კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

თითქოს ჩვეულებრივი დილა

... მიუხედავად იმისა, რომ ბუნება ხშირად გვაშინებს სტიქიური უბედურებებით, კატაკლიზმებით და უამრავ საიდუმლოებასაც მალავს, ვერასდროს იქნება ადამიანივით ცბიერი და ფარისეველი... ქეთიმ ერთხელ კიდევ გადაიკითხა ძლივს დაწყობილი წინადადება და გახსნილ ფაილში საიმედოდ შეინახა. მერე უკმაყოფილო სახით გაიხედა საძინებელი ოთახის ღია კარისკენ. კაბინეტის ამ კუთხიდან საწოლი თითქმის მთლიანად მოჩანდა... ვახოს აშკარად ისევ ეძინა. „არც მაღვიძარა შველის ამ კაცს და არც ტელევიზორის ხმა. თუ არ უნდა, არ იღვიძებს. რა ენაღვლება. ყველაფერი მაინც ჩემს ზურგზე გადადის, ელემენტარულს ვერ მივაჩვიე... მაგალითად, კარადის კარის და უჯრების მიხურვას. ხომ წარმოუდგენლად მარტივია, გონებაჩლუნგსაც გამოუმუშავდებოდა ინსტინქტი და ბოლოს და ბოლოს დახურავდა. ეს კი ჯიბრით იქცევა... ეტყობა, სიამოვნებს, რომ ვეჩხუბები... დეგენერატია, რა... ზოგჯერ გულწრფელად მიკვირს, როგორ შემიყვარდა ასეთი...“ 

ქეთიმ ამოიოხრა. კომპიუტერი „დააძინა“. სამზარეულოში გავიდა, ელექტროჩაიდანი ჩართო და მთელი ხმით გასძახა:

– ვახო! ვახო! უკვე თერთმეტი საათია... ვახო, ადგომის დროა! 

საძინებლიდან ჩქამიც რომ ვერ გაიგონა, მტკიცე ნაბიჯით დაიძრა ქმრის გასაღვიძებლად.

კაცი გულაღმა იწვა, თვალებგახელილი. სახეზე კი უცნაური ღიმილი აღბეჭდვოდა.

– იცი, ახლა რაზე ვფიქრობდი? – მიმართა თავზე წამომდგარ ცოლს.

– დარწმუნებული ვარ, ჩემზე არა და არც იმაზე, როგორ მასიამოვნო ამ დილით, მთელი დღე პოზიტიურად რომ ვიყო დამუხტული.

ვახოს გაეცინა და გაიზმორა.

– კარგი იქნება, დღეს ჩხუბით თუ არ დავიწყებთ.

– აჰა, ეს რა ულტიმატუმია? – სახე გაიმკაცრა ქალმა, – მერე, რა გააკეთე ამისთვის? თერთმეტი საათია და ისევ გძინავს.

– კარგი რა, ქეთი... ნუ დაიწყებ ხოლმე... წუხელის გვიან დავწექი, თან საქმეც არაფერი მქონდა ისეთი... დილაუთენია რისთვის უნდა წამოვფრენილიყავი?!

– გვიან იმიტომ დაწექი, რომ კომპიუტერში იყავი შემძვრალი. ისე მაყვედრი, თითქოს მთელი ღამე ჩემთან სექსით იყავი დაკავებული, – გაანჩხლდა ქეთი, – მძულს კომპიუტერი... ინტერნეტიც მძულს და შენც მძულხარ!

– აუუ, სექსი გაკლია, პატარავ? მერე მთხოვე და აქ არ ვარ?

– მასხრადაც მიგდებ? როგორი ცინიკოსი ხარ. იცი, ახლა რისი გაკეთების სურვილი მაქვს?..

– უმჯობესია, არ ვიცოდე, ისედაც გეტყობა, – ვახომ საბანი ფეხით მიაგდო და ბუზღუნით წამოდგა, – მოკლედ, არ შეგიძლია ჩხუბის გარეშე და ამას უკვე აღარაფერი ეშველება.

