კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოუტანა საქართველოს სამი მმართველის პრეზიდენტობამ და რატომ დაზარალდა ყველაზე მეტად საბჭოთა კავშირის დაშლით პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის

2013 წლის 9 აპრილს 24 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს უიარაღო მოსახლეობა საბჭოთა სისტემას მასობრივად დაუპირისპირდა, იმავე 9 აპრილს 22 წელი შეუსრულდა ჩვენს დამოუკიდებლობასაც. თუმცა ამ გადასახედიდან ისიც აშკარაა, რომ დამოუკიდებლობა ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ მიიღო, ოღონდ ჩვენ შევაკვდით; თითოეული პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებს (მეტ-ნაკლები წარმატებით), ოღონდ ჩვენ საკმაოდ დავიშალეთ და ამ ერთ საქართველოში აგერ უკვე სამი პრეზიდენტი გვყავს. ლოგიკურად იბადება კითხვები: ჩვენ უნდა დაგვეღვარა ყველას დასაღვრელი სისხლი და გაგვეღო ყველას მიერ გასაღები ხარკი თუ შესაძლებელი იყო მიზნისკენ ნაკლებად სახიფათო გზით სიარული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას აკაკი ასათიანთან ერთად შევეცდებით.

– თუ ბაქოსა და ვილნიუსის მოვლენებს არ ჩავთვლით, ჩვენ მოვახერხეთ და ყველაზე მეტად დავზარალდით საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში. ჩვენი კარმაა ეს თუ ჩვენივე გაუთვლელი ნაბიჯების შედეგი?

– მარქსი პოლონელებს ისტორიის დონ კიხოტებს უწოდებდა. რაღაც ამგვარი ბრალდება ისმის ჩვენი მიმართულებითაც. 1989 წლის 9 აპრილმა დასავლეთის პოლიტიკურ ელიტაში დიდი რეაქციების გარეშე ჩაიარა, იქაურ მედიაშიც კი  ზომიერი რეაქცია იყო. ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ მსოფლიო პოლიტიკის პოსტულატი, რომ ყველაფერი ზომიერად და თანდათანობით უნდა ხდებოდეს. არადა, იდეა ასეთი იყო: ჯერ სოციალისტურ რესპუბლიკებს მოვაშორებთ საბჭოთა კავშირს და მოკავშირეებს გადავიყვანთ სოციალისტურებშიო, მაგრამ ჩვენ, რაკი დავინახეთ, თავისუფლება, მოვინდომეთ მაქსიმალური.

– ქაჩლის არ იყოს, ჯერ არ მოიფხანა, შემდეგ მოიგლიჯაო?

– ეს, ალბათ, ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის შედეგი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობდა ხალხის უდიდესი შემართება. ვფიქრობ, ამ ინერციამ და თავისუფლების დაგუბებულმა მოთხოვნილებამ შეასრულა თავისი როლი. მაშინდელი პოლიტიკური ელიტა არ გამოდგა და რადიკალურმა ფრთამ აიღო თავის თავზე ლიდერობა. კომუნისტებმა ინიციატივა არ აიღეს თავის თავზე, ინტელექტუალური ელიტა რაღაც განცხადებების გაკეთებას მოუნდა. მაშინ, როდესაც ბალტიისპირეთში ამ ორმა ფრთამ მესამესთან,  ეროვნულ მოძრაობასთან, კონსენსუსი შეადგინა და ფონს გავიდნენ. მხოლოდ ლიტვას ჰქონდა მსხვერპლი ვილნიუსში, დანარჩენებმა პროცესები უსისხლოდ გაიარეს. ისიც ნიშანდობლივია, რომ ლიტვაში ვიცით, ვინ ხელმძღვანელობდა პროცესს: ბრაზაუსკასი და ლანდსბერგისი, კომპარტიის ყოფილი ლიდერი და დისიდენტი. ლატვიელებისა და ესტონელების ლიდერები უკვე არ ვიცით, რადგან იქ ყველაფერი მართლაც მთელმა ხალხმა გააკეთა. ჩვენთან ეს მისია ითავა გამსახურდიამ. ეს, რა თქმა უნდა, არის გამსახურდიას ღირსება, მაგრამ საზოგადოების ნაკლი. აი, ეს არის პრობლემა.

