კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა გიორგი ყიფშიძე ვერელი ძველი ბიჭი და რატომ არის მის თავს სულ ცვალებადი მოღრუბლულობა

გიორგი ყიფშიძის სამსახიობო არქივში არაერთი როლი ფიქსირდება. მაყურებელს ნანახი აქვს მისი მონაწილეობით სხვადასხვა სპექტაკლი, ფილმები და სერიალები. ბოლო დროს ჩვენი რესპონდენტი გამოჩნდა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები.” ვერსკიმ მაყურებლების ყურადღება გამოჩენისთანავე მიიპყრო და ბევრი გულშემატკივარიც გაიჩინა. ჩვენი შეხვედრა პავილიონში, ერთ-ერთი სერიის გადაღებამდე შედგა. რას ფიქრობს თავის გმირზე, როგორ მოირგო მისი იმიჯი და რით არის სერიალს მიღმა დაკავებული, ამას გიორგის ინტერვიუდან შეიტყობთ. 

– ძალიან ბევრი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი გყავს. იყო სერიალი „ცხელი ძაღლი,” ასევე, სხვა ფილმები. წლების განმავლობაში გაიზარდე, კარგ არტისტად ჩამოყალიბდი და თითქოს სრულიად სხვანაირი გიორგი ყიფშიძე გამოჩნდი სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები.” ეს ყველაფერი კი მაყურებელს ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია.

– შემომთავაზეს ვერსკის როლი. ერთ-ერთ სერიაში კატომ თინას უთხრა ჩემს გმირზე, ვერსკი ადრე მორფინისტი იყო, ახლა გამოსწორდა და რაღაცეები ისწავლაო. ვერსკი და მისი მეგობრები იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც ისეთი ცხოვრება გაიარეს, სადაც არავინ იყო დაზღვეული და უცოდველი. გადარჩენის ინსტინქტი ადამიანს აიძულებდა, რაღაცნაირად მოქცეულიყო. ბოროტი ხალხი კი არ არის, უბრალოდ, ის დროგამოვლილი ტიპები არიან, რომლებსაც რაღაც ჩვევები გამოჰყვათ და მათნაირ ტიპებს დღესდღეობით „ნაძველბიჭარს“, „ძველ ბიჭს“ და ასე შემდეგ ეძახიან. 90-იან წლებში ძალიან ბევრი ადამიანი ამ გზით მიდიოდა, ზოგი უცხოეთში გაიქცა, ზოგი დაიხოცა, ზოგი კი სახლში იყო და კანკალებდა, რადგან, იძულებულები იყვნენ, ასე მორგებოდნენ იმ რეალობას, რაც იმ დროს იყო. ვერსკის რაც შეეხება, შედარებით უფრო „პრადვინუტი” ტიპია, ამიტომაც არის ახლა კომფორტში და გარკვეულ ფენასთან სტატუსი უჭირავს, რაც მე, გიორგი ყიფშიძეს, ჯერჯერობით არ გამაჩნია – არც ფული და არც სხვა. რაღა დაგიმალოთ და, ცოტა მსიამოვნებს ამ ტყავში ყოფნა რაღაც პერიოდი. 

– რით ჰგავხართ ერთმანეთს?

– მგონი, ვერსკი ბოროტი არ არის, ისევე, როგორც მე. მართალია, არც უკან დამხევი ტიპია, ისევე როგორც სანდრექსა, ვეკო, დიტო. თავის დროზე, შეიძლება, ბევრი ცუდი აქვთ გაკეთებული, მაგრამ, ბოროტები ნამდვილად არ არიან. 

– „ჩემი ცოლის დაქალების” პარალელურად, შენი მონაწილეობით სხვა არხზე სერიალი „ცხელი ძაღლი” გადის, რომელსაც მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა, რადგან, მეოთხე სეზონი წლების განმავლობაში აკრძალული იყო.

– რატომღაც, აკრძალეს, თუმცა, ინტერნეტში რამდენიმე საიტზე იდო. ვინც ეს აკრძალა, იმან დათვური სამსახური გაუწია საკუთარ თავს, რადგან, რომ არ აკრძალულიყო, ალბათ, ასეთი რეზონანსი არ ექნებოდა. რაღაცას რომ კრძალავ, ესე იგი, ხაზს უსვამ, რომ რეალობასთან ახლოს არის და მერე უკვე ყველას აინტერესებს. შენ გგონია, მახსოვს შინაარსი? შვიდი წლის წინ გადავიღეთ. 

– სერიალის პარალელურად კიდევ რით ხარ დაკავებული?

