კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობასთან მიხეილ მამიაშვილს და როგორ დაუნათესავდა ის ბონდარჩუკების ოჯახს

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია ბოლო პერიოდში მსოფლიოს მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა – საუბარია სპორტის ამ სახეობის ოლიმპიური პროგრამიდან ამოღებაზე, რაც უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი და ამჟამად მოჭიდავეები და მწვრთნელები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომის მოლოდინში არიან. გარდა ამისა, თანამდებობიდან გადააყენეს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი, რომლის სავარაუდო შემცვლელებად ოლიმპიური ჩემპიონები მიხეილ მამიაშვილი და ალექსანდრ კარელინი სახელდებიან. მიხეილ მამიაშვილი რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და რუსეთში ოდიოზური ფიგურაა, რომელსაც კავშირები აქვს  როგორც პოლიტიკურ ელიტასთან, ისე კრიმინალურ ავტორიტეტებთან. 

სწორედ ჭიდაობის საშუალებით გაიცნო და დაუმეგობრდა მიხეილ მამიაშვილი რუსული მაფიის ქართველ „ნათლიმამას” – ოთარ კვანტრიშვილს. მამიაშვილი კვანტრიშვილთან დაახლოებული პირი იყო და, მეგობრის კავშირების წყალობით, დიდი გავლენა ჰქონდა. არაოფიციალური ვერსიით, კვანტრიშვილის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყოფილი მოჭიდავეები იყვნენ და მათ მამიაშვილი ავარჯიშებდა. კვანტრიშვილის გახმაურებული მკვლელობის მომენტში ის მეგობრის გვერდით იყო და, როდესაც დაქირავებულმა მკვლელმა გასროლა მოახდინა, მამიაშვილი გადაეფარა კვანტრიშვილს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლო. ერთ-ერთი ვერსიით, ქილერი მამიაშვილის ლიკვიდაციასაც აპირებდა, მაგრამ, გადაიფიქრა. კვანტრიშვილის მკვლელობა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე იდუმალ საქმედ ითვლება რუსეთში და აქამდე უცნობია, თუ ვინ შეუკვეთა ქართველი მაფიოზის მკვლელობა. საქმეში უამრავი კრიმინალური ავტორიტეტი ფიგურირებდა, მათ შორის იყო კვანტრიშვილის უშუალო კონკურენტი, კრიმინალური ავტორიტეტი სერგეი ტიმოფეევი, მეტსახელად „სილვესტერი”, რომელიც კვანტრიშვილის მკვლელობიდან რამდენიმე ხანში ასევე დაქირავებულმა მკვლელმა გამოასალმა სიცოცხლეს. სხვათა შორის, სწორედ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ნაცნობობის გამო, მამიაშვილს რამდენჯერმე შეექმნა პრობლემა უცხოური ვიზის მიღებაში: ფინეთმა მას თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ხოლო შეერთებული შტატების ვიზის მიღება, მან მხოლოდ სახელმწიფო ჩინოვნიკების ჩარევის შედეგად მოახერხა. 

კვანტრიშვილის ლიკვიდაციის შემდეგ მიხეილ მამიაშვილი მოსკოვში მოქმედი ქართველი „კანონიერი ქურდების” მფარველად იყო ცნობილი. იგი უმეტესობასთან მეგობრობდა და მათთან საერთო ბიზნესინტერესი ჰქონდა. 90-იან წლებში აქტიურად ლაპარაკობდნენ მამიაშვილის კავშირზე ჩეჩენ „ბოევიკებთან”. გავრცელებული ვერსიის თანახმად, მას შემდეგ, რაც მამიაშვილი სათავეში ჩაუდგა რუსეთის არმიის სპორტულ კლუბ „ცეესკას,“ მას ურთიერთობა დაეძაბა ჩეჩენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან – შაჰრუდ დადახანოვთან და რუსლამბეკ ჰუსეინოვთან, რადგან, მამიაშვილამდე ისინი აკონტროლებდნენ „ცეესკას” და ცნობილები იყვნენ, როგორც ჯოხარ დუდაევის თანამებრძოლები და შამილ ბასაევის დამფინანსებლები. სწორედ ფინანსური ინტერესების გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მამიაშვილი და ჩეჩნები, 2000 წელს კი მამიაშვილის ფიზიკური ლიკვიდაციაც იყო დაგეგმილი, თუმცა, ეს არ მოხდა და აღნიშნული ფაქტის გამო საქმეც კი არ აღძრულა. მამიაშვილისა და ჩეჩნების საქმე დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და ბოლომდე გამოუძიებელ საქმედ არის რუსეთში ცნობილი.

