კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მტკვარში აღმოჩენილი ქალის გვამის საქმის გამოძიებამ მაღალჩინოსანთა დანაშაულებრივი ჯგუფი გაშიფრა

პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში მოხდა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე იყო. ამ ისტორიის ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

 

მოკლული ქალის გვამი

– შეხედე, ვასო, წყალს ადამიანი მოაქვს, მიდი, ქვებთან დახვდი და დაიჭირე, მეც მოვალ და ამოვათრიოთ, იქნებ ცოცხალი იყოს! – დაუყვირა დიდუბელმა მეთევზემ, ხოსრო ფაფიაშვილმა თავის კოლეგას, რომელიც ბადის სასროლად ემზადებოდა.

ვასილ იშხნელი და ხოსრო ფაფიაშვილი დიღომში, დიდუბის ხიდთან თევზაობდნენ და სწორედ მათ ამოათრიეს ადიდებული მტკვრიდან უცნობი ახალგაზრდა ქალის გვამი. შემდეგ მათვე გამოიძახეს მილიცია და შემთხვევის ადგილზე მისულ გამომძიებლებს პირველი ჩვენებებიც მისცეს...

21 აპრილს თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელსაც გამომძიებელი ოთარ გურული იძიებდა. მან პირველადი მოკვლევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დიდუბის ხიდთან ჩაატარა და მხოლოდ ის დაადგინა, რომ წყლიდან ამოღებული ქალის გვამს ორი ჭრილობა ჰქონდა – მარცხენა ძუძუს თავთან და მუცელში. მოკლულს არც პირადობის დამადასტურებელი საბუთი აღმოაჩნდა და არც რაიმე ნივთი. თუმცა, იმავე საღამოს დადგინდა, რომ მტკვარში ნაპოვნი ქალი 26 წლის შორენა იურის ასული ასამბაძე იყო, ცნობილი თბილისელი ეგრეთ წოდებული „ცეხავიკის“, 43 წლის აკაკი გუდაძის ცოლი.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ასამბაძისთვის მიყენებული ორივე ჭრილობა, სასიკვდილო იყო. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით კი, მკვლელმა „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი გამოიყენა.

– მკვლელობა დაახლოებით 46-48 საათის წინაა ჩადენილი – უთხრა გამომძიებელ ოთარ გურულს პათანატომმა, ექსპერტმა გენო კოტრიკაძემ, რომელმაც მოკლული ქალის გვამი გაკვეთა.

22 აპრილს, ანუ მოკლული ქალის გვამის აღმოჩენის მეორე დღეს, ოთარ გურულმა და თბილისის მილიციის მთავარი სამმართველოს ოპერატიულმა ჯგუფმა, მცხეთაში, საკუთარ აგარაკზე დააკავა შორენა ასამბაძის მეუღლე, 43 წლის აკაკი გუდაძე. ჩხრეკისას მისი აგარაკის კომოდის უჯრაში „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი აღმოაჩინეს. სწორედ ამ იარაღით იყო მოკლული შორენა.

– ეს პისტოლეტი თქვენია? – ჰკითხა გუდაძეს გურულმა.

– ჩემია, – დაუდასტურა გუდაძემ, – იარაღის შენახვისთვის მიჭერთ?

– თქვენ ეჭვმიტანილი ხართ თქვენი მეუღლის, შორენა ასამბაძის მკვლელობაში და, თუ ეს დადასტურდა, საკმაოდ მძიმე სასჯელი გელით, – მიუგო გუდაძეს გურულმა, – შორენას დის, იას ჩვენებით გავიგეთ, რომ თქვენ „ტეტეს“ პისტოლეტს ინახავდით მართლსაწინააღმდეგოდ. მანვე გვითხრა, რომ თქვენ და თქვენი ცოლი ამ ბოლო დროს ხშირად ჩხუბობდით და 18 აპრილს მას მოკვლით დაემუქრეთ. შორენა „ტეტეს“ პისტოლეტითაა მოკლული და ჩხრეკაც ამიტომ ჩაგიტარეთ.

– სისულელეა. შორენა მე არ მომიკლავს, – მიუგო გურულს გუდაძემ, – თუმცა, სიკვდილს ნამდვილად იმსახურებდა...

 

მოპარული მილიონი

აკაკი გუდაძე თბილისის მილიციის სამმართველოში გადაიყვანეს და დაკითხეს, მაგრამ, ის ერთთავად იმეორებდა, რომ ცოლი მას არ მოუკლავს.

