კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცვლის თუ არა ადამიანის ბედს სხვისი ნივთის ან ტანსაცმლის ტარება და რა იწვევს ღამით საცხოვრებელში ბოროტების გავრცელებას

ყველას თავისი სადარდებელი, საიდუმლო თუ სასიხარულო აქვს. ყველა ცდილობს, პრობლემებს თავი აარიდოს და ბედნიერად იცხოვროს, ირგვლივ სანდო და ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ასე როდი ხდება. უმრავლესობას, ცხოვრებაში არ უმართლებს და სადარდებელი მეტი აქვს, ვიდრე გასახარელი. თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მარინა ამბობს, ცხოვრება არც ისე რთულია. თუ მისი მართვა იცი და შეგიძლია, მოვლენები შენს სასარგებლოდ შემოატრიალო. როგორ მოვახერხოთ ეს, როგორ გავთავისუფლდეთ ცუდისგან და დავიბედოთ სამომავლოდ ბედნიერება, ამაზე თავად ქალბატონი მარინა მოგვცემს რეკომენდაციებს.

მარინა: ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი დადის, ყველა თავის წილ სიხარულს, დარდს, საიდუმლოსა და ტკივილს დაატარებს. ძნელია თვალებში ამოიკითხო მათი სურვილები და წუხილი. თუმცა, ყველაფერი ისედაც სახეზე აწერიათ. არადა, ეს ცხოვრება არც ისე რთულია, რასაკვირველია, თუ მას თავად ვმართავთ და ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანების რჩევებს გავითვალისწინებთ.

– თქვენი თქმით, ადამიანს საკუთარი ცხოვრების მართვა თავად შეუძლია?

– რასაკვირველია, ცხოვრების მართვა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, უფრო სწორად, შეგვიძლია, ჩვენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო, სახალისო, ბედნიერი და წარმატებული გავხადოთ. არსებობს წესები, ყველა ოჯახში რომ უნდა დაიცვან. ამით უბედურებას, უიღბლობასა და უფულობას აიცილებენ თავიდან. მაგალითად, საღამოს მაგიდაზე თავღია ჭურჭლის დატოვებამ, ღამით საცხოვრებელში ბოროტების გავრცელება იცის; გაბზარული ან გატეხილი ჭურჭლის შენახვას უბედურება მოაქვს; ღამით მაგიდაზე დანის ან რაიმე მჭრელი საგნის დატოვებას უსიამოვნებები მოსდევს ოჯახის წევრებს შორის; სხვისი ნივთის ან ტანსაცმლის ტარებამ, ბედის შეცვლა იცის; ნუ დაგვით იატაკს მაშინ, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გზაშია; ნუ გექნებათ სახლში ორი ცოცხი, ის ბედზე ცუდად აისახება და არ არის გამორიცხული, საყვარელი ადამიანისგან ღალატი გაიგოთ. მოკლედ, ასეთი უამრავი რჩევა შემიძლია, მოგცეთ. ასევე, გეტყვით, რომ ბედისწერა მჭიდროდაა დაკავშირებული ავგაროზებზე. თუმცა, ხშირად ავგაროზისა და თილისმის მნიშვნელობები გაიგივებულია. არადა, ისინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თილისმა არის ნივთი, რომელიც რაიმე კონკრეტული შემთხვევისთვისაა შექმნილი. მისი დამზადებისას გათვალისწინებულია ფორმა, მასალა და შეფერილობა. ამის შემდეგ, თილისმა იწყებს საჭირო ენერგიის გადმოფრქვევას მასზე, რომელიც მას ატარებს. ავგაროზი კი ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს. თუ მას დადებითი ენერგიით დამუხტავთ, ის კოსმიურ პროგრამირებასთან დაგაკავშირებთ, ანუ ბედისწერასთან.

– დღეს უამრავი ავგაროზი იყიდება, რომელსაც აწერია, კერძოდ, რისთვის არის მისი ტარება სასურველი. მისაღებია მათი ასე გაუთვითცნობიერებლად შეძენა და ტარება?

