კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კოდის გახსნას ცდილობს მურაზ მურვანიძე და როგორ შეძლო მან პლანეტების გაადამიანება

თეატრის მხატვრობას მურაზ მურვანიძემ სრულიად ახალი სული შთაბერა, სული, რომელიც არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, არამედ, მსოფლიოს ნომერ პირველ თეატრებში შევიდა და ააფორიაქა. გენიალური მხატვარი სხეულით გრძნობს, თუ რა არის საჭირო სპექტაკლისთვის, ბალეტისთვის, ოპერისთვის... როგორ იქცეს დეკორაცია მსუნთქავ ორგანიზმად და ისე შეერწყას სცენაზე განვითარებულ მოქმედებებს, რომ მაყურებელი უწონადობაში გადაიყვანოს. უცხოური პრესა მის შესახებ წერს: „ჰამლეტის“ თავშეკავებული და ტრადიციული კოსტიუმებისა და დეკორაციის შემდეგ მურვანიძემ „პორგი და ბესიში“ ექსპერიმენტული, ნოვატორული სასცენო გამომგონებლობის მწვერვალს მიაღწია.“

მურაზ მურვანიძე: ბავშვობიდან ვდგამდი სპექტაკლებს – მაგიდას გადავაბრუნებდი, სახურავს და ფანჯარას გავუკეთებდი და ის იყო თეატრი. მეხერხებოდა ხელოსნური რაღაცეები, ვხერხავდი და ვაფუჭებდი ბევრ ნივთს, რისთვისაც ხშირად მეჩხუბებოდნენ კიდეც (იცინის). გამომგონებელი ვიყავი, ხატვა არასდროს ყოფილა ჩემი მთავარი მისწრაფება. ვაკეთებდი თვითმფრინავების, მატარებლების მოდელებს, რომლებიც მექანიკურად მუშაობდა, დადიოდა... სათამაშოები არ მქონდა და ჩემით ვიკეთებდი. ვფიქრობდი, ავიაკონსტრუქტორი ან არქიტექტორი გავხდებოდი. ამ პროფესიების მიმართ სიყვარული დამრჩა და ეფექტურად ვიყენებ სცენაზე. სხვათა შორის, პატენტიც მაქვს აღებული თვითმფრინავის დასასმელ შუქნიშანზე. სამფერიანი, ქუდიანი შუქნიშნები მოვიფიქრე, რომლის მიხედვითაც, თუ მფრინავი ქვედა, ანუ წითელ შუქს ხედავს, თვითმფრინავი დასასმელად ძალიან ქვემოთ არის, თუ ორ ზედა ნათურას – იდეალურად ჯდება, ხოლო, თუ მხოლოდ ზედა შუქს, მაშინ, თვითმფრინავი საჭიროზე მაღლაა. ამერიკელებმა ზუსტად ასეთი შუქნიშნები დაამონტაჟეს ავიამზიდზე პატენტის აღებიდან თორმეტი წლის შემდეგ.  ვერ ვიჩივლებ – ხელით დაწერილ სიგელს ხომ არ მივიტან (იცინის). საერთოდ, მპარავენ ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ, არ მწყინს, მეცინება; უნდა მოიპარონ, აბა, რა უნდა ქნან?! კომპიუტერით სპეციალურად არ ვსარგებლობ – არ ვნახულობ არაფერს და, ვცდილობ, არ მივიღო ინფორმაცია, რადგან, შეიძლება, რაღაც დავინახო, მომეწონოს და ჩემდაუნებურად გამოვიყენო. არ მინდა სხვისი ინფორმაცია, ტოტს რომ შევხედავ, იდეა მომდის. რა იდეებიც მაქვს, იმის ერთი პროცენტი მაინც რომ განმახორციელებინა, ბედნიერი ვიქნებოდი.  

იქიდან გამომდინარე, რომ სწავლა მეზარებოდა, ყველაზე იოლი გზა ავირჩიე და ხატვას გავყევი, მოგვიანებით კი თეატრალურში სცენის მხატვრობას დავეუფლე. დღემდე, ალბათ, თეატრში ჩემი ბადალი არ არის და, გეტყვით, რატომ: მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა, მათ უჭირთ ტექნიკური ამოცანების გადაჭრა. ამიტომ, შეიძლება, მოიფიქრონ სასწაული დეკორაცია, მაგრამ, მათი განხორციელება შეუძლებელი იქნება. კონსტრუირება, აწყობა, მექანიკა – ცალკე უზარმაზარი სამუშაოა. ერთი სიტყვით, ასე გავხდი თეატრის ტყვე. 