– კეთილი, ბალისტიკურ და დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას დაველოდოთ და შემდეგ ვილაპარაკოთ. ახლა კი საკანში ჩაგიყვანენ და დაისვენეთ, – უთხრა გუდაძეს გურულმა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი საკანში ჩაიყვანეს.

იმ პერიოდში თბილისის მილიციის სამმართველოში პატიმრებს სასტიკად აწამებდნენ და აღიარებით ჩვენებებს მათგან ამგვარად მოიპოვებდნენ. მაგრამ, აკაკი გუდაძისთვის ხელი არ უხლიათ. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ გამომძიებელი ოთარ გურული იყო ამ მეთოდის წინააღმდეგი. გარდა ამისა, გუდაძე ძალიან მდიდარი, ცნობილი პიროვნება იყო საქართველოში. მას ბევრი გავლენიანი მფარველი ჰყავდა თვით უმაღლეს პარტიულ ელიტაშიც და ეს კარგად იცოდნენ მილიციელებმა.

როდესაც ყველა ექსპერტიზის პასუხი მზად იყო, ოთარ გურულმა აკაკი გუდაძე დაკითხვაზე დაიბარა და უთხრა:

– თქვენდა სამწუხაროდ, შორენა ასამბაძე თქვენი „ტეტეთია“ მოკლული და ბრალი უნდა წაგიყენოთ განზრახ მკვლელობის მუხლით. შეკითხვები გაქვთ?

– მაქვს.

– ბრძანეთ.

– ამხანაგო გამომძიებელო, თუკი მე მოვკალი ჩემი მეუღლე, მკვლელობის იარაღს, ანუ ფაქტს, სახლში რატომ შევინახავდი? ამაზე არ გიფიქრიათ?

– გარკვეული ლოგიკა თქვენს სიტყვებში ნამდვილად არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ შორენა თქვენი იარაღითაა მოკლული და თავად როგორ ახსნით ამ ფაქტს?

– ძალიან უბრალოდ. მკვლელმა ჩემი იარაღით ისარგებლა და შემდეგ უკანვე დააბრუნა.

– კეთილი. მაგრამ, მკვლელმა რა იცოდა, რომ თქვენ იარაღი გქონდათ, მით უმეტეს, მისი შენახვის ადგილი?

– შორენასგან – მშვიდად თქვა გუდაძემ.

– ანუ, მკვლელი თქვენი ოჯახის ახლობელი თუ არა, ნაცნობია?

– არა, მას, სამწუხაროდ, არ ვიცნობ და არც ვინმეზე მაქვს ეჭვი. მე ვფიქრობ, რომ შორენა მისმა საყვარელმა მოკლა და ისე მოაწყო, რომ ეს ყველაფერი მე დამბრალებოდა.

– თქვენს ცოლს საყვარელი ჰყავდა?

– ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვიღაც ანონიმი მირეკავდა და „რქიანს“ მიწოდებდა, თან ყველანაირად დამცინოდა. მე ამისთვის არანაირი ყურადღება არ მიმიქცევია და ყველაფერი ბოროტი ადამიანების შურიან გამოხდომად ჩავთვალე. გეცოდინებათ, რომ საკმაოდ შეძლებული ადამიანი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვეხმარები, მოშურნეები მაინც მყავს. შორენაში კი წამითაც არ შემპარვია ეჭვი და მისთვის სიტყვაც არ მითქვამს. 18 აპრილს, ანუ, შორენას გაუჩინარებამდე და მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, სოჭიდან დავბრუნდი და, ჩემს საიდუმლო სეიფში რომ შევიხედე, ცარიელი დამხვდა. საქმისთვის გადანახული თანხა, რომელიც მეორე დღესვე კვლავ სოჭში უნდა ჩამეტანა, გამქრალიყო.

– რა თანხა გაქრა თქვენი სეიფიდან?

– ერთი მილიონი მანეთი.

– ერთი მილიონი?!

