კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის არ ჰქონდა ბაგრატიონთა სამეფო ტახტზე ასვლის უფლება და როგორ იბრძოდა 30 წლის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ ვახტანგ ბაგრატიონი – იმერეთის დე-იურე მეფე

იმერეთის 1819 წლის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვახტანგ ბატონიშვილი, აჯანყებულთა ნაწილმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა. მაგრამ‚ აჯანყების დამარცხების შემდეგ‚ ის ოსმალეთში გადაიხვეწა, სადაც სულთანმა დაამტკიცა იმერეთის მეფედ. ვახტანგი გარდაიცვალა 1850 წელს, ტრაპიზონის ახლოს მდებარე პატარა ქალაქ პლატანაში. ასე რომ‚ მთელი 30 წლის განმავლობაში იყო იმერეთის დე იურე მეფე. მის შესახებ და ასევე‚ სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება ისტორიკოსი მანანა ხომერიკი:

– იმერეთში 1819 წელს „საეკლესიო ბუნტის“ სახელით დაწყებულმა აჯანყებამ თანდათან ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სახე მიიღო. დღის წესრიგში დადგა  მეფის არჩევა, რაც საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენას ნიშნავდა. იმერეთის ტახტზე სამი ძირითადი პრეტენდენტი გამოიკვეთა: 1. ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელმაც სათანადო აქტიურობა ვერ გამოიჩინა; 2. ივანე აბაშიძე, რომელიც‚ დოკუმენტების მიხედვით, საკმაოდ გაორებული პიროვნება იყო. ამასთან‚ ის მხოლოდ დედის მხრიდან იყო ბაგრატიონთა შთამომავალი, რაც ქართული სამეფო ლეგიტიმიზმის თანახმად‚ ტახტზე ასვლის უფლებას არ აძლევდა. დავით ბატონიშვილი თავის რჯულდებაში ნათლად განმარტავს, რომ მეფის ასულთა ძენი მოკლებულნი იყვნენ სამეფო ღირსებას. თამარ მეფისა და რუსუდან დედოფლის შვილების მაგალითი არ გამოგვადგება, რადგან მათი მამები დაბადებით უფლისწულები იყვნენ. სამეფო ღირსება შვილზე მამიდან გადადის. გარდა ამისა, მას შემდეგ ქალის გამეფების წესი შეიცვალა. დავით ბატონიშვილიც დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ სამეფო ოჯახის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, ქვრივი დედოფალი ან ბატონიშვილი ქალები ტახტის მემკვიდრეები არ იყვნენ. აქედან გამომდინარე‚ სოლომონ პირველის ქალიშვილი ვერც თვითონ იქნებოდა იმერეთის ტახტის მემკვიდრე და ვერც თავის შვილს, ივანე აბაშიძეს გადასცემდა მემკვიდრეობას. 3. ვახტანგ ბაგრატიონს გვარი უპირატესობას ანიჭებდა, მაგრამ მისი სუსტი წერტილი მისი მამის, როსტომ ბატონიშვილის უკანონოდ შობის ფაქტი გახლდათ. ქართველ მეფეებს ერთი ცოლი ჰყავდათ. ხარჭისგან ნაშობი შვილი კანონიერ უფლისწულს ვერ უტოლდებოდა და იყო „რეცა სახელდებულ შვილად მეფისა“. ქართული ლეგატიზმი უკანონოდ ნაშობი ბატონიშვილების უფლებებს არ აღიარებდა, მაგრამ რეალური სურათი სულ სხვა იყო. იმერეთის სამეფოს არსებობის განმავლობაში ოთხჯერ იყო შემთხვევა, როდესაც უკანონოდ შობილი უფლისწულები გაამეფეს: გიორგი მესამე, ალექსანდრე მეოთხე, სვიმონ პირველი და გიორგი მეექვსე. 

