კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან ვერ გამოდის ნინო თოლორდავა, რა იყო ყველაზე ცუდი აზრი მის ცხოვრებაში და როდის არის ის ზედმეტად თვითკრიტიკული

„მაესტროს“ მომხიბვლელი წამყვანი ნინო თოლორდავა პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია. ის, შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოხვდა ტელევიზიაში წამყვანად, რის შემდეგაც მიხვდა, რომ ეს მისი საყვარელი საქმეა და თავისი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირა ტელესამყაროს.

– როგორ მოხვდით ტელეკომპანია „მაესტროში?“

– როდესაც წამოვედი „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“, შემოთავაზება მივიღე ტელეკომპანია „მზიდან“, რომელიც მაშინ იწყებდა არხად ჩამოყალიბებას, მაუწყებლობას ანახლებდა – შეიძლება ასეც ითქვას. როდესაც მივიღე შემოთავაზება, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან, იქ ისეთი გუნდი გეგმავდა ამ ყველაფრის გაკეთებას, რომ ამაზე უარის თქმა, უბრალოდ, არ შეიძლებოდა. მოლაპარაკებები დავასრულეთ, თავი უკვე წარმოვიდგინე ამ კომპანიაში. ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ შეფერხდა ტელეკომპანიის გაკეთება და, შესაბამისად, ჩვენი მოლაპარაკებაც  ჩაიშალა. ეს ჩემი მიზეზით ნამდვილად არ მომხდარა. გარკვეული პერიოდის შემდეგ „მაესტროდან“ მივიღე წინადადება, რომელსაც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ყოველთვის ძალიან დიდ პატივს ვცემდი ამ არხს, ჩვენს ოჯახში ტელევიზორში მუდამ ეს არხი იყო ჩართული. არა მხოლოდ ახლა, მანამდეც ყოველთვის „მაესტროს“ ვუყურებდით.

– საინფორმაციო გადაცემის წამყვანობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა. როგორ უმკლავდებით იმ სირთულეებს, რომლებიც აქ მუშაობას ახლავს?

– ტელევიზიაში მუშაობა ადვილი ნამდვილად არ არის, თუმცა, როცა, შედიხარ ამ სფეროში, სოციუმში რომ შეხვალ, იქიდან ვეღარ გამოდიხარ და არც გინდა გამოსვლა. როგორც კი წარმოვიდგინე, რომ ჩემი სატელევიზიო კარიერა შეიძლება იმ დღეს დასრულებულიყო, როცა მე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოვედი, ეს იყო ყველაზე ცუდი აზრი ჩემს ცხოვრებაში. ამ პერიოდში მქონდა ორთვიანი წყვეტა. სატელევიზიო ეთერს რომ არ დავბრუნებოდი, ჩემთვის სერიოზული ტრაგედია იქნებოდა. ჩათრევა იცის ამ სფერომ. იმდენად მიყვარს ტელევიზია, რომ ვერ წარმომიდგენია თავი მის გარეშე. სირთულეები, რა თქმა უნდა, ახლავს აქ მუშაობას – გამუდმებით დატვირთულ რეჟიმში ხარ, მაგრამ, როცა ეს საქმე გიყვარს, დრო თავისით მიფრინავს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გეზარებოდეს შრომა, რადგან, ტელევიზიაში მუშაობა უაღრესად შრომატევადია. ძალიან დიდი ადრენალინი გამოიყოფა ეთერში ჯდომის დროს. კვლევებიც არსებობს ამის შესახებ: პილოტს რა დოზითაც გამოეყოფა ადრენალინი, დაახლოებით თანაფარდია ტელეწამყვანის მუშაობასთან. ძალიან ბევრს შრომობ, ფაქტობრივად, ერთი წამისთვის: გამოხვალ ეთერში, იტყვი და – დამთავრდა, ამის შემდეგ კი იწყებ შრომას მეორე გადაცემისთვის. მუშაობ უწყვეტ რეჟიმში, მაგრამ, თუ ამას გაითავისებ, ყველაზე მაგარი საქმეა მთელ მსოფლიოში.

– კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ?

– საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ, ზოგიერთ მომენტში ზედმეტად კრიტიკულიც კი და მერე ეს თვისება სულ მტანჯავს. როდესაც ჩემს თავს ვუყურებ ეკრანზე, ძალიან ბევრი რაღაც არ მომწონს, ეს ძალიან მაწუხებს ხოლმე და მერე ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, რაც ძალიან მთრგუნავს, მძაბავს და დიდ დისკომფორტს განვიცდი. სხვებისგანაც ვიღებ კრიტიკას ძალიან ჯანსაღად, თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ მეტყვის კრიტიკულ აზრს, რამდენად კომპეტენტური და ჩემთვის ავტორიტეტულია ის პირი, რომელიც შენიშვნას მაძლევს. ზოგჯერ, შეიძლება, ის ადამიანი სულაც არ იყოს ავტორიტეტული, მაგრამ, მისი აზრი ძალაუნებურად მაინც ილექება ჩემს თავში. ჩემი შვილი არის ჩემი პირველი კრიტიკოსი – ყოველთვის მაძლევს შენიშვნებს: ხან პიჯაკის ფერი არ მოსწონს, ხან – ტუჩსაცხი. ძალიან კარგი გემოვნება აქვს, ამიტომ, ხშირად ვუჯერებ ხოლმე (იცინის).

– დამოუკიდებელი ადამიანი ხართ? გადაწყვეტილებებს ყოველთვის თავად იღებთ, თუ, ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებთ სხვის აზრს?

