კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-13(639) 

ჰავანაში რომ დავეშვით, მე და ჩემი ჯგუფის წევრები იქაურობას მოგვაშორეს. ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვში მივფრინავდით. ამერიკული თვითმფრინავის მგზავრებს კი კუბის მთავრობის წარმომადგენლები ეწვივნენ, ისინი სასტუმროში წაიყვანეს, ასადილეს, დაასვენეს და საღამოს უკან გაამგზავრეს...

საპასუხო აქციის წარმატებით დასრულება კვლავ პოდმოსკოვიეში, „კაგებეს“ კონსპირაციულ აგარაკზე აღვნიშნეთ, თუმცა მას შჩუკინი არ ესწრებოდა და მე და იური ტიხონოვი ერთმანეთს ქართულად ველაპარაკებოდით. ის მშვენიერი მომღერალი და გიტარისტი აღმოჩნდა და გვიან საღამომდე გვატკბობდა ქართული სიმღერებით. რომ ავიშალეთ, მან მანქანამდე მიმაცილა და მითხრა:

– მე და ჩემი ოჯახი შენთან აუნაზღაურებელ ვალში ვართ და ეს ვალი ჩემს შთამომავლობასაც გადაეცემა. კიდევ ერთხელ გიხდი დიდ მადლობას და ყოველივე კარგს გისურვებ ცხოვრებაში.

– არანაირი ვალი არ გაქვთ, მე მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, – მივუგე ლეგენდარულ მზვერავს და აგარაკიდან წამოვედი.

როგორც ჩვენმა „ცეერუელმა“ წყარომ შეგვატყობინა, „კაგებეს“ მიერ განხორციელებულმა საპასუხო აქციამ ისე გააცოფა ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომ პირიდან დორბლებს ყრიდნენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ. მაგრამ, დამნაშავეები თავადვე იყვნენ – სწორედ მათ გასცეს მერის მოტაცების უცნაური ბრძანება და, რადგან საკუთარი თავების დასჯას არ აპირებდნენ, ვნებები მალევე დაიოკეს და აჟიოტაჟიც ამით ჩაცხრა.

ჩემი მონათხრობიდან ნათლად ჩანს, რომ აკრძალულ თამაშებს სათავე სწორედ ამერიკელებმა დაუდეს და, როდესაც ადეკვატური პასუხი მიიღეს, ამ ბინძური ტექნოლოგიების დახვეწას შეუდგნენ. მე იმის მტკიცებას არ შევუდგები, რომ „კაგებეში“ ფრთიანი ანგელოზები მუშაობდნენ და მხოლოდ სიკეთეს აკეთებდნენ, მაგრამ, აკრძალული ხერხების გამოყენებას ყოველთვის ვერიდებოდით და ამას უკიდურეს შემთხვევაში მივმართავდით – მხოლოდ მაშინ, როცა მტრისთვის ადეკვატური პასუხი იყო გასაცემი.

