კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და როგორ შეიპყრო შეიარაღებული ბანდის მეთაური მეტეხის ხიდის ქვეშ

ძარცვა

– არ გაინძრეთ, თორემ, დაგხოცავთ! – დაიღრიალა პისტოლეტით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცმა, რომელიც როსტოვის ¹6 შემნახველ სალაროში შეიჭრა თანამზრახველებთან ერთად და მათ უბრძანა:

– ჩქარა, ფული გამოიტანეთ!

სამმა მძარცველმა ბრძანება შეასრულა: მათ სეიფებს ჩამოუარეს, ფულის დასტები ტყავის ჩანთებში ჩაყარეს და გასასვლელისკენ დაიძრნენ. მაგრამ, ერთ-ერთმა მცველმა პისტოლეტი შეუმჩნევლად ამოაცურა ჯიბიდან და მიმავალ მძარცველებს ჯერ შეჩერება უბრძანა, შემდეგ ცეცხლი გაუხსნა და ერთ-ერთი მძარცველი ფილტვში დაჭრა. მძარცველებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და სალაროში მყოფი თორმეტი ადამიანიდან ხუთი მოკლეს, ექვსი მძიმედ დაჭრეს და მხოლოდ ერთი მილიციელი გადარჩა უვნებლად, რომელიც სეიფის უკან იყო დამალული და არ განძრეულა. მძარცველები გაიქცნენ, დაჭრილი მეგობარი თან წაიყვანეს და ნაძარცვი 70 ათასი მანეთიც გააყოლეს ხელს.

ეს სისხლიანი ძარცვა როსტოვში 1972 წლის 14 მარტს მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერჯგუფმა მოკვლევა დაიწყო. სერჟანტმა კოვალიოვმა, რომელიც სეიფის უკან იყო დამალული, მაიორ კაპანაძეს ჩვენება მისცა და ბოლოს დაამატა:

– ერთ-ერთი თავდამსხმელი ზურგის მარცხენა არეშია დაჭრილი.

გურამ კაპანაძე როსტოველი „ოპერი“ იყო, ის შემნახველი სალაროების მძარცველ ბანდას დასდევდა, რომლებმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ხუთი ძარცვა ჩაიდინეს, რომელთაგან წინა ოთხი უსისხლოდ განახორციელეს. მათ, საერთო ჯამში, 360 ათასი მანეთი ჰქონდათ გატაცებული. 

– ვნახოთ, იქნებ, დაჭრილი მძარცველის მეშვეობით გავიდეთ კვალზე, – თქვა კაპანაძემ.

ბოლო ძარცვის მერე როსტოვსა და როსტოვის ოლქში შემნახველი სალაროების ძარცვა შეწყდა, დაჭრილი მძარცველის კვალს კი ვერსად მიაგნეს.

მამაკაცის გვამი

სისხლიანი ძარცვიდან სამი თვის შემდეგ, 1972 წლის 13 ივნისს, მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე, მეთევზეებმა, რომლებიც ჭიაყელებს ეძებდნენ, მიწაში ჩაფლული ადამიანის გვამი აღმოაჩინეს და მილიციას შეატყობინეს. იმ დღეს დონი ადიდებული იყო და ნაპირის რელიეფი ჩამორეცხა, რაც გვამის აღმოჩენის მიზეზი გახდა. ცხედარი ნახევრად გახრწნილი იყო და სახის აომცნობა არ ხერხდებოდა, თუმცა, ტატუების მეშვეობით დადგინდა, რომ გვამი 41 წლის იური გრომოვს ეკუთვნოდა. გრომოვი ქალაქ შახტის მკვიდრი იყო, ოთხჯერ ნასამართლევი და ციმბირის კოლონიიდან გაქცეული. გვამს მარცხენა ბეჭში ჭრილობა ჰქონდა და ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სწორედ ის ბანდიტი იყო, რომელიც როსტოვის შემნახველი სალაროს ძარცვისას დაიჭრა. გრომოვის სიკვდილის მიზეზი, სისხლისგან დაცლა იყო. როდესაც ეს კაპანაძემ შეიტყო, თქვა:

– მართლაც რომ კაციჭამიებთან გვაქვს საქმე. ჩაშვების შიშით, მათ თავიანთი ძმაკაცი გაწირეს.

რეციდივისტ გრომოვის ირგვლივ ჩატარებულმა ძიებამ მილიციას ახალი ვერაფერი მისცა და გამოძიება ერთ ადგილზე გაჩერდა. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, კაპანაძეს ოცდაათიოდე წლის ქალი ჯერ ტელეფონით დაუკავშირდა, მერე მილიციაში მივიდა და უთხრა:

– მე იურას საყვარელი ვარ. პაბეგში ყოფნისას ჩემთან იმალებოდა და იმიტომ მოვედი, რომ დაგეხმაროთ.

