წლის გათხოვდა, ერთ წელიწადში შვილიც ეყოლა, ქმარსაც თან ჰყვება და მის მშობლებსაც თვალებში შეჰყურებს... ერთი შენთან ვერ გამონახა საერთო ენა, რადგან, ჩემდა სამწუხაროდ, შურიანი და ბოროტი ქალი დადექი, რის გამოც ძალიან მრცხვენია. ხანდახან მგონია, რომ ყველა გათხოვილი გოგო გძულს, რადგან შენ თვითონ ვერ თხოვდებიო. ვერც კი წარმოიდგენთ, რა დაემართა ჩემს მულს. ისეთ ისტერიკაში ჩავარდა, მოსაბრუნებელი გახდა. სიმართლე გითხრათ, შემეცოდა და ახლაც მიმაჩნია, რომ მამას ასეთი რამეები არ უნდა ეთქვა. შვილი რომ მოვასულიერეთ, ახლა მამა გახდა ცუდად და სასწრაფოს გამოძახება მოგვიწია. გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში დავაწვინეთ. რა თქმა უნდა, თიკა (ჩემი მული) სანახავადაც არ მისულა და არც არავისთვის უკითხავს, მამა როგორ არისო. ან რას ჰკითხავდა, როცა ოჯახში არავის ელაპარაკებოდა. ერთ დღეს კი დაჰკრა ფეხი და გათხოვდა – ვიღაც უსაქმურს გაჰყვა, რომელსაც ორი პირი ცოლ-შვილი ჰყავდა მიტოვებული, არც ბინის მაგვარი რამ გააჩნდა და არც სამსახური. რამდენიმე დღის შემდეგ, თავისი ნივთების წასაღებად რომ მოვიდა სახლში (მამამთილი უკვე გამოყვანილი გვყავდა საავადმყოფოდან), მამამისს უთხრა, – აი, თუ ვერ გავთხოვდიო. თავისი პირადი ნივთები რომ ჩაალაგა, მთელი ბინა მოიარა და, რაც კი რამ ღირებული იყო – ჭურჭლით დაწყებული, სურათებით დამთავრებული – წინასწარ მოტანილ ყუთებში ჩააწყო. რა თქმა უნდა, ხმა არავის ამოუღია, მაგრამ, როცა ჩემს მზითევსაც მიადგა (ძირითადად, თეთრეული, სუფრები და სერვიზები გამოაწყო წასაღებად), ჩემმა დედამთილმა ძალიან მორიდებით უთხრა, მაგეებს თავი დაანებე, ეგ თაკოს მზითევიაო. იმან კი ვითომ ვერ გაიგონა – არც პასუხი გაუცია და არც ჩემი ნივთების ჩალაგება შეუწყვეტია. მერე ვიღაც ორი მუშა მოიყვანა, ყუთები და ჩანთები ჩაატანინა და გასვლის დროს ირონიულად გვითხრა: ჯერ სადა ხართ, ეს ყველაფერი ჟურნალია, მაგრამ, ფილმიც მალე დაიწყებაო. შვილის საქციელის შემხედვარეს, ჩემს მამამთილის წნევამ დაარტყა და მეორე დღეს გარდაიცვალა. თიკა მხოლოდ დასაფლავებაზე მოვიდა ნახევარი საათით (ქმართან ერთად იყო). ორი თუ სამი დღის შემდეგ კი მაკლერი მოიყვანა ბინის შესაფასებლად და გამოგვიცხადა, ამ ბინის ნახევარი მე მეკუთვნის და უნდა გავყიდოო. ნათქვამია, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ისე დაგვემართა. მაკლერის წასვლიდან მეორე დღეს ჩემმა ქმარმა ვიღაცეებთან იჩხუბა, თან, ნასვამი იყო. პატრული რომ მისულა, იმისთვისაც გაურტყამს და დაიჭირეს. ჩემი დედამთილი ამდენი ნერვიულობის გამო ლოგინად ჩავარდა და ამ ყველაფრის მიუხედავად, თიკამ მაინც გაყიდა ბინა, ჩვენ თანხის მესამედი მოგვცა (რომლითაც მხოლოდ ერთოთახიანი ბინის ყიდვა შევძელით), დანარჩენი კი თვითონ წაიღო. როგორც მერე გავიგეთ, ის თანხა მთლიანად ქმრისთვის ჩაუბარებია, ვითომდა ბინის საყიდლად, მაგრამ იმას თანხის ნაწილი თავისი შვილებისთვის დაურიგებია, დანარჩენით კი კაზინოში უთამაშია და მთლიანად წაუგია. უფულოდ რომ დარჩენილა, თიკას ნივთები მოუპარავს და გაუყიდია, რაზეც თიკას სერიოზულად უჩხუბია და მისგან წამოსულა. ჩვენთან, რა თქმა უნდა, ვეღარ მოვიდოდა, სადღაც ნახევრად სარდაფში ერთი ოთახი უქირავებია და ახლაც იქ ცხოვრობს. მეგობარი არც არასდროს ჰყოლია, ნათესავებთან ყველასთან ნაჩხუბარია, თანამშრომლები ვერ იტანენ და არის ასე საცოდავად, მარტოდმარტო, მინდვრის თაგვივით, კაცი გულშემატკივარი არ ჰყავს. ჩემს დედამთილს ვუთხარი, მე რომ დამინახოს, ალბათ, ქვას მესვრის, იქნებ თქვენ წახვიდეთ და პროდუქტები წაუღოთ-მეთქი. საწყალმა ტირილი დაიწყო – ვიცი, რომ ყველას საშინლად მოგვექცა, მაგრამ, რა ვქნა, მაინც შვილია და მეცოდება, რომ ასეთი თავისთავის უბედური გამოდგაო.

