კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულებრივი ძალით გამოირჩევა არქიმანდრიტ სოგრატის ლოცვა, რომლის დახმარებითაც ეშმაკეულ ადამიანებს ბოროტი ძალა ტოვებს და მომაკვდავები იკურნებიან

ალბათ‚ არამიანცის საავადმყოფოს ეზოში ვინც შესულა და იქვე მდებარე ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან გაუვლია, დაუნახავს უამრავი ხალხი. ისინი არქიმანდრიტ სოგრატს ელოდებიან, რომ მისგან ლოცვა-კურთხევა აიღონ, საკუთარი გასაჭირი შესჩივლონ და მის მიერ ჩატარებულ წირვა-ლოცვებს, პარაკლისებს დაესწრონ. არქიმანდრიტი სოგრატი (ერისკაცობაში – სეხნო ჭულუხაძე) 19 თებერვალს 80 წლის გახდა. ამ მადლიან ადამიანთან ერთწუთიანი ურთიერთობაც საკმარისია იმისთვის, რომ დიდი სიმშვიდე მოიპოვო და სულიერად განიწმინდო. მისი სიტყვებით, „უფალმა ქაოსიდან შექმნა სამყარო და‚ ნუთუ მისთვის ადამიანის განკურნება შეუძლებელი იქნება? მთავარია‚ ვირწმუნოთ და სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ“. ამ რწმენით მასთან უამრავი ადამიანი მიდის‚ მასთან მოსულან დავრდომილნი‚ ბრმები‚ უშვილოები‚ რომლებიც უფლის რწმენითა და მამა სოგრატის ლოცვის წყალობით განკურნებულან და რამდენიმე დღის შემდეგ‚ მამა სოგრატის სენაკი თავისი ფეხით‚ თვალხილულებს დაუტოვებიათ. 

 

ბავშვობა 

არქიმანდრიტი სოგრატი დაიბადა ლიახვის ხეობაში. მისი დედა, ქალბატონი სალომე‚ მრავალშვილიანი დედა იყო, მეუღლე ომში დაეღუპა და ბავშვებს თავად ზრდიდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სარწმუნოება იკრძალებოდა და ეკლესიები იხურებოდა, ქალბატონი სალომე მაინც ახერხებდა ტაძარში წასვლას, გალობას და ამას სხვებსაც მოუწოდებდა.  შობასა და აღდგომას სწორედ აქ ტარდებოდა დიდი დღესასწაულები. რადგან მღვდელი არ იყო, რამდენიმე მოხუცი მამაკაცი და, მათთან ერთად სალომეც, ზეპირად კითხულობდნენ სახარებიდან ადგილებს. შემდეგ ეკლესიიდან ხატებს გამოასვენებდნენ და გალობით მიაბრძანებდნენ წმიდა გიორგისა და ღვთისმშობლის ეკლესიებში, რომლებიც სოფლიდან საკმაოდ შორს, ტყეში იყო აშენებული. ქალბატონი სალომე ამ მსვლელობის დროს აუცილებლად ფეხშიშველი იყო. სწორედ ასეთ სიტუაციაში იზრდებოდა და ყალიბდებოდა მამა სოგრატი. 

„ბავშვობიდან ისეთი იყო, რომ ყველას მხრიდან სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა. რაც მთავარია‚ ის თავისი თვისებებით ახდენდა დიდ გავლენას ბავშვებზე და გარკვეულ დამოკიდებულებასაც უყალიბებდა ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ. თუმცა‚ ამ საკითხებზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობდა. სკოლაში სეხნო სხვა ბავშვებისგან გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ნიჭით, ზრდილობით, დახვეწილობით, მჭევრმეტყველებით... დღეს მამა სოგრატის ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს, მრავალი ურწმუნო და გონებადაბნელებული ადამიანი დააყენა ქრისტეს ნათელ, ჭეშმარიტ გზაზე, მრავალს გაუღვივა სიყვარული მოყვასისადმი“ – ასე იხსენებს მამა სოგრატს მარიამ კახნიაშვილი, მამა სოგრატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

