კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორმა ქართველმა საკუთარი იახტით, სრულიად მარტომ, ატლანტის ოკეანე ოცდაოთხ დღეში გადალახა

 შემთხვევით გავიგე, რუსეთში მოღვაწე ორ ქართველ ბიზნესმენს საკუთარი თხუთმეტმეტრიანი იახტით ატლანტის ოკეანე სრულიად მარტოებს, დახმარების გარეშე გადაულახავთ. თემამ, რასაკვირველია, დამაინტერესა, მაგრამ, შოთა აფხაზავასა და ზაქარია აბრამიშვილის თავზეხელაღებულობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 7-8-ბალიან ოკეანურ შტორმებს ისინი სასწაულებრივად გადაურჩნენ, რაშიც დიდი როლი ითამაშა მათმა საზრიანობამ და იღბალმა. კანარის კუნძულებიდან ბარბადოსში ჩასულებმა მთელი ხმით იყვირეს – მიწაა! და იქვე დაიწყეს ფიქრი მომავალ მოგზაურობაზე. 

 შოთა აფხაზავა: მე და ჩემს უახლოეს მეგობარს, თანაკლასელს, ზაქარია აბრამიშვილს, საერთო იახტა გვყავს, რომლითაც ხშირად ვმოგზაურობთ. ზაქრო წარმოშობით აფხაზეთიდანაა, გაგრიდან და ამიტომ იახტას „გაგრა“ დაარქვა. ამ იახტით ვიყავით შავ ზღვაში, გადავცურეთ მთელი ხმელთაშუა ზღვა. ყოველ წელს მის დაბადების დღეს ამ იახტაზე აღვნიშნავთ. წელს ეს ვერ მოხერხდა და გადავწყვიტეთ, საახალწლოდ ამ იახტით ოკეანე გადაგვეცურა.
– იდეამ არ შეგაშინათ?
– მამაკაცმა ხომ უნდა გადალახოს ერთი ოკეანე?! ყველას თავისი არჩევანი, თავისი ოკეანე აქვს და ეს გამოწვევა მივიღე. ვიცოდი, რომ ის  მარტოც წავიდოდა და ორივემ ვიცოდით, რომ მარტოს ამ მოგზაურობაში არ გავუშვებდი (იცინის). 19 დეკემბერს ჩავედი კანარის კუნძულებზე, გრან კანარიაში, სადაც იახტა ზაქარიას უკვე ჩაყვანილი ჰყავდა. ორი დღე დაგვჭირდა იახტის საჭირო ნივთებით, პროდუქტებითა და წყლით დასატვირთად და მოსამზადებლად. გრან კანარია ტრანსატლანტიკური მოგზაურობისთვის სტარტის ასაღებად საუკეთესო ადგილია, საიდანაც ოკეანის გადაცურვის სამი გზა არსებობს: ერთი – ყველაზე მოკლე, მაგრამ, ყველაზე სუსტი ქარებითა და დინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩასვლას ყველაზე დიდხანს ამ გზით ანდომებენ გემები; მეორე – საშუალო და მესამე – ყველაზე გრძელი, მაგრამ, ძლიერი ქარებითა და დინებით, შტორმებით სავსე გზა, რომელი გზითაც ოკეანის გადალახვა ყველაზე სწრაფად შეიძლება. ეკვატორისკენ, აფრიკის სიახლოვეს უნდა ჩახვიდე და შემდეგ ძლიერი ქარის დახმარებითა და ძალიან სწრაფი სვლით წინ იარო. 
– და თქვენ, როგორც ნამდვილმა ქართველებმა და კავკასიელებმა, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული და სწრაფი გზა აირჩიეთ.
– (იცინის) დიახ. მამაკაცური გამოწვევა და ერთგვარი აზარტიც იყო. გამოვთვალეთ ყველაფერი, რა რამდენი დაგვჭირდებოდა...
– რამდენზე გქონდათ დათვლილი?