– თავიდანვე კარგ რეჟისორებთან მოხვდით? 

– ნანა დემეტრაშვილი იყო ჩემი პირველი რეჟისორი. გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლი დადგა და პირველსავე გაფორმებაში საუკეთესო მხატვრის მედალი ავიღე (იცინის). შევედი თეატრში, წარმოდგენა არ მქონდა, რა როგორ მუშაობდა, მაგრამ, ძალიან მალე ავუღე ალღო. თეატრში ვცხოვრობდი, სხვენში მეძინა, ვუყურებდი „როლიკებს“, რა როგორ ტრიალებდა. 

– თქვენი საქმის ფანატიკოსი ხართ?

– ერთმნიშვნელოვნად, და არა მხოლოდ საქმეში, ყველაფერში – ადამიანებთან ურთიერთობაში, ქვეყნის, ჩემი ხალხის მიმართ სიყვარულში ვარ ფანატიკოსი. ბოროტების ნატამალი არ მაქვს. არ მეგულება სხვა ხელოვანი, ვინც სხვის გამოფენაზე ისეთი სიხარულით მიდის, როგორც მე. ვიცი, რადგან მუშაობს, აუცილებლად დადებითს დავინახავ. კეთილგანწყობილება მერე საინტერესო რაღაცეებს ბადებს. პარიზში 1987-1988 წლების თეატრალური სეზონის საუკეთესო მხატვრად დამასახელეს, რასაც ფანტასტიკური პრესა მოჰყვა. წერდნენ, რომ, კორსარის პრემიის შემდეგ როგორც ვარსკვლავმა, ისე გაიღვიძა, „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ კი – როგორც გენიოსმაო. ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს, რა არის ამ წარმატების მიზეზიო და ვუპასუხე: აქ რომ მოვრბოდი ფინიშის ხაზის გადასაკვეთად, ვგრძნობდი ჩემი კოლეგების ცხელ სუნთქვას, იმ ადამიანების, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს და ვინც ოდესმე დამხმარებია-მეთქი. 

– პირველი საერთაშორისო მასშტაბის წარმატება „პორგი და ბესი“ იყო?

– დიახ. აღიარებულია, რომ ასეთი დეკორაცია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში არ გაკეთებულა. ურთულესი ამოცანა გვქონდა: ოპერა ბალეტად დაიდგა და უფეხო პორგის ისე უნდა ეცეკვა, რომ მაყურებელს ეს დაეჯერებინა. ისეთი დეკორაცია გავაკეთე, რომ მისი ფეხზე ადგომა და დატრიალება ხალხმა გადაყლაპა. ბალეტმაისტერებს და, ზოგადად, რეჟისორებს, უჭირთ მხატვრის მნიშვნელობის აღიარება, უნდათ, რომ ყველაფერი მხოლოდ მათ სახელს მიეწეროს. მხოლოდ ერთეული, ძალიან ჭკვიანი რეჟისორები არიან, ვინც იცის, რომ მას სჭირდება კარგი კომპოზიტორი, კარგი მხატვარი და ასე შემდეგ. სუსტები კი ფიქრობენ, რომ ეს მათ სახელს სრულყოფილ დიდებას აკლებს. სხვათა შორის, რეჟისორმა დეკორაციის გარეშე აჩვენა „პორგი და ბესი“ და, გეფიცებით, მაყურებელმა სტვენა ატეხა. 

– მსგავსი დეკორაციის გაკეთება ძალიან დიდ დროს მოითხოვს?

– რა თქმა უნდა. წელიწადში მაქსიმუმ სამი-ოთხი ბალეტის ან ოპერის გაფორმება შემიძლია. თუმცა, ვიცნობ ისეთებს, ვინც ამდენს დღეში აკეთებენ. ნინო ანანიაშვილს ჩამოჰყავს ხოლმე მხატვარი, ვიცნობ იმ ბიჭს, რომელიც მართლა პროფესიონალია და მან თავად მითხრა: მე სერიული მხატვარი ვარ, თქვენ კი ინდივიდუალურიო. დღეში სამ სპექტაკლს აკეთებს, კონვეიერივით – გააჩნია, რეჟისორს რა უნდა. 