– მართალია, დღეს უამრავი ავგაროზი იყიდება, რომელსაც აწერია, რისთვის უნდა ატაროს ადამიანმა, მაგალითად – ბედის გასახსნელად, სიყვარულის საპოვნელად, ოჯახის გასამყარებლად, მატერიალური კეთილდღეობისთვის თუ კარიერის მოსაწყობად. თუ დამიჯერებთ, ასეთი ავგაროზის ტარებას არ გირჩევთ. არასწორად შერჩეული ავგაროზი არღვევს კავშირს ბედისწერასთან და მისი გავლენა შესაძლოა, უკიდურესად ნეგატიურიც კი აღმოჩნდეს. მაგალითად, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ყოველ წელს ახალ ავგაროზს ყიდულობენ და ამით მთელი წლის განმავლობაში წარმატებები გარანტირებული აქვთ. იქ ასეთი რამეების მეტად სჯერათ. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ბიზნესის დამცავ ავგაროზზეა. ბიზნესმენი, რომელიც ასეთ ამულეტს ატარებს, მას თავისთავად თავისი ენერგიით მუხტავს. ის კი გადასცემს ინფორმაციას მოსალოდნელი არასასურველი მომენტების შესახებ, რომელიც მისი ქვეცნობიერისთვის კოსმიური პროგრამების საშუალებითაა ცნობილი. ჩვენთან ავგაროზები კუსტარულად მზადდება და მას არანაირი დანიშნულება არ აქვს. უცხოეთში კი ამაზე პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსთა მთელი ჯგუფი მუშაობს. ავგაროზი მუდამ თან უნდა გქონდეთ, უნდა ეხებოდეთ, ხედავდეთ, გრძნობდეთ. ავგაროზი, რომელიც წარმატებების მომტანია ერთი პიროვნებისთვის, მეორისთვის შესაძლოა, სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. ამიტომ, სხვისი ავგაროზი თქვენ არ გამოგადგებათ. ის ინდივიდუალურია და ყველას თავისი უნდა ჰქონდეს.

– იქნებ დაგვაკვალიანოთ და მოგვცეთ რჩევა, როგორ შევარჩიოთ სწორად ავგაროზი, რომ მან მთელი წლის განმავლობაში წარმატება და ბედნიერება მოგვიტანოს?

– შერჩევისას ფორმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, უმჯობესია, გლუვი იყოს და მახვილი კუთხეები არ ჰქონდეს. მახვილი კუთხეები ხელს უწყობს ნივთიდან ენერგიის გამოდინებას. აუცილებელია, რომ ავგაროზი, როგორც ნივთი, ძალიან მოგწონდეთ, გსიამოვნებდეთ მისი ყურება და შეხება. ასე მისი დამუხტვაც ადვილად ხდება, რადგან ენერგეტიკული კავშირი მყარდება ნივთსა და თქვენ შორის. სხვათა შორის, ავგაროზის დამუხტვის ყველაზე იოლი ხერხია, ის, რომ ნივთი აუცილებლად ეხებოდეს სხეულს. ამიტომ, უმჯობესია, ის გულზე დაიკიდოთ. ძილის წინ ადამიანი კონკრეტულ საკითხზე ფიქრობს, საკუთარ თავში იკეტება, აკეთებს ანალიზს, აწყობს გეგმებს. ძილის დროს ქვეცნობიერი განაგრძობს ამაზე მუშაობას. გულზე დაკიდებული ავგაროზი კი ნელ-ნელა იმუხტება. დილით მას უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია მისი მფლობელისთვის. ასე რომ, ავგაროზსა და ბედისწერას შორის უდიდესი კავშირია და ეს უნდა გახსოვდეთ.

– გამიგია, თითქოს დიდ როლს თამაშობს ადამიანზე თილისმის ფერი. ამაზე რას გვეტყვით?

– მართალია, თილისმის ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. უძველესი მაგიური ფერებია ცისფერი და წითელი. მე დიდი ხანი რუსეთში ვცხოვრობდი. იქ ვსწავლობდი და შემდეგ ვმუშაობდი კიდეც. წარმოიდგინეთ, რუსეთში წითელი ლენტებით დღესაც რთავენ ცხოველებსა და ბოსტანში დარგულ მცენარეებს. ასევე, გათვალვის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა თეთრი და შავი ფერები. უფრო რთულად იყო საქმე ყვითელ ფერთან. გადმოცემის თანახმად, ადამიანი, რომელიც ოკულტური გავლენისადმი მგრძნობიარეა და ადვილად იღებს თვალს, არ იცვამს ყვითელ ტანსაცმელს. უფრო მეტიც, საერთოდ, ყვითელი ფერის საგნების გარემოცვაში თავს მოუსვენრად გრძნობს. ძველად, საქართველოში მიაჩნდათ, რომ ხმაურით ავ და ბოროტ სულებს ადვილად დააფრთხობდნენ. კერძოდ, ხმაურის საშუალებით ადვილად აძევებდნენ ბოროტ ძალას და მის ავ საქმეებს უშლიდნენ ხელს. ასევე, ბოროტებას ადვილად აფრთხობს ხელების ტკაცუნი და ძაღლის ყეფა. გეტყვით იმასაც, რომ გათვალვის არიდება უფრო იოლია, ვიდრე მისგან განკურნება. ასეთი დაავადება ხომ ჩვეულებრივი წამლებით არ იკურნება. ამიტომაც გათვალული ადამიანები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ავი თვალი აიღეს და ამის გამო ცხოვრებაში სირთულეები შეექმნათ ან ბედი ჩაეკეტათ, მაშინვე მიმართავდნენ უძველეს მეთოდს,  კერძოდ, წყლის, ნახშირისა და დანის საშუალებით ცდილობდნენ მის მოგვარებას. სხვათა შორის, ამ მეთოდს დღესაც იყენებენ მთიან სოფლებში, ჩვილი ბავშვის დასამშვიდებლად და მოზარდებში ღამის ძილის მოსაწესრიგებლად.

скачать dle 11.3