– ჩვენ გვეგონა, რომ მოგზაურობას სამი კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ, მოვანდომეთ ზუსტად 24 დღე. ატლანტის ოკეანე იმით განსხვავდება წყნარი ოკეანისგან, რომ, მიუხედავად წყნარის სიდიდისა, გადაცურვა უფრო იოლია, რადგან, სავსეა კუნძულებით, სადაც შეჩერება შეიძლება. ატლანტის ოკეანეში კი კუნძული არ არსებობს და, სწრაფი გზით სიარულის ერთ-ერთი სირთულე ისიც იყო, რომ, როგორც კი მოშორდები ნაპირს, დამთავრდა – ძლიერი დინების გამო, უკან დაბრუნების შანსი აღარ არსებობს. ამ სამზადისით მივიპყარით მთელი სანაპიროს ყურადღება. ჩვენთან მოვიდა ორი ფრანგი გოგონა, რომლებმაც გვთხოვეს ამ მოგზაურობაში თან წაყვანა. სიმართლე გითხრათ, ერთ მომენტში ცუდმა აზრმაც გამიელვა – ხომ არ წაგვეყვანა-მეთქი (იცინის). მაგრამ ზაქარიამ მითხრა: შენს ცოლთან ერთად, თუნდაც ერთ ოთახში სამი კვირა ოდესმე გაგიტარებიაო?! ის კი არა, ერთ ქალაქშიც კი ვერ გაჩერდები ცოლთან ერთად ამდენ ხანსო – ხშირად მიწევს მივლინებებში სიარული და ამიტომ (იცინის). მივხვდი, რომ მართალი იყო, რადგან ერთ კვირაში, შესაძლოა, ის ფრანგები იახტიდან გადაგვეყარა. უცხო ადამიანების ასეთ დაძაბულ გარემოში წაყვანა, როდესაც არ იცი, როგორ მოიქცევიან, სიგიჟე იქნებოდა. 
– პირველი სირთულე როდის შეგხვდათ?
– დავიძარით და მალევე გავჩერდით იახტის ძირის წყალმცენარეებისგან გასასუფთავებლად. ჩვეულებრივ, მათი მოშორება რთული არ არის, მაგრამ, რაღაც უცნაური წყალმცენარეები მიიწება გრან კანარიაში, რომელთა მოშორებას ორი დღე დასჭირდა. პორტიდან დაძვრასთან ერთად, დაიწყო ქარი და, სანამ მიზნამდე – კარიბის კუნძულებამდე მივიდოდით, დასვენება გვქონდა, თუ ხუთბალიან შტორმზე მეტი არ იყო. 7-8-ბალიან შტორმზე ნაკლები, ამ ოცდაოთხი დღის განმავლობაში, არც ერთ დღეს არ ყოფილა. 
– საკვებთან დაკავშირებით რა ხდებოდა?
– მარაგი საკმარისი გვქონდა – სამი ტიპის საკვები წავიღეთ: ცოცხალი პროდუქტი, ის პროდუქტი, რომელიც გაყინვას ექვემდებარება და, მესამე – ის საკვები, რომელიც წყლის დასხმით გადაიქცევა ხორცად, ბოსტნეულად, ბურღულეულად. ეს ის საკვებია, რომელსაც კოსმონავტები და სხვა მსგავსი პროფესიის ადამიანები მოიხმარენ. მივირთმევდით ზღვის პროდუქტებსაც. ჩვენს გემბანზე ხშირად ვპოულობდით მფრინავ თევზებს, რომლებიც წყლის მტაცებლებს გაურბოდნენ. ქარის დახმარებით ისინი დაახლოებით ასი მეტრით გადაადგილდებიან. ვერ გავარკვიეთ, შეიძლებოდა თუ არა მათი ჭამა. ისე, დელიკატეს თევზებს მივირთმევდით – ბადით ვიჭერდით, მაგრამ, ძალიან მალე მოგვბეზრდა. საშინელი სინესტე იყო გემზე, პროდუქტებს თუ ყოველდღე არ გადავაწყობდით და გავამშრალებდით, ძალიან მალე ფუჭდებოდა. თუმცა, ამას ერთი პლუსი აქვს: მოშორდები თუ არა ნაპირს 3-5 მილით, ყველანაირი მიკრობი კვდება, არ არსებობს კოღო და სხვა რაიმე წვრილი მფრინავი, რომელსაც ბაქტერიის მოტანა შეუძლია. პირდაპირ გრძნობ, როგორ იწევს იმუნიტეტი ზემოთ. 
– ექსტრემალურ შემთხვევებში დახმარების გამოძახება თუ შეიძლება, არის რამე დაზღვევა?