– თუმანიშვილის თეატრში ორ პიესაზე ვმუშაობთ. ერთს გოგა პიპინაშვილი აკეთებს შვარცის „დრაკონს,” ხოლო მეორეს – ჩვენი თეატრის მსახიობი, რეჟისორი და დირექტორი ზურა გეწაძე დგამს, სლავომირ მროჟეკის „პოლიციელს.” „დრაკონზე“ დილის 12 საათიდან ვიწყებთ მუშაობას, ხოლო მროჟეკზე – 4 საათიდან, საღამოს კი გადაღებაზე მოვდივარ. 29-ში ანკარაში მივდივართ ფესტივალზე – რუსიკო ბოლქვაძის დადგმული სპექტაკლი – „ზვავი” მიგვაქვს. 

– ძალიან ბევრი ჟურნალისტი გყავს განაწყენებული, რადგან, დათქმული შეხვედრა ხშირ შემთხვევაში არ დგება შენ გამო. უხეშად რომ ვთქვათ, „გადამგდების” სახელი გაქვს. ეს უნებურად ხდება თუ გააზრებულად?

– ჩემდა უნებურადაც ხდება, თუმცა, ხანდახან, რომ მეუბნებიან, მოდი, რამე დავწეროთო, რატომ უნდა მივცე ინტერვიუ, არ ვიცი. რამე რაზე დავწეროთ? ბავშვობა იგივე მაქვს, არ შემცვლია, მილიონჯერ მაქვს მოყოლილი. რამე ახალი რომ კეთდებოდეს, პიესის ან ფილმის შესახებ რომ იყოს ინტერვიუ, გასაგებია, მაგრამ, ის, რომ უბრალოდ ხალხს თავი შევახსენო, ასეთი ინტერვიუები არ მინდა და ნერვები მეშლება. ხანდახან იმ მომენტში, როცა მირეკავენ, შეიძლება, კარგ ხასიათზე ვიყო და ავტომატურად ვთანხმდები, მაგრამ, მსახიობების თავს ხომ სულ ცვალებადი მოღრუბლულობაა, მეც, ცუდ ხასიათზე ვდგები და მერე აღარ შემიძლია ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ფულს ამაში არ მიხდიან, რატომ უნდა დავიგლიჯო ისედაც დაგლეჯილი ნერვები? ყოველ ინტერვიუში 100 ლარს რომ მაძლევდნენ, დედას გეფიცები, თუ ვინმე გადავაგდო. 

– ისღა დამრჩენია, მადლობა გითხრა, რომ ჩვენი ინტერვიუ შედგა და მეც სხვებივით იმედგაცრუებული არ დამტოვე.

– თავი დავიზღვიე და გადაღებაზე ამიტომაც დაგიბარე – გადაღებას ხომ ვერ „გადავაგდებდი“?

– ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გცნობს და ბევრს უყვარხარ, ალბათ, სასიამოვნოა შენთვის. როგორი ურთიერთობა გაქვს შენს გულშემატკივართან?

– რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ხალხის ყურადღება, თუმცა, ზოგჯერ შემაწუხებელიც. საერთო ჯამში, მადლობის მეტი რა მეთქმის ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ვუყვარვარ და ჩემი გულშემატკივარია. სიტყვაზე, ტაქსის მძღოლი რომ მეუბნება, შენ ფულს როგორ გამოგართმევო, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. რა დიდ ფულს მე ვაკეთებ, ეს ყველაფერი რომ მეკიდოს. საერთოდ, კაპიკს ვერ ვაკეთებ, ჯიხურში მაქვს ვალი. ნეტა შანსი მქონდეს და შემეძლოს, ვინმეს დავეხმარო. ვიღაცეები მწერენ ხოლმე, მაგალითად, შვილი მყავს ხეიბარი, პრობლემები აქვს და, შეგიძლიათ 35 000 ევრო გადმომირიცხოთო? წარმოგიდგენია? იმ ადამიანს ჰგონია იმდენი ფული მაქვს, რომ, შემიძლია, მას 35 000 ევრო გადავურიცხო. რა 35 000 ევრო, რას ლაპარაკობ, ნეტა ვინმემ მე გადმომირიცხოს.

– ისე, მხარჯველი ხარ?

– უაზროდ, ცუდად ხელგაშლილი ადამიანი ვარ. ხელფასს რომ ავიღებ, თითქოს ჯიბიდან თავისით მიხტება ფული და სახლამდე კაპიკი ვერ მიმაქვს.

– როგორია შენი ცხოვრების სტილი?

– აქტიური. თუ გაჩერებული ვარ, არაფერი არ ხდება და მოვლენები არ ვითარდება, შეიძლება, „ზაპოი” დამეწყოს; შეიძლება, ცუდ ხასიათზე ვიყო, სახლში ჩავჯდე, ფილმების ყურება დავიწყო და ერთი კვირა საერთოდ არ გამოვიდე გარეთ. როცა საქმე მაქვს, დინამიკაში მოვდივარ.

– ყოველთვის ხვდები, ადამიანები როდის არიან შენ მიმართ გულწრფელები?

