კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N12(638) 

 

მოგვარებული პრობლემა

ზუკამ ყურსასმენები გამოიღო და ხმადაბლა წაუსტვინა. ოთახში ყველა საქმით იყო გართული. ძნელი სათქმელია, ვინ მუშაობდა რეალურად და ვინ პირადი ინტერესებისთვის „დაბოდიალობდა“ ინტერნეტში, მაგრამ, ფაქტია, რომ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ზუკამ მიიხედ-მოიხედა და ვერაფერი ნახა ისეთი, გიგის რომ ესროდა და „მსუბუქად დაჭრიდა“, ამიტომ, ზლაზვნით წამოდგა და მის მაგიდასთან მივიდა. გიგიმ ქვემოდან ახედა:

– რამე გინდა? რას წამომადექი თავზე?

– სალაპარაკო მაქვს, – სერიოზული ადამიანის ტონით ჩაილაპარაკა ზუკამ.

– ახლა, არ მითხრა, რომ იმ შეკვეთას თავს ვერ ართმევ და ჩემი დახმარება გინდა. ისედაც უამრავი საქმე მაქვს.

– ნუ დაპანიკდი. მოვრჩი უკვე და გადავუგზავნე კიდეც შემკვეთს. სხვა რამე მინდა.

– ვერც კაფეში ჩაგყვები, არ მშია და ხათრის გამო ნუ შემაჭმევ იმ უგემურ ხაჭაპურს, – გადაუწურა ყველა იმედი გიგიმ.

– უგემური შენ თვითონ ხარ. მათქმევინებ თუ არა?! – გაბრაზდა ზუკა, – რჩევა მჭირდება და ნუ დამამადლი.

– ო, აი, ეგ უკვე სხვა საქმეა, თავიდანვე ვერ თქვი?

– მერე, მაცადე?! გავიდეთ, რა, თან მოვწიოთ და დაგელაპარაკები.

– კარგი, – ამოიხვნეშა გიგიმ, – დაგითმობ ჩემი ძვირფასი დროის რაღაც ნაწილს. ოღონდ, სიგარეტი არ მაქვს და უნდა მომაწევინო.

– ბოლომდე სარგებლობ სიტუაციით, მაგრამ, არა უშავს, – ამოიოხრა ზუკამ, – სხვათა შორის, ამ ბოლო დროს სულ ჩემს სიგარეტს ეწევი. ვეღარ აგნებ, სად იყიდება თუ ჩემს ხარჯზე აკეთებ ეკონომიას?

– თავს ვანებებ და...

თიკომ ჰოლში მიმავალ ბიჭებს გახედა და მიაძახა:

– თუ მოსაწევად მიდიხართ, მეც დამელოდეთ, რა... ახლავე ამას ჩავხურავ და მოვალ...

– სირბილით ნუ მოიკლავ თავს. ჯერ მოწევა ისწავლე და მერე შემოგვიერთდი, – უკანმიუხედავად მიუგო ზუკამ, – ყელის კიბოს გაიჩენ პირში ბოლის ჩაგუბებით.

– შენი ჭკუის სწავლება არ მჭირდება. პირდაპირ მითხარი, რომ ჩემთან ერთად მოწევა არ გინდათ. ალბათ, ნაშებზე უნდა ილაპარაკოთ.  ვიცოდე მაინც, ვინ თქვა პირველად, კაცები ჭორიკნები არ არიანო.

ზუკამ პასუხად მხოლოდ ხელი აუქნია და შემინული კარი მჭიდროდ მიხურა ზურგსუკან. გიგიმ სიგარეტი გამოართვა.

– მიდი, ყურადღებით გისმენ.

ზუკამ თვალები მოჭუტა:

– მოკლედ, ასეა საქმე... ერთი ნაშა „შევაბი“. მაგარი რამეა... წკიპზეა საქმე მისული, მაგრამ...