– შეიძლება, დახმარება გამოიძახო, მაგრამ, რეალურად, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ოკეანეში ორი ადამიანის გამო ხომალდსა და ვერტმფრენებს არავინ გამოუშვებს. ფაქტობრივად, განწირული ხარ, თუ იმ მომენტში არ გაგიმართლებს და სიახლოვეს რაიმე გემი არ გამოჩნდება. არადა, მთელი მოგზაურობის განმავლობაში ჩვენი ხედვის არეში მხოლოდ ერთი უზარმაზარი ტანკერი შემოვიდა. გავედით თუ არა, სატელიტური ტელეფონი დაგვიზიანდა და ნაპირთან ყველანაირი კავშირი გაწყდა, მხოლოდ სპეციალური მოწყობილობით ვაგებინებდით ჩვენს ადგილსამყოფელს, ანუ, ახლობლებს ელექტრონული ფოსტით მისდიოდათ ინფორმაცია, რომ ცოცხლები ვართ. ოცდაოთხი დღის განმავლობაში ოთხი სერიოზული შემთხვევა მოგვივიდა. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, მათგან სამი – ერთი და იმავე მიზეზით იყო გამოწვეული. მარტივად რომ აგიხსნათ, ბოძი, რომელიც 27-ამპერიან ძაბვას ატარებდა, გარშემო ქმნიდა სერიოზულ მაგნიტურ ველს, ჩემს მეგობარს კი მის სიახლოვეს დაუმაგრებია „ჯიპიეს“ ანტენა. პრობლემების მიზეზი მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც მეორე ნაპირს მივუახლოვდით.  რას წარმოვიდგენდი, თუ „ჯიპიესს“ ჩემი მეგობარი ბოძთან ერთად ერთგვარ რკინის ქსელში მოაქცევდა, როცა ის ოდნავი შეფერხების შემთხვევაშიც კი არასწორად მუშაობს. ხომ წარმოგიდგენიათ რას უზამდა მას ეს ელექტრონული მუხტი! სამჯერ, სრულიად მოულოდნელად, იახტის ავტოპილოტი გაითიშა და გემმა დაიწყო ქარის საპირისპირო მიმართულებით ტრიალი. პირველივე დატრიალების დროს მივხვდით, რა დაუცველები და პატარები ვართ ამხელა გიგანტთან – ოკეანესთან, რამდენად მძლავრი და გიგანტურია ის, როგორ განსხვავდება ზღვის ტალღები ოკეანის ტალღებისგან. წარმოიდგინეთ, სტაბილური ქარის დროს იახტა ვარდებოდა 600-700 მეტრი სიგანისა და 4-5-სართულიანი სახლის სიმაღლის ტალღის ძირში. ამ ტალღებს შორის რომ ვექცეოდით, ბნელდებოდა, არადა, მზე საოცრად კაშკაშებდა და ისე ირეკლავდა მას ოკეანე, როგორც სარკე. ჩემი აიპადით ვხედავდი კოსმოსში ხელოვნურ თანამგზავრებს და ერთ მომენტში მივხვდი, რომ ჩვენ თავზე საერთაშორისო კოსმოსური სადგური იყო, რომელიც იმ წუთას უფრო ახლოს იყო ჩვენგან, ვიდრე ნაპირი. ნაპირამდე სამი ათასი კილომეტრი გვაშორებდა, კოსმოსამდე კი – ორი ათასი. შტორმული ქარების გამო რეკორდული სისწრაფით მივიწევდით წინ. დროზე ადრე მივიდოდით ნაპირთან, რომ არა ის შემთხვევები, რომლებიც გადაგვხდა. ოკეანეში სამი რაღაცისთვის იბრძვი: გადარჩენისთვის, წყლისთვის და ელექტროენერგიისთვის. ელექტროენერგია აუცილებელია ბევრი რამისთვის, მათ შორის – ავტოპილოტისთვის. ასეთი დატრიალების დროს, შესაძლოა, ქარი იალქანს მეორე მხრიდან მოხვდეს და, დიდი ჰიდრავლიკური დატვირთვის გამო, სერიოზული ავარია მოხდეს. სწორედ ასეთი რამ დაგვემართა რამდენჯერმე და ამ მდგომარეობიდან გამოსვლას სხვადასხვაგვარად ვახერხებდით, მერე კი იახტას ვარემონტებდით იმ მინიმალური იარაღებით, რომელიც გვქონდა. „ნაპილნიკისა“ და „ნაჟოვკის“ დახმარებით უამრავი რამ შევაკეთეთ. „ნაპილნიკს“ ეწერა „მეიდ ინ გონდურას“. იმდენი რამისგან გვიხსნა და იმდენჯერ დაგვჭირდა ეს რკინის სახეხი, რომ ტერმინიც კი გაჩნდა იახტაზე – „იდიომ განდურასიც“. „ნაპილნიკით“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სხვადასხვა დეტალს ვჩარხავდი. ამ ავარიებში შევხვდით „გაგრაზე“ ახალ წელს, რომელიც გადასარევად აღვნიშნეთ: გვქონდა პატარა ნაძვის ხე, შამპანური და ყველაფერი, რაც ახალ წელს უკავშირდება. 