– რადგან ეს არ შეგიძლიათ, ამ აჩქარებულ საუკუნეში თუ რჩება მოთხოვნა თქვენზე, ანუ ხარისხზე, რომელიც მხოლოდ უნიკალურსა და განუმეორებელს ქმნის?

– არ არის მოთხოვნა. ეჩქარებათ, თან, მაყურებელიც მიაჩვიეს და მას აღარ უჩნდება პრეტენზია. გარდა ამისა, ერთია დრამატული თეატრის მხატვრობა და, მეორე – მუსიკალური თეატრის. დრამატული სპექტაკლი შეიძლება მინიმალური დეკორაციით გაკეთდეს, მაგრამ, როდესაც ოპერაშიც, იგივე შეიჭრა, ეს ძალიან არ მომწონს. ოპერაში უნდა იგრძნობოდეს ირეალურობა, ფუფუნება...

– ამიტომაც ბედავს მაყურებელი ჯინსებით მისვლას ოპერაში.

– არაფრით არ შეიძლება. სულ ვფიქრობ, რომ ბავშვი თავიდანვე, „აი იასთან“ ერთად უნდა მიეჩვიოს გემოვნებიან მუსიკას, სპექტაკლს, რომ იცოდეს კარგისა და ცუდის გარჩევა. ჩვენთან კი როგორ იყო?! რაიკომის მდივანი თუ მივიდოდა, ესე იგი, ოპერა კარგი იყო და მაყურებელიც არ აკლდა. თან, მუსიკალური თეატრი ფოიერვერკია, ყველაფრის მომცველი – თუკი რამე კოსმიურისთვის, ზეადამიანურისთვის მიუღწევია ადამიანს, ყველაფერს აერთიანებს. 

– რა ჯილდოებია, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებულია?

– მარჯანიშვილის თეატრში „დონ სეზარ დე ბაზანი“ გავაკეთე და ადმინისტრატორმა და ბილეთების გამყიდველმა ქალბატონებმა მოულოდნელად ხელზე მაკოცეს. ცრემლები წამომივიდა, ისე იმოქმედა. მეორე იყო პეტერბურგში, როდესაც თანამშრომლებმა ფული აკრიბეს და იტალიელი თეატრის მხატვრების კრებული მაჩუქეს დაბადების დღეზე. ეს იყო მეორე შემთხვევა, პირველად შალიაპინისთვის გაუკეთებიათ მსგავსი საჩუქარი. ეს ორივე ფაქტი მარინის თეატრის ისტორიაში შევიდა. რასაკვირველია, ვაფასებ ყველა იმ ჯილდოს, რომელიც ქართველი შემოქმედებიდან მხოლოდ მე მაქვს – პიკასოს, „ლინკოლნ-ცენტრის“, ჩიკაგოს პრემიები. საუკეთესო მხატვრის პრემიები მაქვს აღებული პოლონეთში, საფრანგეთში, ამერიკასა და მსოფლიო ჩემპიონატში – კანადაში. მორჩა, ამაზე მეტი აღარაფერია. აი, საქართველოდან „პორგი და ბესი“ რომ წასულიყო, აუცილებელად აიღებდა ოქროს მედალს „ოლიმპიურ თამაშებზე“. ოთხ წელიწადში ერთხელ ვარშავაში თეატრალური მხატვრების გამოფენა ტარდება როგორც ვენეციის ბიენალე, რომელსაც „ოლიმპიურ თამაშებს“ ეძახიან და ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოა. არც ერთხელ, საქართველოს თავისი სახელით არ გაუტანია ჩემი ნამუშევარი... 

– რატომ?

– არ ვიცი, არ დავიწყე ამის კვლევა-ძიება...

– გწყდებათ გული?

– მწყდება, მაგრამ, მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო – უამრავი რაღაცის გაკეთება შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის და ვერ ვაკეთებ. ისევ ჩემი ძმაკაცების შვილიშვილები, ისე გაიზარდნენ, რომ არ იციან, რისი გაკეთება შემიძლია, რადგან, ჩემი ნამუშევრები არსად ჩანს. ბადრი პატარკაციშვილი რომ არ ყოფილიყო, საქართველოში არ დავბრუნდებოდი. მთაწმინდის პარკის უზარმაზარი ტერიტორიის რვა ჰექტარიც კი ვერ დავასრულე მთლიანად, ისე გამომაგდეს. სამეფო უბნის თეატრში გავაკეთე რამდენიმე სპექტაკლი, მაგრამ, ისინი რას გადამიხდიდნენ (იცინის),  იქით მიმაქვს ფული  (თეატრის მმართველი ბატონი მურაზის სიძე, ნიკა თავაძე, ხოლო ერთ-ერთი რეჟისორი – შვილიშვილი, დათა თავაძე, – ავტორი).