– ფულს ვერ გასესხებ და ვერც ბინის გასაღებს მოგცემ. ჩემსაში რემონტი ჯერ არ დამთავრებულა და დედაჩემს ვერსად გავუშვებ, – სხაპასხუპით მიაყარა გიგიმ და მაშინვე დაამატა – სასტუმროში წაიყვანე, ნუ გეშინია, ძვირი არ დაგიჯდება. ვახოს უთხარი და ხელფასს წინასწარ მოგცემს.

– ვა, ბიჭო, რა იცი ეს, სათქმელს რომ არ დააცდი ადამიანს? ტექნიკური საკითხები მოგვარებული მაქვს. პრობლემა არც ფულია და არც ბინა. ის კი არა, მგონი, ფული იქით მომცეს და ნომერიც თვითონ დაიქირავოს.

– ამისთანა ვინ „შეაბი“... თან, ამბობ, მაგარ ვიდზეაო. ერთი, კარგად გამაგებინე, რაშია საქმე?

– ქმარი ჰყავს, – თქვა ზუკამ და თანამშრომელს ქვემოდან დამნაშავესავით ახედა.

– ოო, ხოო... ეგ კი არის პატარა პრობლემა.

– პატარა და არა დიდი? პატარას მოევლება – მაშინ დღეს შევხვდები, – გულზე მოეშვა ზუკას.

– მოიცა, მოიცა... ტყუილად გაგიხარდა. მე ჯერ არ მითქვამს, რას ვფიქრობ ასეთ რომანებზე.

– რა რომანი, კი არ მიყვარს, ტო... – გაიცინა ზუკამ, – პროსტო, ურთიერთობისთვის მინდა. ქალს ყველაფერი აქვს და, რაც აკლია, იმას მე მივცემ. სიყვარულის დეფიციტი მაქვსო, არ დაუჩივლია.

– თავიდან ყველა ასე ფიქრობს. სწორედ იქ რთულდება ხოლმე ყველაფერი, სადაც მარტივად გგონია საქმე და, საერთოდაც, ვერ ვიტან მაგ ტიპის ქალებს, რა... – გიგი უკმაყოფილოდ დაიჭყანა.

– ვერც მე ვიტან, მაგრამ, ქმარმა იდარდოს. ჩემი არც ცოლია, არც და არც ნათესავი. ეტყობა, იჩალიჩებს ის კაცი და ესეც ღალატობს.

– პირველი რომ არ იქნები, ვისთანაც ქმარს უღალატებს, დარწმუნებული ვარ.

– გულახდილად გითხრა, არც ეგ მანაღვლებს. 

– აბა, რა განაღვლებს? რჩევა მჭირდებაო, დიდი ამბით არ გამომიხმე?

– შევხვდე დღეს?

– რა ვიცი, შეხვდი, თუ გინდა, – მხრები აიჩეჩა გიგიმ, – თან, გააჩნია, რისთვის ხვდები.

 – კოჰაბიტაციის დეტალები უნდა განვიხილოთ. რისთვის შევხვდები – სექსისთვის.

– ვა, უკვე გაიასნებულია? პირდაპირ ეგრე გითხრა, მაგ საქმისთვის შემხვდიო? – გულწრფელად თუ ირონიულად გაიცინა გიგიმ.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? შევხვდე თუ არა?

– სად გაიცანი?

– გავიცანი. არც მაგას უნდა ჰქონდეს შენთვის მნიშვნელობა.

– მე ის მაინტერესებს, ვიზუალურად გინახავს თუ არა. სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდე.

– ეგ როგორ?

გიგიმ უცერემონიოდ ამოაცალა კოლოფიდან კიდევ ერთი ღერი სიგარეტი, მოუკიდა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა:

– ჩემზე ყოველთვის ახდენდა შთაბეჭდილებას ის ფაქტი, რომ არსებობენ ადამიანები (და, მათი რიცხვი ცოტა არ არის), რომლებიც არასდროს იყენებენ საკუთარ ტვინს კონკრეტული საქმისთვის, ანუ, საქმისთვის, რომელიც მათ სარგებლობას ან, თუნდაც, ბედნიერებას მოუტანს.