– ბოლო შემთხვევამ იალქნის გარეშე დაგტოვათ?
– ეს ნამდვილი კოშმარი იყო. მანამდე გვქონდა მესამე შემთხვევა – ავტოპილოტის ჭანჭიკი გატყდა და, შუაღამისას, საშინელ ქარში, იძულებული გავხდით, საჭე ხელით გვემართა. ოთხსაათიანი მუშაობის შემდეგ ავტოპილოტი შევაკეთეთ. მეორე დღეს ვცადე ხელით მართვა, რომ გამეგო, ავტოპილოტის გარეშე რა სირთულესთან მოგვიწევდა ჭიდილი. ხუთი-ათი წუთი გადასარევად ვგრძნობდი თავს, მაგრამ, ოც წუთში ენერგიისგან მთლიანად დავიცალე. ამდენი მოწყობილობის, ქარის, იალქნების კონტროლისგან გეწყება თავის ტკივილი, გიჩნდება გულის რევის შეგრძნება, ერთი წამითაც ვერ უშვებ ვერც ერთ ხელს საჭეს. ჩვენი იახტა ითხოვს, რომ, ხელით მართვის შემთხვევაში მინიმუმ ოთხი ადამიანია საჭირო კარგ ამინდში, რომელიც ყოველ ორ საათში შეიცვლებიან. ასე რომ, ავტოპილოტის გარეშე ნაპირამდე მისვლა შეუძლებელი იქნებოდა. 
 ბოლო შემთხვევა 5 იანვარს მოხდა, რომელმაც ჩვენი იახტა კინაღამ ფსკერისკენ წაიღო. 8-ბალიანი, საშინლად ძლიერი ქარი იყო, როცა ზაქარიას ვუთხარი, იალქანი ჩამოვწიოთ-მეთქი. ხელთათმანები გავიკეთე და უცებ იახტამ საშინელი სისწრაფით შემობრუნება დაიწყო. ზაქარია დაეცა. საჭისკენ დავიწყე სვლა და, ბოლო, რაც მოწყობილობაზე დავინახე, იყო ის, რომ საათში 70 მილი ქარის სიჩქარით მივდიოდით. ხელი მოვკიდე თუ არა საჭეს, ქარი იალქნის მეორე მხრიდან მოხვდა და იალქნების ანძა მოტყდა. გაწყდა ყველა ტროსი, რომელიც იალქნებთან და ძელთან იყო დაკავშირებული. დავკარგეთ ბევრი რამ, მათ შორის – ტენტი, არადა ტენტის გარეშე მზეში ისე ხარ, როგორც ტაფაზე. ამის შემდეგ დღისით გემბანზე მხოლოდ გამორბენით ვახერხებდით გამოსვლას. ერთ დღეს დიდხანს მოგვიწია გემბანზე ყოფნა, ყველანაირი დამცავი საცხი წავისვით, პლედებში გავეხვიეთ, მაგრამ, საშინელი დამწვრობა მივიღეთ. როცა ანძა ეცემა, მთავარია, ტროსების ქვეშ არ აღმოჩნდე, რადგან ისინი, როგორც „რეზაკი,“ შუაზე ჭრის ყველაფერს. ანძა რომ ჩამოვარდა, ერთმანეთს შევხედეთ – ორივე ჯანმრთელად ვიყავით, ხოლო რკინის მკვლელი ზუსტად ჩვენ შორის იყო მოქცეული. საშინელი შტორმია, ანძა მოტყდა, იალქნები ცალ მხარეს კიდია, რის გამოც იახტა გადაიხარა და თან, საშინლად ვირყეოდით. ამ დროს, უძლიერეს ქარში, ვგრძნობ დამწვარი პლასტმასის საშინელ სუნს. გავოგნდი, ასეთ ქარში ასე რა იწვის, რომ სუნი არ მიაქვს-მეთქი და უცებ დავინახე, რომ ამ რწევის გამო ცენტრალური „ვანტა“ შუაზე ჭრის გემბანს და, შესაბამისად – მთელ იახტას. სასწრაფოდ დავიწყეთ ჩამოვარდნილი ანძის მთლიანად მოძრობა. ამასობაში ქარმა მზის ელემენტები დალეწა, გემბანი მოფენილია შუშის ნამსხვრევებით, მთლიანად დასერილი გვაქვს ხელები და ფეხები და, თან, „ვანტების“ გადაჭრას ვცდილობთ...  
– რომ გცოდნოდათ, რა მოხდებოდა მაინც წახვიდოდით ამ რისკზე?
