კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შექმნა თბილისში „სადისტების“ ბანდა, რომლებიც თავიანთ მსხვერპლს წამებით კლავდნენ

პუბლიკაციის ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

 

მკვლელობა

– კახი, აი, ის „ნოლშესტი“ ჩემია. ეტყობა, ჩემმა ძმამ გამოიყვანა და თავის ძმაკაცებთან ერთად კატაობს. მე აქ ჩამოვალ, შენ კი მიდი, თავზე წამოადექი და შეაშინე, გასაგებია? – უთხრა მილიციის უფროსმა ლეიტენანტმა კოტე გოგიამ თავის ახალ მეწყვილეს, უმცროს ლეიტენანტს, კახი ომიაძეს.

21 წლის კახი ომიაძისთვის პირველი სამუშაო დღე იყო თბილისის მილიციის სამმართველოში. კახი 28 წლის, სისხლის სამართლის სამძებროს ოპერს, კოტე გოგიას შეუწყვილეს და სწორედ მასთან ერთად პატრულირებდა საბურთალოს ერთ-ერთ დასახლებაში. კახი ომიაძე მამის ნაჩუქარ, ახალ „ჟიგულს“ მართავდა.

კოტე გოგია მანქანიდან გადავიდა და აკაციის ხეს ამოეფარა, რომ იქიდან ედევნებინა თვალი თავისი უმცროსი ძმის დიტოს საქციელისთვის, რომელსაც კახი პისტოლეტმომარჯვებული უნდა წამოსდგომოდა თავზე და შეეშინებინა. ომიაძემ მანქანა დაძრა, სამოციოდე მეტრი გაიარა და კოტე გოგიას „ჟიგულს“ მიუყენა გვერდით. შემდეგ პისტოლეტმომარჯვებული გადმოხტა და დაიყვირა:

– არ გაინძრეთ, ხელები მაღლა!

აკაციის ხეს ამოფარებული კოტე გოგია ხალისით ადევნებდა თვალყურს „შეშინების სცენას“ და გულში უმცროს ძმას დასცინოდა. მაგრამ, კოტეს მანქანიდან გასროლის ხმა გაისმა და პისტოლეტმომარჯვებული კახი ომიაძე ასფალტზე დაეცა. კოტეს მანქანა კი ადგილს მოსწყდა და საბურთალოს ერთ-ერთი პატარა ქუჩის შესახვევიდან გაუჩინარდა. კოტემ ომიაძესთან მიირბინა, დახედა და ტყვია მას შიგ შუბლში ჰქონდა მოხვედრილი და უკვე გარდაცვლილი იყო.

მორიგი საქმე

კოტე გოგია საკმაოდ გამოცდილი ოპერი იყო და არ დაიბნა. ის ჯერ დარწმუნდა, რომ მისი მანქანა არავის შეუმჩნევია. შემდეგ იქვე, ტაქსაფონის ყურმილს დასწვდა და სახლში დარეკა.

– გისმენთ, – უპასუხა კოტეს დიტომ.

„მადლობა ღმერთს, რომ სახლშია. ასეც ვიცოდი და არ შევმცდარვარ“, – გაიფიქრა კოტემ და უმცროს ძმას უთხრა:

– ფეხი არსად გაადგა და სანამ არ მოვალ, გარეთ ცხვირიც არ გაყო.

– მოხდა რამე?

– რაც გითხარი, გააკეთე! წავედი, – მიუგო კოტემ დიტოს. შემდეგ მილიციის უფასო ნომერზე დარეკა, მორიგეს უთხრა, ვინც იყო და ყველაფერი უამბო. ათი წუთიც არ იყო გასული, რომ საბურთალოს მყუდრო ქუჩა, მილიციისა და პროკურატურის თანამშრომლებით აივსო.

ჩვენებაში, რომელიც პროკურატურის გამომძიებელს მისცა, კოტე გოგიამ აღნიშნა: „კახი ომიაძის მანქანიდან მოსაშარდავად გადმოვედი და იქვე, დანგრეული სახლის ეზოში მივდექი. ამ დროს გასროლის ხმა გავიგონე. შარვალი შევიკარი და გარეთ გავვარდი. დავინახე, კახი მიწაზე იწვა და ხელში პისტოლეტი ეჭირა. გავიგონე მანქანის ხმაც, თავად მანქანა კი არ დამინახავს. კახისთან რომ მივირბინე, ის უკვე გარდაცვლილი იყო“.