– ვერ გავიგე, ამით რისი თქმა გინდა? – დაიძაბა ზუკა.

– რა ვერ გაიგე? რამდენი წლის ხარ?

– ოცდაცხრის. გიგი, ნუ მაბნევ, რა! რჩევა გკითხე, ანკეტა შემივსე-მეთქი, არ მითხოვია.

– ჰოდა, თუ ანკეტაც შევსებული გაქვს და სრულწლოვანიც ბრძანდები, რაღა ქმრიან ქალს გადაეკიდე, ნაშების მეტი რა არის?

– ეგრე მარტივადაც არ არის საქმე. ნაშები ბევრია, მაგრამ, იმდენი ჩალიჩი უნდა... ვინც იძლევა – დიდ ფულზე იძლევა, დანარჩენები კი პაკაზუხურად ნაშობენ... მერე ისინიც გათხოვებაზე მიწყებენ ლაპარაკს. აღარ შემიძლია, რა!..

– ანუ, დაკერვა გეზარება და პირველი ვინც წამოეგო, ისიც – პირველივე სიტყვაზე, იმისკენ გაგიწია გულმა?

– შენ ადვილად ლაპარაკობ – ნინი გყავს და თავი ქუდში გაქვს. ახლა მე მკითხე. შეყვარებული მყავდა, მაგრამ, რა – კოცნის იქით ვერ წავედი... ამ ქართველ გოგოებს რომ ჰკითხო, ევროპელობაზე დებენ თავს, სინამდვილეში მეცხრამეტე საუკუნეში არიან ჩარჩენილები.

– სამაგიეროდ, გათხოვილებმა აიწყვიტეს, – ნიშნისმოგებით გაიცინა გიგიმ, – პრინციპში, შენ მართალი ხარ – იმისმა ქმარმა იდარდოს, ბოზი რომ ჰყავს ცოლი, თორემ, შენთან თუ არა, სხვასთან მაინც დაწვება. ყველაზე დიდი და რთული პრობლემები თავისთავად გადაიჭრება ხოლმე.

– ისე, ცოტათი მაინც ტეხავს, ხომ იცი...

– ჰო, ეგ მეც ვიფიქრე. მოკლედ, შენ თვითონ გადაწყვიტე.

– ჯერ ვერ გადავწყვიტე.

– მდაა... ქალისა და კაცის შეხვედრა ყოველთვის ჰგავს ორი ქიმიური ნივთიერების ურთიერთკონტაქტს. არავინ იცის წინასწარ, როგორი იქნება რეაქცია – გამორიცხული არაფერია, აფეთქება ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.

– არ გინდა, ნუ ფილოსოფოსობ. სხვანაირად რატომ არ შეგიძლია?

– მე კი არა, შენ არ შეგიძლია სხვანაირად, – აგერ, მშვენიერი გოგო გყავს ცხვირწინ. რად გინდა ვირტუალური ნაცნობობა და მერე იმაზე ნერვიულობა, რა იქნება რეალობაში? მიდი, გაუღიმე, ერთი-ორჯერ შეხვდი და... ერთხელ მაინც რომ ჩაგეხედა თიკოსთვის თვალებში, მიხვდებოდი, რომ ის არის, ვისაც ელი.

– იდიოტი ხარ, რა უნდა გელაპარაკო! იცინე, ჰო, რა გენაღვლება. მალე ნინი ოჯახზე და შვილებზე რომ დაგიწყებს ლაპარაკს, მერე ვნახავ, როგორ გაიცინებ.

– არ დამიწყებს, შეთანხმებულია ეგ საკითხი.

– ჰმ, ეგ საკითხი არ თანხმდება. არ არსებობს ქალი, რომელიც გათხოვებაზე არ ოცნებობდეს, – გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ზუკამ.