მამა სოგრატის ლოცვის დახმარებით განკურნებული და გადარჩენილი ადამიანები 

   „ერთი ჩვეულებრივი‚ საშუალო  ბიზნესმენი ვარ. 2001 წლის შემოდგომაზე საქმიანი მივლინებით ვიყავი უცხოეთში, სადაც გავიცანი სამი პიროვნება, რომლებმაც გამიტაცეს ფულის გამოძალვის მიზნით: სასმელში შემირიეს რაღაც ხსნარი და, გონზე რომ მოვედი‚ აღმოვჩნდი რომელიღაც მაღალმთიან სოფელში. თერთმეტი დღე ტყვეობასა და წამებაში გავატარე. თბილისში‚ ჩემი დაკარგვის დღიდან‚ ოჯახის წევრები ყოველდღიურად ლოცულობდნენ ჩემთვის მამა სოგრატთან, ის კი თავისი დარიგებით რწმენას ანიჭებდა მათ და ჩემი დაბრუნების იმედს აძლევდა. ბოლოს, გამტაცებლებმა ვერაფერი რომ ვერ მიიღეს ჩემგან, თანაც, გაიგეს, რომ ინტერპოლი მეძებდა, თავიდან მომიშორეს – კატერით ბოსფორის სრუტეში გამიყვანეს და წყალში გადამაგდეს. შოკში ჩავვარდი. ღამე იყო, არაფერი ჩანდა. ვევედრებოდი ღმერთს: ღმერთო, ნუ მაწვალებ-მეთქი. ამ დროს გამომეცხადა მამა სოგრატი და მითხრა: აუცილებლად გადარჩები და უნდა იბრძოლო ამისთვისო. უცებ, შევნიშნე, რომ იქვე რაღაც ანათებდა. ჩემდა უნებურად‚ დავიწყე მისი მიმართულებით მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მეცვა, რაღაც ზეციური ძალა მომეცა, აღარ ვიძირებოდი და, დაახლოებით ოთხსაათიანი ცურვის შემდეგ, გავედი ნაპირზე უძლური და გონებადაკარგული. ერთმა ოჯახმა მიპოვა და შეძლო პოლიციისა და სასწრაფოს გამოძახება. როგორც კი საქართველოში დავბრუნდი, მაშინვე მივაკითხე მამა სოგრატს და მადლობა გადავუხადე“. 

ტარიელ ფოჩხიძე, ქალაქი თბილისი. 

„უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბიძაჩემი რაიონიდან ჩამოვიყვანეთ და ქალაქის მეორე საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მოვათავსეთ. მისი მდგომარეობის სიმძიმე იმით გამოიხატებოდა, რომ, გულის ინფარქტის გადატანის შემდეგ‚ ის ექიმის დანიშნულების გარეშე იღებდა ძლიერმოქმედ წამლებს, რამაც გამოიწვია სისხლის გათხელება და  ჩაქცევები მთელ ორგანიზმში, მათ შორის – ტვინშიც. ბიძაჩემი გათიშული იყო. ექიმებმა გადარჩენის იმედი დაკარგეს. ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფთან მამა სოგრატი წავიყვანეთ. პირველი ლოცვის დროს  თითქმის მკვდარმა კაცმა პირი გააღო და წარმოთქვა: „უფალო‚ შეგვიწყალენ“. ეს სიტყვები არ უთქვამს, ალბათ, მაშინაც კი, როცა კარგად იყო – თავისი პარტიული და უღვთო ცხოვრების გამო. მეორე დღეს მამა სოგრატმა რეანიმაციაში მეორედ წაუკითხა ლოცვები. ლოცვის დასრულების მერე ავადმყოფმა იწყო საოცარი შემობრუნება ამქვეყნისკენ. მოხდა ღვთის სასწაული: სამი დღის შემდეგ ბიძაჩემი, ზაურ თავხელიძე, რეანიმაციიდან სახლში გაწერეს სრულიად ჯანმრთელი. იმ დროს რეანიმაციაში სულ შვიდი ავადმყოფი იწვა‚ მათ შორის ორი (ბიძაჩემი და კიდევ ერთი კაცი) – უკანასკნელ მდგომარეობაში. სამი დღის შემდეგ ყველა გაწერილი იყო რეანიმაციიდან – ისინიც სრულიად ჯანმრთელები”. 

ლერი თავხელიძე (მამა სოგრატის მორჩილი, 2000 წელი).