– დიახ, ერთი მილიონი. ამ სეიფისა და მისი შიგთავსის ამბავი მხოლოდ შორენამ იცოდა. ამიტომ მე მას განმარტებები მოვთხოვე. შემდეგ წავკამათდით, ბოლოს კი ვიჩხუბეთ და ვუთხარი, რომ მოვკლავდი. სწორედ ამ დროს მოვიდა შორენას და – ია და ჩვენებაშიც ეს მომენტი ახსენა. თუმცა, მან არ იცოდა, რისთვის ვჩხუბობდით და მალევე წავიდა. მე იმავე დღეს ერთ ჩემს მეგობართან გავემგზავრე ფულის სასესხებლად, რომ მეორე დღეს სოჭში ჩამეტანა. ფული ვიშოვე. სახლში დაუბრუნებლად გავემგზავრე სოჭში და ფული ჩავიტანე. 20-ში უკან დავბრუნდი და შორენა რომ არ დამხვდა, მისი ძებნა დავიწყე. მეორე დღეს კი თქვენ მოხვედით, აგარაკი გამიჩხრიკეთ და მკვლელობის ბრალდებით დამაკავეთ. გარწმუნებთ, შორენა ნამდვილად არ მომიკლავს და ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლია. გარდა ამისა, ფიზიკურად ვერ შევძლებდი ამის გაკეთებას, რადგან მკვლელობის დროს სოჭში ვიყავი.

– თქვენს ალიბის ვინ დაადასტურებს?

– არავინ. მე ვერ დავასახელებ იმ ხალხს, ვისაც მილიონი მივუტანე. ამას კონფიდენციალურად გეუბნებით და, რომც დამხვრიტონ, ოფიციალურად მაინც არ ვაღიარებ.

 

პროკურორის პატაკი

მიუხედავად იმისა, რომ გუდაძე არ ასახელებდა თავის სოჭელ პარტნიორებს, ვისაც მისი ალიბის დადასტურება შეეძლო, ოთარ გურულმა მას დაუჯერა და უთხრა:

– კარგი, ნუ დაასახელებთ. მე მჯერა თქვენი და ჯერჯერობით ბრალს არ წაგიყენებთ. თუმცა, არც პატიმრობიდან გაგათავისუფლებთ. ჯობია, აქ იჯდეთ. მე კი ნამდვილი მკვლელის პოვნას შევეცდები და, თუ გამიმართლებს, მაშინ თქვენც გამართლდებით.

ოთარ გურულს ნამდვილად გაუმართლა: 3 მაისს მას სახლში დაურეკეს და ქალის ხმამ ჰკითხა:

– ბატონი ოთარი ბრძანდებით?

– დიახ. 

– ოთარ გურული?

– დიახ, დიახ. თქვენ ვინ ბრძანდებით?

– მე შორენა ასამბაძის საქმესთან დაკავშირებით მინდა დაგელაპარაკოთ და თქვენთან დაუყოვნებლივ შეხვედრა მსურს, ერთი-ერთზე.

– კი ბატონო, ჩემთან მობრძანდით ახლავე. გაწყობთ?

– დიახ.

– კეთილი, გელოდებით, – ოთარ გურულმა ქალს თავისი ბინის მისამართი უთხრა და ყურმილი დაკიდა.

ერთი საათიც არ იყო გასული, როდესაც საშუალო სიმაღლის, ოცდაათიოდე წლის, შავთმიანი ქალი გურულის სასტუმრო ოთახში, სავარძელში ჩაეშვა და მასპინძელს უთხრა:

– მე ანა კახიანი ვარ, თემურ ქვათაძის მეუღლე.

– ქვათაძე, ქვათაძე... თემურ ქვათაძე... – გაიმეორა გურულმა, – ნაცნობი სახელია.

– დიახ, ძალიან ნაცნობი, – თქვა ქალმა, – ჩემი მეუღლე მილიციის კაპიტანი იყო. ის ამ შვიდი წლის წინ არაგანზრახ მკვლელობისთვის დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს.

– აა, მახსოვს, როგორ არა. ერთ-ერთი აყვანის ოპერაციის დროს უდანაშაულო ადამიანს ესროლა და ადგილზე მოკლა. დიახ, გისმენთ, – უთხრა გურულმა ანა კახიანს.