– რას ამბობ? ანუ, იმის თქმა გინდა, რომ მე ანჩხლი და აშარი ვარ?

სიტუაცია ნელ-ნელა მძიმდებოდა და საუბარიც საშიშ მიმართულებას იღებდა.

– ეგოისტი, საზიზღარი ურჩხული ხარ. სპეციალურად იქცევი ასე, რომ მოთმინებიდან გამომიყვანო. არადა, რას გთხოვ? გეკითხები, რას გთხოვ-მეთქი ამისთანას... – ქეთი ყვირილიდან სლუკუნზე გადავიდა.

 ვახომ ამოიოხრა და ნელა, დამარცვლით თქვა:

– არ ხარ ანჩხლი, არც აშარი... მაგრამ ისე იქცევი, როგორც ანჩხლი და აშარი. ამის თქმა მინდოდა და თუ რაღაც ისე ვერ გამოვიდა, ბოდიშს გიხდი. ბავშვი სად არის?

– ძიძამ ჩაიყვანა ეზოში, სასეირნოდ.

– ესე იგი, სახლში მარტონი ვართ?

– როგორც იქნა, მიხვდი...

– მერე ასე გეთქვა... მოვასწრებთ?!

– შენ ერთი-ორი საათი კიდევ იძინე და აუცილებლად მოვასწრებთ... სამსახურშიც წასასვლელი ვარ. უნდა გავემზადო... – ქეთიმ ტუჩები გაბუსხა, – ამდგარიყავი დროზე...

– გოგო, ამდენ ლაპარაკს, მოსულიყავი, მომფერებოდი... სიყვარულობანა გინდა და ჩხუბობ? ახლა ნორმალური ხარ შენ? გამაგიჟებ, რა!

– ისე იტყვი, აღარ მიჩნდება მოფერების სურვილი.

– მეძინა, გოგო... მეძინა... აბა, ახლა მე მკითხე, ამ უაზრო ჩხუბის მერე მაქვს სექსის სურვილი? – ვახომ ხელი ჩაიქნია და სააბაზანოს კარი შეიჯახუნა.

– იდიოტი ხარ! – მიაძახა ქეთიმ, – ჩემი ჩხუბი მოიტანე მიზეზად, თორემ ისე ხომ გინდოდა და აპირებდი რამეს.

პასუხად სააბაზანოდან წყლის ჩხრიალი გაისმა. გაცეცხლებულმა ქეთიმ ფეხები დააბაკუნა. უცბად ვერაფერი მოიფიქრა, რითაც ვახოს ნერვებს კიდევ უფრო მოუშლიდა, მაგრამ ერთბაშად ჩაცხრა. გუნებაში ისიც კი იფიქრა, რა სულელი ვარ, რა მინდოდა ამ კაცისგანო და ხმისამოუღებლად გავიდა სამზარეულოში. ვახო რომ იქ შევიდა, უკვე მშვიდი სახით სვამდა ყავას. ქმარს შეხედა და გაეღიმა. მერე სთხოვა, – ჩამეხუტე, რა... იცი, როგორ მჭირდება?

ვახომ გაოცებით გადაიქნია თავი.

– ზოგჯერ მგონია, ასე ჩემს გასაგიჟებლად იქცევი, ან მიზანმიმართულად მოქმედებ, რომ ჭკუიდან შემშალო? ანდა, ისევ ბავშვი ხარ,  ვერაფრით რომ ვერ გაიზარდა, ან საერთოდ არაფერი მესმის.

– მაგ სამი ვერსიიდან რომელი გირჩევნია? – გაეკეკლუცა ცოლი.

– არც ერთი, – მკაცრად მიუგო კაცმა, – იმიტომ რომ, მშვიდად მინდა ცხოვრება. ყოველგვარი სკანდალისა და მძაფრი ვნებათა ღელვის გარეშე.

ქეთიმ ფინჯანი მისწია. წამოდგა, ქმარს წინ დაუდგა და ქვემოდან მართლაც მიამიტი ბავშვივით ახედა... თან, მაცდურად გაუღიმა.