გაგანია ცივი ომის დროს, როდესაც ამერიკა-საბჭოთა კავშირის დაპირისპირება პიკს აღწევდა, ჩვენმა დაზვერვამ დადასტურებული ცნობა მიიღო იმის შესახებ, რომ ამერიკელები მსხვილ ეკონომიკურ დივერსიას გეგმავდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და ამისთვის სპეციალური გეგმაც ჰქონდათ შემუშავებული. ამ გეგმის მიხედვით, ამერიკელებს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ორმოცდაათი მილიარდი ყალბი მანეთი უნდა შემოეტანათ პირველ ეტაპზე და  თუ წარმატებით განახორციელებდნენ ამ ჩანაფიქრს, მაშინ თანხის რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდიდნენ. ჩვენი წყარო გვატყობინებდა, რომ ამერიკელებს საამისოდ თითქმის ყველაფერი მზად ჰქონდათ. ქალაქ ოკლაჰომაში, მიწის ქვეშ, სპეციალური ბუნკერი ჰქონდათ მოწყობილი, რომელიც თანამედროვე ტიპოგრაფიული დანადგარებით იყო აღჭურვილი და იქ თითქმის სრულყოფილებამდე მიყვანილი საბჭოთა მანეთები იბეჭდებოდა. ეს ვერაგული გეგმა ძალიან საშიში იყო ჩვენი ქვეყნისთვის და, როდესაც ამის შესახებ ანდროპოვს აცნობეს, მან ადეკვატური ზომების მიღების ბრძანება გასცა. ჩვენი დაზვერვის ცნობით, ამერიკული სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით – „თუმნიანი“, სამ თვეში უნდა დაწყებულიყო. ანდროპოვმა ბრძანა, რომ ამერიკელებისთვის დაგვესწრო. ამიტომ, საბჭოთა დაზვერვამ ადეკვატურ ზომებს მიმართა და სულ რაღაც ორ თვეში, უკვე მზად იყო ამერიკული ყალბი დოლარების უმაღლეს დონეზე დახვეწილი საბეჭდი მოწყობილობა და, ამერიკელებისგან განსხვავებით, ამ დივერსიული ფულის ამერიკაში გავრცელების მარტივი და ეფექტური მეთოდები შევიმუშავეთ. კონკრეტულად კი, დათქმულ დღეს, ანუ ამერიკული დივერსიული ოპერაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ამერიკის ყველა შტატში, სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილებში, ორმოცდაათი მილიარდი დოლარი იქნა დაბნეული, რომელსაც ადამიანები ჭიანჭველებივით დაესივნენ და დაიტაცეს... პარალელურად კი, ოკლაჰომის საიდუმლო ბუნკერი აფეთქდა და საბჭოთა ფულის საბეჭდი მთელი მოწყობილობა ნაცრად იქცა. სწორედ ამ აფეთქებას ვხელმძღვანელობდი მე და ამ აქციით ამერიკელებმა ხელი აიღეს თავიანთ ვერაგულ ეკონომიკურ დივერსიაზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ყალბი ორმოცდაათი მილიარდი დოლარის ამოღებას კი თითქმის ერთი წელი მოანდომეს და მილიარდი დოლარის ზარალი განიცადეს.

სხვათა შორის, არც თვითმფრინავის გატაცების და არც ჩვენ მიერ განხორციელებული დოლარების დაბნევის ფაქტებზე ამერიკელებს საბჭოთა კავშირი არ უხსენებიათ და მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი ამ ყველაფრის სასწრაფოდ მიჩქმალვას. ამ ამბებიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, როცა შჩუკინის კაბინეტში ვიმყოფებოდი და საუბრის დროს ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– ამერიკელები ნელ-ნელა გონს მოდიან და სწორი დასკვნები გამოაქვთ თავიანთი შეცდომებიდან.

მე ვერ მივხვდი, რაზე მელაპარაკებოდა შჩუკინი და ვკითხე:

– რას გულისხმობთ?

– მაიამი-ნიუ-იორკის რეისის გატაცებისა და ფულის ამბებს, – მომიგო ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – ხომ ხედავ, მათ ერთი სიტყვაც არ დაუსველებიათ იმის შესახებ, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ, არადა, ეს ხომ მართლა ჩვენ გავაკეთეთ და ამერიკელებმა ამის შესახებ ზუსტად იციან.

– ეს იმიტომ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, რომ საკუთარი სისუსტეები დაფარონ. მათ რომ ეს აღიარონ, ამით საკუთარ უსუსურობაზე უნდა მოაწერონ ხელი, ამას კი ისინი არ იზამენ. ამიტომ, ჩვენზე სიტყვას არ ასველებენ და ყველაფერს ჩქმალავენ.

– სწორედაც რომ ასეა და ამიტომაც ვთქვი, რომ ამერიკელებს სწორი დასკვნები გამოაქვთ თავიანთი შეცდომებიდან-მეთქი, – მითხრა შჩუკინმა, – ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.

– გისმენთ, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს და სმენად ვიქეცი.

ვიქტორ იაკოვლევიჩმა ოთახში გაიარ-გამოიარა და მითხრა:

– აი, ამ სუბიექტს განაჩენი აქვს გამოტანილი და უნდა აღასრულო... – შჩუკინმა ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცის რამდენიმე სურათი მაჩვენა.

– ვინ არის და რატომ გამოუტანეს განაჩენი? – ვკითხე მე.

– ამას ერთდროულად ორი განაჩენი აქვს გამოტანილი.

– ორი? ასეთი რამ პირველად მესმის.

