კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცოდვაში ვარდება ადამიანი ულოცველობის გამო და როდის ებრძვის მას ვნებიანი აზრები

„განმავლობასა შინა დიდისა მარხვისასა, ყოველდღე წირვაზედ, ლოცვაზედ, მწუხრზედ და ცისკარზედ არა ერთ-გზის გესმისთ თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, მოკლე ლოცვა: უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო... ამ ლოცვას ასე ხშირად წმიდა ეკლესია მისთვის განიმეორებს წირვა-ლოცვაზედ, რომელ იგი არს ფრიად საჭირო და სასარგებლო ყოველთა ქრისტიანეთათვის. ვინც კარგად გაიგებს აზრსა ამ ლოცვისასა და ეცდება, რომ შეითვისოს იგი და მერმე აღასრულოს თავის ცხოვრებაში, ის მიიღებს დიდს სულიერ სარგებლობას“. ის ადამიანები, ვინც აღდგომის მარხვას ინახავენ, ლოცულობენ, დიდმარხვის პირველ კვირაში კითხულობენ ანდრია კრიტელის სინანულის კანონს, ხოლო მთელი მარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ კითხულობენ ეფრემ ასურის ლოცვებს, რომელიც ადამიანებს ბევრ საკითხზე დაფიქრების საშუალებას აძლევს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელოების ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი): 

– მარხვის პერიოდში უნდა განვერიდოთ ამქვეყნიურ ამაღლებას, რათა საკუთარ ცოდვებზე ვიფიქროთ, უფლის წინაშე ცრემლი ვღვაროთ და მოვემზადოთ წრფელი აღსარებისთვის, რომელიც აუცილებლად წარხოცავს ჩვენს ცოდვებს. გარდა იმისა, რომ მარხვის დღეებში უნდა მივიღოთ სამარხვო საკვები, ამავდროულად, აუცილებელია კეთილი საქმეების კეთება: გლახაკებისთვის ხელის გამართვა, სნეულთა მონახულება, ქველმოქმედება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა უფლის მიერაა მოცემული როგორც ხორცისთვის, ასევე სულისთვისაც, რადგან, როგორც საზრდელის გარეშე დაუძლურდება, მოკვდება ხორცი, ასევე, აუცილებლად დაჩიავდება მარხვის გარეშე სული. ზოგ ქრისტიანს მიაჩნია, რომ ღმერთთან ურთიერთობისთვის მთავარია მხოლოდ სიყვარული, დანარჩენი – მარხვა, ლოცვა, სინანული – მეორეხარისხოვანია. მარხვა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ადამიანს ეხმარება, თანხმობა და ჰარმონია დამყარდეს მის სულსა და ხორცს შორის. 

– მამაო, ადამიანის ვნებებს შორის ყველაზე გავრცელებული სწორედ ნაყროვანების ცოდვაა და მასზე განსაკუთრებულად უჭირთ უარის თქმა. 

– ვნებათა შორის ყველაზე ბუნებრივი არის ნაყროვანება, რადგან ის წარმოიშობა ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიდან. შიმშილსა და წყურვილს გრძნობს ყველა ნორმალური ადამიანი, მაგრამ, არანორმალურად მიღება საკვებისა, სასმლისა, ნორმალურ მოთხოვნილებას გადააქცევს უნორმოდ, ბუნებრივის საწინააღმდეგოდ. ბიწიერად ნაყროვანება, ესე იგი, უნორმო კვება, ბუნებრივად აღძრავს ხორციელ სურვილს, სექსუალურ მისწრაფებებს, რომელსაც, თუ არ მოვიკვეთთ, მივყავართ სიძვის ვნებამდე. ამ გზით იშვება ყოველგვარი ბილწი აზრი, სურვილი, ოცნება და ასე შემდეგ. ამ სამარცხვინო ვნების დასაკმაყოფილებლად ადამიანს სჭირდება მატერიალური საშუალება, რაც, თავის მხრივ, შობს ვერცხლისმოყვარეობის ვნებას, რომლისგანაც იღებს სათავეს ყველა ის ცოდვა, რაც ფულთან არის დაკავშირებული: ფლანგვა, ფუფუნება, სიძუნწე, ნივთმოყვარეობა, სიხარბე, შური. ჩვენი ცხოვრების მატერიალური წარუმატებლობა გვაგდებს მრისხანებაში, გვეუფლება მწუხარება და სასოწარკვეთილება. მრისხანებისგან წარმოიშობა ყველა ცხოვრებისეული ცოდვა, რომელიც ვლინდება ნერვიულობით, თავშეუკავებლობით, შფოთვით, ჩხუბით, გაბოროტებით. 

– მამაო, აღდგომის მარხვაში იკითხება ანდრია კრიტელის სინანულის კანონი და ეფრემ ასურის ლოცვა. რა მნიშვნელობა აქვს ლოცვებს მარხული ადამიანებისთვის? 