– უცხოეთიდან არ არის შემოთავაზებები?

– გიგა ლორთქიფანიძემ მითხრა ერთხელ, ამ და ამ სპექტაკლს არ გავაკეთებ, სანამ შენ არ ჩამოხვალ და ერთად არ ვიმუშავებთო. მელოდებოდა, ვერ ჩამოვედი და არ დადგა. სხვაგან ეს არ ხდება, სხვა სისტემაა. რაც დღეს აქვთ გასაკეთებელი, დღესვე უნდა გაკეთდეს. ბალანჩინთან ერთად გავაკეთე რამდენიმე სპექტაკლი. „ლინკოლნ-ცენტრის“ პრეზიდენტმა კირსტაინმა პირდაპირ მითხრა, რაც შენ „მეტროპოლიტენისთვის“ გააკეთე, მსგავსი არაფერი მინახავს, სასწაულია, ასე ჰარმონიულად მოძრაობდეს მოცეკვავე და მთელი სცენაც მის გარშემოო. მოდი, „ლინკოლნ-ცენტრის“ მხატვარ-კოორდინატორად დარჩიო. ცენტრის მთავარი მხატვრობა ნიშნავს, რომ უნდა ვყოფილიყავი ყველა იმ კულტურული დაწესებულების მხატვარი, რომლებსაც ეს ცენტრი აერთიანებს: ბალეტის თეატრი, ჯულიარდი, ოპერის თეატრი, ფილარმონია, კინოცენტრი, ბიბლიოთეკა და ასე შემდეგ. მქონდა კიდევ მეორე შემოთავაზება ოლივერ სმიტისგან. ის და კიდევ ერთი მხატვარი თეატრის კლასიკოსი მხატვრების ენციკლოპედიაში არიან შესული. ეს სმიტი ჩვენი გაგებით, იმ პერიოდში,  თეატრალური ინსტიტუტის, თეატრალური მხატვრობის კათედრის გამგე იყო. მან მთხოვა, კათედრაზე დარჩი, ენის სპეციალისტს დაგინიშნავ, ამ თანამდებობაზე დიდხანს აღარ ვიქნები და შენ დარჩებიო. ეს იყო 1989 წელი. მაინც სიფრთხილე გამოვიჩინე – ვიფიქრე, არ მობრუნდნენ კომუნისტები და ჩემი ოჯახის წევრებს პრობლემები არ შეუქმნან-მეთქი. თან, არ მიჭირდა, მსოფლიოს ყველა თეატრის კარს ფეხით ვაღებდი. მაშინ „მარინის თეატრის“ მთავარი მხატვარი ვიყავი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალური თეატრების სათავეშია. პირველია თავისი მასშტაბებით და შტატით, გარშემო ქარხნები აქვს. „მეტროპოლიტენში“ მუშაობის დროს ქალაქის ბოლოს, ბრონქსში დავდიოდით – იქ იყო „ცეხები“, აქ კი ყველაფერი გარშემოა – ქუჩას გადახვალ და ამზადებ, რასაც გინდა. დიდ თეატრში ვმუშაობდი როსტროპოვიჩთან, პაკროვსკისთან, ჭაბუკიანთან... უამრავი საქმე მქონდა.

– რატომ გამოგიგზავნათ ნახატი სალვადორ დალიმ?