– წასვლამდე სხვა შეგრძნებები მქონდა: ვიცოდი, რომ მარტო არ უნდა გამეშვა; რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი. ვგრძნობდი, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ, ვიცოდი ისიც, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ასეთი ინტუიცია მქონდა  და, რატომღაც, არ შემშინებია. სულ ცოტა ხანში ჩვენი იახტა გარემონტდება და უკვე ჩრდილოეთიდან წამოვალთ – იმ ნაპირიდან აქეთ.  
– როგორ გამოხვედით ამ მდგომარეობიდან?
– ამ საშინელ რყევაში როგორღაც შევძელით ამ რამდენიმე „ვანტის“ ჩახსნა და ანძა თავისი იალქნებით  ფსკერისკენ წავიდა. ეს იყო, ალბათ, ამ მოგზაურობაში ყველაზე დრამატული და მძიმე სანახაობა. იახტამ საშინელი რყევა შეწყვიტა და სამი წუთი ვუყურებდით, როგორ ეცემოდა მზე წყალს – თითქოს ოკეანეს ცეცხლი ეკიდა და, ამ ნარინჯისფერ სილამაზეში როგორ მიდიოდა ჩვენი „სახლის“ ნაწილი ოკეანის ფსკერისკენ. ზაქარია ამ მომენტმა საშინელ დეპრესიაში ჩააგდო. როგორღაც შევაგროვეთ ყველა ტროსი და ლაინები და ყველა ის დეტალი, რომელთა გადარჩენაც მოვახერხეთ და დავიწყეთ გამოსავალზე ფიქრი. ძრავა მუშაობდა, ავტოპილოტი მუშაობდა, მაგრამ, დიზელის მარაგით, რომელიც გვქონდა, მხოლოდ 700-800 კილომეტრის გავლას მოვახერხებდით, როცა ნაპირამდე 2 000-მდე კილომეტრი მაინც იყო დარჩენილი. აღარ გვქონდა რადარი, ამრეკლი, გაბარიტული ცეცხლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ჩვენ ვხედავდით ვინმეს და ვერც სხვა დაგვინახავდა ჩვენ. ზარალი დავითვალეთ, გავაცნობიერეთ, რა გვქონდა, რა არა და, მივხვდით, რომ იალქნის გარეშე, მხოლოდ ძრავის მუშაობით, ნაპირამდე ვერ გავიდოდით. მეორე დილით დავიწყეთ „სპეცოპერაცია“ სახელწოდებით – „ახალი მაჩტა და იალქნები.“ დიდხნიანი „ჰონდურასობის“ შემდეგ, სახელდახელოდ გამოვძერწეთ საჭირო დეტალები, უკუღმა დავაყენეთ სათადარიგო, ავარიული იალქნები, რომელიც სახელდახელო, „ჰენდ მეიდ ანძას“ მივამაგრეთ და განვაგრძეთ ცურვა. დავაწესეთ მკაცრი მორიგეობა და ნაპირამდე ახალი ავარიების გარეშე მივაღწიეთ, მიუხედავად საშინელი შტორმებისა. 
– ნაპირი რომ დაინახეთ, რა შეგრძნება იყო?
– ხმამაღლა და გულწრფელად ვიყვირეთ: „მიწაა!“ (იცინის). თურმე, თვითონ გეყვირება, იმხელა ემოციაა. მივაღწიეთ კუნძულ ბარბადოსამდე, სადაც ნამდვილი ფურორი მოვახდინეთ, რადგან, მიხვდნენ, რომ საშინლად ნაავარიევი იახტით ოკეანის გადაცურვა მოვახერხეთ. 18 იანვარს ჩავედით სამხრეთ ამერიკაში. ბარბადოსთან ქარი ჩადგა და ის ბოლო სანერვიულოც მოგვეხსნა, რომელიც, შეიძლებოდა, შეგვქმნოდა. კარიბის კუნძულებთან ასეთ, ფაქტობრივად, უიალქნო გემს, ერთმხრიანი დინება პირდაპირ ცნობილ კარიბის ეკლიან რიფებში შეაგდებდა, სადაც გემების ნამდვილი სასაფლაოა და იქ შეთრეული გემებიდან ეკიპაჟის ორი პროცენტი ძლივს ახერხებს გადარჩენას. მშვიდი ქარის წყალობით, ძრავის მუშაობით, ამ რიფებს შემოვუარეთ და შევედით კარიბის ზღვის მშვიდ პორტში. ჩვენი მოგზაურობა ოცდამეოთხე დღეს მშვიდობიანად დასრულდა. 

скачать dle 11.3