„მამა სოგრატთან სრულიად განადგურებული მივედი. ათი წლის განმავლობაში ვიტანჯებოდი ავადმყოფობით. ამას ისიც დაერთო, რომ 1987 წელს საცხოვრებელი ბინიდან გამასახლეს. საბოლოოდ, მერვე საავადმყოფოში მიმიყვანეს უმძიმესი დიაგნოზით. იქიდან რომ გამომწერეს, ჰაიმორიტი და ნევრასთენია ისევ ძველებურად მტანჯავდა. 1989 წელს ხელმეორედ მოვხვდი საავადმყოფოში, დიაგნოზით:  ტვინის შერყევის ნარჩენი მოვლენები. 1994 წელს ნევროლოგიის ინსტიტუტის ეპილეფსიურ განყოფილებაში დამაწვინეს. გამოკვლევებმა ეპილეფსია არ დაადასტურა. სისხლში კალციუმის შემცველობა მქონდა დავარდნილი, მაგრამ, ექიმები ამის მიზეზს ვერ ადგენდნენ. შესაბამისად‚ ვერ მინიშნავდნენ სწორ მკურნალობასაც. ერთი ღვთისნიერი ექიმი, ბატონი კობა მათიაშვილი მეხმარებოდა, უსასყიდლოდ მმკურნალობდა, მაგრამ, ჩემი სიმპტომებით ყოველთვის გაოცებული რჩებოდა, რადგან, ისინი არ ემთხვეოდა მედიცინაში დაფიქსირებულ არც ერთ დაავადებას. 1994 წელს დედა გარდამეცვალა. ღმერთი დავგმე და გადავწყვიტე, რომ ჩემთვის არავინ და არაფერი აღარ არსებობდა. უცნაური სულიერი ტანჯვა დამეწყო, რაღაც საშიში, ბნელი ძალის გავლენას ვგრძნობდი ყოველ ნაბიჯზე. ღამით რომ ვწვებოდი, ვგრძნობდი, როგორ შემოცურდებოდა ჩემ გვერდით‚ ლოგინში რაღაც უცხო, უსხეულო ძალა და მთელი ღამე არ მტოვებდა. ჩემი დაბნელებული გონება კიდევ უფრო მეტი საშინელებისკენ მიმაქანებდა – ერთხელ თეფში დავატრიალე, დედაჩემის სულს ველაპარაკე და ამის შემდეგ უხილავი ძალა უფრო კონტაქტური გახდა ჩემ მიმართ: აშკარად მეხებოდა, აიღებდა ჩემს ხელს და ჩემივე ხელის მეშვეობით მელაპარაკებოდა ისეთი სითბოთი და სიყვარულით, როგორც დედაჩემმა იცოდა. შემდეგ ეს ძალა მთლიანად მოთავსდა ჩემში და ვგრძნობდი უდიდეს ენერგიას. ჩამომიყალიბდა ექსტრასენსული უნარი. ორგანიზმი სეანსების ჩატარებას მთხოვდა. მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო, ეს ძალა დედაჩემი ყოფილიყო. მაშინ, თვით უხილავმა ძალამ მითხრა, რომ ეს ღმერთის ძალა იყო და მის სამსახურში უნდა ჩავმდგარიყავი. მივედი ჯვართან, დავიჩოქე და ღმერთს ვთხოვე შველა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ღმერთის ძალის ღირსი გავხდი. ჯვართან მისვლამ საშინელი რეაქცია გამოიწვია, სიცოცხლე წამებად მექცა. ღმერთს ვუხმობდი საშველად. უხილავმა ძალამ საბოლოოდ აღიარა, რომ სატანა იყო და მითხრა: „დიახ, სატანა ვარ, სად არის შენი ღმერთი?“ – და დამხარხარებდა ზემოდან. სწორედ ამ დროს ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. საშინელი წინააღმდეგობის მიუხედავად‚ ყურმილის აღება შევძელი. ჩემმა მეგობარმა ჩემი ტირილი გაიგონა, სასწრაფოდ ჩემთან მოვიდა და წამიყვანა ეკლესიაში. ტაძარს, რომ მივუახლოვდი‚ საშინელი აგრესია დამემართა. მღვდელმა ლოცვა წაიკითხა‚ მაგრამ, არ მტოვებდა უხილავი ძალა, რომელიც მარწმუნებდა, რომ გიჟად ჩამთვლიდნენ და მაინც ვერავინ მიშველიდა. ეკლესიაში მეორედ რომ მივედი, მღვდელი მაცხოვრის ხატთან იდგა. ხატს შველა ვთხოვე, მუხლებზე დავეცი და ყვირილი აღმომხდა. მღვდელმა მირჩია, რომ ფსიქიატრისთვის მიმემართა. გაოცებული დავრჩი – არ მეგონა‚ მღვდელი ასე თუ მიპასუხებდა. რა თქმა უნდა‚ ექიმიც არ დაიჯერებდა‚ ჩემს თავს რა ხდებოდა. ხსნა არსაიდან იყო. ბოლო იმედი მამა სოგრატი აღმოჩნდა. მივედი‚ ყველაფერი მოვუყევი და ვკითხე: ფსიქიკურად ვარ შეშლილი თუ მართლა შესაძლებელია‚ ასეთი ძალა არსებობდეს-მეთქი. ახლავე გავარკვევო‚ – მითხრა და ლოცვა დაიწყო. მოხდა სასწაული: თითქოს რაღაც მეკვეთა, ძირს დავეხეთქე და უკუნეთში ჩავიძირე და, როგორც ჩემი მეგობარი მეუბნებოდა‚ არაბუნებრივად, არაადამიანურად, ცხოველის ხმით ვღრიალებდი. ლოცვაზე სიარული განვაგრძე, მაგრამ, ყოველი ლოცვის დროს ერთი და იგივე მეორდებოდა. თავიდან გაოგნებული ვიყავი, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდი. მამა სოგრატმა დიდი ყურადღება გამოიჩინა – გაჭირვების დროს არ მიმატოვა და გამუდმებით ლოცულობდა ჩემზე. ხმა და, მასთან ერთად, უხილავი ძალა, ნელ-ნელა მტოვებდა. მისი ლოცვა-კურთხევით ღმერთის სასწაულებრივი შემწეობა ვიგრძენი. ახლა წირვა-ლოცვაზე დავდივარ და ღმერთს ვთხოვ პატიებას, ჩემი ურწმუნობის გამო ეშმაკის ჭურჭლად რომ ვიქეცი. ახლა ეს ჭურჭელი წვეთ-წვეთობით სუფთავდება, ხელახლა ვიბადები თითქოს, არც ექიმი მჭირდება და არც წამალი“.

