კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარი ვერსია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7-13(639) 

 

ნიკა გვიან ღამით დაბრუნდა სახლში. „ინტელგრუპჯორჯიადან” რომ გამოვიდა, ჯერ ზურაბთან ერთად მივიდა ნინუებთან – ალექსანდრე ნინუას ოჯახში და, მისი შვილისგან გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია გაიგო, დარჩენილი დრო კი დოდოს მოცემულ ორ საქაღალდეში ჩაწყობილი ფაილების შესწავლას მოანდომა. ანდრო სირაძე და ალექსანდრე ნინუა – „ინტელგრუპჯორჯიის“ ორი აქციონერი... ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში? მათგან რომელია მსხვერპლი და რომელი –  სისხლის სამართლის დამნაშავე? ან, იქნებ, ორივე მსხვერპლია?.. დაწვრილებით უნდა გამოერკვია ორივეს წარსული და საქმიანობა, ამ ორი პიროვნების რეალური სახე, მით უმეტეს, რომ ორივე მოკლული იყო. სხვანაირად ვერც გამოძიება დაადგებოდა სწორ გზას და ვერც თავისი კლიენტის – ნანა სირაძის დავალების შესრულებას მოაბამდა თავს. დოდომ კომპანიის მიერ სირაძესთან და ნინუასთან დადებული ხელშეკრულებები თეფშზე დადებული ტორტის ნაჭრებივით მიართვა, თან, სტუმართმოყვარე დიასახლისივით გაუმასპინძლდა, ბოლოს კი პაემანიც დაუნიშნა – შაბათ საღამოს სადმე დამპატიჟეო. დოდო რომ არ ყოფილიყო, იმ ხელშეკრულებების მოპოვება, შესაძლოა, ვერც კი მოეხერხებინა. არა, პრინციპში, მაინც შეძლებდა მათ ხელში ჩაგდებას, მაგრამ, გაცილებით უფრო გაუჭირდებოდა ამის გაკეთება.

დოდო... ეს ქალი, თავისი ხასიათისა და ამბიციების მიუხედავად, ნიკას ყოველთვის აღელვებდა, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან. მართალია, მაშინ ვერ გაუძლო მის ამპარტავნებასა და ფერისცვალებებს და ამოიგდო გულიდან, მაგრამ, ახლა, ამდენი წლის შემდეგ, უკვე დაკაცებულმა, სულ სხვა თვალით შეხედა საკუთარ თავში დარწმუნებულ, ლამაზ და თამამ ქალს, რომელიც, აშკარად ჩანდა, რომ კარგად იყენებდა თავის სექსუალურ გარეგნობას და მიზნის მისაღწევად არაფერზე იხევდა უკან. ძნელი მისახვედრი არც ის იყო, რომ დოდომ პირდაპირ შესთავაზა ურთიერთობა. ამიტომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობაზე უარის თქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ნიკა დარწმუნებული იყო, რომ, თუ დოდოს ხელს არ ჰკრავდა, ის ძალიან დიდ დახმარებას გაუწევდა გამოძიებაში, როგორც „ინტელგრუპჯორჯიას“ იურიდიული სამსახურის უფროსი. „შაბათს სადმე დამპატიჟეო“, – გაახსენდა ნიკას, – მაგრამ, შაბათი ზეგაა, მანამდე დიდი დროა, მანამდე, შეიძლება, ბევრი რამ მოხდეს... ხომ არ ჯობია, ზეგ კი არა, ხვალ საღამოს დავპატიჟო? ან, იქნებ, ახლავე დავურეკო და ვუთხრა, ნახევარ საათში შემხვდი-მეთქი? – ამ ფიქრებმა ნიკა ააწრიალა. დაავიწყდა დაღლილობაც, გამოძიებაც, ნანა სირაძეც და მხოლოდ დოდოსთან შეხვედრაზე ფიქრობდა. „საქმეს ასე სჭირდება“, – ირწმუნებდა თავს და თან ტელეფონში დოდოს ნომერს ეძებდა, რომელიც „ინტელგრუპჯორჯიადან“ გამოსვლისას ოფისმენეჯერს გამოართვა. ნომერი რომ იპოვა, ის იყო, ზარის გასაშვებად თითი უნდა დაეჭირა, რომ ხმამაღალი სიცილი აუტყდა – მიხვდა, დოდოსთან შეხვედრის აუცილებლობას იმიტომ უმტკიცებდა საკუთარ თავს, რომ, სინამდვილეში, მართლა მოუნდა მისი კიდევ ერთხელ ნახვა. თავს გამოუტყდა (რაც გულში გაუკვირდა კიდეც), რომ რაღაც ამოუცნობ ლტოლვას გრძნობდა მის მიმართ. გამოუტყდა და უკვე ყოველგვარი მღელვარების გარეშე დააჭირა თითი ტელეფონის ღილაკს. დოდომ პირველი ზარისთანავე უპასუხა, თითქოს თავისი მობილური ხელში ეჭირა და ნიკას ზარს ელოდა.

