კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ ვიცით, დაქალს როგორ ვუშველოთ

თურმე ასი წელი არ გეყოფა, ადამიანი ბოლომდე რომ გაიცნო.

სამი დაქალი ვართ. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ: ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით, ერთ ბაღში დავდიოდით, ერთ კლასში ვსწავლობდით და დღემდე ისე ვმეგობრობთ, ჩვენ შორის უბრალო წაკინკლავება და გაბუტვაც კი არ მომხდარა.

ჩვენ სამიდან მე და იაკო შედარებით ადრე გავთხოვდით – 22 წლის ვიყავი მე და 23-ის – იაკო, ანანომ კი 27 წლის ასაკში გადაწყვიტა, ცხოვრება იმ კაცთან ერთად გაეგრძელებინა, ვინც ექვსი წელი უყვარდა. სიყვარული ორმხრივი იყო, მაგრამ, არც ერთი არ ჩქარობდა ოჯახის შექმნას. როგორც თვითონ ამბობდნენ, ცდიდნენ თავიანთ გრძნობასაც და საკუთარ თავსაც. სიმართლე გითხრათ, ვერც მაშინ ვიგებდი, რა საჭირო იყო ასეთი სადომაზოხიზმი და ვერც ახლა ვიგებ, მაგრამ ეს მათი პირადი ცხოვრება იყო და ჩვენ ხომ არ ჩავერეოდით.

ჩემი და იაკოს ქმრები თითქმის ჩვენი ტოლები იყვნენ და, შესაბამისად, ხასიათიც და საქციელიც ასაკის შესაფერისი, ანუ, არასერიოზული ჰქონდათ, რის გამოც ორივეს ხშირად და დიდხანს გვქონდა ურთიერთობის პრობლემები. ჩვენი ქმრების ახალგაზრდული ხუშტურები ორივეს გვაღიზიანებდა და, მეც და იაკოც კინაღამ გავცილდით ქმრებს, მაგრამ, მშობლების აქტიური ჩარევით (დადებითად), საბოლოოდ ორივემ შევინარჩუნეთ ოჯახები, თუმცა, ბევრი რამით ვიყავით ქმრების უკმაყოფილო და შევნატროდით ანანოს, რომლის ქმარიც, თავისი ასაკიდან გამომდინარე (ანანოზე 10 წლით არის უფროსი), ჭკუადამჯდარი, მაგრამ საკმაოდ ხალისიანი იყო, განსაკუთრებით – ჩვენ თუ მივიდოდით. ცოლსაც სულ თვალებში შეჰყურებდა, ეფერებოდა, აქებდა... ერთი სიტყვით, უხასიათო და ღრჯუ ქართველ ქმარს არ ჰგავდა და სწორედ ამით მოგვწონდა.

ანანო ჩვენ სამს შორის ბავშვობიდან ყველაზე აქტიური, პრანჭია და მხიარული იყო, მაგრამ, ისე მოხდა, რომ გათხოვების შემდეგ ვერავისთვის და ვერაფრისთვის ვეღარ იცლიდა – სულ უარს გვეუბნებოდა ჩვენთან მოსვლაზეც, ჩვენთან ერთად სადმე წასვლაზეც და მიზეზი ყოველთვის ერთი ჰქონდა: ბევრი საქმე მაქვს, თან, დათო სამსახურშია და, რომ მოვიდეს, სახლში მინდა დავხვდეო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ დღეს ეჭვი გამიჩნდა, რომ ანანოს არც ისე დალაგებული და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა, როგორც გარედან ჩანდა; თან, ძალიან მიკვირდა მისი ხასიათის ასეთი ცვლილება. ერთხელაც, სპეციალურად მივედი მასთან სახლში იმ დროს, როცა მარტო იყო და კატეგორიულად მოვთხოვე, ეთქვა, რა ხდებოდა მის თავს. თავიდან უარზე იყო, არაფრის მოყოლა არ უნდოდა, მაგრამ, მერე უცბად გული აუჩუყდა და ტირილით მიამბო, როგორ ჩუმ ტერორში ჰყავდა ქმარს. ისეთი რამეები გავიგე, ჩემი გადარეული ქმარი დათოსთან შედარებით ანგელოზად მომეჩვენა. თურმე, ეს ჩვენი სიძე კატეგორიულად უკრძალავდა ცოლს მეგობრებთან სიარულს და არც თავისთან სტუმრად მიღების უფლებას არ აძლევდა ჩემი და იაკოს გარდა (ანუ, ჩვენ შეგვეძლო, მივსულიყავით, მაგრამ, ანანოს უფლება არ ჰქონდა, ჩვენთან მოსულიყო), ანუ, ეჭვიანობდა ყველასა და ყველაფერზე. გარდა ამისა, ანანოს უნდა ჩაეცვა მხოლოდ ის ტანსაცმელი, რომელიც მის ქმარს მოსწონდა; ვარცხნილობაც ისეთი უნდა გაეკეთებინა, როგორსაც დათო უკარნახებდა, მაკიაჟი კი საერთოდ აკრძალული ჰქონდა – ანანო დაარწმუნა, რომ საშინლად აუშნოებდა. მოკლედ, ამ ვითომ კარგმა, გამოსულმა, ქალაქელმა, წიგნიერმა და ცოლის მოყვარულმა ქმარმა ეს მხიარული და ხალისიანი ქალი ისე დათრგუნა და დაამონა, რომ ვეღარ ვცნობდით. ერთხელ კი იმასაც შევესწარით შემთხვევით, რომ მათთან დათოს ძმა მივიდა მთვრალი და სრულიად უმიზეზოდ ანანოს ჯერ გინება დაუწყო, შემდეგ დასარტყმელადაც გაიწია, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ ქმარს თავისი ძმა გაეჩერებინა (ისე, წესით, კი არ უნდა გაეჩერებინა, ცხვირ-პირი უნდა დაემტვრია) და ცოლი რაიმე ფორმით მაინც დაეცვა, იქვე, ჩვენი თანდასწრებით, მიუბრუნდა ანანოს და ღრიალი დაუწყო – შენ მიეცი საბაბი, ასე რომ მოგქცეოდაო და მერე ამანაც გინება მიაყოლა.