– არიან ადამიანები, რომელთა აზრი ძალიან მაინტერესებს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვიზიარებ და დიდ პატივს ვცემ, არის ჩემი მეუღლე. არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება ისე, რომ მისი აზრი არ გამეგო, მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის თვითონ ვიღებ. ტელევიზიაში მუშაობა, მოგეხსენებათ, არის ძალიან სპეციფიკური სამუშაო. აქ არ არის – „დაგავალეს და შეასრულე“. შენ ხარ პასუხისმგებელი შენს ტექსტებზე და, შესაბამისად, შენს გადაწყვეტილებებზე პასუხს თვითონ აგებ.

– პირადი ცხოვრებისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსება ადვილად გამოგდით?

– მე პარალელურად ვსწავლობ კიდეც – სადოქტოროს ვწერ. საერთოდ, დაკვირვებული ვარ, როცა მეტი დრო მაქვს, ვერაფერს ვერ ვასწრებ ხოლმე. საზოგადოებრივი „მაუწყებლიდან“ წამოსვლის შემდეგ ორი თვე არსად ვმუშაობდი და საერთოდ ვერაფერს ვერ ვასწრებდი. ახლა, როცა დაკავებული ვარ, ვმუშაობ, უფრო ვახერხებ დროის სწორად განაწილებას: დღისით სამსახურში ვარ, ღამით, ბავშვი რომ დაიძინებს, შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობთ, ვჭორაობთ და, ბოლოს, გვიან, მშვიდად ვჯდები და ვმუშაობ ჩემს სადოქტოროზე. ამ ყველაფერს ვერ ვაკეთებდი, როცა არ ვმუშაობდი – ვერ ვხვდებოდი, როგორ მიდიოდა დრო, ვერასდროს ვერ ვასწრებდი ვერაფერს. დრო გადიოდა უაზროდ და წამებში. რაც უფრო მძიმე გრაფიკი მაქვს, მით უფრო გამომდის ყველაფერი. ვცდილობ, დავახარისხო, რომ დრო ტყუილად არაფერში დაიხარჯოს.

– დატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, დასვენებას ახერხებთ?

– ძალიან დიდი სიამოვნებით ვახერხებ და სიხარულით ველოდები ხოლმე შაბათ-კვირას. მე და ჩემი მეუღლე მეგობრებთან ერთად მივდივართ ხოლმე სადმე გასართობად ან ბავშვი მიგვყავს კინოში. კარგ ამინდში კუს ტბაზე დავდივართ სასეირნოდ. დასვენებას ნამდვილად ვუთმობ დროს – ეს რომ არ იყოს, მაშინ, რისთვის ვცხოვრობთ საერთოდ?! ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალებაა ზაფხულში აუზი, მეგობრებთან ერთად გარუჯვა. ზამთარში ვცდილობთ ხოლმე, თხილამურებით ვისრიალოთ შაბათ-კვირას. კიდევ ერთი განტვირთვის საშუალება არის შოპინგი – ვგიჟდები, ისე მიყვარს. პატარა თმის სამაგრის ყიდვაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და განწყობას მიმაღლებს.

– დიასახლისობისთვის თუ გრჩებათ დრო?

– კი, მრჩება ხოლმე დრო. მყავს დამხმარე, რომელიც ყველაფერში მეხმარება, მაგრამ, ვცდილობ, მე თვითონ გავაკეთო ბევრი რამ ოჯახში. ყველაფერს ვაწკრიალებ ხოლმე (იცინის). ჩემი შვილი უკვე დიდია, გაკვეთილების ჩაბარება ყოველ ჯერზე არ არის საჭირო, თუმცა, ყურადღება სჭირდება. ბიჭია და, ვფიქრობ, რომ სულ კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.

– ოჯახი, სამსახური, სწავლა, დასვენება... როგორც მომიყევით, ყველაფერს ახერხებთ. მგონი, ყველაფერი იდეალურად არის თქვენს ცხოვრებაში.

– მთლად ასეც, ალბათ, არ არის, მეპარება ხოლმე რაღაცეები (იცინის). იდეალურისგან ყოველთვის შორს არის ყველაფერი. გვინდა ხოლმე, მივიდეთ იდეალურამდე, მაგრამ, ადვილი ნამდვილად არ არის. ზოგიერთ რაღაცაში ცოტათიც ვკმაყოფილდები. მაგალითად, დასვენებას რაც შეეხება, ვკმაყოფილდები მინიმალური დასვენებით, რათა მაქსიმალური მივიღო ცხოვრებისგან. ზედმეტად მაქსიმალისტი ვარ.

– ძალიან აქტიური ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ყოველთვის ასეთი ხართ?

– არასდროს არ მაქვს პასიური მომენტები. სახლში ხალათით სიარული და ასეთი რამ არ მახასიათებს (იცინის). ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა გეძინოს საღამოს 7 საათამდე. შაბათ-კვირას თავისუფლად შემიძლია გვიანობამდე მეძინოს, მაგრამ, ცხრის ნახევარზე ფეხზე ვარ ხოლმე (იცინის). ძილი ნამდვილად არ მანიჭებს სიამოვნებას, განტვირთვის საშუალებაა გარეთ გასვლა და სეირნობა.

– სამომავლოდ თუ გეგმავთ რამე სიახლეს?

– ჯერჯერობით ჩემი გეგმაა, დავიცვა დისერტაცია და მივიღო დოქტორის ხარისხი. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ ჩემი საქმიანობით, თუმცა, ამ მიმართულებითაც მაქვს გეგმები და აზრები, რომელთა განხორციელებასაც მცირე დროის შემდეგ დავიწყებ. თუმცა, ის, რაც დღეს ჩემს ცხოვრებაში ხდება, ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ. იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც მცირედითაც კმაყოფილდებიან, ყოველთვის ათასი აზრი მომდის თავში და მათი განხორციელება მინდება.

скачать dle 11.3