– ვიცოდი, რომ დღესვე დამირეკავდი, – ჩვეული სითამამით თქვა დოდომ და ხმამაღლა გაიცინა, – უფრო სწორად, დარწმუნებული ვიყავი.

– საიდან იცოდი? – უფრო იმიტომ ჰკითხა ნიკამ, რომ დრო მოეგო შემდეგი ფრაზის მოსაფიქრებლად.

– ყველა ასე იქცევა – ჩემს მომხიბვლელობას ვერ უძლებენ და, შენ რატომ უნდა ყოფილიყავი გამონაკლისი?

– მე ყველა არა ვარ, მე ნიკა გურული ვარ, რომელიც შენ დიდი ხნის წინ გიცნობდა და, ის საქმეც რომ არაფრად ჩავაგდო, რომელმაც შენთან შემთხვევით შემახვედრა, სხვა თუ არაფერი, ახალგაზრდობა გამახსენდა და, მინდა, კიდევ ერთხელ, ერთად გავიხსენოთ ის წლები.

– მას შემდეგ არც ისე ბევრი წელი გავიდა, ჩემო კარგო, ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდად ვგრძნობ თავს და, პრინციპში, ვარ კიდეც, – ბოლო სიტყვები დოდომ ხაზგასმით წარმოთქვა.

– არ გედავები, შენ ისევ იმ სტუდენტ გოგონას ჰგავხარ, პირველად რომ გავიცანი და, ალბათ, ორმოცდაათი წლის შემდეგაც ასეთივე იქნები, – უთხრა ნიკამ.

– ახლაც იმას მეუბნები, რასაც ფიქრობ, ზრდილობიანი მამაკაცის ეტიკეტს იცავ თუ, „მაბამ“, რომ შენი საქმისთვის გამომიყენო?

– არავითარი „მაბამ“ და „თუ“... როგორც დილით, შეხვედრისას გითხარი, კარგად გახსოვს, რომ ყოველთვის გულწრფელი და პირდაპირი ვიყავი, მაგრამ, მაინც ვიტყვი, რომ ასეთი გულწრფელი არასდროს ვყოფილვარ.

– ძალიან სასიამოვნოა ასეთი სიტყვების მოსმენა, მაგრამ, ეჭვი მეპარება, რომ მხოლოდ ამის სათქმელად დამირეკე.

– ჰო, ამის სათქმელად არ დამირეკავს. უფრო სწორად, იმიტომ დაგირეკე, რომ ამ საღამოსვე შეგხვედროდი და პირადად მეთქვა ეს სიტყვები და კიდევ სხვა რაღაცეებიც.

– ახლა საღამო კი არა, ღამის პირველის ნახევარია, მე უკვე ვწევარ და, არ არსებობს არანაირი ძალა და მიზეზი, რომელიც ახლა ჩაცმას და გარეთ გასვლას მაიძულებს, – უარის მიუხედავად, დოდოს ხმაში კმაყოფილება იგრძნობოდა.

– შაბათი ძალიან შორს არის, – „მიწოლა“ სცადა ნიკამ.

– არც ისე შორს, სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, – ისევ გაეცინა დოდოს.

– კარგი, არც ჩემი იყოს, არც შენი, ხვალ საღამოს შევხვდეთ.

პატარა პაუზის შემდეგ, ისეთი ხმით, თითქოს დიდი მსხვერპლი გაიღოო, დოდომ მსუბუქი ამოოხვრით უპასუხა:

– ეს ჩემი დამთმობი ხასიათი დამღუპავს. იყოს ხვალ. რომელ საათზე გამომივლი?