– მთელი უბედურება ისაა, რომ ვერ ვხვდები, ყოველთვის მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი. შეიძლება, ძალიან მარტივად მოვტყუვდე და მერე მივხვდე, რა სულელი ვიყავი. მიუხედავად ამისა, ეს ჩემს მინუსად არ მიმაჩნია. ჩემი სლოგანია – „ყველაფერი კარგად იქნება.“ 

– როგორი მამა ხარ?

– დარწმუნებული ვარ, რომ ყურადღებიანი და კარგი მამა ვარ, უბრალოდ, ისევ და ისევ ფინანსურ ამბავთან მივდივარ. მე რომ საშუალება მქონდეს, ბევრად უფრო კარგი მამა ვიქნებოდი ჩემი შვილებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მსახიობები არ ფასდებიან, ანუ, ჩემი პროფესიით ჩემს ოჯახს ვერ უზრუნველვყოფ. ბიზნესს ვერ ვიწყებ, რადგან, ისეთი ჭკუა არ მაქვს, როგორიც ამ საქმეს სჭირდება. ვიღაც უეჭველი მომატყუებს და ვალში გადამაგდებს. ისევე ვარ, როგორც მამაჩემი. მართლა გეუბნები, დეპრესიაშია: ფული არ არის, საქმე არ არის. ორი კაპიკით გვეხმარება ღვთისნიერი ხალხი. 

– თუმცა, ზურას უცხოეთში რომ ეცხოვრა, აქეთ დაეხმარებოდა ბევრ ოჯახს.

– ზურას უცხოეთში რომ ეცხოვრა, წესით, ისეთი შესაძლებლობები ექნებოდა, რომ მე პირადად ფეხიფეხგადადებული, თავხედი შვილი ვიქნებოდი. მეც ასე მგონია, ჩემი ინტენსივობით, სადღაც სხვა ქვეყანაში რომ ვმუშაობდე, ასე არ ვიქნებოდი. ყოველ შემთხვევაში, მართვის მოწმობა მაინც მექნებოდა.

– მართვის მოწმობა საერთოდ არ გაქვს?

– ჩამომართვეს და ახლა თავიდან უნდა ჩავაბარო თურმე თეორია – ეს რა უბედურებაა! 

– ოჯახი თუ დაგეხმარა, ან, პირიქით – შეგიშალა იმაში, რომ მსახიობად შემდგარიყავი? 

– თვითონ ის ფაქტი, რომ ლენა ბებიაჩემია და ზურა – მამაჩემი, რა თქმა უნდა, თუ არ დამხმარებია, ხელი ნამდვილად არ შეუშლია. ამის გამო სითბო უფრო იგრძნობოდა თავიდანვე ჩემ მიმართ. ნებისმიერ პროფესიაში ასეა. 

– თუმცა ბევრს ეს აღიზიანებს, რადგან, როგორც ამბობენ საკუთარი თავის დამკვიდრებაში უშლით ხელს. 

– სტუდენტობის დროს მეც მაღიზიანებდა, ვფიქრობდი, რატომ ვერ მხედავენ, რატომ ხედავენ ზურას შვილს ან ლენას შვილიშვილს-მეთქი. მერე მივხვდი, რომ სულელი ვარ. ასეთი მამა და ბებია მყავს და ამაზე რატომ ვღიზიანდებოდი! ღმერთმა მომცა მათი თავი.

– ბოლო დროს თაყვანისმცემლები ძალიან მოგიმრავლდა. ინტერვიუს დასასრულს მათ რას ეტყვი?

– ძალიან კრიტიკულად ნუ უყურებენ სერიალს. მოვლენები, შესაძლოა, ისე განვითარდეს, რაც, შეიძლება, ვინმეს არ მოეწონოს. ეს, უბრალოდ, ინტერესისთვის არის, რომ საინტერესოდ განვითარდეს სიუჟეტი. მაგალითად, მთავარი გმირი იმიტომ გახდა ცოტა მოღალატე, რომ იდეალურ ოჯახებშიც კი ხდება ის, რასაც „გვერდზე გახედვა“ ჰქვია. ყველა მამაკაცში და ქალში დევს ეს, უბრალოდ, ზოგ ადამიანს ცდუნების შესაძლებლობა მეტად ეძლევა, ვიდრე სხვას. ის სხვა კი ამბობს, რომ მოღალატე არ არის, მაგრამ, სინამდვილეში, მიეცემა თუ არა შანსი, მისი აზრი მაშინვე შეიცვლება. კაცმა არ იცის, ამა თუ იმ სიტუაციაში, იმ წუთას, და არა დაგეგმილად, ვინ რას მოიმოქმედებს. ამიტომ, ადამიანებს ასეთი რაღაცეებიც ემართებათ. ასე რომ, სერიალს მარტივი თვალით უყურეთ და მის გმირებს ძალიანაც ნუ გააკრიტიკებთ.

скачать dle 11.3