– მერე, რა არის ამაში ცუდი? – მხრები აიჩეჩა გიგიმ.

– არაფერი. ვახოს ჰკითხე და გეტყვის.

– ვახო, საერთოდ, რა შუაშია?

– ქორწინებაში ყოფნის გამოცდილება აქვს შენზე მეტი და, ჩემზეც, რა თქმა უნდა. როგორც იტყვიან, ყველა დაკვირვებულმა ადამიანმა იცის თავისი ჯოჯოხეთი, მაგრამ, ერთეულები ცნობენ სახეზე საკუთარ ეშმაკსო.

– ვა?! – გაიოცა გიგიმ.

– აბა, როგორ, ჩვენც ვკითხულობთ რაღაც-რაღაცეებს ინტერნეტში... და, კიდევ, არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც ჭეშმარიტებად იქცევა მხოლოდ ზეგ, – დაასკვნა ზუკამ და მეტი ვეღარაფრის თქმა ვერ მოასწრო, რადგან, კარი ხმაურით გაიღო და ოფისიდან აჭარხლებული, თმააწეწილი ლაშა გამოვარდა... ისეთი სახე ჰქონდა, გიგის და ზუკას მაშინვე გადაავიწყდათ, რაზე ლაპარაკობდნენ.

– რა იყო, ბიჭო, შიგნით რამეს ცეცხლი ხომ არ უკიდია?

ლაშამ ახლაღა შეამჩნია ორივე:

– აუჰ, თქვენ ხართ? ცოლმა დამირეკა, მუცელი ასტკივნია, მე კი მანქანა სამრეცხაოში დავტოვე. სულელი ვარ, რა! ვიფიქრე, სამშობიაროში წასაყვანად სუფთად იქნება-მეთქი. ახლა ტაქსი მჭირდება სასწრაფოდ.

– რატომ ტაქსი, აქ არ ვარ? – ზუკამ ჯიბეზე გაიკრა ხელი, – გასაღები ქურთუკის ჯიბეში მაქვს, ახლავე მოვიტან.

– წამიყვან?

– ჰო, აბა, რას ვიზამ, მაგას კითხვა უნდა?!

ლაშამ სველი შუბლი მოიწმინდა.

– მალე მაინც მოიტანდეს გასაღებს. ძალიან ვნერვიულობ. ვერ წარმოიდგენ, ეს რა გრძნობაა.

გიგიმ თანაგრძნობით დაუქნია თავი:

– ჰო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ და თანაგიგრძნობ.

– მშობიარობას, ალბათ, დავესწრები – ამის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ, რამდენად გავქაჩავ, არ ვიცი.

გიგიმ მოგვიანებით გაიაზრა, რაზე ელაპარაკებოდა ლაშა და შეაჟრჟოლა. არა, აშკარად არ იყო მზად ოჯახისა და შვილებისთვის, თუმცა, ხმამაღლა ეს არ უთქვამს. მომავალ მამას მხარზე გამამხნევებლად მოუთათუნა ხელი და გაუღიმა. ამასობაში ზუკაც მოვარდა, ხელში გასაღებს ათამაშებდა.

– წავედით? ლაშა, შენ გეკითხები. რა მოგივიდა, გადაიფიქრე?

ლაშა შეკრთა:

– არა, რა გადავიფიქრე, წავიდეთ. გიგი, მე, ალბათ, დღეს ვეღარ მოვბრუნდები და ვახოს უთხარი, რა!

 გიგიმ თავი დაუქნია და ოფისში შევიდა. თიკო თავის მაგიდასთან არ იჯდა – გიგიმ მას ზუკას კომპიუტერში თავშერგულს მიუსწრო. გოგო შეკრთა და გაწითლდა.

– თიკო, აქ რას აკეთებ? – წაუმღერა გიგიმ.

– მე?.. ზუკას „ფეისბუქი“ დარჩა ჩართული და...