 „მაიკო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგონა ჩანდა, მაგრამ‚ როგორც კი მამა სოგრატმა ლოცვა დაიწყო, მაიკო მაშინვე შეიცვალა და შემზარავი კივილით ცდილობდა თავის დაღწევას, თან ჯვარსა და უფალს უარყოფდა. მესამე დღეს‚ ლოცვის შემდეგ‚ გონზე მოვიდა. ეკლესიაში არ დავდიოდი‚ – გვითხრა მაიკომ, – ღმერთი არ მწამდა. მერე გულის მხარეს დამეწყო ტკივილები, რამაც მოგვიანებით ზურგი და წელის არეც მოიცვა“. ლოცვის ძალამ თავისი ქნა – ბოროტება დაძლია. საერთოდ‚ მამა სოგრატი ასეთ დროს უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს. ძნელია ბოროტებასთან ჭიდილი, ჯვარიც კი ვნახეთ, რომელიც ერთ-ერთი ლოცვის დროს გაიღუნა“.

მაკა დანელია

P. S. პირადად მე, რამდენიმე წლის წინ‚ როდესაც მამა სოგრატთან ინტერვიუს ჩასაწერად  მივედი, იგი თბილად შემხვდა და ლოცვებიც წამიკითხა, რომლის დროსაც საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. იქვე ვნახე არაერთი ადამიანი, რომლებიც, მამა სოგრატის მადლიანი, ძლიერი ლოცვის წყალობით დღესაც მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას და მისი მადლიერები არიან. „თბილისელები“ ულოცავს მამა სოგრატს  დაბადების დღეს – 80 წლის იუბილეს‚ უსურვებს დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!

 

скачать dle 11.3