კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა უკრაინაში ძმა და შვილი მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში მცხოვრებმა ოჯახმა

47 წლის სვეტლანა გარეგინის ასული ოგანიანი და 74 წლის ამალია ოგანიანი ეძებდნენ 46 წლის სეირან გარეგინის ძე ოგანიანს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას, 46 წლის სეირან გარეგინის ძე ოგანიანს. ის 2001 წლიდან ცხოვრობს უკრაინაში. უკვე თორმეტი წელია, რაც ის სამუშაოდ უკრაინაში წავიდა. სამწუხაროდ, მასთან მხოლოდ ტელეფონით გვქონდა კავშირი, ისიც ერთხელ – ახალი ჩასული რომ იყო, მაშინ დაგვირეკა. ყველაფერი ვცადეთ, რომ მას დავკავშირებოდით, მაგრამ, უშედეგოდ. ძველ მისამართზე ჩვენ მას ვერ ვუკავშირდებით და თქვენი დიდი იმედი გვაქვს – იქნებ, თქვენ მაინც დაგვეხმაროთ სეირანის პოვნაში.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების“ მკითხველს „თბილისელების“ ერთ-ერთ წინა ნომერში გავაცანით. საბედნიეროდ, 12 წლის წინ უკრაინაში სამუშაოდ წასული სეირან ოგანიანი ნაპოვნია. ჩვენი დღევანდელი რუბრიკის რესპონდენტი სვეტლანა ოგანიანი ახლო მომავალში აპირებს ძმასთან დაკავშირებას.

– სვეტა, თქვენი ძმა 12 წელია, არ გინახავთ. რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ სეირანი ნაპოვნია?

– ჩემი ძმა 12 წლის წინ სამუშაოდ გაემგზავრა უკრაინაში. მას შემდეგ ჩვენ ის არ გვინახავს. დედაჩემი, ამალია, ამ ბოლო დროს ავადმყოფობს. ის საკმაოდ მძიმედაა. მისთვის სეირანის პოვნა უდიდესი სიხარული იყო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა. დღესდღეობით, მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ჩემი ძმის ამჟამინდელი საცხოვრებლის მისამართი და იმ სოფლის ადმინისტრაციის ტელეფონი და ფაქსი, სადაც ის ცხოვრობს. იმედია, ჩვენ მას უახლოეს მომავალში მივაწვდენთ ხმას. ძმის მოძებნა ძალიან მინდოდა, მაგრამ, არ ვიცოდი, ეს რა გზებით მომეხერხებინა. დედაჩემის მეგობრებმა – მერიკო გამსახურდიამ და მაია ლაპარტყავამ იაქტიურეს და თქვენთან დაკავშირება გვირჩიეს. როგორც თქვენგან გავიგეთ, ჩემი ძმის პოვნაში ძალიან დაგეხმარათ ქალბატონი ტატიანა მიშინა, რომელმაც იმ სოფლის ფოსტის მისამართი, ტელეფონი და ფაქსიც გადმოგვცა, იმ შემთხვევისთვის, თუკი ძმას წერილით ვერ დავუკავშირდებით. დედის ავადმყოფობის გამო, მე ამ დრომდე ვერ მივაღწიე ფოსტამდე, მაგრამ, რამდენიმე დღეში აუცილებლად გავუგზავნი სეირანს წერილს შეტყობინებით.

– დედათქვენს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც უთხარით, რომ მისი შვილი ნაპოვნია და ის უკრაინაში, ახტირკის რაიონის სოფელ ლეტუჩიში ცხოვრობს?

– დედა უკვე საკმაოდ ხნიერია. მისთვის ეს დიდი სასწაულია. მას, როგორც ყველა დედას, სიგიჟემდე უყვარს თავისი შვილი და, ბუნებრივია, ის განიცდიდა მასთან დაუკავშირებლობას. სიხარულისგან დედაჩემმა იტირა კიდეც. მას ერთი სული აქვს, როდის დაუკავშირდება თავის შვილს. სეირანმა სულ ერთადერთხელ დაგვირეკა უკრაინიდან. მაშინ მან გვითხრა, რომ იქ ფეხსაცმელებს კერავს და, როგორც კი საშუალება ექნება, კვლავ დაგვიკავშირდება. მაგრამ, მას შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა. მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდა. ამჟამად ოჯახის ყველა წევრს უამრავი კითხვა გვიტრიალებს თავში, მაგალითად, შექმნა თუ არა ჩემმა ძმამ ოჯახი, ვისთან ერთად ცხოვრობს ის უკრაინაში, აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას და ასე შემდეგ. ყველა ამ კითხვაზე პასუხს მასთან დაკავშირებისთანავე გავიგებთ.

– თქვენ მაინც რას ფიქრობთ, რა მიზეზით არ გიკავშირდებოდათ ძმა ამდენი წლის განმავლობაში?

– ნამდვილად არ ვიცი, რა იყო მისი ამგვარი საქციელის მიზეზი, მაგრამ, უფრო მატერიალური მდგომარეობა მგონია. დარწმუნებული ვარ, მას სურდა, ოჯახს მატერიალურად დახმარებოდა და, შეიძლება, იმის გამო, რომ ამას ვერ ასრულებდა, დუმდა კიდეც ამდენი წლის განმავლობაში.

– აქამდე თუ ეძებდით ძმას, თუ, ეს თქვენი პირველი ცდა იყო, გეპოვათ დედმამიშვილი?

– ნამდვილად ვეძებდით, მაგრამ, ჩვენ მიერ ჩაწერილ სეირანის ბოლო ცნობილ მისამართზე მას ვერ ვუკავშირდებოდით – იქ გვპასუხობდნენ, რომ სეირანი აქ არავინ ცხოვრობს, სხვა ხერხით მოძებნის გზა კი არ ვიცოდით. თქვენ ჩვენი პირველი ცდა იყავით ძმის მოძებნის საკითხთან დაკავშირებით. მისი პოვნა ჩვენთვის მართლაც ბევრს ნიშნავს – როგორც გითხარით, დედაჩვენი მძიმედ ავადმყოფობს და მას არ ასვენებდა შვილის დარდი. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩვენ მას დავუკავშირდებით და დედის ამბავს გავაგებინებთ, ის ახლო მომავალში ჩამოვა კიდეც საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის დიდი სურვილი გვაქვს.

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3