„დამთმობ ხასიათზე” ნიკას კინაღამ ხმამაღლა გაეცინა, რადგან, კარგად ახსოვდა ამ ჭირვეული გოგოს „დათმობები“, მაგრამ, არ შეიმჩნია და სერიოზულად უპასუხა:

– ექვსზე დაგირეკავ და საათს ზუსტად გეტყვი. სავარაუდოდ, რვიდან ცხრა საათამდე მოვალ შენს სახლთან და არ მალოდინო, მზად იყავი.

– მე ყოველთვის მზად ვარ და დაგვიანება არ მიყვარს, – დოდო აშკარად გახარებული იყო,  ისარი მიზანში რომ მოარტყა, – სად მპატიჟებ?

– ჯერ არ ვიცი. შენც იფიქრე, იქნებ უკეთესი ვარიანტი გქონდეს.

– ფიქრი არ მჭირდება, უამრავი კარგი ადგილი ვიცი. რომ შევხვდებით, მაშინ გადავწყვიტოთ.

– კარგი. მაშ, ხვალ საღამომდე.

– დროებით, ჩემო კარგო, – დოდომ ყურმილი გათიშა და საწოლში კმაყოფილმა გაიზმორა.

***

მეორე დღე ნიკამ დილიდან საქმეებზე სირბილს მოანდომა, 8 საათიდან არ ჩაუმუხლავს: ჯერ სამსახურში მივიდა, მერე რამდენიმე საჭირო კაცი ინახულა, ისევ ოფისში დაბრუნდა, კიდევ ერთხელ გადახედა სირაძისა და ნინუას ხელშეკრულებებს, რაღაც მონაცემები ამოიწერა და „ინტელგრუპჯორჯიაში“ გაიქცა, მაგრამ, მმართველმა ერთი ნაბიჯით გაასწრო და მისთვის მობილურზე აღარ დაურეკავს – დღეს მაინც არ ეცალა მის სანახავად. მერე ნანა სირაძეს მიაკითხა, ანგარიში  ჩააბარა და რამდენიმე კითხვა დაუსვა, მაგრამ, გრძნობდა, რომ გულს ვერაფერს უდებდა. ყოველწუთს საათს დაჰყურებდა – უნდოდა, ძირითადი და აუცილებელი საქმეები 6 საათამდე მოესწრო, რომ მერე თავი მოეწესრიგებინა და დოდოსთვის გაევლო.

ნიკა რომ ამ გაწამაწიაში იყო, დოდოს სხვა „საზრუნავები“ ჰქონდა. მან დილითვე დაურეკა აღმასრულებელ დირექტორს, მერაბ ინწკირველს და ერთი დღით გათავისუფლება ისე სთხოვა, მიზეზი არც კი დაუსახელებია. ინწკირველს დიდად არ ესიამოვნა ეს ამბავი, რადგან, დღის განმავლობაში, შეიძლება, რამდენჯერმე დასჭირვებოდა იურიდიული სამსახურის უფროსი და, რაღაც მომენტში, უარის თქმაც კი დააპირა, თუმცა, თავისდაუნებურად, დაეთანხმა და ჰკითხა კიდეც, ხომ მშვიდობააო, რადგან, სხვა დროს, მართალია, ძალიან იშვიათად, მაგრამ, როცა დოდოს რაიმე პირადი პრობლემა გამოსჩენია, ისე აცდენდა ხოლმე სამსახურს, არავის აყენებდა საქმის კურსში, არათუ გათავისუფლება ეთხოვა. ახლა კი თავად დირექტორს დაეთხოვა, თან, ისეთი ტონით, რომ აღმასრულებელი დირექტორი კმაყოფილიც კი დარჩა – ასეთი რამეები დოდოს ნამდვილად ეხერხებოდა.

ყურმილი რომ გათიშა, ინწკირველი თავს გამოუტყდა, რომ ეს ქალი ნამდვილად აინტერესებდა, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ იყო მისი წარმოდგენით იდეალური ქალის ნიმუში. ამ დაინტერესების მიზეზი (რომელსაც არავის უმხელდა) იყო არა მარტო დოდოს გარეგნობა, არამედ ისიც, რომ ამ ქალს, მიუხედავად თავისი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკისა, აშკარად უკვე ბევრი რამ ჰქონდა ცხოვრებაში ნანახი და ამ გამოცდილებას მშვენივრად იყენებდა სათავისოდ, ისე, რომ არც ის აინტერესებდა, ვინ რას იტყოდა მის შესახებ და არც ის, ვინ დაზარალდებოდა მისი ამა თუ იმ საქციელით; ამ ყველაფერთან ერთად კი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ოყო, ერთი სიტყვით, აღმასრულებელ დირექტორს, რომელსაც ბავშვობიდან კლასიკური გაგებით ქართველი ქალები ეხვივნენ გარს (დედა, ბებიები, დეიდა, მამიდა), დოდოში სწორედ მისი უცერემონიობა და არაორდინარულობა მოსწონდა და გულში „ვეზდეხოდი“ დაარქვა, რომელიც ყველას და ყველაფერს თვალდაუხუჭავად გადაუვლიდა, ვინც ან რაც გზაზე გადაეღობებოდა.