საქმის გამოძიებას გივი ნათაძე აწარმოებდა. მანვე ჩაატარა პირველადი მოკვლევა და მოკლული მილიციელის ტაბელური პისტოლეტი რომ შეამოწმა, ის დამცველიდან მოუხსნელი, არასაბრძოლო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, კახი ხომ კოტეს ძმის შეშინებას აპირებდა...

– უცნაურია, – ჩაილაპარაკა ნათაძემ, – თუ ომიაძე ბოროტმოქმედებს წამოადგა თავზე, მაშინ, „პრედახრანიწელიდან“ რატომ არ მოხსნა?

მილიციელის მკვლელობა კბილის ტექნიკოსის, ანზორ შიმშილაშვილის სახლთან მოხდა და მილიცია რომ მის სახლში შევიდა, ის გარდაცვლილი დახვდათ. კბილის ტექნიკოსი რკინის საწოლზე იყო მიბმული. მისი სხეულის შემოწმებამ ნათელყო, რომ ნაწამები იყო. გარდაცვალების მიზეზად კი ინფარქტი დასახელდა, რაც წამებამ გამოიწვია. შიმშილაშვილის ბინა არეულ-დარეული იყო. მისმა ცოლმა კი გამომძიებელს უთხრა:

– კედელში სეიფი იყო. ის ცარიელია. თუმცა, შიგ რა იდო, არ ვიცი.

იმავე საღამოს, მილიციის სამმართველოში ოპერატიული თათბირი გაიმართა და სამძებროს უფროსმა ხელქვეითებს უთხრა:

– ეს, როგორც ეტყობა, სადისტების მორიგი, მეოთხე საქმეა – იგივე ხელწერაა. უკვე მეოთხე გაძარცვული მოკლეს, პლუს ჩვენი კოლეგა. ხუთი „ტრუპი“ – ეს არნახულია. მოკლული კახი ომიაძის მამა პირველის მეგობარია და უნდა ვიმოქმედოთ.

უფროსთან თათბირს კოტე გოგიაც ესწრებოდა და როცა დასრულდა, პოლკოვნიკს სთხოვა:

– ამხანაგო პოლკოვნიკო, თუ შეიძლება, სახლში წავალ. ძალიან ცუდად ვარ და თუ არ დავისვენე, გავგიჟდები.

– წადი, კოტე, წადი...

კოტე გოგიამ ტაქსი გააჩერა, მძღოლს მისამართი უკარნახა, თავად უკანა სავარძელზე გადაწვა და ფიქრობდა: „ძარცვის დროს დიტო სახლში იყო. ესე იგი, მანქანა მან ვიღაცას ათხოვა. იმ ვიღაცის ვინაობას შევიტყობ და მერე, მე ვიცი“.

გამწყდარი ჯაჭვი

კოტე დიღმის მასივში ცხოვრობდა და სახლთან რომ მივიდა, კორპუსის წინ მდგომი, საკუთარი „ჟიგული“ დაინახა. სახლში რომ შევიდა, ზუსტად საღამოს რვა საათი შესრულდა. კართან უმცროსი ძმა, დიტო შემოეგება:

– ხომ მშვიდობაა, კოტე? 

– დაჯექი და რასაც გკითხავ, ყველაფერზე სწორედ მიპასუხე.

– რა მოხდა, არ იტყვი?

– ჩემი „ნოლშესტი“ ვის გაატანე ამ დილით?

– არავის, – მიუგო დიტომ ძმას.

– ხომ გითხარი, არ მომატყუო-მეთქი. ვის გაატანე?

– არავის, – გაუმეორა ძმას დიტომ.

კოტემ სილა გააწნა დიტოს და ხმას აუწია:

– კრეტინო! მიპასუხე, ვის გაატანე. იმ მანქანიდან ამ დილით მილიციელი, ჩემი მეწყვილე მოკლეს.