– და... შენც შემთხვევით ისარგებლე და მის მიმოწერას კითხულობ? იცი, ამას რა ჰქვია?

– რა სისულელეა! – გაცხარდა თიკო, – გამორთვა მინდოდა და შენც შემოხვედი. ეგ როგორ იფიქრე?

– ნუ ყვირი. ყველა ქალი ერთნაირია – ცნობისმოყვარე, ჭორიკანა. ვერ დავიჯერებ, რომ „ინბოქსში“ არ იყავი შემძვრალი.

თიკომ ტუჩები აიბზუა:

– რა მენაღვლება, თუ გინდა, ნუ დაიჯერებ. არც ჭორიკანა ვარ და, საერთოდ, თავი დამანებე, რა... – თიკო შეურაცხყოფილი სახით  მოშორდა ზუკას კომპიუტერს და ოთახიდან დააპირა გასვლა, მაგრამ, გიგიმ მოულოდნელად გზა გადაუღობა:

– თიკო, ზუკა მოგწონს?

გოგო ყველაფერს ელოდა ამ შეკითხვის გარდა.

– საიდან მოიტანე?

– ო, მიგიხვდი, პატარავ? ზუკა, შეიძლება, დააბოლო, მაგრამ, მე ვერ მომატყუებ, ვერ გამომაპარებ... ისე უყურებ ხოლმე, როგორც...

– როგორც რა? თქვი ერთი, გელოდები!

გიგიმ გაიცინა და ხელები გაშალა:

– იცი, თქვენი, ქალების მთავარი პრობლემა, მე ვიტყოდი, მოუგვარებელი პრობლემა, რაშია? საკუთარ სურვილებზე გულახდილად ლაპარაკი არ შეგიძლიათ.

– რა?! სისულელეა, რასაც ახლა ამბობ.

– ჰო, სისულელეა, აბა, სხვას რას იტყვი. მაგრამ, მე შენთვის ვზრუნავ.

– ჩემთვის? გამაოგნებელი ახალი ამბავია. ახლა კი გაიწიე, უნდა გავიდე, საქმე მაქვს.

– რა საქმე? უნდა დაჯდე და გააანალიზო ის, რაც წაიკითხე? არ გირჩევნია, პირდაპირ უთხრა გიგის, რომ მასთან სექსი გინდა?

თიკოს თვალები დაუმრგვალდა აღშფოთებისგან:

– შენ წეღან გარეთ რა მოწიე?

– მაგას ჩემს შეკითხვასთან რა კავშირი აქვს?

– პირდაპირი – დაბოლილს ჰგავხარ.

– ჩემთანაც არ გინდა?

– გიგი, შენ დღეს რაღაც გჭირს. ამიტომ, ვითომ არაფერი გითქვამს და მეც არაფერი გამიგონია.

– ეე, გეუბნები, შენთვის კარგი მინდა-მეთქი. იცი, როგორ მოგეშვება? თქვი, რა, ის, რაც თავში გაქვს. რად გინდა თამაში, მთელი ცხოვრება ხომ ვერ ითამაშებ? თან, ამასობაში, შეიძლება, ზუკამაც ვინმე იპოვოს და მერე გულიც დაგწყდება. ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყავი გულახდილი. საკუთარ თავს იტყუებ და ვერც იტყუებ.

– გიგი! – იყვირა თიკომ, – იცოდე, ვახოსთან შევალ და ყველაფერს ვეტყვი!

– ჰო, კარგი, დამშვიდდი, გეხუმრე. თუ, ხუმრობაც არ გესმის?

– შენი შავი იუმორი ნამდვილად არ მესმის და, არც მინდა, მესმოდეს. შენ უფრო სერიოზული მეგონე, ვიდრე ზუკა, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი. ამის მერე, იცოდე, შენი ხუმრობით ნათქვამი ყოველი სიტყვა მაღიზიანებს და შენც მაღიზიანებ.