– თემურს ათი წელი მისცეს, მაგრამ, ექვს წელიწადში, ესე იგი, შარშან გამოვიდა ციხიდან. მილიციაში მას, აბა, ვინ დააბრუნებდა და დადიოდა უმუშევარი სამიოდე თვე. შემდეგ, ერთბაშად საკმაოდ დიდი თანხა გაუჩნდა და რომ ვეკითხებოდი, საიდან ჰქონდა მას ფული, მპასუხობდა: „ღმერთის კრიშიდანო...“ ერთი კვირის წინ კი, თემური მოულოდნელად გაუჩინარდა. სახლიდან ღამის 10 საათზე გავიდა. წასვლამდე ნახევარი საათით ადრე კი ვიღაცამ დაურეკა და ყური მოვკარი მის სიტყვებს: „კარგი, კარგი, ჩირო, გავიგე, მოვალ.“ სახლიდან გასვლის წინ რომ ვკითხე, სად მიდიოდა, მან მაკოცა და მითხრა: „მალე მოვალ, პროგრამა „ვრემია“ ჯერ დამთავრებული არ იქნება, რომ დავბრუნდებიო“.

ქალმა პაუზა გააკეთა. გურულმა კი თქვა:

– ჰმ, ჩირო... ჩიროო, ნამდვილად მასე თქვა?

– დიახ.

– სულ ესაა, რისი თქმაც გინდოდათ?

– არა, – მიუგო ქალმა გურულს და შავი ფერის პატარა ბლოკნოტი გაუწოდა, – მთავარი ესაა. ყველაფერი აქ წერია. თემურის ჩანაწერებია. გუშინწინ შემთხვევით ვიპოვე კომოდის საიდუმლო უჯრაში და, რომ წავიკითხე, გადავწყვიტე, თქვენთვის გადმომეცა. თქვენ პატიოსანი ადამიანის სახელი გაქვთ და, მჯერა, რომ დამნაშავეები ღირსეულ სასჯელს მიიღებენ. შორენა ასამბაძის მკვლელობის საიდუმლოც აქ წერია.

ანა კახიანი რომ წავიდა, გურულმა შავი ბლოკნოტის კითხვა დაიწყო და თავზე ისე დაათენდა, არც კი გაუგია. ბოლო წინადადება რომ ჩაიკითხა, ბლოკნოტი დახურა და იქვე დადო. შემდეგ ფარდა გადასწია და ჩაილაპარაკა:

– მდაა, მძიმე ტვირთის აღება მომიწევს, მაგრამ უნდა დავძლიო.

დილის 7 საათი იყო. გურული საწერ მაგიდას მიუჯდა და რესპუბლიკის გენერალური პროკურორის სახელზე პატაკი დაწერა. შემდეგ შხაპი მიიღო, ჩაიცვა, სახლიდან გავიდა, გენერალურ პროკურატურას მიაშურა და სპეციალურად დალუქულ პაკეტში ჩადებული პატაკი გენპროკურორის მდივანს დაუტოვა, რომელსაც წითელი მელნით ეწერა: „სასწრაფო“.

ოთარ გურული დილის ათის ნახევარზე მივიდა სამსახურში და მუშაობას შეუდგა. ზუსტად დღის 2-ის ნახევარზე მის კაბინეტში ტელეფონმა დარეკა და გენერალური პროკურორის პირადმა მდივანმა მას უთხრა:

– ამხანაგი გენერალური პროკურორი გიბარებთ. ზუსტად ორ საათზე გელოდებათ და არ დააგვიანოთ...

 

პაემნების ოთახი

საქართველოს გენპროკურორმა ოთარ გურული საკმაოდ ცივად მიიღო, ხელიც კი არ ჩამოურთმევია, მხოლოდ სკამზე დაჯდომა შესთავაზა და უთხრა:

– ამხანაგო გურულო, თქვენს პატაკს გულდასმით გავეცანი და ძალიან აღვშფოთდი იქ მოყვანილი ფაქტებით. პატაკში წერთ, რომ ეს ინფორმაცია ვინმე თემურ ქვათაძის ბლოკნოტში ამოიკითხეთ. ბლოკნოტი თქვენთანაა?

– ინებეთ, – გურულმა შავი ბლოკნოტი პიჯაკის ჯიბიდან ამოაცურა და გენპროკურორს მაგიდაზე დაუდო.

გენპროკურორს ბლოკნოტისთვის ხელი არ უხლია, მხოლოდ დახედა მას და გურულს უთხრა:

– თქვენ მთხოვთ პოლკოვნიკ ზურაბ ჩირაძის დაპატიმრების ორდერს, ის კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია, დაფასებული, პატივცემული თანამშრომელი. რა რეალური მოტივი გაგაჩნიათ ორდერის მოსათხოვნად?