 

აჯანყების ჩახშობა 

რუსეთმა დიდი სამხედრო ძალის გამოყენებით შეძლო აჯანყების დამარცხება და სისხლში ჩახშობა. დავით ბატონიშვილი (ბაგრატ ბატონიშვილის ვაჟი. ბაგრატი იყო მეფე ალექსანდრე მეხუთის შვილი, მეფე სოლომონ პირველის ძმა და მეფე სოლომონ მეორის ბიძა) მოკლეს. რეპრესიების მთელი სისასტიკე მის ცოლ-შვილსაც შეეხო. დავითის ძმისშვილი, აჯანყების მონაწილე როსტომ სვიმონის ძე რუსეთში გადაასახლეს და სუმის ჰუსართა პოლკში რიგითად ჩარიცხეს. ასევე, გადაასახლეს როსტომის 8 წლის ვაჟი სიმონი. 1820 წლის 6 მაისს ერმოლოვი დროებით მთავრობას წერდა, რომ ვახატანგი, რომელიც იმერეთის მშვიდ მოსახლეობას აჯანყებდა, გამოცხადებულიყო სახელმწიფო მოღალატედ. მისი მამული ხაზინისთვის უნდა გადაეცათ, ცოლ-შვილიც უნდა დაეპატიმრებინათ. იმერეთის მმართველმა გამოაქვეყნა პროკლამაცია იმერეთის მოსახლეობისადმი, რომელსაც თან ჰქონდა დართული სია „მუხანათთა, რომელნი სამარადისოდ განიდევნებიან სამზღვართაგან რუსიის იმპერიისათა“. სიაში სულ 27 კაცი იყო, მათ შორის: მამუკა ბაგრატიონი, ვახტანგ ბაგრატიონი და მისი მცირეწლოვანი ძმა ტარიელი.  1820 წლის 7 სექტემბერს შედგენილი სიიდან ჩანს, რომ ბატონიშვილი ვახტანგი და მისი მცირეწლოვანი ძმა, ტარიელი გაქცეულები იყვნენ. მათ მამულებიც ჩამოერთვათ. რუსეთის მთავრობა ხაზს უსვამდა, რომ ძმები უკანონოდ შობილი მამის შვილები იყვნენ. ვახტანგს „უკანონოდ შობილ ურჩხულს“ უწოდებდნენ, რადგან ის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. სოლომონ პირველის უკანონოდ შობილი შვილიშვილის, „გიორგი ბუშის“ შვილები კი, რომლებიც იმპერატორისადმი ერთგულებით გამოირჩეოდნენ, იმ დროს რუსეთში იმყოფებოდნენ და პატივით სარგებლობდნენ. მათ უკანონო წარმომავლობა არაფერში უშლიდათ ხელს. ერმოლოვი 1820 წლის სექტემბერში ბარონ სტროგანოვს აცნობებდა, რომ იმერეთში რუსულმა ჯარმა მოახერხა მეამბოხეთა ბრბოების გაფანტვა, მათგან უმეტესობა შეიპყრეს. ზოგი მაშინვე დაისაჯა, ზოგი კი ახალციხეში გადავიდა, სადაც ისინი ფაშამ მეგობრულად მიიღო. ერმოლოვის აზრით‚ ესენი: „დეპუტატად წოდებული მეამბოხეები არიან, მათგან უმთავრესია ვახტანგი, სულელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მეფე დავითის უკანონო შვილის, როსტომის ვაჟია“. ვახტანგ ბატონიშვილი მხოლოდ ოსმალეთის იმედად როდი იყო, ის ცდილობდა, რუსეთის წინააღმდეგ ჩაება სპარსეთიც. სხვათა შორის‚ თურქეთში, პრემიერ-მინისტრის ოსმალურ არქივში მივაკვლიეთ დოკუმენტებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ 1815 წელს მეფე სოლომონ მეორის გარდაცვალების შემდეგ, ოსმალეთის სულთანმა და ვეზირებმა იმერეთის ახალი მეფის დანიშვნაზე დაიწყეს ზრუნვა. მეფის ვინაობა მაშინ დადგენილი არ იყო და ფირმანში სახელის ადგილიც თავისუფალი დატოვეს. არ არის ცნობილი‚ საბოლოოდ ვისი სახელი ჩაიწერა საგანგებოდ დამზადებულ ფირმანში. როგორც ჩანს‚ ეს პატივი წილად ვახტანგს ერგო, რადგან ერთ ოსმალურ დოკუმენტში ის იმერეთის მეფედ არის მოხსენიებული. სხვა დოკუმენტებიდანაც ჩანს, რომ ტახტის პრეტენდენტებს შორის, ვახტანგ ბატონიშვილის უპირატესობა ყველასთვის ნათელი იყო. ივანე აბაშიძე მის მეტოქედ არ მოიაზრებოდა. ის ვახტანგის დესპანის როლს ასრულებდა. როგორც ჩანს‚ თავად ვახტანგს ლევან დადიანის იმედიც ჰქონდა. ეროვნულ არქივში დაცულია წერილის ასლი: „ლიხთ იმერთ მეფის ძის ძეს და მემკვიდრეს, იესიან, დავითიან, სოლომონიან, პაკრატოვანს და აქ დიდებულის და ცათა სწორიდ ხელმწიფისგან მეფედ წოდებულს ვახტანგს (ესე იგი სულთნის მიერ მეფედ დანიშნულ ვახტანგს) სამინგრელოს მფლობელი დადიანი ლევანი კალთის მთხვევას გიბედავ და თქვენს ბედნიერად ყოფას და გაძლიერებას ღმერთსა ვსთხოვთ ყოვლად ძლიერსა“... თავად ეს დოკუმენტი ნდობას არ იმსახურებს, ის იასე ფალავანდიშვილის მიერ შედგენილი უნდა იყოს. მაგრამ იმით არის საინტერესო, რომ მასში ვახტანგი იხსენიება, როგორც სულთნისგან „მეფედ წოდებული“, რაც სინამდვილეს უნდა ასახავდეს. ვახტანგი, რომელსაც რუსები ახასიათებდნენ, როგორც სულელ ახალგაზრდა კაცს, სინამდვილეში დიპლომატიურ ნიჭს იჩენდა. როდესაც ოსმალეთიდან რეალური დახმარება ვერ მიიღო, მზერა სპარსეთს მიაპყრო. წინ წამოწია ის ფაქტი, რომ ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფენი ერთი წარმომავლობის იყვნენ, რის გამოც მან, როგორც ამ საერთო ოჯახის წევრმა‚ განაცხადა: ჩვენი ოჯახი მხოლოდ დიდებულ შაჰს სცნობდა და მე როგორც იმერეთის ტახტის მემკვიდრემ‚ მთელი დასავლეთ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გავაერთიანე და სპარსეთის ერთგულება ვირჩიეო. სინამდვლეში, დასავლეთ საქართველო ოსმალეთისკენ უფრო იხრებოდა, მაგრამ მთავარი მიზანი ნებისმიერი გზით რუსეთიგან თავის დახსნა იყო. რაც შეეხება ვახტანგის ძმას‚ ტარიელს, მის შესახებ ვიგებთ მისი სიდედრის, ელისაბედ გურიელის 1841 წელს დაწერილი თხოვნიდან. ელისაბედი პოლკოვნიკ ქაიხოსრო გურიელის ქვრივი იყო. ის წერილში განმარტავს, რომ მისმა ქალიშვილმა დესპანემ, თურქეთში ყოფნისას მართლმადიდებლურ ეკლესიაში‚ წესისამებრ‚ ჯვარი დაიწერა ოტომანური სამსახურის გენერალ, იმერელ ბატონიშვილ ტარიელზე. ქაიხოსროს ოჯახის თურქეთიდან დაბრუნებისას წამოიყვანეს დესპანეც, რომელიც 10 წლის განმავლობაში ქმრის მოლოდინში იყო. ბატონიშვილი ტარიელი 1840 წელს თურქეთში გარდაიცვალა. ძმებს ანასტასიას (ვახტანგის ქალიშვილი) მეტი შთამომავალი არ დარჩენიათ. თუმცა, მიიჩნევა, რომ თურქეთში ბატონიშვილები ჰაიდარ-ბეგთა გვარის მამამთავრები გახდნენ. მაგრამ, თურქეთში ამ ცნობის დამადასტურებელ მასალას ვერ მივაკვლიეთ. 

