კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი ტყვეა ზოგიერთი ქალი და რას სწირავს ის მსხვერპლად საკუთარ თავმოყვარეობას

კაცი ცოლს იმიტომაც ღალატობს, რომ დარწმუნებულია, მაპატიებსო. ხშირად ღალატი მართლაც დაუსჯელი რჩება. სკანდალი გაივლის და, ცრემლების, ისტერიკის, ოჯახური გარჩევების შემდეგ „უძღები შვილი“ კვლავ „მშობლიურ ბუდეს“ უბრუნდება. მეორე ცხოვრება ისე გრძელდება, თითქოს არაფერი მომხდარა. ცოლი ცდილობს, დაივიწყოს მიყენებული შეურაცხყოფა; ქმარი კი, კმაყოფილი იმით, რომ ამჯერად „გაუვიდა“ და რეაბილიტირებულია, რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ იწყებს გარე-გარე თვალების ცეცებას. დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულის გამეორების ალტერნატივას აჩენს. ადამიანის ფსიქიკა მარტივად არის მოწყობილი და, მით უფრო, თუკი რამის კეთების მოთხოვნილება აქვს, უკან არ იხევს. ამას ხელს სინანულის არქონაც უწყობს. საბოლოოდ კი იკვრება უწყვეტი ჯაჭვი: ქმარი სულ ღალატობს, ცოლიც – სულ პატიობს, ოღონდ, მერე უკვე აღარ ლაპარაკობენ ამაზე. რის ფასად უჯდება ქალს ღალატზე ერთგვარი იმუნიტეტის გამომუშავება და, საერთოდ, შესაძლებელია კი ეს?!

ნანი (37 წლის): ზოგჯერ ისე მძულს საკუთარი თავი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. როგორ უნდა სცე პატივი ადამიანს, რომელსაც საკუთარი პიროვნება არაფრად უღირს და რომელმაც დაივიწყა, რომ ქალია და თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს?! ვიცი, რომ ძალიან ბევრის სათქმელს ვამბობ. სასტიკია ცხოვრება, განსაკუთრებით –  ქალების მიმართ. რომ ამბობენ, ემანსიპაცია, ქალთა უფლებებიო – ბლეფია ეს ყველაფერი. ქალები ისევ ისე ვიჩაგრებით და, შეიძლება, უფრო უარესადაც კი. არ ვლაპარაკობ ზოგიერთ გამონაკლისზე, რომლებსაც კაციც და ქვეყანაც საკუთარ თავზე აქვთ მორგებული. ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, იქნებ, არასდროს გავთხოვილიყავი. სტერეოტიპი – რომ ოჯახი ყველა ქალისთვის აუცილებელია – მოძველდა.

– არ არის აუცილებელი? ოჯახი, მგონი, ყველა ადამიანს სჭირდება.

– თეორიულად ასეა, რეალურად – ქალს რაც სჭირდება, იმას ოჯახით ვერ იღებს, მამაკაცს კი უნდა, რომ მოსამსახურე ჰყავდეს ცოლის სახით და ჰყავთ კიდეც უმრავლესობას. იტყვით, ეგ ისევ ქალების ბრალიაო, მაგრამ, არ არის ასე მარტივად საქმე. არც ერთ ქალს არ უნდა, ქმარი მის თავმოყვარეობაზე ფეხებს იწმენდდეს.

– ღალატს გულისხმობთ?

– რა თქმა უნდა. ეს ხომ პირდაპირ თავმოყვარეობას ურტყამს. გინდა თუ არ გინდა, ისე მწარდები, რომ სიცოცხლის აზრს კარგავ. ხშირად მსმენია: „რა მოხდა ასეთი – ვიღაცასთან წავიდა, „გაიგულავა“ ბიჭმა! მთავარი ის არის, რომ ისევ შენთან ბრუნდება, ანუ, შენ უყვარხარ... მე თუ მკითხავთ, ამ დროს სიყვარულზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. როცა ადამიანი გიყვარს, მის დამცირებასა და შეურაცხყოფაზე არ ფიქრობ.