ერთი სიტყვით, ინწკირველმა დოდო ერთი დღით გაათავისუფლა და ძალიან კმაყოფილიც დარჩა თავისი საქციელით, მაგრამ, რატომღაც ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო – ამისთანა რა საქმე გამოუჩნდა, რომ ჩემთან დარეკვა იკადრაო და ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა ორშაბათი, რომ „სხვათა შორის“ კითხვებით გაერკვია ამ დათხოვნის მიზეზი.

დოდო საკმაოდ კარგი ფსიქოლოგი გახლდათ (ეს მისი ნიჭი იყო) და მშვენივრად იცოდა მისადმი შეფის ფარული ინტერესის შესახებ. ისიც კარგად იგრძნო, რა თავსატეხი გაუჩინა ამ ზარით ინწკირველს, მაგრამ, ასეთი „პრობლემები“ დოდოს, როგორც წესი, „ეკიდა“, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, სიამოვნებდა კიდეც – ის ხომ ინტრიგების დიდოსტატი იყო.

ერთი სიტყვით, ინწკირველთან საუბრის შემდეგ დოდომ გამარჯვებულის ღიმილით გათიშა მობილური და საქმეს შეუდგა: ჯერ შხაპი მიიღო, შემდეგ სალონში დარეკა თავის სტილისტთან და 3 საათზე ჩაეწერა. ეს საქმე რომ მოაგვარა, კარადას მიადგა და ტანსაცმელი გადაათვალიერა, მაგრამ, ვერ გადაწყვიტა, რა სტილი შეერჩია. ამიტომ, ყველაფერს თავი დაანება და სამზარეულოში გავიდა ყავის დასალევად, თან კონიაკიც დაისხა – ცოტაოდენი ალკოჰოლი და ყავა მისი ტვინის უჯრედებს უკეთ ამუშავებდა. ყავის მოხარშვისა და დალევის ცერემონიალს დაახლოებით ნახევარი საათი მოანდომა. ამ დროის განმავლობაში ისიც კი იფიქრა, ახალი ტანსაცმელი ხომ არ ვიყიდოო, მაგრამ, მაშინვე უარყო ეს აზრი: „გოიმი ხომ არ ვარ. თანაც, ნიკა გურულისთვის ნამეტანი პატივი იქნება, მის გამო ასე შევიწუხო თავი, მით უფრო, რომ, რაც ჩემს გარდერობში კიდია, მისთვის ყველაფერი ახალია“. სამზარეულოდან რომ გავიდა, უკვე იცოდა, რა უნდა ჩაეცვა – რაღაც შუალედური კლასიკურსა და საქმიანი ქალის სამოსს შორის, თან, ნაკლებად გამომწვევი, ოღონდ, დახვეწილი.

დოდომ რამდენიმე ვარიანტი შეარჩია, თითოეულს შესაფერისი ჩანთა და ფეხსაცმელი მიუწყო გვერდით და საწოლზე გაფენილ ტანსაცმელს კრიტიკული თვალით გადახედა. ბოლოს ერთ-ერთზე შეაჩერა არჩევანი და დანარჩენი ისევ კარადაში შეკიდა.

სალონში წასვლამდე დრო კიდევ ჰქონდა. სავარძელში ჩაეშვა, ფეხები მეორე სავარძელზე შემოაწყო და სიგარეტს მოუკიდა. ისევ ნიკაზე ფიქრობდა, მისი სახე ედგა თვალწინ. მერე გუნებაში ნიკას „განხილვას“, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მისი პლუსებისა და მინუსების დაფიქსირებას შეუდგა.