 

ვახტანგ ბატონიშვილის სიცოცხლის ბოლო წლები

1846 წლისთვის საკმაოდ ხანშიშესულ ვახტანგ ბაგრატიონს‚ როგორც ჩანს‚ ჯანმრთელობა შეერყა. მისმა ნათესავმა, თავადმა მიქელაძემ მეფის ნაცვლის წინაშე შუამდგომლობა აღძრა ბატონიშვილის სამშობლოში დაბრუნების ნებართვის თაობაზე. რუსულმა მხარემ დაიწყო ვახტანგის შესახებ ცნობების შეგროვება, რის შემდეგაც შესაძლებლად მიიჩნიეს მისი იმერეთში დაბრუნება, ოღონდ ხაზინაზე გადაცემული მამულის დაბრუნების გარეშე. აუცილებელი პირობა იყო მასზე მკაცრი თვალთვალის დაწესება. ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, ვახტანგ ბაგრატიონის წლიური ანაზღაურება 350 ვერცხლით განისაზღვრა, რაც 1846 წლის მეორე ნახევრიდან უნდა მიეღო. ეს ეცნობა ვახტანგს, მან კი განაცხადა, რომ ოსმალეთში სავსებით უზრუნველყოფილად ცხოვრობდა, როგორც მას შეეფერებოდა, რუსეთის მთავრობის მიერ დანიშნული ანაზღაურება კი ძალზე მცირედ მიაჩნდა. ამგვარმა განცხადებამ რუსი მოხელეები საგონებელში ჩააგდო, მათ ვერ გაეგოთ: ვახტანგს თანხის სიმცირე აფერხებდა თუ არ სურდა „დიდსულოვნად“ ბოძებული ნებართვით სარგებლობა. როგორც ირკვევა, სულთანი მართლაც შესაფერის პირობებს უქმნიდა ვახტანგს. მოხელე მეფისნაცვალს საიდუმლოდ აცნობებდა, რომ მისი აზრით‚ თურქეთის მთავრობა არცთუ პოლიტიკური მიზნების გარეშე ხარჯავდა ყოველწლიურად ამ „ემიგრანტზე“ 40 ათას პიასტრზე მეტს, ანუ რვა ათას მანეთს ასიგნაციებით. თურქული მხარე იმედოვნებდა, რომ იმერეთის ყოფილი სამეფო ოჯახის წევრი, რომელსაც ახლო კავშირები ჰქონდა იმერეთისა და გურიის მოსახლეობასთან, თუ რუსების წინააღმდეგ „მნიშვნელოვანი გავლენის“ მოხდენას ვერ შეძლებდა, მაინც სასარგებლო იქნებოდა რაიმე მტრული მოქმედებების შემთხვევაში. საქმე გაჭიანურდა, ბოლოს‚ 1849 წელს‚ საბოლოოდ გადაწყდა ვახტანგის დაბრუნება, 350 მანეთის დანიშვნა და ამიერკავკასიაში ჩამოსვლისთანავე მისთვის იმ თანხის გადაცემა, რაც 1846 წლიდან დაგროვდა. მაგრამ ვახტანგ ბაგრატიონმა ამდენს  ვეღარ გაუძლო და 1850 წელს ტრაპიზონის ახლოს მდებარე ქალაქ პლატანაში გარდაიცვალა. ის 30 წლის განმავლობაში ოსმალეთში ცხოვრობდა და თავის სამშობლოს გათავისუფლებაზე ფიქრს არ წყვეტდა. თავდაპირველად, ის აჯანყებულთა მიერ იყო მეფედ არჩეული და „დასმული“. მართალია‚ ჩვენში მეფობა მემკვიდრეობითი იყო და არა არჩევითი, მაგრამ ის მემკვიდრეობითაც არ იდგა შორს მეფობისგან. მამამისი, როსტომ ბატონიშვილი მეფე დავით მეორის უკანონო შვილი იყო, ხოლო კანონიერი შვილი (ვახტანგის ბიძა) კონსტანტინე ბატონიშვილი, მეფე სოლომონ მეორემ‚ 1804 წელს რუსეთთან დადებული ელაზნაურის ხელშეკრულების მეორე პუნქტით‚ თავის მემკვიდრედ გამოაცხადა (იმ შემთხვევაში‚ თუ სოლომონს ვაჟი არ ეყოლებოდა). 