პირველი ხელისუფლება მართლაც ყამირს ტეხავდა. სრულიად გამოუცნობი ვითარება იყო. დღეს არსებობს თეორიები, ვინ დაგეგმა, ვინ რა როლს ასრულებდა, მაგრამ, სინამდვილეში მოქმედებათა ჯამი იყო: შეერთებულ შტატებს უნდოდა საბჭოთა კავშირის დასუსტება; რუსეთს უნდოდა თავის მიერ კონტროლირებადი ენერგორესურსებისა და რუსეთის სიმდიდრის ხელიდან გამოცლა; ცენტრალურ აზიას უნდოდა, დაჰპატრონებოდა თავის სიმდიდრეებს; ჩვენ გვინდოდა თავისუფლება; სომხებსაც იგივე, მაგრამ უფრო ზომიერად; აზერბაიჯანიც ქვეცნობიერად თავისი რესურსების დაპატრონების მიზნით მოქმედებდა; ბალტელებს დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა ჰქონდათ. გორბაჩოვს წარმოდგენა არ ჰქონდა, რას აპირებდა. გამიკვირდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მათ გათვლილი არ ჰქონდათ არათუ მეხუთე და მეექვსე ნაბიჯი, არც ერთი მომდევნო ნაბიჯი არ იცოდნენ. ამდენად, მე ის უფრო მიკვირს, რა მოვახერხეთ, ვიდრე ის, რა ვერ მოვახერხეთ. ეს იმას ჰგავდა, უცნობ ადგილას რომ მოხვდები ქარიშხალში, თან, ტყეში, რომელიც სავსეა ყაჩაღებით. სრულიად ექსტრემალურ ვითარებაში მოვხვდით, მაგრამ შემდეგ ხომ შეიძლებოდა იმის გათვალისწინება, რაც გავიარეთ, სხვისი პოზიტიური მაგალითის გათვალისწინება?! არც ჩვენი შეცდომები გავითვალისწინეთ და არც სხვისი მიღწევები, თუმცა შევარდნაძეს ჰქონდა ძალიან სერიოზული საგარეო პოლიტიკა.

– ეს უკვე წყალგაუსვლელი ფაქტია.

– ეუთოს სტამბულის სამიტის გადაწყვეტილება დიდი მიღწევა იყო, მაგრამ მაშინაც ატყდა ერთი ამბავი, რატომ ახლავე არ გადიან რუსებიო.

– აქვე გავიხსენებ ბარემ, როდესაც „იმელის“ პარლამენტი მსჯელობდა რუსული ბაზებისთვის იჯარის გაგრძელების საკითხს, ვერაფრით შეთანხმდნენ ვადებზე, არადა, მაშინ რომ დაედგინათ ვადად ის 15 წელი, უკვე ამოწურული იქნებოდა ეს დრო.

– შევარდნაძე თავისი დაბალანსებული პოლიტიკით მიდიოდა დასავლეთისკენ, რუსეთი ამას არ პატიობდა, რადგან პირადად ის არ უყვარდათ, თორემ მანევრი დიდებული იყო. თუმცა ვიცით, შიგნით ქვეყანაში რა ხდებოდა და დღესაც გაუგებარია ჩემთვის, რატომ არ აკეთებდა შევარდნაძე იმას, რაც სააკაშვილმა და მისმა პატარა ლაწირაკებმა შეძლეს?! მაგრამ, სამაგიეროდ, იმავე სააკაშვილმა საგარეო პოლიტიკაში აიღო ყოვლად უაზრო კურსი რუსეთთან. დაპირისპირების კი არა, იდიოტური სიტყვიერი რიტორიკის და ამაზე ისინი რეაგირებდნენ. არა მარტო ისინი, ჩვენ გვახსოვს, რომ მამა ბუში გაეპაექრა გამსახურდიას, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკის მეთაურს და გაუმართა პოლემიკა, იმიტომ რომ ისინიც ადამიანები არიან.

– უკვე დღესავით ნათელია, რომ ავტონომიები რუსეთს სჭირდებოდა ზემოქმედების ბერკეტებად, თუმცა არც ერთი არ უღიარებია, ჩვენი ავტონომიების გარდა. რატომ იმუშავა ამ საბჭოთა დროს ჩადებულმა ნაღმებმა ყველაზე ეფექტიანად საქართველოში? რუსები  იყვნენ ძალიან მოწადინებულები თუ ჩვენ შევუწყვეთ ხელი?