– აუ, როგორ მიყვარხარ... წამოდი, რა... მოვასწრებთ... ბავშვს კიდევ ნახევარი საათი არ ამოიყვანს ნანა...

ვახომ ხელი ჩაიქნია და ცოლს მოეხვია.

***

კლინიკაში მარტო ნატო იყო. მოწყენილი იჯდა სავარძელში და სიგარეტის გაუხსნელ კოლოფს ათამაშებდა. ქეთის დანახვაზე გაიბადრა.

– სად ხარ ამდენ ხანს. პირველ საათზე უნდა მოდიოდე სამსახურში? სიგარეტიც ვერ მოვწიე მარტომ, „მუღამი“ არ აქვს.

– ლელას ვთხოვე, დამაგვიანდება-მეთქი. სალონში ვიყავი დილით ჩაწერილი. თვითონ სად არის? და საერთოდ, დანარჩენები სად არიან? – ქეთიმ პალტო გარდერობში ჩამოკიდა და ოთახები მოათვალიერა.

– მოდი რა, მოვწიოთ და გეტყვი. ყავასაც მოვადუღებ. ჩემი პაციენტის მოსვლამდე მთელი თხუთმეტი წუთია, ისიც, დროზე თუ მოვიდა. ამ ქალაქში წესრიგს კიდევ დიდი ხანი ვერ მიეჩვევიან. – ნატომ ყავა დაასხა, სიგარეტს მოუკიდა და მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ქეთის ნაჩქარევი ვარცხნილობა.

– აბა, სალონში უნდა გამევლოო? დაკეტილი დაგხვდა?

– ჩემი ქმრის გადამკიდე... – ქეთიმ ყავა მოსვა და ხარბად შეისუნთქა თამბაქოს კვამლი, – რა უცნაურია, სახლში რომ არ მინდება მოწევა.

– არ ხარ შენ მწეველი, ტყუილად აფუჭებ სიგარეტს. რაო, რას ამბობდი? ვახომ გაგაბრაზა? რას ერჩოდი?

– ვერჩოდი თუ მერჩოდა?! – გაბრაზდა ქეთი.

– გიცნობ შენ, აუხირდებოდი რაღაც სისულელეზე, – სიცილით დაუქნია თითი ნატომ, – მოყევი, მოყევი... გადარევ მაგ ბიჭს და გააქცევ, იცოდე.

– გაიქცევა თორემ გამოეკიდებიან დასაჭერად... ეგ შორიდან ჩანს ბუნჩულა და წყნარი, მაგრამ, იცი, რა აუტანელია?! ზოგჯერ ისე მიშლის ნერვებს მაგ მოჩვენებითი სიწყნარით, ლამის გავპუტო. ამ დილითაც ისე იქცეოდა, თითქოს ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე.

– რა დააშავა ამისთანა... – თვალები მოჭუტა ნატომ და მოსასმენად მოემზადა.

ქეთი დაფიქრდა.

– გოგო, რა არის, იცი?! მარტივად ვერ იტყვი, რას აშავებს... როგორ აგიხსნა... თითქოს წვრილმანებია, რასაც აშავებს, მაგრამ საბოლოოდ, წონასწორობიდან გამოვყავარ.

– აბა, შეეცადე, დააკონკრეტო.

– რისთვის? – მხრები აიჩეჩა ქეთიმ.

– ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ, მიხვდნენ, სად აქვთ პრობლემა. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება საკუთარ თავში გარკვევა, რასაც ვერაფრით მოვახერხებთ სხვების იდეებისა და ვარაუდების გარეშე.

– რა სისულელეს ამბობ, ვარაუდების მოსმენაღა მაკლდა!

– მათქმევინე ბოლომდე. რაღაც ისე ვერ ვთქვი. მოკლედ, მე შეიძლება, შენზე უკეთესად შევაფასო ის სიტუაცია, რომელიც ოჯახში გაქვს და მერე რჩევაც მოგცე.

– შენ რა უნდა მირჩიო, ქმარი არ გყავს და არც გყოლია, – წამოსცდა ქეთის და მაშინვე ინანა, – აუ, არ გეწყინოს, რა, ცუდად გამომივიდა.