მიხეილ მამიაშვილის სახელი 1990-იან წლებში მოსკოვში მოქმედ „სოლნცევოს” ორგანიზებულ-დანაშაულებრივ ჯგუფთან ასოცირდება. ამ დაჯგუფების წევრები ყოფილი მოჭიდავეები და მამიაშვილთან დაახლოებული სპორტსმენები იყვნენ. „სოლნცევოს” დაჯგუფებას რამდენიმე კომერციული სტრუქტურა ჰქონდა შექმნილი ფულის „გათეთრების” მიზნით, ერთ-ერთი ასეთი გახლდათ „რამბის”, რომლის აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრებოდა: რაბინოვიჩი, არევაძე, მამიაშვილი, ბერკოვიჩი, სლუშაევი. „რამბის” კვანტრიშვილთან ასოცირებული კომპანია იყო, რომელიც ოფიციალურად აწყობდა შოუ-კეტჩებს, ტურნირებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სინამდვილეში კი ფულის „გათეთრებით” იყო დაკავებული. მამიაშვილი ამ სტრუქტურაში უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. გოჩა არევაძე, რომელიც ფირმის ერთ-ერთი „დამფუძნებელი” იყო, მჭიდროდ იყო დაკავშირებული „ტაგანკის”, „სოლნცევოსა” და სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან; ანდრეი სლუშაევი  კი, მეტსახელად „სპილო,” ფირმის კიდევ ერთ-ერთი „დამფუძნებელი”, სულაც, ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრი იყო შევარდნაძის პირველი საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, 1995 წელს, სადაც არევაძის რეკომენდაციით მუშაობდა. გოჩა არევაძის მამა ედუარდ შევარდნაძის პირადი მეგობარი გახლდათ. 

მიხეილ მამიაშვილის სახელი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმესთან არის დაკავშირებული: იგი ჯამბულათ თედეევის მფარველად არის ცნობილი, ხოლო თედეევი ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის” საპრეზიდენტი არჩევნებში ალა ჯიოევას კანდიდატურას უჭერდა მხარს. საარჩევნო კამპანიის პერიოდში მამიაშვილს გააქტიურებული ჰქონდა თავისი კავშირები რუსეთისა და საქართველოს ზედა ეშელონებში და ის იყო ჯიოევას კამპანიის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო. ჯამბულათ თედეევი ცხინვალის რეგიონში თავის ძმასთან, იბრაგიმთან ერთად, ერთი პერიოდი სრულიად აკოტროლებდა მთელ კრიმინალს – კონტრაბანდას, რეკეტს, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობას, ალკოჰოლის ბიზნესს, თუმცა, შემდგომ ძმები ედუარდ კოკოითის დაჯგუფებას დაუპირისპირდნენ და მათ დაჯგუფებას ცხინვალის რეგიონის დატოვება მოუხდა. ალა ჯიოევას დახმარებით, თედეევები თავისი გავლენის აღდგენას ცდილობდნენ რეგიონში, თუმცა, მათ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ ანატოლი ბიბილოვის სახით,  რომელსაც კრემლიდან დიმიტრი მედვედევი და ვლადიმირ პუტინი ლობირებდნენ. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მამიაშვილის მიერ ლობირებული ძმები თედეევების პროექტი – „ალა ჯიოევა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად“ – ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე რამდენიმე ათეული მილიონი რუბლი იყო დახარჯული. 

მიხეილ მამიაშვილი მოსკოვში ცხოვრობს. მისი მეუღლეა მარგარიტა მამიაშვილი. მათ სამი ქალიშვილი და 2012 წელს დაბადებული ვაჟიშვილი ჰყავთ. ცნობილია, რომ მიხეილ მამიაშვილის მძახალია რუსი კინორეჟისორი და მსახიობი ფიოდორ ბონდარჩუკი – მიხეილის ქალიშვილი, 22 წლის ტატა მამიაშვილი და ფიოდორის ვაჟი, 20 წლის სერგეი ბონდარჩუკი 2012 წლის გაზაფხულზე დაქორწინდნენ. წყვილს ქორწილი „რუბლიოვკაზე” გადაუხადეს, სადაც 700-მდე სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის – ცნობილი სახეები რუსული შოუ-ბიზნესიდან და სპორტის სამყაროდან. მიხეილ მამიაშვილი და ფიოდორ ბონდარჩუკი უკვე ბაბუები არიან.

скачать dle 11.3