ვიქტორ იაკოვლევიჩს ჩაეცინა და მითხრა:

– ეს „თხუნელაა“, იგივე ანატოლი გელმანი. კანონიერი ქურდი, საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მას ქურდებმაც სიკვდილი მიუსაჯეს და სახელმწიფომაც.

– ისეთი რა ჩაიდინა?

– მილიციელებს ის ჯერ კიდევ ოცი წლის წინ შეეკრა, მილიცია თავის სასარგებლოდ ამუშავებდა და მის ყველა დანაშაულზე თვალს ხუჭავდა, მათ შორის მკვლელობებზეც კი.

– მკვლელობებს პატიობდნენ?

– ჰო. თხუნელას ორი კანონიერი ქურდი – მისი უშუალო კონკურენტები ჰყავს გასაღებული. ისინი მილიციასთან არ თანამშრომლობდნენ და თხუნელასაც ხელს უშლიდნენ კარიერულ აღმასვლაში. ერთი სიტყვით, თხუნელა უაღრესად ინფორმირებული ქურდი იყო. ამ ინფორმაციებს მილიციასაც უზიარებდა და მრავალი წლის განმავლობაში დიდების მწვერვალიდან არ ჩამოდიოდა. ახლახან კი გაირკვა, რომ თხუნელა ჯაშუშიც ყოფილა და, თურმე, „ცეერუზე“ მუშაობდა.

შჩუკინის სიტყვებზე გულიანად გამეცინა და ვუთხარი:

– რა ინფორმაციას უნდა აწვდიდეს კანონიერი ქურდი მტრებს? ნუთუ იმას, რამდენ ბალანდას აჭმევენ ციხეებში პატიმრებს?

– ტყუილად გეცინება, კოკი. ჯაშუშ ანატოლი გელმანს კარგად ორგანიზებული სადაზვერვო-დივერსიული ქსელი ჰქონდა ჩამოყალიბებული პატიმრებში და ისინი უდიდეს მავნებლობას სჩადიოდნენ ქვეყნის წინაშე.

– რა მავნებლობას?

– მათი ძირითადი საქმიანობა იყო იმ ადგილების აღმოჩენა და ინფორმაციის მოპოვება, სადაც საბჭოთა მთავრობას ურანის საბადოები აქვს. ასეთ ადგილებში ურანს, ძირითადად, სიკვდილმისჯილი და „დიდსროკიანი“ პატიმრები მოიპოვებდნენ. თხუნელას ხალხი კი არა მხოლოდ ამ ადგილების კოორდინატებს მიუთითებდა მტერს, არამედ, იქ სპეციალურ მიკრორადიოგადამცემებს ამონტაჟებდნენ, რაც მტერს საშუალებას მისცემდა, რომ ამ წერტილებში უზუსტესი სარაკეტო დარტყმები განეხორციელებინათ.

– უყურე შენ, მართლაც თხუნელა არ ყოფილა?!

სპეცსამსახურების ენაზე, „თხუნელა“ ჩანერგილ ჯაშუშს ნიშნავს და შჩუკინმა მითხრა:

– თხუნელა და, თანაც როგორი! მას თვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.

– როგორ გაიშიფრა?

– ერთ-ერთმა ქურდმა გაყიდა, რომელსაც  თხუნელა „ავერბოვკებდა“, ის ქურდი კი ჩვენზე მუშაობდა. თხუნელამ თავისი მგლური ყნოსვით ჩვენს აგენტზე მიიტანა ეჭვი და მისი მოკვლა სცადა, თუმცა, აგენტი გადარჩა, თხუნელამ კი თავისი ამერიკელი მფარველების წყალობით, ერთი ნაბიჯით გაგვასწრო.

– ქურდებმა რისთვისღა მიუსაჯეს სიკვდილი?

– ჩვენი აგენტი ქურდის მკვლელობის მცდელობისთვის – ქურდებმა ხომ არ იციან, რომ ის ჩვენთან თანამშრომლობს?!

– ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. თხუნელა სად უნდა ვეძებო?

– ის უკვე ნაპოვნია – პენსილვანიაში ცხოვრობს სხვისი სახელითა და შეცვლილი გარეგნობით. ის ისეთი დაცული ჰგონიათ, რომ დაცვაც კი არ ჰყავს. შენ, უბრალოდ, თავზე დაადგები მას, განაჩენს წაუკითხავ, როგორც არაერთხელ გიქნია და იმ მოღალატე თავს ქათამივით წააგდებინებ.