– შენი მეწყვილე მოკლეს? – ხმა აუკანკალდა დიტოს.

– ჰო, ჩემი მეწყვილე. თქვი, ვის გაატანე.

– სერგო კვახაძეს, – ხმის კანკალითვე მიუგო დიტომ.

– ეგ ვინაა?

– ჩემი ჯგუფელი.

– რატომ გაატანე?

– ხუთასი მანეთი მომიგო სეკაში და მითხრა, თუ ორი საათით შენი ძმის მანქანას მათხოვებ, თავანს გაგირასხოდებო.

– რამდენი ხანი ჰყავდა წაყვანილი?

– დილის ათზე წაიყვანა და თორმეტის ნახევარზე მოიყვანა.

– სად ცხოვრობს?

– ორთაჭალაში, ჰესთან, – უთხრა დიტომ კოტეს და კვახაძის ზუსტი მისამართი უკარნახა.

კოტემ შენიღბულად ჩაიცვა. ქამარში გაუფორმებელი იარაღი გაირჭო და სანამ სახლიდან გავიდოდა, დიტოს უთხრა:

– სახლში ეგდე და კარი არავის გაუღო. სახლში რომ მოვალ, კარს ჩემი გასაღებით გავაღებ.

დიტო გოგია 20 წლის იყო და „გეპეიში“ სწავლობდა. მას და მის ძმას მშობლები ავტოავარიაში დაეღუპათ და ერთმანეთის მეტი არავინ ჰყავდათ. ძმები რომ დაობლდნენ, დიტო 12 წლის იყო და ის კოტემ გაზარდა...

კოტე სახლიდან გავიდა და „დინამოს“ ბაზამდე ფეხით იარა. იქ ტაქსი გააჩერა და ორთაჭალაში წავიდა. კვახაძის სახლიდან 200 მეტრის დაშორებით ჩამოქვეითდა, გზა ფეხით გააგრძელა და კვახაძის სახლს რომ მიუახლოვდა, ეზოში შეკრებილი მილიცია, პროკურატურა და უბრალო ცნობისმოყვარეები შენიშნა. კოტემ ერთი იეზიდი მეეზოვე გააჩერა და ჰკითხა:

– რა მოხდა, ძია-ჯან? რამდენი ხალხი და მილიციაა შეკრებილი...

– ჩვენი სერიოჟა მოკლეს, კვახაძე, პადიეზდში თავში ორი ტყვია ესროლეს.

– ვა, საცოდავი, – თქვა კოტემ და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას, რომ ვინმეს არ ეცნო.

სისხლიანი შეტაკება

კოტე თერთმეტის ნახევარზე დაბრუნდა სახლში და დიტოს დაწვრილებით მოაყოლა სერგო კვახაძესთან ურთიერთობის ამბები. აღმოჩნდა, რომ მასთან ორჯერ იყო ნამყოფი. ერთხელ, მთელ ჯგუფთან ერთად მის დაბადების დღეზე, მეორედ კი – ცალკე.

– მარტო რომ იყავი, რას აკეთებდით? – ჰკითხა კოტემ ძმას.

– არაყი დავლიეთ და პლანი დავაყოლეთ. მე გავითიშე და იქვე მიმეძინა. რომ გამოვფხიზლდი, თვალი არ გამიხელია და მივაყურადე. სერგოს სტუმარი ჰყავდა და ვიღაც „პუზას“ გაწეწვაზე ლაპარაკობდნენ. ერთხელ, ვიღაც „მოხუციც“ ახსენეს. შემდეგ სერგოს სტუმარი წავიდა. მე თვალი გავახილე, ხელ-პირი დავიბანე და სახლში წამოვედი. ერთი კვირის მერე კი, სერგომ სეკაში ხუთასი მანეთი მომიგო და მითხრა, მანქანის თხოვებაში გაგირასხოდებო. აი, სულ ეს არის მთელი ამბები.