– პრინციპში, მართალი ხარ. მაშინ დეას დაელაპარაკე.

– დეა ვინღაა? – გაუკვირდა ქეთის.

– ჩვენ გვერდით ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში რომ მუშაობს ძალიან ყვითლად შეღებილი თმით და დიდი დეკოლტეთი. როგორ არ იცი?

ქეთიმ თავი გააქნია.

– არასდროს მიმიქცევია ყურადღება. მერე?

– რა, მერე? – ნატომ საფერფლე ურნაში ჩაცალა, – მეოთხე ქმარი ჰყავს, მგონი...

– ჰმ, ოთხი რა ამბავია? ესე იგი, ამ საქმეში არაფერი გაეგება, თორემ პირველზე თუ არა, მეორე წრეზე მაინც მიხვდებოდა, რომ ყველა ერთნაირია.

– ვერ ვიტან მაგ ფრაზას: „ყველა კაცი ერთნაირია“.

– ვერც მე ვიტანდი, მაგრამ რეალობაა და რას იზამ?! – იმედი გადაუწურა ქეთიმ, – თორემ, გათხოვდები და გაიგებ. რა გეეჭვება? ის, რომ გათხოვდები, თუ ის – ამ ფრაზის ჭეშმარიტებას რომ ვერ ჩაწვდები.

– ერთი მეორისგან გამომდინარეობს, – ნატომ საწყლად გაიღიმა, – გეუბნები, გააქცევ-მეთქი მაგ კაცს და ინანებ. ვერავის გადააკეთებ და ვერც შეცვლი. მით უმეტეს, ზრდასრულ მამაკაცს. ადამიანი ისეთი უნდა მიიღო და გიყვარდეს, როგორიც არის. თავისი ნაკლით და ღირსებით.

– თეორიულად გეთანხმები, მაგრამ პრაქტიკაში მაგ ნატურალიზმს ჭკუიდან გადაჰყავხარ... მგონი, შენი პაციენტიც მოვიდა... სხვათა შორის, ქალია თუ კაცი?

– კაცი, – თქვა ნატომ და ორივეს გაეცინა, –  რად გინდა, ცოლიანია. ანუ, შენი ჩანაფიქრი ჩანასახშივე განწირულია, ჩემო კარგო. მაინც ვერ გავიგე, რატომ იჩხუბეთ შენ და ვახომ.

ქეთის გაეცინა.

– გეტყვი და არ დამიჯერებ, სექსი მინდოდა.

ნატოს გამღები ღილაკისკენ გაწვდილი თითი გაუშეშდა.

... მას აქვს უნარი, გადალახოს ყველა დაბრკოლება, ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელი სიძნელეები. მაგრამ, საკუთარ შესაძლებლობებში ვიღაცამ აუცილებლად უნდა დაარწმუნოს, სხვანაირად კრახი გარდაუვალია. სამწუხაროდ, ურჩევნია, იდიოტური ზღაპრის ერთ-ერთი გამოგონილი გმირის როლი  ითამაშოს, ვიდრე თავდაჯერებულმა საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ცხოვრებაში... „მას“ – მამაკაცია. „ვიღაც“ კი, ვინც მუდმივად არწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებში – ქალი...

გიგიმ ხმადაბლა წაუსტვინა... მეორედ ცოტა უფრო ხმამაღლა გამოუვიდა... ზუკას არც გამოუხედავს მისკენ. მონიტორს მიშტერებული, მზერაგაქვავებული იჯდა და არ ინძრეოდა. გიგიმ უჯრა ამოქექა, საშლელს მიაგნო და მოპირდაპირე მაგიდისკენ ისროლა.

– რა გინდა? – არ განძრეულა, ისე იკითხა ზუკამ.

– იმ საიტის ლინკი დამიგდე, რა... – სთხოვა გიგიმ.

– იმუშავე... არ გჭირდება.

– ვა, მე გკითხე, მჭირდება თუ არ მჭირდება-მეთქი? დამიგდე, რა...