– მამაკაცებს ასე არ მიაჩნიათ.

– არ მიაჩნიათ იმიტომ, რომ ასე აწყობთ. სინამდვილეში, ძალიან კარგად ხვდებიან, რაც არის ღალატი. მაშინ, რატომ არ უნდათ, ცოლმა სხვისკენ გაიხედოს? სულ ტყუილად ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ქალის ღალატი და კაცის ღალატი სხვადასხვა რამეა. ზუსტად ერთი და იგივეა. განსხვავება იმაშია, რომ ქალები ღალატზე ისე ვერ ვრეაგირებთ, როგორც საჭიროა.

– ამას აქვს კონკრეტული მიზეზი, მაგალითად – საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში...

– სხვათა შორის, ბევრს მიაჩნია, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშია ის, რაც საკუთარ თავზე გადაბიჯებისკენ უბიძგებს ქალს, მაგრამ, რეალობა სხვაა. ბუნებრივია, არც იმ კონკრეტული ადამიანის დაკარგვა გინდა, მაგრამ, კიდევ უამრავი ფაქტორი მოქმედებს. ურთულესი მექანიზმი მუშაობს. თანაც, შეუცნობლად და შეუმჩნევლად.

– ფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენა ისევ მოქმედებს?

– ნაკლებად. მაგას უკვე აღარ აქვს გავლენა, მხოლოდ პერიფერიებში. თბილისში, მით უმეტეს, აღარ აქცევენ ყურადღებას, ვინ რას იტყვის. მაგრამ, ეს საზოგადოებრივი აზრი „მუშაობს“ მარტოდ დარჩენილ ქალზე – მისთვის რაღაც-რაღაცეები იკრძალება.  ჩვენ უკვე აღარ ვამბობთ, „რას იტყვის ხალხი“, მაგრამ, შეუცნობლად მაინც ვრჩებით ამ ფრაზის გავლენის ქვეშ. კიდევ, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შვილები, მით უმეტეს, თუ კაცი მამად კარგია.

– ეს რას ნიშნავს?

– მამაკაცების რამდენიმე კატეგორია არსებობს. მართალია, საბოლოოდ მაინც ყველა კაცი ერთნაირად იქცევა, მაგრამ, გამონაკლისებიც არიან, ისეთები, როგორიც ჩემი ქმარია. ძალიან უყვარს შვილები და გიჟდება მათთვის. არაჩვეულებრივი მამაა – ყურადღებიანი, მზრუნველი, თბილი. ბავშვებსაც ძალიან უყვართ. როგორ ავუხსნა მათ, რომ მე ნაძირალასავით მომექცა? საშინელებაა, ამაზე უცხო ადამიანთან რომ მიწევს საუბარი. თუმცა, იმასაც ვხვდები, რომ შინაური ამას ვერ გამიგებს, თან, მრცხვენია კიდეც. გარედან იდეალური წყვილის შთაბეჭდილებას ვტოვებთ. არავინ დამიჯერებს, რომ ზოგჯერ ჩემი ქმრის დახრჩობა მინდა – ამას სერიოზულად ვამბობ. რთულია, აკონტროლო საკუთარი ფიქრები. გინდა თუ არ გინდა, წარმოიდგენ, როგორ ეფერება სხვა ქალს, როგორ ეფიცება მას სიყვარულს, როგორ უნაწილებს იმ სითბოს, რომელსაც ჩვენ – მე და ბავშვებს გვპარავს. მერე ფიქრობ იმაზე, რომ ძალიან სულელი ხარ, რადგან, ვიღაც უზნეო ქალს საშუალებას აძლევ, დაგცინოს.

– პრობლემა ხომ მაინც ქმარშია და არა სხვა ქალში?