თხუნელას ლიკვიდაციისთვის დიდი ჯაფა არ დამჭირვებია. მას პირქვედაკიდებულს წავუკითხე სასიკვდილო განაჩენი. შემდეგ, ალესილი ხანჯლით თავი მოვკვეთე, ხანჯალი მუცელში ჩავარჭვე და იქაურობას გავეცალე...

თხუნელა და ძმანი მისნი „კაგებეს“ ინტერესის სფეროში იშვიათად ხვდებოდნენ და მათთან მუშაობის პრეროგატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა. თუმცა, კანონიერი ქურდები ჩვენი ინტერესების გასატარებლადაც გვიმუშავებია და, უნდა გამოვტყდე, რომ ისინი საკმაოდ კარგად ირგებდნენ ამ როლს. ერთხელ, ჯერ კიდევ ჩემი კაგებეშნიკური კარიერის გარიჟრაჟზე, ანდრეი ლუკიჩ მუხინმა დამიბარა და მითხრა:

– როგორ ხარ, კოკი, როგორ ეჩვევი ჩვენთან მუშაობას?

– კარგად, გმადლობთ, ამხანაგო გენერალო. ყოველთვის მზად ვარ სამსახურისთვის!

მაშინ ჯერ კიდევ უცოლო ვიყავი და მუხინმა მითხრა:

– გავიგე, დაქორწინებას აპირებ...

– დიახ, ამხანაგო გენერალო, საცოლე მყავს და სამ თვეში დავქორწინდებით.

– ძალიან კარგი. ამ დავალებას, ალბათ, სამიოდე თვე დასჭირდება და, მორჩები თუ არა საქმეს, შეგიძლია, ოჯახსაც მოეკიდო. მოკლედ, ერთი ძალიან სერიოზული ოპერაცია გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც ჯიბგირის კვალიფიკაცია სჭირდება – ამის გარეშე მისი განხორციელება არ იქნება. მოდი, ბოლოდან დავიწყებ, რომ ყველაფერი უფრო ადვილად გაიგო, კარგი?

– კარგი, ამხანაგო გენერალო, – ვუთხარი მუხინს და სმენად ვიქეცი.

– სამ თვეში ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკში, ეგრეთ წოდებული „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კანადის პრემიერ-მინისტრი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი. ამ შეხვედრაზე დიდი ანტისაბჭოური შეთანხმება უნდა მოხდეს, რომლის ინიციატორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რაზე იქნება საუბარი იმ სუპერდაცულ შენობაში, სადაც ეს ხალხი ერთმანეთს შეხვდება. იქ შეღწევა და მოსასმენი მოწყობილობის დამონტაჟება კატეგორიულად გამორიცხულია. ამიტომ, ჩვენ ერთობ ორიგინალური ხერხი მოვიფიქრეთ: ამ მოწყობილობას იქ თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეიტანს პიჯაკის ჯიბით, პიჯაკში კი ამ სპეციალურ მოწყობილობას მას ჩვენი კაცი ჩაუდებს. გასაგებია?

– პრინციპში, გასაგებია, მაგრამ, რამდენიმე კითხვა მაქვს.

– გისმენ, მკითხე.

– რა ვითარებაში უნდა მოხვდეს მიკრომოსასმენი მოწყობილობა ამერიკის პრეზიდენტის ჯიბეში, მას რომ ძალიან  ფხიზლად იცავენ? ხოლო ასეთი მოქმედების ჩატარებას, სულ მცირე, მასთან მიახლოება ხომ სჭირდება?

– პრეზიდენტი სიტყვით გამოვა რეიკიავიკის უნივერსიტეტში და, დარბაზს რომ დატოვებს, მას ტაშით გააცილებენ. ის ადამიანებს ხელს ჩამოართმევს და ამ დროს უნდა ჩაუდონ ჯიბეში მიკრომოწყობილობა. გასაგებია?

– ეს გასაგებია, მაგრამ, პრეზიდენტს რომ პიჯაკი არ ეცვას ან გამოიცვალოს?