– მისი პორტრეტი უნდა შევადგინო და მერე გადავწყვიტო, მიღირს თუ არა მასთან ურთიერთობის წამოწყება, – თქვა ხმამაღლა და უცებ საკუთარ თავზე გაბრაზდა – რატომ ვფიქრობ ამდენს ამ ბიჭზე? თან, აშკარად აფორიაქებული ვარ, რაც სხვა დროს არ მჩვევია. ეს უკვე აღარ მომწონს. ნეტავ, თვითონაც თუ ფიქრობს ჩემზე ამდენს? რადგან გუშინვე დამირეკა და ქათინაურებით ამავსო, ესე იგი, ფიქრობს. ეს კარგია... – დოდო ხმამაღლა ესაუბრებოდა საკუთარ თავს კითხვა-პასუხის რეჟიმში და, მიხვდა, რომ ამით თავს იმხნევებდა – ნამდვილად არ უნდოდა, ნიკა მიმხვდარიყო, რომ მთელი დღე მასზე ფიქრობდა და ასე ღელავდა. დოდომ ახალ სიგარეტს მოუკიდა და ნიკას პორტრეტის შედგენა განაგრძო, ოღონდ, ახლა უკვე ფიქრებში: 

„საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი დამდგარა, თანაც – საქმიანი. ეტყობა, რომ ჭკვიანია. როგორც ჩანს, ნამდვილი პროფესიონალია. ასე რომ არ იყოს, ის ქალი არ დაიქირავებდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, არ მიყვარს უჭკუო და დილეტანტი კაცები. ცოლ-შვილი არ ჰყოლია – ესეც კარგია, არ მომიწევს ზედმეტი უსიამოვნებების გადატანა, მაგრამ, საინტერესოა, ჰყავს თუ არა მეგობარი ქალი... თუმცა, რომ ჰყავდეს, გუშინვე არ დამირეკავდა და ქათინაურების კორიანტელს არ დამაყრიდა თავზე. მაგრამ, ხომ შეიძლება, ესეც ერთგვარი ფანდი იყოს?! – ის კერძო დეტექტივია, თავის საქმეში მე აშკარად ვჭირდები და, იქნებ, იმიტომაც თამაშობს ჩემით აღტაცებული მამაკაცის როლს? ეს საკითხი გამოსარკვევია და ამას მხოლოდ მაშინ დავადგენ, როცა შევხვდები... რაც შეეხება მის მატერიალურ მდგომარეობას, ლოგიკის მიხედვით, თავზე არ გადასდის, მაგრამ, გაჭირვებულიც არ უნდა იყოს – ისეთ მანქანაზე ზის, განვადებითაც რომ გამოეყვანა, მაინც საკმაოდ დიდი თანხა უნდა გადაეხადა. ასეთი მანქანის პატრონს კი, წესით, ბინაც კარგი უნდა ჰქონდეს და არც აგარაკია გამორიცხული... გემოვნებაზე, ჯერჯერობით, მისი ჩაცმულობით შეიძლება, ვიმსჯელო. რა ეცვა გუშინ?.. ჰო, ბოტასები, ჯინსი, მოკლე ქურთუკი, მაგრამ, ყველაფერი უმაღლესი ხარისხის – ანუ, ბრენდებში ერკვევა; კიდევ – სათვალე, საათი და მობილური ტელეფონი – სამივე აქსესუარი მოდური და დახვეწილი; ვარცხნილობა – თავისი სტილის შესაფერისი, სოლიდური. სიმაღლე – საშუალოზე მაღალი, სისქე – ნორმალური, თვალები – თბილი, კეთილი და გულწრფელი (თავისი პროფესიის მიუხედავად) და, რაც მთავარია, ხელები – მაღალ დონეზე მოვლილი (დოდო განსაკუთრებით აკვირდებოდა ხოლმე მამაკაცს ხელებზე – მოსწონდა გრძელთითება, ფრჩხილებმოვლილი კაცები და ხშირად მომხდარა, რომ მოკლე თითების ან მოუვლელი ფრჩხილების გამო, სხვა მხრივ ყველანაირად დადებით, ანუ, მისთვის მისაღები მონაცემების მქონე კაცთან ურთიერთობა არ გაუგრძელებია)... ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ანუ, გამოდის, რომ პლუსები გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე მინუსები, მაგრამ, სრულყოფილი პორტრეტის შესადგენად სამი პუნქტი მაკლია: 1. რეალურად რა მიზნით უნდა ჩემთან შეხვედრა; 2. როგორი ჩაცმული მოვა პაემანზე და 3. როგორ მოიქცევა, ანუ, როგორ „წაიყვანს“ ამ შეხვედრას. ეს ყველაფერი კი ამ საღამოს მეცოდინება“... – დოდომ ნიკას „განხილვა“ ამით დაასრულა და საათს დახედა, სამის ნახევარი იყო. ჯინსი და ქურთუკი ჩაიცვა, მაგიდიდან, მანქანის გასაღები აიღო და სალონში წავიდა.