– წამოვეგეთ, რადგან ყველგან იყო ამის მცდელობა და ვიცით, რომ აზერბაიჯანშიც გათამაშდა ყარაბაღი. აზერბაიჯანი ძალიან ბევრ რამეში მოიქცა ჩვენნაირად. შემდეგ დამყარდა ალიევის ავტორიტარული რეჟიმი და ამის გამო, მინიმუმ, ადრე მოწესრიგდა პრობლემები, თუმცა იქ სამოქალაქო ომიც იყო, ტერიტორიული პრობლემაც შეიქმნა, ოღონდ იქ ორ ხალხს შორის. შევარდნაძემ იმის ნაცვლად, რომ ხელი არ ეხლო აფხაზეთისთვის, რომელიც მოგვარებული დავუტოვეთ, გაამწვავა. არადა, იქ მმართველები იყვნენ ყოფილი კომუნისტები, ანუ შევარდნაძის ხელქვეითები. შემდეგ თქვა შევარდნაძემ, ვნანობ, რომ არ შევხვდიო. არ იკადრა მათთან შეხვედრა, რადგან შევარდნაძის გადასახედი იყო ბეიკერი, ბუში, შულცი. აქაოდა, გამსახურდიამ ეს პრობლემა მოაგვარაო, დაარქვეს რაღაც სისულელე და ჯარები შეიყვანეს აფხაზეთში. შემდეგ სააკაშვილმა აიჩემა ცხინვალი. 2004 წლის სისულელე არ გაითვალისწინა და რუსეთთან ომამდე მივიდა საქმე. სხვათა შორის, ომის წაგებასაც აზრი აქვს. მაგალითად, ფინეთმა იცოდა, რომ ომს წააგებდა საბჭოთა კავშირთან, მაგრამ იმ წაგებას აზრი ჰქონდა. ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცოდით დღემდე და ვინც ვიცოდით, მათ გავლენა ვერ მოვახდინეთ. აი, ახლა ხორციელდება თვითმმართველობის რეფორმა: 25 წელი დასჭირდა იმის მიხვედრას, რომ შეუძლებელია 80 რაიონით იმართებოდეს ქვეყანა. მით უმეტეს, საქართველოსნაირი ქვეყანა, სადაც არავინ არ იცოდა ხარაგაულისა და გურჯაანის რაიონები, მაგრამ იცოდა გურია და კახეთი. ერთადერთი ლეჩხუმი ემთხვევა ცაგერის რაიონს, დანარჩენები ხელოვნურადაა აწყობილი. ის ვერ გავაცნობიერეთ, რომ ის ტერიტორიული დაყოფის წესი უზრუნველყოფდა საბჭოთა კავშირს, რაკი საბჭოთა კავშირი წავიდა, შენ ახალ მანქანაში გადაჯექი და ახალი კონტრაქტი გახდა საჭირო. საბჭოური ცნობიერებით გვინდოდა, დამოუკიდებელი ქვეყანა აგვეშენებინა, არადა, არ ისხმება ძველ ჭურჭელში ახალი ღვინო. ძლივს მივედით საპარლამენტო რესპუბლიკამდე. ამისთვის პოლიტიკური ელიტა კი არა, საზოგადოება არ იყო მზად, ეგონათ, 300 კაცი ერთდროულად მართავდა ქვეყანას. მონარქია ვთქვით 1990-ში და ბატონყმობის აღდგენა უნდათო. გაოგნებული დავრჩი. არ იციან, რომ მონარქიები ყველაზე სტაბილური ქვეყნებია ევროპაში. მაგრამ რა ვაკეთეთ იმისთვის, რომ გაგვერკვია ეს ყველაფერი?! მგონი, ახლა არის დრო, მშვიდად შეფასდეს განვლილი გზა, დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, რა იყო მცდარი, რამ იმუშავა, რა არ გამოგვადგა. ასევე, გავითვალისწინოთ გარე გამოცდილება. მაგალითად, ფინეთი, არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ არ არის „ნატოს“ წევრი. თუ საქართველოს მთლიანობა არ აღდგა, მაშინ იმ მსხვერპლს გამართლება არ ექნება და თუ არ ექნა, მაშინ ის ცოდვა უწევს ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში.

– ერთია, პასუხისმგებლობა და, მეორე, რა ალტერნატივები არსებობს თანამედროვე სამყაროში: „ნატო“, ევროკავშირი, ევრაზიული კავშირი…

– ოღონდ ევრაზიული კავშირი ჯერჯერობით არსად არსებობს, არც ქაღალდზე.

– და ისიც არ ვიცით, „ნატო“ თუ იარსებებს 50 წლის შემდეგ.

– ევროკავშირის არსებობა-არარსებობის პრობლემა დადგა. 

– შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ლაპარაკობდნენ პოლიტიკოსები უსაფრთხოების ქოლგაზე: რომელი ქოლგა გამოგვადგება?