– პიჯაკი აუცილებლად ეცმევა, რადგან ზუსტად ვიცით, რომ იმ დღეს რეიკიავიკში ჰაერის ტემპერატურა პლუს ჩვიდმეტი გრადუსი იქნება. პიჯაკს კი არ გამოიცვლის, რადგან უნივერსიტეტიდან პირდაპირ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე მიემართება.

– ამას ვინ შეასრულებს?

– სუპერჯიბგირი, კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ნეპმანი“.

– და, ბოლო კითხვა – მე რა როლი მეკისრება ამ ყველაფერში?

– სამი უმთავრესი როლი: პირველი – გადმოიბირო და თანამშრომლობაზე დაითანხმო; მეორე – თვალყური ადევნო დავალების შესრულებას და ხელი შეუწყო მას და, მესამე – ოპერაციის ჩავარდნის შემთხვევაში, თუკი ნეპმანს პრეზიდენტის დაცვა ჩაავლებს, მისი ლიკვიდაცია, რომ „კაგებე“ არ გაიშიფროს.

– ურთულესი დავალებებია განსაკუთრებით კი პრეზიდენტის ჯიბეში მოსასმენი აპარატის ჩადება.

ჩემს სიტყვებზე მუხინს გაეცინა და მითხრა: 

– მაგაზე რთული ნეპმანის გადმობირებაა.

– რატომ? – გამიკვირდა მე.

– იმიტომ, ჩემო კოკი, რომ 65 წლის ნეპმანი ძველი ფორმაციის, იდეური ქურდია; მას არც ცოლ-შვილი ჰყავს, არც პირადი ქონება გააჩნია და, საეჭვოა, რომ „ძაღლებთან“ თანამშრომლობაზე დათანხმდეს.

– ჩვენ ხომ „ძაღლები“ არ ვართ?

– მისთვის ყველა პაგონიანი „ძაღლია.“

– რომ შევაშინოთ?

– ვინ, ნეპმანი? მას თავისი სამოცდახუთი წლიდან ოცდათხუთმეტი წელი პატიმრობაში აქვს გატარებული. თორმეტჯერაა ნასამართლევი; ორ, ეგრეთ წოდებულ, „ძუკნების“ ომში აქვს მონაწილეობა მიღებული, ორჯერვე ისე მძიმედ დაიჭრა, რომ სიკვდილს ძლივს გადაურჩა და ასეთი კაცის შეშინებას აპირებ?

– ახლა სად არის?

– სოლიკამსკის „ბელი ლებედში“. ორთვენახევარში პატიმრობა უმთავრდება. იქ უნდა ჩაჯდე და დაუახლოვდე. შემდეგ მას გარეთ შეხვდები და მის გადმობირებას შეეცდები. გახსოვდეს, ნეპმანის გადმობირება ციხეში არ დააპირო, თორემ, თუ გაგშიფრა, იქვე მოგკლავენ და ვერავინ გიშველის. გასაგებია?

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო.

 – კარგი. სამი დღის განმავლობაში ჩვენი სპეციალური ინსტრუქტორები საციხედ მოგამზადებენ, შემდეგ კი ურალისკენ გაემართები ეტაპით. „ბელი ლებედში“ კი მარტო საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.

ზოგადად, საციხედ მომზადება და კონკრეტულად „ბელი ლებედისთვის“ მომზადება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისთვის. სოლიკამსკის განსაკუთრებული რეჟიმის ციხეში – „ბელი ლებედში“ განსაკუთრებული პატიმრები ისხდნენ, როგორც გარეწრები და კაციჭამიები, ასევე, კანონიერი ქურდები. „ბელი ლებედის“ კანონიერ ქურდთა თითქმის ასი პროცენტი ნეპმანელი ქურდები იყვნენ. ამიტომ, მათი ცდუნება და მოტყუება თითქმის შეუძლებელი იყო და ისინი ისევე მკაცრად სჯიდნენ მატყუარებსა და შეგზავნილებს, როგორი სიმკაცრითაც თავად იცავდნენ ქურდულ კანონებს.

მუხინის გეგმის მიხედვით, მე ახალგაზრდა, უცნობი ქურდი ვიყავი. მქონდა საკმაოდ კარგი კვალიფიკაცია და ქურდული ტიტულის მოსაპოვებლად ვიბრძოდი. მისჯილი მქონდა 8 წელი და ჩავვარდი ბინის ქურდობაზე. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე მქონდა შესისხლხორცებული, რომ ძილშიც კი არ შემეშლებოდა და, სანამ „ბელი ლებედის“ ქურდულ საკანში გამამწესებდნენ, „ქურდული დაკითხვის“ გენერალური რეპეტიცია გავიარე და სპეცდავალების შესასრულებლად გავემართე.