სადა ვარცხნილობა გაიკეთა – თმა გაასწორებინა, შუაზე გაიყო და უკან კუდივით შეიკრა – იცოდა, რომ ძალიან უხდებოდა. სახლში რომ დაბრუნდა, მაკიაჟს თვითონ მიხედა. ისედაც არ უყვარდა ჭყეტელა მაკიაჟი და ახლა განსაკუთრებით შეეცადა, სადა და დახვეწილი ყოფილიყო – არ უნდოდა, ნიკა მიმხვდარიყო, რომ მთელი დღე მასზე ფიქრობდა და მისთვის გაიპრანჭა ასე საგულდაგულოდ.

ექვსის ნახევარზე დოდო ყველანაირად მზად იყო, მხოლოდ ტანსაცმლის გადაცმა რჩებოდა. დაღლილ-დაქანცული სავარძელში ჩაეშვა და თვალები დახუჭა – უნდოდა, ცოტა დამშვიდებულიყო, თან, დაესვენა. თვითონაც ვერ გაიგო, როგორ ჩათვლიმა. ზუსტად 6 საათზე მობილურის ზარმა გააღვიძა.

– გისმენთ, – ნამძინარევი ხმით ჩასძახა ყურმილში, ვითომ არ იცოდა, ვინ ურეკავდა.

– ნიკა ვარ. ხომ არ გაგაღვიძე?

– ჰო, მეძინა, მაგრამ, არა უშავს. წუხელ გვიანობამდე ვმუშაობდი და დღეს მთელი დღეა, ვწევარ და მძინავს. თავი ვერ ავწიე, სამსახურშიც კი არ წავსულვარ.

ნიკას, რაღაცნაირად, გული დასწყდა, როცა წარმოიდგინა, რომ დოდოც მასავით არ ღელავდა პაემნის წინ და, ცოტა არ იყოს, ნაწყენი ხმით ჰკითხა:

– ის მაინც თუ გახსოვს, დღეს რომ უნდა შევხვდეთ?

– დღეს პარასკევია? – „გაიკვირვა“ დოდომ, – შევხვდეთ, რა პრობლემაა, ერთ საათში მზად ვიქნები. რომელზე გამომივლი? – ვითომ სხვათა შორის ჰკითხა, სინამდვილეში კი გამარჯვებას ზეიმობდა: მისი ქალური პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული იყო – მიხვდა, რომ ნიკა მთელი დღე ამ პაემანზე ფიქრობდა.

– 8 საათზე შენს სადარბაზოსთან ვიქნები.

– მისამართი რომ არ მითქვამს? – გაეცინა დოდოს.

– მე დეტექტივი ვარ, ჩემო კარგო. შენ არც ტელეფონის ნომერი გითქვამს, მაგრამ, მოვახერხე გაგება.

– კარგი, რვაზე მზად ვიქნები. სად მივდივართ?

– რომ შევხვდებით, მაშინ გადავწყვიტოთ. მოსულა?

– მოსულა, – ისევ გაეცინა დოდოს.

– შენ რა ყველაფერზე იცინი, რამე ისე არ არის? – ოდნავ დაეძაბა ხმა ნიკას.

– არა, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ, ასეთი მხიარული ვარ. რატომ დაიძაბე, არ გიყვარს მხიარული ქალები?

– პირიქით, ძალიან მიყვარს. მუდოებს და ზედმეტად სერიოზულებს ვერ ვიტან.

– მეც არ მიყვარს ბუტუსურა კაცები, სულ „იზმენებში“ რომ არიან.

– ძალიან კარგი. როგორც ჩანს, გავუგებთ ერთმანეთს. აბა, დროებით!

დოდოს ესიამოვნა, ნიკა რომ დაიძაბა. მაშინვე იგრძნო, როგორ აიღო ხელში სადავეები.  კმაყოფილმა გაუღიმა საკუთარ თავს – დარწმუნებული იყო, რომ ამ წუთიდან თვითონ მართავდა სიტუაციას.

ნიკა ზუსტად 8 საათზე მიადგა დოდოს სადარბაზოს და მაშინვე დაურეკა – მოვედიო. ათი წუთის შემდეგ დოდოც ჩამოვიდა, გვერდით მიუჯდა და შინაურულად გადაკოცნა.