– გავიცანი და დავმეგობრდი ჭარმაგ ადამიანთან – პიერ არჟილესთან, სალვადორ დალის დიდ მეგობართან, რომელიც, სამწუხაროდ, ახლა აღარ არის ცოცხალი. უმდიდრესი კაცი იყო და ლუვრიდან თექვსმეტ კილომეტრში, ულამაზეს შატოში აქვს გაკეთებული დალის მუზეუმი. ამ შატოში დაახლოებით ოთხმოცდაათი ოთახია, რომლებიც სავსეა დალის ქანდაკებებით, მულიაჟებით, ფერწერული და გრაფიკული ტილოებით, შუშის ნაკეთობებით. ჩავდიოდი ამ შატოში და დალის საწოლში მეძინა. სხვათა შორის, გადაღებულია, როგორ ვიღვიძებ მის ლოგინში, ცუდად კი ვთამაშობ (იცინის). ერთ მშვენიერ დღეს, დავხატე პიერ არჟილე. მან მითხრა, პიკასომ, დალიმ, ვინ აღარ დამხატა, ყველა შენახული მაქვს, მაგრამ არც ერთი არ მომწონსო. და უცებ ასისტენტს დაავალა, ჩარჩოდან ამოეღო დალის ნახატი და ჩემი ნახატი ჩაესვა, მერე კი თქვა: სალვადორს უნდა ვკითხო, მაძლევს თუ არა ამ ნახატის თავის მუზეუმში დაკიდების უფლებასო. სალვადორმა თანხმობა განაცხადა, თან, გამომიგზავნა თავისი ნახატი წარწერით. დალის იმ მუზეუმში, მისი სიკვდილის შემდეგ აღარაფერი აღარ შესულა და აღარც შევა, ასე რომ, დღემდე, დალის მუზეუმში სულ ოთხი სხვა, დალის მიერ დაშვებული მხატვრის ნახატი ინახება. ესენია: პიკასო, დე კირიკო, კოკტო და მე. ასე ვართ „ჩამოკიდებული“ ბიჭები სალვადორის გვერდით (იცინის).

– ახლა რაზე მუშაობთ?

– ვაკეთებ სილვი გილემის ქანდაკებას, რომელიც ბრინჯაოში უნდა ჩამოვასხა. ბალეტის პარიზელი მოცეკვავეა, ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელი. მინდა, აქ ჩამოვიყვანო და ვაჩუქო, იქნებ, იცეკვოს კიდეც. მაგრამ არა მგონია, ნინო ანანიაშვილმა ეს მოინდომოს – არ უყვარს კონკურენცია. რუსეთში ხალხი ხარხარებს, როცა მეკითხებიან, ოპერაში მუშაობ თუ არაო და ვეუბნები, ოპერაში არც მიშვებენ-მეთქი – გიჟდებიან ამაზე. თან, რამეს ხომ არ ვითხოვ, სულ უფასოდ ვმუშაობ. არადა, ისეთ რაღაცას შევიტანდი, რაზეც ახალი თაობა გაიზრდება. დათას სპექტაკლი გავუკეთე, აქ კაციშვილს ყურადღება არ მიუქცევია დეკორაციისთვის, წაიღეს მოლდოვაში და გაგიჟდნენ – რა საოცრებაოო. მათ შეუძლიათ დანახვა, აქვთ ეს კულტურა. 

– ქართველებმა არ ვიცით დაფასება.

– აი, დაფასების მინისტრად რომ დამნიშნონ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებდი (იცინის). სხვათა შორის, ერთხელ მკითხეს, რა თანამდებობისთვის ჩამოხვალ საქართველოშიო და, ვუპასუხე,  რესტორნებში მუსიკისთვის ხმის დაწევის მინისტრად თუ დამნიშნავენ, ჩამოვალ-მეთქი (იცინის). ახლა ვხატავ სურათს, რომლის დასრულებაც ვეღარ მოვახერხე ოპერის ფარდის გამო – შესაძლოა, ოპერის ფარდა მოვხატო. ნახატს ჰქვია „ეს გზა მიგვიყვანს?!“, რომელზეც გამოსახულია გზა და მის მარჯვნივ და მარცხნივ ჩამწკრივებული: ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი, ეკლესია, მერე მიდგმული მეორე ეკლესია, ისევ აფთიაქი, რესტორანი, რესტორანი, ბენზინგასამართი სადგური და ასე ორივე მხარეს, შორს, პერსპექტივაში... ბოლოს კი დანგრეული კედელი და ფრესკის ნაწილი მოჩანს...

– ტაძრების აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, აბსოლუტური კალკირება ხდება ხუროთმოძღვრების საუკუნეების წინანდელი გაგების. შესაძლოა, ადრე ეს პროგრესული მოვლენა იყო, მაგრამ, ოცდამეერთე საუკუნე ახალ მოთხოვნებს აყენებს ხუროთმოძღვრების წინაშეც კი. რას ფიქრობთ ამაზე?