– „ბელი ლებედის“ საქათმე შენს განკარგულებაშია, – სიტყვა შემომაგება ერთ-ერთმა დიდთავა პატიმარმა, რომელიც ციხის მომსახურებაში მუშაობდა და, იმ მომენტში, როცა მე ციხის მეორე სართულზე ავყავდი ბადრაგს, ის ქვემოთ ეშვებოდა და თეთრეული მიჰქონდა გასარეცხად.

დიდთავას ჯერ მუშტი ვთხლიშე და ჰაერში ავწიე, შემდეგ წიხლიც მივაშველე და სამრეცხაოში „მოკლე გზით“ ჩავუშვი... ეს „მოკლე გზა“ მას ტვინის მძიმე შერყევად და ლავიწის ძვლისა და ორივე ხელის მოტეხილობად დაუჯდა...

„ბელი ლებედის“ ოცადგილიან ქურდულ საკანში ცხრამეტი ნეპმანელი ქურდი იჯდა, რომელთა შორის ნეპმანს „მეფის“ სტატუსი ჰქონდა. დიდთავას „მოკლეზე ჩაშვებიდან“ სულ რაღაც ნახევარი საათის მერე შემიყვანეს ქურდულ საკანში. ის ნახევარი საათი ციხის უფროსის შეგონებას დასჭირდა, რომელმაც გამაფრთხილა, რომ, თუკი მუშტიკრივზე ხელს არ ავიღებდი, კარცერში ამომალპობდა...

– ეს შენ ხომ არ ხარ ის მძიმე მუშტი, ძუკნისთავა კიბიდან რომ აფრინა? – მკითხა ნეპმანელმა ქურდმა, მეტსახელად „ცალთვალამ“, რომელსაც მარცხენა თვალი ამოთხრილი ჰქონდა.

– დიახ, მე ვარ, – მივუგე ცალთვალას. მან ტუჩები მობრიცა, მის უკან მყოფ კოლეგებს მიუბრუნდა და თქვა:

– ეს ყმაწვილი, ძმებო, ზრდილობიანიც ყოფილა. ხომ გაიგონეთ, რა თქვა – დიახო... – შემდეგ ისევ მე მომიბრუნდა და მითხრა – შეგეძლო, ჩვენთან შემოსახლებაზე უარი გეთქვა და ჩვეულებრივ საკანში მოგათავსებდნენ, აქ თავის გატანა არც ისე იოლია.

– უარი მეთქვა? რატომ? მით უმეტეს, რომ აქ შემოსახლება მე თვითონ მოვითხოვე, – მშვიდად მივუგე ცალთვალას, რომელიც ჩემმა სიტყვებმა გულწრფელად გააოცა. მან პაუზა გააკეთა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და თქვა:

– მომესმა თუ მართლა თავად მოითხოვე აქ შემოსახლება?

– არ მოგესმათ, მე თვითონ მოვითხოვე.

– გასაგებია. ქურდი ხარ? – მკითხა ცალთვალამ.

– იმედი მაქვს, რომ ამ წოდებას აქ, თქვენგან მივიღებ. მით უმეტეს, რომ რვა წელი მაქვს მისჯილი და საკმაო დრო გექნებათ ჩემს გასაცნობად.

 – ხედავ შენ, რა სდომია? – ჩაეცინა ცალთვალას და მკითხა – რაზე გაგსროკეს?

– მოსკოვში ერთი მაყუთიანის ბინაში შევედი და ფული და სამკაულები დავითრიე. უკვე გამოვდიოდი, როცა ერთ-ერთი ოთახიდან მოხუცი ქალის კვნესა და ტირილი შემომესმა. გულმა არ მომითმინა, მეც მოხუცი ბებია მყავს და საძინებელში შევედი, სადაც ის ბებო იწვა. რომ დამინახა, ატირდა: სული მეხუთება, შვილო, სასწრაფოს გამოუძახეო. სულთამხუთავი ხომ არ ვიყავი, ავდექი და გამოვუძახე, შემდეგ ათესვა დავაპირე, მაგრამ ბებომ არ გამიშვა და მთხოვა, რომ არ დამეტოვებინა.