– რა გადაწყვიტე, სად მივდივართ? – ჰკითხა ნიკამ.

– რადგან შენ მეპატიჟები, წესით, შენვე უნდა მოგეფიქრებინა რამე ორიგინალური, – პირველივე ფრაზიდან წაკბინა დოდომ.

„დაიწყე შენებური?! კარგი, მივიღებ გამოწვევას, ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს!“ – გაიფიქრა ნიკამ, დოდოს კი უთხრა:

– ორიგინალური? კი ბატონო, იყოს ორიგინალური, ოღონდ პრეტენზიები არ იყოს! – ნიკამ მანქანა მკვეთრად მოაბრუნა და გეზი სოლოლაკისკენ აიღო, შემდეგ არც კი შეუხედავს დოდოსთვის, ისე უთხრა: რეზინი მოიხსენი, გაშლილი თმა უფრო მომწონს.

– სად მივდივართ? – გაუკვირდა ქალს ნიკას ტონიც და საქციელიც, თუმცა, თმა მაინც გაიშალა.

– ბოტანიკურ ბაღში.

– სად?! ბოტანიკურ ბაღში რა გვინდა?

– გაზაფხულის თბილი საღამოა, მინდორი ყვავილებით არის მოფენილი, ხეებიც აყვავებულია, იქ მხოლოდ წყლის ჩხრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, ხალხიც არ შეგვაწუხებს – ამაზე ორიგინალური რა გინდა?

– შენ რომანტიკულიც ყოფილხარ, – კმაყოფილებით აღნიშნა დოდომ, – მაგრამ, აკი რესტორანიო?!

– ჯერ ველური ბუნებით ტკბობა, შემდეგ კი – ყველაზე მაგარი და ყველაზე მყუდრო რესტორანი გველოდება.

– სად?

– ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში.

– იცოდე, ლაწირაკი გოგო-ბიჭების ჭყივილის მოსმენის თავი არ მაქვს.

– არა, ჩემო კარგო, იქ მხოლოდ რესპექტაბელური ქალბატონები და ბატონები დადიან, ანუ, „დონე“ ქართველები და ფულიანი უცხოელები.

– კარგი, გენდობი, – პასუხმა აშკარად დააკმაყოფილა დოდოს პატივმოყვარეობა.

... ბოტანიკურ ბაღში გასეირნება მართლაც საოცრად „ორიგინალური ჟანრი“ გამოდგა. დოდო იქ ბავშვობის მერე აღარ ყოფილა და არც კი ახსოვდა, როგორი იყო იქაურობა. კარგა ხანს ისეირნეს ვიწრო ბილიკებზე ფეხით, ჩანჩქერამდეც ავიდნენ, გზადაგზა კი ნიკა ულამაზეს მინდვრის ყვავილებს კრეფდა. დოდოს თაიგული მოეწონა და ნიკამ „აქტივში“ კიდევ ერთი ქულა ჩაიწერა. გულაჩუყებულმა ქალმა მადლობის ნიშნად ნიკასთვის ლოყაზე კოცნა მოინდომა, მაგრამ, სრულიად შემთხვევით (ან, იქნებ, ამ „შემთხვევითობას“ ნიკამაც შეუწყო ხელი), ტუჩის კუთხეში აკოცა. შეხება, რომელმაც ორივე შეაკრთო, სულ ორიოდ წამს გაგრძელდა, მაგრამ, ნიკამ, თავისდაუნებურად, კოცნითვე უპასუხა – სწორედ იმ ორ წამში მოასწრო ამის გაკეთება და მერე ისე გაწითლდა, როგორც ქურდობაზე წასწრებული გამოუცდელი მოზარდი. დაბნეულობამ რომ გაუარა, პატარა გადაჭრილი კუნძი ნახეს და დოდო ბედნიერი სახით ჩამოჯდა დასასვენებლად.

– კიდევ კარგი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, – ღიმილით ახედა ნიკას.

– შენი სარესტორნე ზმანები ცოტა დაგესვარა, – ღიმილითვე უპასუხა ნიკამ.

– ისეთი სიამოვნება მივიღე, ტანსაცმელს არ დავეძებ, რესტორნის ტუალეტში მოვიწესრიგებ, – უდარდელად უთხრა დოდომ და საათს დახედა, – ხომ არ დავიძრათ? უკვე დაბინდდა.