 – ახლა კარგად მომისმინე, შე კრეტინო! – უთხრა დიტოს გამწარებულმა კოტემ, – არყის სასმელად, პლანის მოსაწევად და სეკას სათამაშოდ გამოგზარდე? შენნაირებს ვიჭერ და ციხეში ვსვამ. საფრთხის ქვეშ ხარ. დარწმუნებული ვარ, სერგო კვახაძე იმიტომ მოკლეს, გაიგეს, რომ მილიციელის მანქანით იყვნენ საქმეზე და ამით ჯაჭვი გაწყვიტეს. გამორიცხული არ არის, შენი მოკვლაც უნდოდეთ. ამიტომ, დროებით უნდა დაიმალო. ამაღამვე სოხუმში გაემგზავრები ჩემს ძმაკაცთან, ასტამურ ჩაჩბასთან და იქ დაიმალები. წავედით. ერევანი-მოსკოვის მატარებელი ღამის 3 საათზე გადის, ოცი წუთით გაჩერდება თბილისში და გაგამგზავრებ. მაგრამ, იცოდე, არავისთან კრინტიც არ დაძრა. ასტამურს მე დავურეკავ და ის არაფერს გკითხავს.

კოტემ დიტო სოხუმში გაამგზავრა, მანამდე კი თავის ჯგუფელს, მილიციის კაპიტანს, ასტამურ ჩაჩბას დაურეკა, რომელიც სოხუმის სამძებროს უფროსის მოადგილე იყო და სთხოვა, დიტო თავისთან ყოლოდა. კოტე რომ სახლში დაბრუნდა, უკვე თენდებოდა, მაგრამ ძილი არ ეკარებოდა, დიტოს მონათხრობს აანალიზებდა. ძმის მიერ ნახსენები პუზა ცნობილი თბილისელი ნარკომოვაჭრე, მიშა კოდალაშვილი იყო. ხოლო „მოხუცი“ ვინ იყო, კოტემ არ იცოდა, თუმცა ეჭვობდა, რომ ის მსხვილი „თევზი“ უნდა ყოფილიყო.

„ესე იგი, „სადისტები“ პუზას გაძარცვას აპირებენ და მათ რომ ჩავავლო, კოდალაშვილის სახლთან მომიწევს სადკაობა. ძალიან კარგი... თუ გამიმართლებს, მსხვილ ბანდას გავშიფრავ და ავყრი, რაც ჩემი კარიერისთვის ურიგო არ იქნება“, – ფიქრობდა კოტე გოგია. 

სამსახურში მისულ კოტეს სერგო კვახაძის მკვლელობის ამბავი დახვდა, რომელსაც ასევე გივი ნათაძე იძიებდა. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მილიციელი კახი ომიაძე და სერგო კვახაძე ერთი და იმავე პისტოლეტით იყვნენ მოკლულნი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ კვახაძე „სადისტების“ საქმესთან იყო დაკავშირებული.

სამსახურებრივი საქმიანობის პარალელურად, კოტე გოგია ნარკობარიგა პუზას, იგივე მიშა კოდალაშვილის სახლს უთვალთვალებდა, რომ, თუკი „სადისტები“ მის გაძარცვას დააპირებდნენ, დაეკავებინა ისინი.

შიმშილაშვილის გაძარცვისა და კახი ომიაძის მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ, კოტე გოგია ვაკეში, პუზას სახლთან იყო ჩასაფრებული და უკვე წასვლას აპირებდა, რომ შორიახლო „მოსკვიჩი“ გაჩერდა. იქიდან სამი ახალგაზრდა გადმოვიდა, ერთი კი მანქანაში დარჩა. „ნამდვილად „სადისტები“ არიან“, – გაიფიქრა კოტემ და მანქანიდან გადმოვიდა. იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და ახალგაზრდებისკენ გაემართა, რომლებიც უკვე სადარბაზოში შედიოდნენ. ერთ-ერთმა უკან მოიხედა და კოტე რომ შენიშნა, მიხვდა, ვინც იყო. იარაღი დაუმიზნა, ესროლა და მარცხენა მხარში დაჭრა... კოტემ, საპასუხო ცეცხლი გახსნა და ერთი ახალგაზრდა მოკლა, მეორე მუცელში დაჭრა, მესამემ და „მოსკვიჩის“ მძღოლმა კი გაქცევა მოახერხეს. თავად დაჭრილმა კოტემ, მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა საკუთარ მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში წაიყვანა, მანამდე კი, გამვლელ ავტოინსპექტორს უბრძანა:

– მე, „უგროზისკის“ ოპერი ვარ და დაჭრილი საავადმყოფოში მიმყავს, ეგ კი მოკლულია და მილიცია გამოიძახე...