– მერე, დარჩი? – სიტყვა შემაწყვეტინა ცალთვალამ.

– დავრჩი. აბა, ბებოს ცოდვას ხომ არ დავიდებდი. მოკლედ, სასწრაფომ ბებო საავადმყოფოში წაიყვანა, მე კი მილიციამ – კაპეზეში. თურმე, იმ ოჯახის დიასახლისი მეზობელთან ყოფილა გასული და მილიციაც მან დამაყენა თავზე.

– ჰმ, როგორც შექსპირი იტყოდა, ტრაგიკომედიაა, – თქვა ცალთვალამ და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ, ის ნეპმანმა გააჩერა, რომელიც ყურადღებით მაკვირდებოდა და მითხრა:

– რა გქვია?

– ლიონია.

– მეტსახელი?

– არ მაქვს.

– დღეიდან „ალტრუისტი“ იქნები. მართალია, ცოტა გრძელი სახელია, მაგრამ, შენ შეგეფერება. იცი, რას ნიშნავს?

– არა.

– სხვებზე მზრუნველს. მოდი, დაიკავე თავისუფალი ადგილი. დღეიდან ჩვენს საკანში იცხოვრებ, – მითხრა ნეპმანმა და თავისუფალ ადგილზე მიმითითა.

როგორც წინასწარ შემუშავებული გეგმით იყო გათვალისწინებული, „ბელი ლებედში“ ყოფნის ორთვენახევრის განმავლობაში ნეპმანს ძალიან დავუახლოვდი და მაქსიმალურად შევისწავლე მისი ხასიათი. გათავისუფლების წინ კი მან მითხრა:

– ნახვამდის, ალტრუისტო. იმედია, სვაბოდაზე შევხვდებით ერთმანეთს.

– ნახვამდის, – ნაღვლიანად მივუგე ნეპმანს და გადავეხვიე.

ნეპმანი წავიდა. ერთ კვირაში კი „ეტაპით“  ვითომდა ციმბირის ზონაში გამიშვეს, სინამდვილეში კი მოსკოვში ჩამიყვანეს და ნეპმანს მივადექი ბინაში, სადაც ის ძველი მოსკოვის ხუთსართულიან სახლში ცხოვრობდა.

– გამარჯობა, ალტრუისტო. ხომ ვთქვი, ერთმანეთს შევხვდებით-მეთქი, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ ეს ასე მალე მოხდებოდა. როგორ გაჩნდი აქ?

– ეტაპიდან მოვხიე. ციმბირში დასაღუპავში მიშვებდნენ, გავრისკე და პაბეგი ავწიე.

ნეპმანმა ყურადღებით შემათვალიერა, გაეცინა და მითხრა:

– ყმაწვილო, შენ მე არიფი ხომ არ გგონივარ? ჯერ კიდევ „ბელი ლებედში“ შემეპარა შენში ეჭვი, მაგრამ, არ შევიმჩნიე. პირდაპირ მითხარი, ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა?

– შენთვის, ძვირფასო ნეპმანო, ალტრუისტი ვარ – შენ არ შემარქვი ეს მეტსახელი? შენგან კი მინდა, რომ, შენი უმაღლესი კვალიფიკაციის გამოყნებით, ჩვენს დიდ სამშობლოს სარგებელი მოუტანო.

– აბა, უფრო კონკრეტულად მითხარი.

ნეპმანს, რეიკიავიკში ჩასატარებელი ოპერაციის დეტალები დაწვრილებით გავაცანი და ვკითხე:

– რას იტყვი, როგორია?

– ესე იგი, კომიტეტჩიკი ხარ და არა „ძაღლი“?

– შენთვის ყველა პაგონიანი ძაღლი არ არის? – მუხინის სიტყვებით მივუგე ნეპმანს, მან კი მითხრა:

– ხუთი წელია, ჯიბეზე არ მიჩალიჩია, იმიტომ, რომ სროკზე ვიყავი და, ვშიშობ, ჩემი თითები ჯიბგირობას გადაეჩვია.

– მოდი, გამოვცადოთ.

– როგორ?