– მომეშვი. შენს გუნებაზე არ ვარ.

– ვიცი. უკვე მითხრა თიკომ. დეპრესიული პერიოდი აქვსო.

– მიზეზიც ხომ არ ჩაგიკაკანა... ქათამი... – ჩაიღრინა ზუკამ.

– რას ერჩი მაგ გოგოს. მშვენიერ ყავას გვიდუღებს... ნამცხვრებიც მოაქვს ჩვენთვის. მე პირადად, სულაც მის საღეჭ რეზინზე „ვზივარ“.

– რაზეც გინდა, იმაზე იჯექი. ოღონდ ახლა მორჩი ლაქლაქს და იმუშავე. თორემ მოვა ვახო და გეჩხუბება, ის შეკვეთა კიდევ რომ არ დაამთავრე.

– მაქსიმუმ, ათ წუთში მოვრჩები, – გიგიმ სკამი ერთ ფეხზე შეაყენა და მაგიდის კიდეებს მობღაუჭებულმა ქანაობა დაიწყო.

– გააჩერე სკამი და იმუშავე! – მკაცრი ტონით მისცა შენიშვნა ზუკამ.

– რა იცი, რომ სკამს ვაქანავებ, არ მიყურებ.

– ვგრძნობ. მორჩი-მეთქი ლაქლაქს...

– დეპრესიაზე მინდოდა მეთქვა რაღაც, – გიგიმ ყურადღება არ მიაქცია ზუკას მბრძანებლურ ტონს – ისო, დეპრესია შავებში ჩაცმული  ქალივით არისო. თუ სტუმრად გეწვევა, გარეთ კი არ უნდა გააგდო და კარი მიუხურო, პირიქით, გვერდით უნდა მოისვა და მოუსმინო, რას მოგიყვებაო.

– მსგავსი დებილობა არასდროს  მომისმენია.

– მე რა შუაში ვარ, კარლ იუნგმა თქვა.

– ვინ?

– არ იცი, ტო? შვეიცარიაში ყველაზე მაგარი ფსიქიატრი და კულტუროლოგია. ანალიტიკური ფსიქოლოგიის მამა, – გიგიმ მოზეიმესავით შემართა თითი, – ფაზერ ოფ დი ანალიტიკ!

– შენ მაგას ვინმე გეტყოდა, ინტელექტუალ „ნაშებში“ დაიწყე სიარული, თუ წიგნების კითხვა დაიწყე? – დასცინა ზუკამ. გიგის არ სწყენია, გაიცინა და ოთახში შემოსულ, გრძელფეხება ქალიშვილს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.

– თიკოც მოსულა! როგორ ხარ, ჩვენი ოფისის ვარდო?

– ბიჭებო, აქ ხართ?

– არა, აქ არ ვართ, – უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ზუკამ. თიკო აიმრიზა და ცხვირი შეიჭმუხნა.

– გასაგებია. დეპრესია მძლავრობს. ისე, თუ გინდა...

– არ მინდა. არც ყავა შემომიტანო და საერთოდაც, თავი დამანებე, თუ ჩემთვის მართლა სიკეთე გინდა.

– დიდი უჟმური ვინმე ხარ. შენ ეგ დეპრესია კიდევ დიდხანს გექნება და ღირსიც ხარ, – საბრალდებო დასკვნასავით ჩაარაკრაკა თიკომ. ფანჯარასთან მივიდა და ფეხის წვერებზე აწეულმა ქვემოთ ჩაიხედა. გიგიმ ირიბად გახედა მის გრძელ, სწორ ფეხებს, მოკლე კაბიდან თითქმის მთლიანად რომ მოუჩანდა და დაიგმინა. ზუკამ ორივე ირონიულად შეათვალიერა.

– რა გინდა, გოგო, მაგ ფანჯარასთან, არ იღება.

– მერე, ვინ გითხრა, რომ გადახტომას ვაპირებ? ქვემოთ ჩხუბია და მაინტერესებს.