– გეთანხმებით, მაგრამ, არც ის „სხვა ქალია“ თამაშგარე მდგომარეობაში. ცოლებს საყვარლები მტრებად აღიქვამენ. რაღაც უცნაური რამ ხდება ხოლმე – ისე გამოდის, რომ ჩვენ ვართმევთ მათ ძალიან ძვირფასს, ჩვენ ვიჭრებით მათ ცხოვრებაში და არა პირიქით. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა? სამწუხაროდ, მაინც გიწევს ამ ყველაფრის მოთმენა. ისეთი დამთრგუნველი და გამანადგურებელია, ვერ წარმოიდგენთ. რამდენჯერ გამჩენია სურვილი, დამეფხრიწა ჩემი მოღალატე ქმრის ტანსაცმელი, დამეკაწრა მისთვის სახე... მართლა ძალიან გულახდილი ვარ თქვენთან. მინდოდა, გამემწარებინა და ისე სტკენოდა, როგორც მე მტკიოდა. ახლაც მტკივა და, ალბათ, ყოველთვის მეტკინება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებ მძიმე სიტუაციის განსამუხტავად. ხომ წარმოგიდგენიათ, ის კი არა, მე ვცდილობ ამას და, ალბათ, მიხვდებით, რის ფასად მიჯდება. ისე „ვყლაპავ“ ქმრის ტყუილებს, წარბსაც არ ვიხრი. ხშირად აგვიანებს სამსახურიდან და ისეთ „დამაჯერებელ“ მიზეზს ამბობს, ისღა დაგრჩენია, დაიჯერო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სად წავიდა ის სიყვარული, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვქონდა? რა ემართებათ ადამიანებს ქორწინებაში, რატომ იცვლებიან უარესობისკენ?!

– იქნებ, შეყვარებულობის პერიოდში თამაშობენ და რეალურად ისეთები არიან, როგორებიც მერე ჩანან?

– მე პირიქით მგონია. სიყვარულის თამაში არ შეიძლება, უფრო სწორად, ჭეშმარიტად შეყვარებული ადამიანები ვერ თამაშობენ. აი, მერე კი უკვე ყველაფერი თამაშია. მე ხომ ვთამაშობ ახლა, როცა თავს ისე ვაჩვენებ, თითქოს არაფერი ხდება, თითქოს, ჩემს ოჯახში ყველაფერი წესრიგშია? სინამდვილეში კი, ორივე – მეც და ჩემი ქმარიც, ძალიან დაძაბულები ვართ. ეს არ არის ნორმალური ცხოვრება.

–  საყვარელი ჰყავს და ჩვეულებრივად ერთად განაგრძობთ ცხოვრებას?

– ვცდილობ ჩვეულებრივად გაგრძელებას. კარგად რომ არ გამომდის, ფაქტია, მაგრამ, ის უფრო მძიმე იქნება ჩემთვის, თუ ჩემი ქმარი ჩვენთან არ იცხოვრებს. ბავშვებმა დილით მამასთან ერთად უნდა ისაუზმონ და საღამოც მასთან ერთად გაატარონ. ძალიან არიან დამოკიდებულნი მამაზე და ძალიან უყვართ. არ შემიძლია, მათ მამასთან ყოფნის სიამოვნება და ბედნიერება მოვაკლო. ძალიან მინდა, სწორად გამიგოთ.

– მგონი, სწორად მესმის: ქალი მაინც ოჯახისა და შვილების ტყვეა. 