1810 წელს რუსეთის მიერ იმერეთის ოკუპაციის შედეგად, როდესაც მეფე სოლომონ მეორე იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, კონსტანტინე ბატონიშვილი რუსეთში გადაასახლეს. მას შემდეგ არც ის და არც მისი შთამომავლები სამშობლოს ბედით არ დაინტერესებულან. ცხადია, კონსტანტინეს არც 1819-1820 წლების აჯანყებაში მიუღია რამე მონაწილეობა. მისი ძმა როსტომი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. სავსებით ბუნებრივია და კანონიერია, რომ კონსტანტინე თავის უფროს ძმისშვილს, ვახტანგ ბაგრატიონს ჩაენაცვლებინა. ვახტანგის წარმომავლობა გაითვალისწინა ოსმალეთის სულთანმა, რომელმაც ის იმერეთის მეფედ აღიარა. არ შევცდებით‚ თუ ვიტყვით, რომ ვახტანგ ბაგრატიონი მთელი 30 წლის განმავლობაში იყო დე იურე მეფე იმერეთისა... კარგი იქნება თუ მის საფლავს მოვიძიებთ.

 

იმერეთის ბაგრატიონთა შტოს გამგრძელებელი 

დღეს იმერეთის ბაგრატიონების შტოს მამრობითი ხაზით მხოლოდ სოფელ ღვანკითში მცხოვრები ირაკლი დავითის ძე ბაგრატიონი აგრძელებს, რომელიც სოლომონ პირველის მამის და სოლომონ მეორის პაპის, იმერეთის მეფე ალექსანდრე მეხუთის შთამომავალია. ალექსანდრეს დედა, როდამ დედოფალი, ქართლის მეფის, გიორგი მეთერთმეტის ასული იყო. აქედან გამომდინარე, ირაკლი ბაგრატიონთა ქართლის შტოსაც ენათესავება. რაც შეეხება ბაგრატიონთა დინასტიას, მისი გამთლიანების პრინციპები ჯერ არ არის დადგენილი. ამ საკითხით დაინტერესებული ზოგიერთი პიროვნება სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრის დასახელების დროს იმერეთის შტოს სრულ იგნორირებას ახდენს. მათი ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ 1790 წელს გაფორმდა „ტრაქტატი – ივერიელ მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშის და გურიისა“, რომლის მონაწილენი ერთმანეთს აძლევენ მეგობრობის, თანადგომის, გარეშე მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების პირობას.  მსგავსი ხელშეკრულება 1773 წელსაც დაიდო მეფე ერეკლესა და სოლომონ პირველს შორის, მაგრამ ეს ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანებას არ ნიშნავდა და არც საკუთარ სამეფოზე ხელის აღებას.1783 წლის „გეორგიევსკის ტრაქტატით“ მხოლოდ ქართლ-კახეთი იქნა შეყვანილი რუსეთის მფარველობის ქვეშ. 1790 წელს იმერეთის მეფე და გურიის, სამეგრელოს მთავრები იმედოვნებდნენ, რომ ერთობლივი ტრაქტატით გეორგიევსკის ტრაქტატს შეუერთდებოდნენ. აღიარებული იყო ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორეს ჰეგემონია. იმერეთის მეფე და დასავლეთ საქართველოს მთავრები მას ანდობდნენ რუსეთთან მოლაპარაკებასა და შუამდგომლობას მათი მფარველობაში შეყვანის შესახებ. ამრიგად‚ მეფე ერეკლეს უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ ეს მას იმერეთის სამეფო ტახტის მიტაცების უფლებას არ აძლევდა და ეს საკითხი არც დამდგარა. სამეგობრო ხელშეკრულება, რომელშიც ერთი მხარის უპირატესობაა აღიარებული, მეორე მხარეზე ძალადობას არ ნიშნავს. ამრიგად‚ 1790 წლის სამეგობრო ხელშეკრულება იმერეთის სამეფო შტოს ლეგიტიმურ უფლებებს ვერ დააკნინებს. ხშირად იშველიებენ მეორე არგუმენტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე გიორგი მერვე, შემდეგ კახეთის მეფე გახდა. ამიტომ მიიჩნევენ, რომ ერთიანი საქართველოს ტახტის მემკვიდრე მისი უშუალო შთამომავალი უნდა იყოს. გიორგი მერვე იყო ალექსანდრე პირველი დიდის შვილი მეორე ქორწინებიდან. ალექსანდრე პირველ დიდს პირველ ცოლთან ორი ვაჟი ჰყავდა. მისი სიკვდილის შემდეგ მისი ძე, ვახტანგ მეოთხე გამეფდა, მაგრამ 4 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ტახტი ეკუთვნოდა მის ძმას, პროვინციის მეფეს, დემეტრეს ვაჟს კონსტანტინეს, რომელიც ვერ იმეფებდა მცირეწლოვნობის გამო. ამიტომ, გამეფდა ალექსანდრე პირველის უმცროსი ვაჟი, გიორგი მერვე. თუმცა, ლეგიტიმურად საქართველოს ტახტი კონსტანტინეს ეკუთვნოდა. გიორგი მერვე კახეთის ტახტზე ადის, როგორც გიორგი პირველი. ერთიანი საქართველოს მეფეთა ნუმერაცია კი ქართლის მეფეებში გრძელდება. ქართლის პირველი მეფე ხდება კონსტანტინე მეორე. მის შვილს, დავითს მინიჭებული აქვს არა პირველი ნომერი, არამედ – მეათე, ვინაიდან ქართლის მეფე დავითმა თავის მამასავით, ერთიანი საქართველოს მეფეთა ნუმერაცია გააგრძელა. მეფე სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის თავადაზნაურობა და მღვდელმთავრები მეფე ერეკლე მეორეს სთხოვდნენ: „ინებოს და შეიერთოს თავისდა სამეფოდ იმერეთი, ვითარცა იყო ერთ მთავრობისა დროთა“. მეფე ერეკლემ სხვადასხვა მიზეზის გამო, უარი განაცხადა და ახლა ნუ მივაწერთ მას იმას, რაც არ მომხდარა. გეორგიევსკის ტრაქტატით და ასევე ელაზნაურის ტრაქტატით, გარანტირებული იყო ბაგრატიონთა მეფობა, მაგრამ ამ სამეფოების მიტაცების შემდეგ, რუსეთმა ბაგრატიონები არა მხოლოდ ტახტიდან ჩამოაგდო, არამედ მათი სამეფო ღირსებაც დაამცირა. ბატონიშვილების მეორე თაობას ამ წოდების ტარების უფლება აუკრძალეს, ანუ დინასტიური სტატუსი წაართვეს. (1946 წლის 5 დეკემბრის, აქტით დიდმა მთავარმა, ვლადიმირ  კირილის ძე რომანოვმა სცნო ბაგრატიონთა სამეფო ღირსება, რაც შესაძლოა, პარაქტიკულად, არაფერს ცვლიდა, მაგრამ ამ აქტს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა ჰქონდა). საქართველოს გაერთიანება ყოველთვის ნიშნავდა დინასტიის გაერთიანებას და ამაზე მუდმივად ფიქრობდნენ ერეკლე მეორის შთამომავლები. მაგრამ, დავით ბატონიშვილი მოგვიწოდებდა იმისკენ, რომ იგნორირება მოგვეხდინა იმერეთის სამეფო დინასტიისა, იმის საფუძველზე, რომ იქ იყვნენ უკანონოდ შობილები. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ სოლომონ დიდის წინ იმერეთის ტახტზე ოთხჯერ იყო უკანონოდ შობილი მეფე. იოანე ბატონიშვილი კი ორივე შტოს ერთნაირ უფლებებს აღიარებდა და ამბობდა: როდესაც ერთიანი საქართველოს მეფე გარდაიცვლება, ხან ერთი შტოს ბატონიშვილი გავამეფოთ, ხან – მეორესიო. ეს რეალობას მოკლებული იყო, მაგრამ თანაბარ პატივს მიაგებდა ორივე შტოს. მეოცე და ოცდამეერთე საუკუნებში შედგა რიგი დოკუმენტებისა, სადაც ბაგრატიონთა იმერული შტო წარმოდგენილია ბაგრატიონ-იმერეტინსკებით, ეს შტო კი მეოცე საუკუნეში აღარ არსებობდა. შესაბამისად‚ ეს დოკუმენტები ექვემდებარება გაუქმებას. ეს იგივეა, რომ ჩვენ შევადგინოთ საბუთი სოლომონ პირველის სახელით.  რაც მთავარია‚ ამ განცხადებით უგულებელყოფილია ერთადერთი მამრობითი ხაზით შემორჩენილი იმერული შტო, რომელიც ღვანკითში ცხოვრობს. 26 თებერვალს დავკრძალეთ 87 წლის ირაკლი ბატონიშვილი, რომელიც იმსახურებდა გელათში დაკრძალვის პატივს. მაგრამ‚ ეს მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა ამ შტოს შეგნებული დაკნინება, რაც იმას ემყარებოდა, რომ ამ შოტს ჰყავდა ერთი უკანონო წინაპარი. ამას იტყვის მხოლოდ იმერეთის ისტორიაში ჩაუხედავი პიროვნება. სოლომონ დიდისთვის არავის წამუძახებია, რომ მის წინ ოთხჯერ იყო უკანონოდ შობილი მეფე. ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონმა თავისი სურვილით იმერეთის სამეფო სახლის მეთაურად შვილიშვილი, ირაკლი ბატონიშვილი გამოაცხადა, რა თქმა უნდა‚ თუ ოჯახი ამაზე განაცხადებდა თანხმობას. თუ ოჯახი დაეთანხმა მის სურვილს და დღეს იმერეთის სამეფო სახლის მეთაური კანონიერად არის ირაკლი ბაგრატიონი. იმისთვის, რომ ირაკლი ბაგრატიონმა რომელიმე ბაგრატიონი აღიაროს მთელი საქართველოს ტახტის მემკვიდრედ, ჯერ მან უნდა დაიმკვიდროს ის სტატუსი, რაც მას აქვს დაბადებით და როგორც პატრიოტი ადამიანი‚ მზად არის‚ შეუერთდეს ბაგრატიონების მემორანდუმს. საქართველოში ორი სამეფო სახლია: ქართლ-კახეთისა და იმერეთის. აუცილებელია გამთლიანება, რაც კანონიერ საფუძველზე უნდა მოხდეს. ვინაიდან ქართლ-კახეთს ისტორიულად მეტი პრიორიტეტი აქვს, ირაკლი მზად არის‚ აღიაროს ქართლ-კახეთის სამეფო სახლის მეთაური ერთიანი საქართველოს ტახტის მემკვიდრედ, მაგრამ ეს არ მოხდება მანამდე‚ სანამ არ იქნება აღიარებული თვითონ ირაკლის, როგორც იმერეთის სამეფო სახლის მეთაურის სტატუსი, რომელიც მას დაბადებიდან ლეგიტიმურად აქვს. ამას მოითხოვს არა კუთხური სეპარატიზმი, არამედ კანონიერ საფუძველზე გაერთიანების პრინციპი და ისტორიული სამართლიანობა.

скачать dle 11.3