– ამაზე სულ ვფიქრობ და ძალიან ბევრი იდეა მაქვს. ბევრი კრიტიკა მესმის სამების საკათედრო ტაძრის და ჩემი აზრიცაა, რომ ასეთი უშველებელი ტაძარი ამ საუკუნეში ზედმეტია. თუმცა, თუ საკითხს დავაყენებთ ასე: უნდა აშენებულიყო თუ არა, – ერთმნიშვნელოვნად, უნდა აშენებულიყო! მაგრამ, მომხრე ვარ, რომ ხუროთმოძღვრებაც განვითარდეს. სხვათა შორის, სამებაზე რომ იყო გამოცხადებული კონკურსი, მაკეტი შევქმენი, მაგრამ, აღარ გავიტანე – ვიცოდი მაინც არ გაკეთდებოდა. ერთი ეკლესიაც ჩავხატე, რომელიც პატრიარქს მივუძვენი: ჩამოღვენთილ სანთელს ჰგავს, ქრისტეს დაფლეთილ კვართს, სკულპტურას. რაც გავაკეთე, ის სულ შუშა იყო, ჩვენი გენიალური ფრესკები ვიტრაჟში იყო გადატანილი. კრამიტების მასალისგან შიგნით იყო ჩამოკიდებული ნაკეთობები, რომლებიც აკუსტიკაზეც ზრუნავდა და სინათლის განაწილებაზეც. იატაკი გავუკეთე მთლიანად თეთრი მარმარილოსი, რომელსაც შუშა ირეკლავდა და თითქოს უწონადობაში გადადიოდი. სანთლები, სინათლე საოცრად სულიერ განწყობას ქმნიდა. ღამით ფილებს ვწევდი და იქიდან ძლიერი პროჟექტორებით ტაძარი ნათდებოდა, ისე რომ სიბნელეში ტაძარი თითქოს ჰაერში იყო გამოკიდებული. 

– როგორც ვიცი, ოპერის ფარდაზე მუშაობთ.

– პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით ფარდა გავაკეთე, რომელიც ძალიან მოეწონა. ერთხელ მთხოვა, იქნებ მოხვიდე ჩემთან, სალაპარაკო მაქვსო. შემომთავაზა, იქნებ ოპერის ფარდაზე იმუშაოო. ვუთხარი, გენიალური ფარდა ჰქონდა გაკეთებული სერგო ქობულაძეს-მეთქი. დიდებული კი იყო, მაგრამ, არ იყო მაინცდამაინც ქართული ელემენტებითო. ვუთხარი, პარიზში, „პალე დე კონგრეიში“, „ვეფხისტყაოსანი“ მაქვს გაკეთებული, 24X12 მეტრზე, რაშიც პიკასოს პრემია ავიღე-მეთქი. მთხოვა, მაჩვენეო. ის სეფიაში, შავ-ყავისფერში მქონდა გაკეთებული და ოპერის ფარდისთვის ფერადად გადავაკეთე. ყველაფერი კოსმოსში გავიტანე, რადგან, გმირები არ არიან ადამიანები, იქ პლანეტებზეა ლაპარაკი – კოსმიურია ყველაფერი, ყველგან კოდი დევს. ვერ ვიტყვი, რომ ეს კოდი გავხსენი, მაგრამ, ვცდილობ, მივუახლოვდე. ამაზე გენიალური და ამაზე დიდი სატრაბახო არაფერი გვაქვს. ამ სილამაზის გამო, პარიზში, ნიუ-იორკში, ვანკუვერში – სადაც კი წავიღე, „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემები გაჩნდა, თავიდან დაიწყეს ბეჭდვა. ფარდა მთლიანად ძვირფასი ქვებით იქნება გაფორმებული და ჩამონტაჟდება პატარა დიოდები. შუქი რომ ჩაქრება, ფარდა ვარსკვლავებიან ცას დაემსგავსება და ისე აიწევა. 

– ეს ფარდა გვექნება ოპერაში?

– არ ვიცი, ამას ჯერ კიდევ სჭირდება განსჯა, საზოგადოების აზრის მოსმენა. მაგრამ გპირდებით, თუ ოპერაში ეს ფარდა დაიკიდება, ხალხი წარმოდგენაზე სპეციალურად ადრე მივა მის სანახავად.

скачать dle 11.3