– პრინციპში, ასეა, თუ ქალს პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, საკუთარი მოვალეობები კი  – გაცნობიერებული. რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისები, მე ვიტყოდი – ეგოისტები, რომლებიც ყველაფერზე მაღლა საკუთარ თავსა და საკუთარ სურვილებს აყენებენ. ასეთ ქალებს პირადულში პრობლემები ნაკლები აქვთ და კაცებიც უფრთხილდებიან, მიუხედავად იმისა, რომ სადღეგრძელოებს ჩემნაირი ქალებისას სვამენ. ხომ ვერ მეტყვით, რომ ასე არ არის; ქართველი კაცი დიდი ხანია, რაინდი აღარ არის. არც გმირია და არც „მაჩო“, სადღაც ამ ყველაფრის შუაში „გაიჩხირა“ და თვითონვე ვეღარ პოულობს გამოსავალს. ელემენტარული პატივისცემა რომ ჰქონდეთ საკუთარი მეუღლეების მიმართ (სიყვარულზე აღარ ვლაპარაკობ), მიხვდებიან, როგორ უღირსად იქცევიან. იცით, რამდენჯერ ვცადე ჩემი ქმრის ყურადღება მიმეპყრო და ის მუხტი დამებრუნებინა, რომელიც ურთიერთობის პირველ ეტაპზე გვქონდა?! თუმცა, ესეც საკუთარ თავმოყვარეობაზე გადაბიჯება იყო. მშურს იმ ქალების, რომლებსაც შეუძლიათ, შეეგუონ იმას, რაც არის და ემოციები გააცივონ. მე ამას ვერასდროს ვახერხებდი. არ ვამბობ, რომ იმათ არ სტკივათ და არ აწუხებთ ქმრის ორგულობა, მაგრამ, ჩემსავით სიღრმისეულად არ განიცდიან. მე იქამდე მივედი, რომ ქმარს უკან დევნა დავუწყე. არ იყო ეს ადვილად გასაკეთებელი და ადვილად გადასაწყვეტი. ეჭვი ისეთი კოშმარია, მთლიანად განგრევს. ან უნდა „დაიკიდო“, რაც მე, პრაქტიკულად, არ გამომდის, ან – ურთიერთობა უნდა დაამთავრო – რაც, ასევე, არ შემიძლია და ასე ვცხოვრობ საკუთარ თავთან კონფლიქტში. ვეჭვიანობ, ვუთვალთვალებ და გულზე ვსკდები – ეს ცხოვრებაა?! აღარც მახსოვს, ბოლოს მშვიდად როდის მეძინა. როცა პირველად „გავარჩიეთ“ საქმე მისი ღალატის გამო, მითხრა: შენ მიმიყვანე ამ ზომამდე. მუდმივად დამდევდი და მაკონტროლებდი, ერთ ნაბიჯზეც არ მენდობოდი, ისეთი გრძნობა გამიჩინე, რომ აგენტის, მაძებარი ძაღლის გვერდით მეძინა.  ამან ჩემს მამაკაცურ თავმოყვარეობაზე იმოქმედა და გიღალატე. ახლა შეგიძლია, ისევ მაკონტროლო, ამის სრული საფუძველი გაქვსო... ეს წარმოუდგენლად მიუღებელი ლოგიკაა, რომელმაც მე კიდევ უფრო გამამწარა. შეეძლო, ერთხელ მაინც ეთქვა, რომ ტყუილად ვნერვიულობდი და განვიცდიდი; რომ მის ცხოვრებაში არ არსებობდა სხვა ქალი – შეყვარებული ქალის მოტყუებას რა უნდა?! მით უმეტეს, თუკი იმაში ცდილობენ შენს დარწმუნებას, რისი დაჯერებაც ისედაც გინდა. ამ „ახსნა-განმარტების“ შემდეგ თავმოყვარე ქალი ყველაფერს დაამთავრებდა. მე ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ამაზე უარეს დღეში აღმოვჩნდები, თუკი ქმარს გავეყრები.

– მატერიალურად გაგიჭირდებათ?

– მატერიალური გაჭირვება არ არის ტრაგედია. მე მეშინია, რომ ჩვენ შორის დამაკავშირებელი ძაფი საბოლოოდ გაწყდება. როგორ ვთქვა უკეთ, არ ვიცი: ჩვენ ახლა მაინც ოჯახი ვართ – შვილებს მამა ჰყავთ და ისინი ბედნიერები არიან...

– თქვენი უბედურების ხარჯზე?

– შეიძლება, მაგრამ, იქნებ, ამ მძიმე პერიოდმა გადაიაროს – დასასრული ხომ ყველაფერს აქვს! ბოლოს და ბოლოს, დაუდგება პერიოდი ჩემს ქმარს, როცა ფასეულობებს დაალაგებს და მიხვდება, რომ ჩვენ ვართ მის ცხოვრებაში მთავარი. მარტო იმის მეშინია, ვინმემ ჭკუა არ გამოაცალოს და ამდენი წვალება წყალში არ ჩამიყაროს.

скачать dle 11.3