ქალი 30 წლის როსტოველი ოლგა ბონდარენკო იყო. ის რძის კომბინატში მუშაობდა და როსტოვის გარეუბანში, კერძო სახლში ცხოვრობდა.

საყვარლის ჩვენება

ოლგა ბონდარენკო კაპანაძის პირისპირ დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და უთხრა:

– იურა რომ ფრთიანი ანგელოზი არ იყო, კარგად ვიცი. მაგრამ, ჯერ კიდევ 15 წლის ვიყავი, როცა შემიყვარდა და ბოლომდე მისი ერთგული დავრჩი. ბოლო სროკიდან რომ გამოიქცა, პირდაპირ მე მომადგა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მასაც ვუყვარდი და მენდობოდა; თანაც, ჩვენი ურთიერთობის ამბავი არავინ იცოდა და ჩემი მყუდრო ბინა კარგი თავშესაფარი იყო მისთვის.

– თქვენ საკმაოდ სახიფათო განცხადებას აკეთებთ, რადგან, ძებნილის შეფარება დანაშაულია. თუმცა, თუკი ძიებას დაეხმარებით, შეიძლება, ციხეს გადაურჩეთ, – უთხრა კაპანაძემ ბონდარენკოს.

ქალს მწარედ ჩაეცინა და მაიორს უთხრა:

– ფეხებზე მკიდია ციხეც და სხვა დანარჩენიც, მათ შორის – მილიციაც.

– აბა, აქ რატომ მოხვედით?

– იმიტომ, რომ იმ შაკლებზე ვიძიო შური. როსტოვი პატარა ქალაქია და ჩემამდეც მიაღწია ხმებმა, რომ იურა შემნახველ სალაროზე თავდასხმის დროს დაიჭრა, მისმა პაძელნიკებმა კი მის გადასარჩენად თითიც არ გაანძრიეს. აი, ამის გამო მინდა დაგეხმაროთ.

– თქვენ იცნობთ გრომოვის თანამზრახველებს?

– არა, მაგრამ, შემიძლია, ქალი განახვოთ, რომელიც მათზე გაგიყვანთ.

– დარწმუნებული ხართ?

– ასი პროცენტით.

– ბრძანეთ, გისმენთ.

– როგორც უკვე გითხარით, იურა ძალიან შემიყვარდა და, შესაბამისად, ვეჭვიანობდი. თუმცა, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ის სალაროს მძარცველთა შეიარაღებული ბანდის წევრი იყო და ამის შესახებ არც მას უთქვამს ჩემთვის. ერთხელ, სამსახურიდან მოვდიოდი და ჩემი იურა ვალია პავლოვას მანქანაში შევნიშნე. ვალია ჩემი ძველი მეზობელია, 39 წლისაა და შემნახველი სალაროების სამმართველოს ბუღალტერია. მე მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ სწორედ ვალია აძლევდა ამ ხალხს ნაკოლს. მაშინ კი იურას საყვარელი მეგონა და, სახლში რომ დაბრუნდა, სკანდალი მოვუწყვე. ის კი მომეფერა და დამარწმუნა, რომ ქალი შემთხვევითი ნაცნობი იყო. ორი დღის შემდეგ კი სისხლიანი ძარცვა მოხდა და იურა უგზო-უკვლოდ გაქრა. ერთი პერიოდი ვალია პავლოვასთან მინდოდა საქმის გარკვევა, მაგრამ, როცა ყველაფერი ავწონ-დავწონე და იურას გვამიც აღმოაჩინეთ, მივხვდი, რომ თქვენთან უნდა მოვსულიყავი.

კაპანაძემ ყურადღებით მოუსმინა ქალს და უთხრა:

– წესით, მე თქვენ უნდა დაგაპატიმროთ. თუნდაც იმიტომ, რომ პავლოვას ამბავი არსად წამოგცდეთ და ოპერაცია არ ჩაგვიშალოთ, მაგრამ თქვენი იმედი მაქვს და გენდობით. ეცადეთ, არსად არაფერი წამოგცდეთ.

– კარგი. კრინტს არსად დავძრავ, – თქვა ბონდარენკომ და წავიდა.

იმავე დღეს როსტოვში მეექვსე ძარცვა მოხდა:. ოთხმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა სალაროდან 230 ათასი მანეთი გაიტაცა და მძარცველები მიიმალნენ. ამჯერად ძარცვამ უსისხლოდ ჩაიარა და არავინ დაშავებულა.