– ქვათაძის ბლოკნოტი. დარწმუნებული ვარ, რომ იქ მოყვანილი ამბები აბსოლუტური სიმართლეა და, რომ გაუჩინარებული ქვათაძე ან ჩირაძის მითითებით მოკლეს, ან სულაც თავად ჩირაძემ.

– ეს მხოლოდ ვარაუდებია. მე ამის შესახებ პირველ მდივანს უნდა მოვახსენო და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ. ხუმრობა ხომ არაა – თქვენ ბრალს სდებთ მილიციის მაღალჩინოსნებს საშინელ დანაშაულებში და, ეს რომ ტყუილი აღმოჩნდეს, ჩვენი, პროკურატურის  ღირსება შეიბღალება. ამიტომ, ეს ბლოკნოტი დამიტოვეთ. მე პირველ მდივანს დაველაპარაკები და შეგატყობინებთ, თქვენ კი სიტყვაც არავისთან დაგცდეთ ამ ამბებზე.

ოთარ გურული გულგატეხილი გამოვიდა გენერალური პროკურორის კაბინეტიდან. იმედი აღარ ჰქონდა, რომ ამ საქმეს მსვლელობა მიეცემოდა. საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე ხომ მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და თავის ყოფილ უწყებაში მის მიერვე დატოვებული კადრების კომპრომეტაციას არ დაუშვებდა.

თემურ ქვათაძის ჩანაწერებში კი ეწერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ სამმართველოს უფროსი, რომელსაც თვალთვალისა და დაფიქსირების ფუნქცია ეკისრებოდა, ანუ ზურაბ ჩირაძე, ბოროტმოქმედ მილიციელთა იმ ჯგუფს ედგა სათავეში, რომელიც უკანონო კომპრომატების გამოყენებისა და მათ შესახებ მოპოვების გზით ფულს სძალავდა მოქალაქეებს. იქვე ეწერა, რომ ქვათაძემ, პირადად ჩირაძის მითითებით, სქესობრივი ურთიერთობები დაამყარა შორენა ასამბაძესთან, რაც ვიდეოფირზე იქნა ჩაწერილი მილიციის ეგრეთ წოდებულ „ოპერატიულ“ ბინაზე, საბურთალოზე, სადაც ქვათაძეს მიჰყავდა ხოლმე ასამბაძე. ქვათაძე წერს: „შორენას ჩირაძის ბიჭებმა (სავარაუდოდ) მილიონი მანეთი გამოსძალეს. შემდეგ კი ის თავიდან მოიშორეს. ხიფათის ქვეშ ვარ მეც, რადგან, შესაძლოა, მეც მომკლან, როგორც არასასურველი მოწმე...“

ოთარ გურული თითქმის ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ წაგებულ თამაშს თამაშობდა. ის საკუთარ კაბინეტში იჯდა და მუშაობდა, როდესაც პირადად გენპროკურორმა დაურეკა, თავისთან დაიბარა და უთხრა:

– გილოცავ, ჩემო კარგო! ედუარდ ამბროსოვიჩმა ამ საქმეს მსვლელობა მისცა და გამოძიება უშიშროებას დაავალა, შენ კი მათთან ერთად იმუშავებ.

ედუარდ შევარდნაძის მითითებითა და გენპროკურორის სანქციით, საქართველოს უშიშროების კომიტეტის საგანგებო საგამოძიებო-ოპერატიულმა ჯგუფმა 26  ივნისს, თბილისის სხვადასხვა რაიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი და ოთხი ყოფილი მილიციელი დააკავეს, მათ შორის – მილიციის პოლკოვნიკი, 44 წლის ზურაბ ჩირაძე. მათ ბრალი ედებოდათ ფულის გამოძალვასა და 6 ადამიანის მკვლელობაში...

დახურულმა სასამართლომ ზურაბ ჩირაძეს და მის ორ თანამზრახველს დახვრეტა მიუსაჯა. დანარჩენ შვიდ ბოროტმოქმედს კი სხვადასხვა ხანგრძლივობის პატიმრობები.

ცნობილი საქმოსანი აკაკი გუდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გუდაძემ მოგვიანებით ცოლი მოიყვანა. ის დღესაც ცოცხალია, ღრმად მოხუცებულია, ცხოვრობს თბილისში და მის ოჯახს საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესი აქვს...

скачать dle 11.3