რესტორნამდე ისე მივიდნენ, თითქმის არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. ბოტანიკურ ბაღში რომ სეირნობდნენ, იქაც მხოლოდ უბრალო ფრაზები გაცვალეს. ორივე თითქმის დუმდა, მაგრამ, საოცარი დოდოსთვის ის იყო, რომ ამ დუმილში არანაირი უხერხულობა არ იგრძნობოდა – ისინი პირველყოფილმა ბუნებამ რაღაცნაირად ისე დააახლოვა, ისე გააერთიანა, რომ სიტყვები, ფრაზები, დიალოგები აბსოლუტურად ზედმეტი იყო. დოდო საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ, უამრავი თაყვანისმცემლის მიუხედავად, ასეთი ლამაზი, სუფთა და რომანტიკული საღამო მისთვის არავის მოუწყვია. ამ აღმოჩენამ, ცოტა არ იყოს, გული აუჩუყა და სრულიად ახალი შეგრძნება განაცდევინა. აქამდე მას ყველა მამაკაცთან ჩუმი ბრძოლით უწევდა თავისი უპირატესობის დამტკიცებაც და, გარკვეულწილად, მათი ფარული თუ აშკარა აგრესიისგან თავის დაცვაც ისე, რომ საკუთარი ღირსება არ შეელახა. ამ ორთაბრძოლებმა თვითონაც შინაგანი აგრესია და უნდობლობა ჩამოუყალიბა კაცების მიმართ. ნიკამ კი სულ სხვა სამყაროში შეიყვანა – იქ, სადაც მანამდე არასდროს ყოფილა, თან, ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების გარეშე – ფაქიზად, სადად, ბუნებრივად. სწორედ ამ უშუალობამ და ბუნებრიობამ გამოიწვია ის, რომ დოდომ იგრძნო, როგორ გალღვა მის სხეულში რაღაც მძიმე და როგორ თანდათან ივსებოდა ის ნიკასადმი ნდობით.

რესტორანი მართლაც ისეთი აღმოჩნდა, როგორც ნიკამ დაახასიათა: მყუდრო, დახვეწილი და „დონე“ ხალხით სავსე.

ნიკა და დოდო რომ შევიდნენ, რამდენიმე წამით ყველა გაჩუმდა და მოწონებით გააყოლეს თვალი ლამაზ წყვილს.

ძლივს მოძებნეს თავისუფალი მაგიდა. ოფიციანტმა ორივეს მენიუ დაუდო, მაგრამ, დოდოს არც კი გადაუშლია, ისე მიმართა ძალიან ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც მას აღფრთოვანებით შესცქეროდა:

– თქვენს გემოვნებას ვენდობი. მოგვიტანეთ, ყველაზე გემრიელი რაც გაქვთ. ნიკა, სასმელი შენ შეუკვეთე.

ნიკამ სასმელი შეუკვეთა და დოდო კიდევ ერთხელ შეათვალიერა მამაკაცის თვალით. „ათიანი პლუსით“, – გულში შეაფასა კმაყოფილმა და ქალს გაუღიმა.

– ახლა იმ ნიკას ჰგავხარ, სტუდენტობისას რომ ვიცნობდი და ჩემთვის თავის მოწონებას რომ ცდილობდა ბავშვური გულუბრყვილობით.

– ანუ?! – ვერ მიხვდა ნიკა.

– ანუ, ისევ ისეთი კარგი ბიჭი დარჩენილხარ – სუფთა და გულწრფელი. ვნანობ, რომ მაშინ ვერ შეგიცანი. ჩემი ბრალია, თავი რომ დამანებე.

– ორივეს ბრალია. უფრო სწორად, არც ერთის ბრალი არ არის, უბრალოდ, ძალიან პატარები ვიყავით, – თქვა ნიკამ და ოფიციანტის მოტანილი ფუჟერი აიღო, – შენ გაგიმარჯოს... – გაუღიმა ქალს და მსუბუქად მიუჭახუნა.  

– ჩვენ გაგვიმარჯოს, – ჩუმად თქვა დოდომ და, მის თვალზე მომდგარი ცრემლი ნიკას რომ არ დაენახა, სასმისი ბოლომდე გამოცალა. მას მთელი საღამო აღარ გახსენებია ის სამი პუნქტი, რომელიც ნიკას სრულყოფილი პორტრეტის შესადგენად უნდა დაეფიქსირებინა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3