„მოხუცი“

კოტე გოგიამ მის მიერვე დაჭრილი მძარცველი მეცხრე საავადმყოფოში მიიყვანა. მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და რეანიმაციულ განყოფილებაში დააწვინეს. დახმარება აღმოუჩინეს კოტესაც და მარცხენა მხარიდან პისტოლეტის ტყვია ამოუღეს. მოგვიანებით, ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კოტეს მხრიდან ამოღებული ტყვია იმ პისტოლეტიდან იყო ნასროლი, რომლითაც კახი ომიაძე და სერგო კვახაძე იყვნენ მოკლულები და ეკუთვნოდა ანზორ პაპავას, რომელიც კოტემ პუზას სადარბაზოსთან მოკლა. მუცელში დაჭრილი მძარცველი კი 29 წლის ნოდარ მენაბდე აღმოჩნდა.

კოტე გოგია პროკურატურაში წაიყვანეს. ის გივი ნათაძემ დაკითხა და კოტემაც მას სრული სიმართლე უამბო, დაწყებული კახი ომიაძის მკვლელობიდან, პუზას სახლთან ჩასაფრებით დამთავრებული...

– აი, რატომ ჰქონდა საბრალო კახი ომიაძეს პისტოლეტი არასაბრძოლო მდგომარეობაში, – თქვა ნათაძემ, – ის, თურმე, შენი ძმის შეშინებას აპირებდა შენივე თხოვნით და მკვლელებს გადააწყდა. დამნაშავე ხარ. შენ რომ ეს ყველაფერი იმავე დღეს მოგეყოლა, ახლა ეს საქმე დასრულებული იქნებოდა და ამდენ მსხვერპლს თავიდან ავიცილებდით. იძულებული ვარ, შენი შინაპატიმრობა მოვითხოვო და შენს უფროსობას მივმართო.

– ბატონო გივი, პატიებას არ გთხოვთ და მზად ვარ, პასუხი ვაგო ჩემი საქციელისთვის, მაგრამ გთხოვთ, ჩემი საქმიანობა იქამდე გამაგრძელებინოთ, სანამ „სადისტებს“ და მათ მეთაურ „მოხუცს“ არ დავიჭერთ.

გივი ნათაძემ კოტეს თხოვნა შეუსრულა.

„სადისტებზე“ გასასვლელად ერთადერთი ჯაჭვი, მძიმედ დაჭრილი ნოდარ მენაბდე იყო. მაგრამ, ის კომაში იყო და მისი დაკითხვა შეუძლებელი გახლდათ.

ნოდარ მენაბდის გადასარჩენად, ექიმები ყველა ღონეს ხმარობდნენ. მილიცია კი გაძლიერებულად იცავდა მას და მეცხრე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებას, ადგილობრივი მედპერსონალის გარდა, ვერავინ ეკარებოდა. ერთ საღამოს, მენაბდის პალატასთან კოტე გოგია იჯდა და გაზეთს კითხულობდა. ამ დროს მას ექთანმა სვეტა კიღურაძემ გაუარა, მიესალმა და პალატაში შევიდა. კოტეს დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია, რომ გაოფლიანებული გოგონა გახშირებულად სუნთქავდა და აქედან გამომდინარე, საკმაოდ აღელვებული უნდა ყოფილიყო.

„აქ რაღაცაშია საქმე“, – გაიფიქრა კოტემ, პალატაში შევიდა და იმ დროს ჩაავლო სვეტას მაჯაში ხელი, როცა ის მენაბდისთვის საწამლავის გაკეთებას აპირებდა ვენაში...

ფაქტზე დაჭერილი სვეტა კიღურაძე გამოტყდა, რომ სახლში დაურეკეს და უთხრეს: დილით  შენი რვა წლის გოგონა გავიტაცეთ, და თუ ნოდარ მენაბდეს არ მოკლავ, გოგონას მოჭრილ თავს გამოგიგზავნითო...