– ჩხუბია, ცირკი ხომ არა, რა გაინტერესებს? – გიგი ზანტად წამოდგა და ფანჯრისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა, თან გოგოს ფეხების ცქერით ტკბებოდა.

– აი, ის ტიპი ჩხუბობს გვერდით კორპუსში რომ ცხოვრობს და ცოლს რომ შეუსწრო საყვარელთან. არადა, შეხედავ, კაცი გეგონება, – გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა თიკომ.

– ცოლი ღალატობს და კიდევ ეგ არ არის კაცი? – მოულოდნელად აღშფოთდა ზუკა, – გადამრევს ეს ქალური ლოგიკა.

– გაჩუმდი შენ, დეპრესიის მონავ, – თიკო შემობრუნდა და გულზე ხელებდაკრეფილი, თვალებმოჭუტული მიაშტერდა ნირწამხდარ თანამშრომელს. უცებ...

– შენ რატომ დადიხარ ასეთი მოკლე კაბით სამსახურში? – იფეთქა ზუკამ, – ვერ ხედავ, გამოშტერდა ადამიანი?! ოფისია ეს თუ პოდიუმი? კლიენტებზე აღარაფერს ვამბობ. შემოგხედავენ და აქ მოსვლის მიზეზი ავიწყდებათ. დღესვე ვეტყვი ვახოს, „დრესკოდი“ დაგიწესოს.

– ვინ გკითხავს შენ, ჩემი კაბის სიგრძეს? – გამწარდა თიკო, – პირველად კი არ მაცვია, რომ ვახოსთვის მოულოდნელობა იყოს... ნელ-ნელა ქალთმოძულედ ჩამოყალიბდი მაგ შენი კომპლექსებით. გიგის რაც შეეხება, მიყუროს, თუკი უკეთესს ვერაფერს ხედავს. კლიენტებიდან კი, თუ მათ ვინმე აფრთხობს, მხოლოდ შენ – შენი მოჟამული სიფათით. მე კი, პირიქით, ვიზიდავ, ბოღმავ!

– ნუ ჩხუბობთ, რა! თიკო, რა დაგემართა? იხუმრა ადამიანმა, – სიტუაციის განეიტრალება სცადა გიგიმ.

– იხუმრა კი არა, ასეთია ეს – შხამიანი! – გული აუჩუყდა თიკოს, – ძალიან კარგად მოიქცა ის გოგო, უარი რომ სტკიცა. ამას ვინ გაუძლებდა?! წარმომიდგენია, როგორ უმწარებდა სიცოცხლეს. „ეს არ ჩაიცვა“, „ის არ ჩაიცვა“, „აქეთ არ გაიხედო“, „იქით არ მიიხედო“...

ზუკა ჭარხალივით გაწითლდა და თვალები ჩაუსისხლიანდა. გიგიმ იგრძნო ქარიშხლის მოახლოება. თიკოს მკლავში სტაცა ხელი და ოთახიდან თითქმის ძალით გაიყვანა. თიკო გაუძალიანდა.

– გამიშვი, მეტკინა! ასეა, ერთნაირები ხართ ყველანი... ჰო, რას მიყურებ? ყველა კაცი ერთნაირია. სიმართლეს ვერ იტანთ და ცოფდებით, როცა ქალი შტერი არ არის. ზუკას თავი ვინ ჰგონია?! ჩვეულებრივი „სირია“!

– ნუ ბოდავ, გოგო, და ნუ ილანძღები. რთული პერიოდი აქვს. არ შეგიძლია, გაუგო? – გიგიმ მსუბუქად შეანჯღრია აკივლებული გოგო.

– შემიძლია და გამიშვი ხელი, ნუ დამალურჯე!

კარი მძიმედ გაიღო და ოფისში ვახო შემოვიდა დაღლილი სახით.

– ვა, ვახო, მოხვედი? რამე მოხდა? რაღაც, დაღლილივით გამოიყურები.

– არა, არაფერი, ჩვეულებრივი დილაა... ჰო, ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული დილა, – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ვახომ და თიკოს მიმართა, – ყავა გამიკეთე, რა... უშაქრო, მაგარი ყავა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3