მე ვეღარ გავუძელი სირცხვილისგან გაწითლებული და აცრემლებული ქალის ყურებას. ჯერ დათოს მივვარდი, არაკაცი ვუწოდე და ერთი გემრიელად ვლეწე სახეში, მერე მის ლოთ ძმას ვკარი ხელი და წავაქციე, რადგან, ჩემს საცემრად გამოიწია, როცა დაინახა, როგორ გავულაწუნე მის იდიოტ ძმას და იქაურობა დავტოვე. იაკო არ გამომყვა, რადგან, შეეშინდა იმ ორ პირუტყვთან ანანოს დატოვება და დედამისს დაურეკა – სასწრაფოდ მოდითო.

გაგიკვირდებათ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ანანო ისევ თავის ქმართან ცხოვრობს, მასთან კი მე და იაკოც ვეღარ მივდივართ და საწყალი გოგო აბსოლუტურად იმ კრეტინის საზოგადოებაშია.

მე და იაკო ძალიან ბევრს ვდარდობთ და ვწუხვართ ამაზე, მაგრამ, ვერ მოგვიფიქრებია, როგორ ვუშველოთ ჩვენს დაქალს, რომელიც აგერ უკვე ამდენი წელია, ამ პირუტყვს აჭმევინებს გულსა და ნერვებს.

მაცაცო, 32 წლის.

 

ჩემი ცხოვრების დრამა

ისეთი ცხოვრება გამოვიარე, სერიალების სცენარისტებს, ალბათ, არც კი დაესიზმრებათ. ახლა, წლების შემდეგ, როცა უკვე საკმაოდ სოლიდურ ასაკს მივაღწიე და ინვალიდის ეტლს ვარ მიჯაჭვული, გადავწყვიტე, ჩემი ისტორია თქვენთვის მომეწერა. იმედია, დამიბეჭდავთ.

შემიყვარდა გოგო, რომელსაც სხვა უყვარდა. ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს. მეც კარგა ხანს ვუტრიალე, დავუახლოვდი და ვუმტკიცე ჩემი სიყვარული, მან კი მითხრა: მართლა კარგი ბიჭი ხარ, ავთო რომ არ მიყვარდეს, შენ შეგიყვარებდი, მაგრამ, რა ვქნა, იმის მეტი ჩემთვის არავინ არსებობსო.

თავი რომ არ შეგაწყინოთ, მაქსიმალურად მოკლედ გიამბობთ, რა მოხდა შემდეგ.