– მაგაზე ადვილი რა არის? წამოდი, „გუმში“ წავიდეთ და ვნახავთ, რა შეუძლიათ შენს თითებს.

– რომ დავიწვა და ამაგდონ?

– მე რისთვის ვარ აქ?

– კარგი, წავედით.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერმაღი, რომელიც „გუმის“ სახელითაა ცნობილი, ჯიბგირების საყვარელი ადგილი იყო და, ამ კატეგორიის ხალხთან ერთად, იქ უამრავი მილიციელიც იყრიდა თავს. ისინი გადაცმულები დადიოდნენ ამ უზარმაზარი შენობის ფართო დერეფნებში და ჯიბგირების მოხელთებას ცდილობდნენ. მე და ნეპმანი დღის 2 საათზე შევედით „გუმში“ – იმ დროს, როდესაც იქაურობა ფულით გატენილი ხალხით იყო სავსე.

– მიდი, როგორც შევთანხმდით, ისე იჩალიჩე, – ვუთხარი ნეპმანს.

ჩვენი შეთანხმებისამებრ, ნეპმანს წინასწარ უნდა ეცნობებინა, თუ რომელ ადამიანს გაქურდავდა. შემდეგ, უნდა ეჯიბგირა და ნადავლი ჩემთან მოეტანა. მე კი მოპარული საფულე ან ნივთი დაზარალებულისთვის უნდა დამებრუნებინა.

– აი, იმ მწვანეშლაპიანს გავაშიმხონებ, – მითხრა ნეპმანმა, შემდეგ საშუალო სიმაღლის მამაკაცს აედევნა, მოზრდილი საფულე ამოაცალა პიჯაკის ჯიბიდან და მომიტანა.

საფულე მამაკაცს დავუბრუნე და ვუთხარი:

– მოქალაქევ, საფულე დაგივარდათ. გამომართვით და მომავალში ყურადღებით იყავით.

სულ რაღაც თხუთმეტი წუთის განმავლობაში, ნეპმანმა ხუთი მოქალაქე ისე გაქურდა, რომ არც ერთ მათგანს არაფერი უგრძნია. ექსპერიმენტი რომ დასრულდა, ვუთხარი:

– ფენომენალური, ასპროცენტიანი შედეგია. რომ იტყვიან, ხუთი ათიანი გაარტყი.

– გეთანხმები. ჯერ კიდევ მიმუშავებს თითები, – მითხრა ნეპმანმა, – შეუკვეთე რეიკიავიკის ბილეთები...

რეიკიავიკის ოპერაცია დიდი წარმატებით ჩატარდა. მე და ნეპმანი  ისლანდიის დედაქალაქის უნივერსიტეტში პროფესორისა და სტუდენტის სტატუსით შევედით, ხოლო, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა გამოსვლა დაასრულა და დარბაზიდან გასვლის წინ ხალხს ხელს ართმევდა, იქვე მდგომმა ნეპმანმა მას მაგრად ჩამოართვა ხელი და პიჯაკის შიდა ჯიბეში ისე სწრაფად ჩაუცურა მოსასმენი მოწყობილობა, რომ მეც კი ვერ შევასწარი თვალი... იმავე ღამეს სპეციალური აპარატურით აღჭურვილმა საბჭოთა თანამგზავრმა სუფთად ჩაიწერა დიდი შვიდეულის შეხვედრაზე შემდგარი შვიდსაათიანი საუბრები და საბჭოთა დაზვერვამ უმნიშვნელოვანესი სადაზვერვო-საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ, ნეპმანს თვეში სამი ათასი მანეთით პენსია დაუნიშნეს, რაც იმ დროს უზარმაზარი თანხა იყო.

ნეეპმანი, მიუხედავად იმისა, რომ „კაგებესთან“ ითანამშრომლა, ბოლომდე პატიოსან ქურდად დარჩა. მას არც არავინ გაუყიდია და არც ნეპმანური წესი დაურღვევია. ის სიცოცხლის ბოლომდე „პრიმას“ ეწეოდა და, მართალია, აღარ ჯიბგირობდა, მაგრამ, არც მდიდრულად და მსუყედ ცხოვრობდა. სამი ათასი მანეთიდან კი მხოლოდ 90 მანეთს იტოვებდა – დანარჩენს ქურდულ სალაროსა და საპყრობილეებში გზავნიდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3