კოტემ მომხდარის შესახებ უფროსებს აცნობა და მილიციამ ოპერაცია შეიმუშავა, რომლის წარმატების იმედი დიდად არავის ჰქონდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ამ ოპერაციის მიხედვით, ნოდარ მენაბდე გარდაცვლილად გამოცხადდა და რეანიმაციულ განყოფილებაში დაცვა მოიხსნა. სინამდვილეში კი ის მილიციის დახურულ კლინიკაში გადაიყვანეს. სვეტა კიღურაძის ტელეფონი მოსასმენად ჩართეს და გამტაცებლის ზარს დაელოდნენ, რომ მისი ადგილსამყოფელი დაეფიქსირებინათ. მისი დაკავებით კი „სადისტების“ ბანდის დანარჩენ წევრებზე გასულიყვნენ. 

– სვეტა, თუ გამტაცებელმა დარეკა, ეცადე, რაც შეიძლება დიდხანს, მინიმუმ, ერთი წუთი მაინც გაწელო საუბარი, რომ მისი ადგილმდებარეობა დავადგინოთ და ავიყვანოთ, – უთხრა სვეტა კიღურაძეს მილიციის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსმა, რომელიც პირადად ესწრებოდა ოპერაციას.

ზუსტად შუაღამით, სვეტას ტელეფონზე ზარი გაისმა და გამტაცებელმა ქალს უთხრა, რომ მისი 8 წლის გოგონა ამჟამად თბილისის ვაგზლის მოსაცდელ დარბაზშია სკამზე და სძინავსო. სვეტამ, ემოციური ლაპარაკი გაუბა გამტაცებელს, 72 წამი ესაუბრა და მილიციამ, დამრეკავის ადგილსამყოფელიც დაადგინა. ოპერჯგუფმა ის თბილისის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩის ტელეფონ-ავტომატის ჯიხურშივე დააპატიმრა. დაკავებული მანქანაშივე დაკითხეს, დაადგინეს, რომ 25 წლის შალვა კვესიტაძე „სადისტების“ ბანდის წევრი იყო. სწორედ კვესიტაძე მართავდა იმ „მოსკვიჩს“, რომელიც პუზას სახლთან იდგა და კოტეს გაექცა.

– „მოხუცი“ სადაა? – ჰკითხა კვესიტაძეს ოპერჯგუფის უფროსმა.

„მოხუცის“ ხსენებაზე კვესიტაძე გაფითრდა და ენა ჩაუვარდა. თუმცა, მალევე ამოიდგა ენა და მილიციელებს მისი ადგილსამყოფელი უთხრა:

– კუკიაზე ცხოვრობს. აი, ამ მისამართზე...

„მოხუცი“ და ბანდის ის მეორე წევრი, რომელიც კოტეს პუზას სახლთან გაექცა, ისე აიყვანეს, სიტყვის დაძვრაც ვერ მოასწრეს. ამ ოპერაციას, პირადად მილიციის სამმართველოს უფროსი ატარებდა და „მოხუცი“ რომ დაინახა, უთხრა:

– სოხაძე, ეს შენ ხარ „მოხუცი“? „დამპალი“ აღარ მოგწონდა და სახელი შეიცვალე?

– ჰმ, მაინც მომიხელთეთ, მაგრამ გაქცევა ჩემი ხელობაა, – კბილებში გამოსცრა ტარიელ სოხაძემ, რომელიც ოთხჯერ ნასამართლევი რეციდივისტი იყო და მილიცია მას უკვე ექვსი წლის განმავლობაში ეძებდა კოლონიიდან გაქცევისთვის.

– ბასტა! ვეღარ  გაიქცევი. ამის იმედი აღარ გქონდეს, – მოუჭრა „მოხუცს“ პოლკოვნიკმა და დაპატიმრებულები მილიციის სამმართველოში წაიყვანეს.

ტარიელ სოხაძეს და მისი ბანდის წევრებს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სოხაძემ გაქცევა სცადა, მაგრამ ბადრაგმა ავტომატის ჯერით ჩაცხრილა...

скачать dle 11.3