თინიკომ ასე რომ მიპასუხა, სხვა რა გზა დამრჩენოდა, დავანებე თავი და რამდენიმე თვე საერთოდ აღარ შევხმიანებივარ. ერთ დღეს კი თვითონ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. რა თქმა უნდა, მაშინვე შევხვდი. ისეთი შეცვლილი იყო, გული მომიკვდა – სახეზე ტანჯვა და შიში ეწერა. რომ დავინახე, მივხვდი, რომ ისევ უზომოდ მიყვარდა და მის მეტი არავინ მინდოდა. ეტყობა, შემატყო და იმიტომ მკითხა – ისევ გიყვარვარო? ისევ-მეთქი, – დავუდასტურე. მაშინ, მომისმინე და, თუ ყველაფერს მაპატიებ, სიკვდილამდე მეყვარები და კუბოს კარამდე შენი ერთგული ცოლი ვიქნებიო. მერე კი მიამბო, რაც გადახდა: თურმე, ის ავთო შეჰპირებია, ცოლად შეგირთავო და ინტიმურ ურთიერთობაზე დაუთანხმებია, მაგრამ, როცა გაიგო, რომ თინიკო ორსულად დარჩა, მიუტოვებია და დარეკვაც კი აუკრძალავს. თან, დამუქრებია თუ არ შემეშვები, მამაშენს ვეტყვი, რომ ყველასთან წვებოდიო. თინიკოს ძალიან მკაცრი მამა ჰყავდა და ნამდვილად მოკლავდა შვილს, მისი ფეხმძიმობის ამბავი რომ გაეგო. საწყალი გოგო ექიმთან მისვლასაც ვერ ბედავდა, რომ ბავშვი მოეშორებინა და სასოწარკვეთილმა მე დამირეკა.

არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვთხოვე ცოლობა, მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის ორსული იყო. მოკლედ, დავქორწინდით. თინიკო ძალიან კარგად მექცეოდა, მაგრამ, მაინც ვგრძნობდი, რომ ისევ ავთო უყვარდა, თუმცა, არაფერს ვეუბნებოდი – ის ნაძირალა აღარ ეხმიანებოდა და, აღარ მინდოდა, ნაკვერჩხალი გამექექა.

ბავშვი რომ დაიბადა (ოჯახში ვთქვით, ვითომ შვიდთვიანი გაჩნდა), ცხადია, მაშინვე მივეცი გვარი და მართლაც საკუთარ შვილად მივიღე. ღმერთის განგებით, ისე მოხდა, რომ ჩემი ცოლი აღარ დაფეხმძიმებულა და მთელი ჩემი მამობრივი გრძნობები და მზრუნველობა პატარა გიორგიზე გადავიტანე. თინიკოს ძალიან უხაროდა ეს ამბავი და ბედნიერი იყო, სულ სიყვარულს მეფიცებოდა.

ერთ დღეს კი, სამსახურიდან რომ დავბრუნდი, სახლში არავინ დამხვდა. მეზობელს მივუკაკუნე და, აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი მასთან დაუტოვებია, თვითონ კი დილიდან სადღაც წასულა. ჯერ შემეშინდა, ან მანქანა ხომ არ დაეჯახა ქუჩაში, ან ცუდად ხომ არ გახდა-მეთქი, მაგრამ სამზარეულოში რომ შევედი, თინიკოს წერილი დამხვდა, რომელშიც ეწერა:

„მაპატიე, მაგრამ, თავს ვერ მოვერიე. ავთომ დამირეკა და მივხვდი, რომ ისევ ის მიყვარს. გიორგის შენ გიტოვებ – შენთან უფრო ბედნიერი იქნება. თინიკო“.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა შოკს მივიღებდი, მაგრამ, ბავშვი ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ მას ვერ ვუღალატებდი.

დღეს გიორგი უკვე კაცია, ჰყავს არაჩვეულებრივი ცოლი და ორი ულამაზესი შვილი. ასე რომ, ბედნიერი მამამთილი და ბაბუა ვარ.

ჩემი შვილისთვის არაფერი დამიმალავს – რომ წამოიზარდა, ყველაფერი მოვუყევი, მაგრამ, ამით ჩვენი მამაშვილობა უფრო მეტად გამყარდა და დღემდე ასე გრძელდება.

თინიკო რამდენიმე წლის შემდეგ შეეხმიანა გიორგის და უთხრა, დედაშენი ვარ, მომენატრე და შენი ნახვა მინდაო. გიორგიმ უპასუხა, მე 5 წლის ასაკში მომიკვდა დედა, თქვენ კი ვინ ხართ, არ მაინტერესებს და არც თქვენი ნახვის სურვილი მაქვს. აღარ გაბედოთ და აღარასდროს დამირეკოთო.

ზურაბი, 69 წლის.

скачать dle 11.3