– ჯერ ერთი, „ნატოსა“ და ევროკავშირში არ გვიღებენ. მეორეც, ინგლისი აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას, დარჩეს თუ არა ევროკავშირში, კვიპროსს კი ევროზონიდან გასვლის გარდა სხვა გამოსავალი არ რჩება. ამასთან, ერთია, რომ არ გვიღებენ და, მეორე, რა პირობით გვიღებენ, ავწონ-დავწონეთ მათი მოთხოვნები?! ან ევრაზიის კავშირზე რომ უარს ვამბობთ, ვიცით, რა არის?! აი, მაგალითად, უკრაინა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზეც მუშაობს ევროკავშირთან და თან, საბაჟო კავშირში შედის რუსეთთან და ორივე თანახმაა, სჭირდებათ და იმიტომ. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ უკრაინელები წონიან და აანალიზებენ არგუმენტებს, მაგრამ ჩვენზე მეტს ნამდვილად ფიქრობენ.

– უკრაინელები კარგ ადგილას არიან და დიდი ანალიზი, მაინცდამაინც, არ სჭირდებათ. 

– ჩვენც კარგ ადგილას ვართ, თუ გამოვიყენებთ. რუსეთის, ამხელა სივრცის, მთელი ტვირთბრუნვა გადადის უკრაინასა და ბელორუსიაზე. ბელორუსია ამაზე დგას და ნახეთ, რა ეკონომიკური მიღწევები აქვს, რუსეთის სამხრეთთან ურთიერთობა გადავიდოდა ჩვენზე. თურქეთი არის მსოფლიოს მეჩვიდმეტე ეკონომიკა, რუსეთი –  მეათე. შეიძლებოდა, ორი ამხელა ეკონომიკის დამაკავშირებელი რგოლი ყოფილიყავი. ჩვენი მეშვეობით თურქეთზეც გახვალ და ირანზეც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებას ჰყოფნის ჩვენი და აზერბაიჯანის თანამშრომლობა. შეიძლება, რომ 900 წლის წინ დავით აღმაშენებელს ესმოდეს გზაჯვარედინის მნიშვნელობა, გორი იმიტომაც ააგო, შენ კი 900 წლის შემდეგ იძახდე, დავითი დიდი იყოო და მის გამოცდილებას არ იყენებდე?!

– დამოუკიდებლობის 22 წლისთავზე ცოტათი მაინც წავიწიეთ წინ?

– დაკარგული ტერიტორია ვერ გათქმევინებს, რომ წინ წავიწიეთ, მაგრამ, ცივი გულით რომ ვიმსჯელოთ, პირველმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის მიღწევით შეასრულა თავისი პირობა; მეორემ შეძლო რაღაც მინიმალური ინსტიტუციური მოწესრიგება, კონსტიტუციის სახით, საგარეო ასპარეზზე თავისი თავის დამკვიდრებით, ფუნქციის მოძებნით; მესამემ ოცდამეერთე საუკუნის მინიმალური წესრიგი მაინც დაამყარა, ოღონდ მერე ვეღარ მოზომა და დაასკვნა, რომ ცემა-ტყეპა და ხოცვა-ჟლეტა უნდა ყოფილიყო. აი, ეს სამი ნაბიჯი მაინც გადაიდგა, ახლა დგას დემოკრატიისა და სოციალური პრობლემის მოხსნის ამოცანა. მე ვფიქრობ, სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების ამოცანა. როდესაც ივანიშვილმა თქვა, პრეზიდენტობა კი არა, პრემიერმინისტრობა მინდაო, ეს იყო პირველი მაღალრეიტინგული ქარიზმატული ლიდერი, რომელმაც უარი თქვა პრეზიდენტობაზე  და ეს უკვე პროგრესი იყო.

– რომ იტყვის, ისეთი კომბოსტო მომყავს, ვერც წარმოიდგენთო, უკვე გარღვევა იქნება?

– ეს დიოკლეტიანეს ნათქვამია… სოციალური პრობლემის მოხსნისა და დემოკრატიის ამოცანა დგას. ამას წინათ, მარგველაშვილი იყო ფასანაურში და იქაურ ბავშვებს სკოლაში წასაყვანად ავტობუსი დაუნიშნეს. მე ის ერთი ავტობუსი უფრო მიღირს, ვიდრე სააკაშვილის მიერ აშენებული ცათამბჯენი. იმიტომ რომ იმ ცათამბჯენებში ვინ იცხოვრებს, არ ვიცი, თუ ის ბავშვები არ ისწავლიან ფასანაურში. დიდ ხარჯად დაგვიჯდა აქამდე მოსვლა, მაგრამ წინ უნდა წავიდეთ. დიდი დრო დასჭირდა ამას და დიდი მსხვერპლი. შეიძლებოდა, ნაკლები ყოფილიყო, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლა მაინც უნდა გავაცნობიეროთ, რა ამოცანა დგას ჩვენ წინაშე, იმ ამოცანის შესრულებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი.

скачать dle 11.3