სხვათა შორის, გულში მაინც მეგონა, რომ დედამისსაც არ მიიღებდა და არც მის მიტანილს დაიტოვებდა, მაგრამ, დაიტოვა კი არა, სია ჩამოუწერია, რაც სჭირდებოდა და მეორე დღისთვის დაავალა მიტანა. დედამისმაც, თავისი პენსია გამოიტანა, ყველაფერი უყიდა და რაც ფული დარჩა, ისიც დაუტოვა. იმანაც ისე კარგად შეირგო ყველაფერი, დედამისს დაუწესა, კვირაში ერთხელ მისვლა და პროდუქტების მიტანა. თავიდან ხმას არ ვიღებდი, მერე კი ჩემს დედამთილს საყვედური ვუთხარი: თქვენი შვილიშვილი როგორ გავზარდო და თქვენი მეორე შვილი როგორ შევინახო ციხეში მარტომ-მეთქი. აბა, რა ვქნა, ჩემს შვილს საბოლოოდ ხომ არ ვკრავ ხელს. შენ ახალგაზრდა ხარ, მუშაობ, თან, კარგად იცი ცხობა, გამოაცხვე ნამცხვრები, ჩააბარე და შემოსავალი გაგეზრდება. მე კი ჩემს პენსიას ვისაც მინდა, იმას მოვახმარო. ის უსინდისო შვილი კი ისე გაფცქვნის ხოლმე დედამისს ყოველ მისვლაზე, წნევის წამლის ფულსაც აღარ უტოვებს და მე ვყიდულობ ხოლმე.

აი, ასეთ დღეში ვარ. ახლა ვნანობ, რომ ასე ადრე გავთხოვდი. ვერც სტუდენტობა ვიგემე, ვერც მეგობრებში სიარული მოვასწარი და მთელი ცხოვრება ჩემი მულის სიგიჟეებს ვუყურებ და ვუძლებ, საბოლოოდ კი ჩემს შვილს (თუ რამე სასწაული არ მოხდა) ბინაც კი არ აქვს. ასეთი ცხოვრების გამო უკვე დაღლილ მოხუცად ვგრძნობ თავს, არადა, ჯერ მხოლოდ 26 წლის ვარ.

თაკო, 26 წლის.

скачать dle 11.3