გაქცეული მეთაური

კაპანაძე და მილიციის „ოპერები“ ვალია პავლოვას დასაპატიმრებლად მცირე შემადგენლობით მივიდნენ, რადგან ყურადღების მიქცევა არ უნდოდათ. თუმცა, რომ სცოდნოდათ, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ, ალბათ, თან „ომონის“  რჩეულ ქვედანაყოფს წაიყვანდნენ. გარეუბანში მისულმა ოპერჯგუფმა პავლოვას ეზოში შესვლა რომ დააპირა, ორსართულიანი სახლიდან ცეცხლი გაიხსნა. სიბნელეში ავტომატური იარაღიდან ისროდნენ და კაპანაძეს ერთი თანამშრომელი დაეღუპა, ორი კი მძიმედ დაეჭრა. ქართველმა მაიორმა აყვანის ოპერაცია მარტო განაგრძო და ერთი კაცი მოკლა, ორი კი მძიმედ დაჭრა, მათ შორის პავლოვაც. ორი ადამიანი კი ღამის წყვდიადში მიიმალა. შემთხვევის ადგილზე მილიციის დამატებითი ძალები მივიდნენ. მოკლულები პროზექტურაში წაიღეს, დაჭრილები – კი საავადმყოფოში. როგორც გაირკვა, ორივე დაჭრილი მილიციელი და ერთი მოკლული ვალიას ნახელავი იყო. ერთი შეხედვით უწყინარი ბუღალტერი, სინამდვილეში შეიარაღებული ბანდის წევრი იყო და ბოლო საქმეში პირადად იღებდა მონაწილეობას. ვალია პავლოვამ და მეორე დაჭრილმა აღიარეს დანაშაული და კაპანაძეს უთხრეს, რომ შეიარაღებულ ბანდას ვინმე არტურ პეტროსიანი მეთაურობდა. პეტროსიანმა და არმენ პოღოსიანმა გაქცევა მოახერხეს. მაგრამ, მეორე დღეს მილიციამ პოღოსიანის ცხედარი აღმოაჩინა ერთ-ერთ პარკში და გაირკვა, რომ ბანდის მეთაური პეტროსიანი 600 ათასი მანეთით გაუჩინარდა...

ჩაძინებული მძარცველი

36 წლის როსტოველი არტურ პეტროსიანი წარსულში თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი. მოგვიანებით მან მძარცველთა ბანდა ჩამოაყალიბა. მათ ექვსი ძარცვის შედეგად თითქმის 600 ათასი მანეთი გაიტაცეს და მან სწორედ ეს ფული წაიღო. პეტროსიანზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. 1972 წლის 16 სექტემბერს, თბილისში, მილიციის სამმართველოს სპეცჯგუფმა არტურ პეტროსიანი თავისი ბიძაშვილის, რობერტ პეტროსიანის სახლში, ავლაბარში მიაკვლია და სახლი ალყაში მოაქცია. მილიციელები იერიშისთვის ემზადებოდნენ, როდესაც სახლიდან პატარა ბავშვის ტირილი და რობერტ პეტროსიანის ღრიალი მოისმა:

– არ ისროლოთ! მას ჩემი ბობიკა ჰყავს და, თუ არ გაუშვებთ, მოკლავს!

მილიციამ იერიში გააუქმა. სახლიდან კი ბავშვის მამა გამოვიდა, მილიციელებს მუხლებში ჩაუვარდა და სთხოვა, იერიში არ დაეწყოთ. პოლკოვნიკმა ხმალაძემ რუპორი მოიმარჯვა და არტურ პეტროსიანს მიმართა:

– ბავშვს ნურაფერს დაუშავებ. გამოდი და მანქანაში ჩაჯექი, რომელიც კართან დაგხვდება. უკან არავინ გამოგყვება, მაგრამ, ბავშვი გზაში ჩამოსვი და წადი!

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხმალაძემ თქვა და პეტროსიანისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. ის ბავშვთან ერთად გამოვიდა და ხელში გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა. ზურგზე ფულით სავსე ჩანთა ეკიდა, ქამარში კი პისტოლეტი ჰქონდა გარჭობილი. ბანდიტი „გაზ 21-ში“ ჩაჯდა და დიდი სისწრაფით მოშორდა იქაურობას. მძევალი ბავშვი მტირალა კლდესთან ჩამოსვა და ბარათაშვილის ხიდისკენ განაგრძო გზა. თუმცა, მილიციის ჯგუფმა, რომელიც იმ კვადრატში იმყოფებოდა, ცეცხლი გაუხსნა ბოროტმოქმედს და პეტროსიანი მტკვარში გადავარდა. ბინდდებოდა და მილიციის ოპერჯგუფმა მდინარის ჩხრეკა დაიწყო. აღმოაჩინეს მხოლოდ მანქანა, პეტროსიანი და ფულით სავსე ჩანთა კი გაქრა.

ბოროტმოქმედის დაკავება მეორე დღეს მოხერხდა – მას მეტეხის ხიდის ჯებირში ეძინა და კაპიტანმა გოგოლაძემ თავისი ფულიანად ხელბორკილდადებული მიიყვანა  მილიციაში...

პეტროსიანი და პავლოვა გაასამართლეს და დახვრიტეს...

скачать dle 11.3