– ანდრია კრიტელის კანონი ადამიანს მოუწოდებს და შეამზადებს არა მხოლოდ ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად, არამედ, უნერგავს გაგებას იმისა, რომ არის ცოდვილი ადამიანი. 9 კანონში, რომელიც 4 ნაწილად იყოფა, არის ისეთი მომენტები, რომლებიც ადამიანს ახსენებს დაცემას, ადამისა და ევას გამოდევნას სამოთხიდან; მეორე ნაწილის საკითხავები – გალობები, მიანიშნებს წარღვნის, ნოეს პერიოდს; მესამე ნაწილში არის დავითის პერიოდი – რჩეული ერის შესვლა აღთქმულ მიწაზე; მეოთხე, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი გვახსენებს, რომ ჩვენ უკვე მივუახლოვდით ყველაზე აღმატებულს, ძვირფასს – მაცხოვრის მოსვლას, მის მოღვაწეობას, ჯვარცმასა და აღდგომას. ფაქტობრივად, ეს არის ადამიანის სულიერი მზადება და მასში სინანულის გაღვიძება. თუ მარხვაში არ ექნება სინანულის განცდა, ბუნებრივია, ეს მარხვა ქრისტიანისთვის ნაყოფის მომტანი არ იქნება. თუ იგი ამ მსახურებაზე ეკლესიაში დასწრებას ვერ ახერხებს, რომ არ მოსწყდეს იმ სულიერ მდგომარეობას, რაც ამ მსახურებას ახლავს თან‚ შეუძლია, ლოცვები სახლში წაიკითხოს. მაგრამ, ამან არ უნდა მიიღოს ყოველდღიური ხასიათი. იმით არ უნდა ინუგეშოს თავი, ვერ ვახერხებ ეკლესიაში წასვლას და ამიტომ ანდრია კრიტელის კანონს, ეფრემ ასურის ლოცვას, პირველშეწირულებას სახლში აღვასრულებო. თანაც, სახლში მხოლოდ კი არ უნდა წაიკითხოს, არამედ, უკეთ უნდა გააცნობიეროს, რომ ყველას გვჭირდება ღვთის შეწევნა. რაც შეეხება ეფრემ ასურის ლოცვებს, მათი წაკითხვა მთელი დიდმარხვის განმავლობაში აუცილებელია. ამ ლოცვის მთავარი შინაარსი საკუთარი ცოდვების დანახვაა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი სული. თანამედროვე ადამიანები ხშირად ვართ ჩავარდნილი უსაქმურობის ცოდვაში, რომლისგან დახსნასაც შევთხოვთ უფალს ამ ლოცვის დასაწყისში. აქ საუბარია არა მხოლოდ ხორციელ უსაქმურობაზე, არამედ, სულიერზეც, როდესაც არ ვლოცულობთ, არ ვადიდებთ უფალს, არ ვმარხულობთ. ჩვენი სულიერი უმოქმედობა იწვევს ჩვენს ფიზიკურ უმოქმედობას და ეს, თავის მხრივ, მრავალ ცოდვას წარმოშობს, მაგალითად, ისეთს, როგორიც არის მიმწვილველობა, ანუ მოწყენილობა. ეფრემ ასურის ლოცვაში ასევე ნახსენებია მთავრობისმოყვარეობა. ამ ცოდვაში შეიძლება ჩავარდეს ნებისმიერი, ვინც, დიდებისმოყვარეობისკენაა მიდრეკილი; სურს, რომ ყველა მის გარშემო ტრიალებდეს და, რადგან ეს ასე არ ხდება, ამიტომ უკვე ის ვარდება მრისხანების ცოდვაში. მრისხანება კი წარმოშობს ცუდმეტყველებას: საერონი ხშირად ბილწსიტყვაობენ, ხოლო სასულიერონი მრავლისმეტყველებაში ვვარდებით. ლოცვის მომდევნო მუხლებში ვითხოვთ, რომ უფალმა მოგვმადლოს: სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა. რადგან ადამიანი არის ხატება და მსგავსება ღვთისა, ის აუცილებლად უნდა იყოს წმიდა. უფალი ამას მოითხოვს ჩვენგან: წმიდა ვარ და წმიდა იყავით თქვენც. ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებას სიწმიდით იწყებს და, როდესაც გარდაიცვლება, ის უფალს სიწმიდით მიეახლება. თუ ადამიანი სიწმიდით არ ცხოვრობს, რაც უნდა გააკეთოს, მას არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს უფალთან, სიწმიდეში კი მხოლოდ სულიერი სიწმიდე არ იგულისხმება, ადამიანი გარეგნულადაც უნდა იყოს მოწესრიგებული; ის სულზეც უნდა ზრუნავდეს და ფიქრობდეს და საკუთარ სხეულზეც, რომელიც უფლის ტაძარია. რაც მთავარია, უნდა ვიყოთ თავმდაბლები და ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი, ეს სიწმიდიდან, უფლის სიყვარულიდან უნდა მომდინარეობდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მძიმე განსაცდელში მხოლოდ ბოლომდე მომთმენები ცხონდებიან. თუ ქრისტიანი არ იცხოვრებს სიწმიდეში, ვერ მიხვდება საკუთარ შეცოდებებს, მას არ ექნება სიყვარული, ვერ დაინახავს საკუთარ ცოდვებს და მუდმივად მოყვასის, სხვების განკითხვაში იქნება. თუ ღმერთი გიყვართ, მისი მცნებები უნდა დაიცვათ და ის მოგცემთ ჭეშმარიტ, ღვთაებრივ და არა ვნებიან სიყვარულს, რომელიც კეთილი საქმეების აღსრულებაში დაგეხმარებათ. მცნებების დაცვაში კი ერთ-ერთია სხვის განკითხვაზე უარის თქმა. ჩვენთვის ძალიან იოლია, დავინახოთ სხვისი ცოდვა, განვიკითხოთ და ვერ შევძლოთ იმის დანახვა, თუ როგორ ვცოდავთ ჩვენ, როგორ ვართ ცოდვის ჭაობში ჩაფლული და სხვისი განკითხვით კიდევ უფრო მეტ ცოდვას ვიმატებთ...

скачать dle 11.3