– ყველაფერ იმას, რაც სხვებში გვაღიზიანებს, საკუთარი თავის შეცნობისკენ მივყავართ.

თიკო ოთახიდან გავარდა. ზუკამ შუბლზე მოისვა ხელი

– მდაა... მგონი, ეწყინა. იქნებ, არ უნდა მეთქვა? მაგრამ, მე ხომ მართლა მის მხარეს ვარ, ამან კი ყველაფერი უკუღმა გაიგო... აი, ქალების გადაუჭრელი პრობლემა – ვერასოდეს იგებენ იმას, რასაც ეუბნები. მათებური ინტერპრეტაცია კი ურთიერთობის ნორმალურად წარმართვის ყველა საშუალებას სპობს.

ვახო შემთხვევით გამოვიდა ოთახიდან და აცრემლებული თიკოს დანახვაზე განცვიფრებული შედგა:

– რა მოხდა? ხომ მშვიდობაა? გაწყენინა ვინმემ? – პასუხი რომ ვერ მიიღო, გოგოსთან ახლოს მივიდა, მხარზე ფრთხილად მოჰკიდა ხელი და თავისკენ მიაბრუნა, – რა გატირებს-მეთქი?

– არაფერი. არ ვტირი.

– არ ტირი? აბა, ეს რა არის? – ვახომ ცრემლებით სველი ლოყა ხელისგულით შეუმშრალა და სველი ხელი აჩვენა, – აი, ესეც ნივთმტკიცება. მითხარი, რა დაგემართა.

– არაფერი, ბატონო ვახო, მართლა... ეს ისე, მე თვითონაც არ ვიცი, რა მოხდა. ცრემლები უცებ თავისით წამომივიდა.

ვახომ დაეჭვებულმა შეხედა:

– თავისით რა, ხშირად ხარ ხოლმე ასე?

– ჰო, რა ვიცი. გაზაფხულია და... ეტყობა, სევდა მომეძალა.

– თიკო, გეხვეწები, მაგ სისულელეებზე ნუ ფიქრობ და საქმეს მიხედე. აქ თუ გაბრაზებს ვინმე, ეგეც მითხარი.

– არა, ვინ უნდა მაბრაზებდეს?

– ვიცი მე ამათი მაიმუნობის ამბავი. მოვკლავ ორივეს.

– არა, არ მაბრაზებენ, – თიკოს გული აუჩუყდა და ასლუკუნდა, – ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ბატონო ვახო.

– ეე, შენ აღარ ხუმრობ, ხომ იცი! ახლავე გაჩუმდი. წადი, თუ გინდა, ყავა დალიე, გაისეირნე – დღეს ადრე გიშვებ.

თიკომ ცრემლები მოიწმინდა და ნაძალადევად გაიღიმა:

– გმადლობ, ვიქნები. ყავას კი აქ დავლევ და თქვენც მოგიდუღებთ.

– კარგი გოგო იქნები. ოღონდ, ბატონ ვახოს ნუღარ დამიძახებ, შევთანხმდით?

თიკომ მორჩილად დაუქნია თავი. ვახომ გაუცინა და დიზაინერებისთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა. გიგი ფანჯარასთან იდგა და მოპირდაპირე კორპუსის აივანზე რაღაცას ათვალიერებდა.

– ზუკა სად არის? ან შენ რას მიშტერებიხარ მანდ?

– ზუკამ ლაშა წაიყვანა სამშობიაროში. ბიჭო, ეს ტიპი მაგრად ჭედავს, ხომ იცი? სულ მეშინია, ერთხელაც თავისი ცოლი აივნიდან არ გადმოაგდოს.

ვახომ ამოიოხრა.

– ზოგი ცოლი იმისთანაა, ძალად გადმოგაგდებინებს თავს.

– ჰოდა, მაგიტომაც არ მომყავს ცოლი, – გაიცინა გიგიმ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3