კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ნიკოლო მიწიშვილის სახელი დასახვრეტთა სიაში

საბჭოთა კავშირსა და მის „განუყოფელ“ ნაწილში საქართველოში ბოლშევიკური ტერორი (რეპრესიები) განსაკუთრებით მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მძვინვარებდა. ბოლშევიკი ჯალათების სამიზნე ხდებოდნენ ეროვნულად და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები. დასმენა-შპიონაჟი საბჭოთა რეჟიმის თანმდევი გახდა. დანაშაულის აღიარების მიზნით, პატიმრებზე სასტიკი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა მიმდინარეობდა. რეპრესიების სუსხი განსაკუთრებით ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა იწვნიეს. ამჯერად მკითხველის ყურადღებას ერთ-ერთ ასეთ რეპრესირებულ პოეტზე, პუბლიცისტსა და მწიგნობარზე – ნიკოლო მიწიშვილზე შევაჩერებთ. ჩვენი რესპონდენტია ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია.

 ლევან ჯიქია: ნიკოლოზ (ნიკოლო) იოსების ძე მიწიშვილმა თექვსმეტი წლის ასაკში გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი. სხვადასხვა დროს ის რედაქტორობდა გაზეთებს – ჯარისკაცის ხმა“ და „ფიგარო“, ჟურნალს „ქართული მწერლობა“. მიწიშვილი 1918 წელს შეუერთდა „ცისფერყანწელთა“ ორდენს. ის აქტიურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭდვით ორგანოებთან („მეოცნებე ნიამორები“, „პოეზიის დღე“, „ბახტრიონი“, „ბარიკადი“, „რუბიკონი“).  

– რა პოზიცია ეკავა მიწიშვილს საბჭოთა ხელისუფლებასა და პატრიოტი ქართველი მწერლების დაპირისპირებაში?

– ის ძლიერ განიცდიდა ამ დაპირისპირებას, ამიტომ მიზნად დაისახა, ერთგვარი შუამავლის როლი შეესრულებინა მათ შორის. ამ მიზნით, 1922 წელს ის უცხოეთში მიემგზავრება და სტამბულის გავლით, საფრანგეთში ჩადის. ნიკოლო მიწიშვილი ცდილობდა ემიგრანტები დაებრუნებინა დაცარიელებულ საქართველოში, რადგან დასავლეთის ქვეყნებისგან საქართველოსთვის რეალური დახმარების იმედი მას არ ჰქონდა. ეს გარემოება, გარკვეულწილად, საბჭოთა ხელისუფლებასაც აწყობდა, რადგან ამის შემდეგ უფრო გაადვილდებოდა საერთაშორისო არენაზე მისი სამართალსუბიექტად აღიარება. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, წინააღმდეგობა არ შეხვედრია, უფრო მეტიც, მიწიშვილის უცხოურ პასპორტს პირადად ლავრენტი ბერია აწერდა ხელს. 

– როგორ შეხვდნენ ნიკოლო მიწიშვილს ემიგრანტები?

– მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ სკეპტიკურად. ბევრს ეგონა, რომ მიწიშვილი საბჭოთა სპეცსამსახურების დაკვეთით მოქმედებდა. მას ემიგრანტებთან კონფლიქტიც კი მოუვიდა, რის გამოც ფრანგებმა ის „სანტეს“ ციხეში ჩასვეს. საფრანგეთში ჩასულ მიწიშვილს მიზნად ჰქონდა დასახული, გამოეცა ჟურნალი, თუმცა საამისოდ არანაირი სახსრები არ გააჩნდა და ამიტომ გადაწყვიტა, „რენოს“ ქარხანაში დაეწყო მუშაობა, სადაც ავტომობილებს ღებავდა. მიუხედავად ასეთი სიძნელეებისა, მან მოახერხა ჟურნალის დაარსება. მასთან თანამშრომლობდნენ: დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ნიკო მარი, ასევე  ფრანგი, იტალიელი და ესპანელი მწერლები, მხატვრები, პოეტები. რაც შეეხება ქართულ ემიგრაციას, ისინი როგორც მიწიშვილს, ისე მის მიერ დაარსებულ ჟურნალს, ეჭვის თვალით უყურებდნენ და მასთან არ თანამშრომლობდნენ. 

– საბოლოო ჯამში, იყო თუ არა მიწიშვილის ევროპული ვოიაჟი წარმატებული?

– შეიძლება ითქვას, რომ მიწიშვილის ევროპული ვოიაჟი წარუმატებელი აღმოჩნდა. მან, ფაქტობრივად,  ვერ შეასრულა შუამავლის როლი ქართველ ემიგრანტებსა და საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას შორის.  1925 წელს ის საქართველოში გულგატეხილი დაბრუნდა.

– იყო თუ არა ნიკოლო მიწიშვილის ევროპაში გამგზავრება მართლაც საბჭოთა ხელისუფლების დავალება?

– გადაჭრით ამის თქმა ძნელია. თუმცა, ამ ფაქტორმა მას ცუდი სამსახური გაუწია, რაც მის საბრალდებო დასკვნაშიც აისახა. 

– კონკრეტულად, რას ედავებოდა მიწიშვილს საბჭოთა ხელისუფლება?

– სანდრო შანშიაშვილის ოჯახში გამართულ წვეულებაზე მიწიშვილს ხმამაღლა უგინებია ბერია. ეს ამბავი უმალვე ბერიას მიუტანეს. ამას დაემატა კიდევ ერთი გარემოება – ბერიამ მიწიშვილს პაოლო იაშვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ეს კი სავსებით საკმარისი იყო მისი ფიზიკური ლიკვიდაციისთვის. ბერიამ სტალინს ხელმოსაწერად წარუდგინა დასახვრეტთა სია, რომელშიც ნიკოლო მიწიშვილის სახელიც ფიგურირებდა. მანამდე კი 1937 წლის მაისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის მეათე ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ლავრენტი ბერიამ აღნიშნა: „...ზედმეტი არ იქნება, სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს, აგრეთვე: გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები. საბჭოთა მწერალი, უპირველესად, ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს საბჭოთა ხელისუფლებას, სოციალისტურ სამშობლოს, ლენინისა და სტალინის პარტიას მიუძღვნის. მას უნდა უყვარდეს საბჭოთა ხალხი, საბჭოთა სამშობლო და ღრმად სწამდეს მისი ძალა და ძლიერება... ჩემ მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შემდგომი საქციელი, ის გარემოება, თუ რა სწრაფად გარდაიქმნებიან და დაჰგმობენ თავიანთ წარსულ საქმეებსა და კავშირურთიერთობას, განსაზღვრავს ჩვენი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას მათდამი“. ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. 1937 წლის 2 ივნისს მიწიშვილი დააპატიმრეს.

– რა ბრალდება წაუყენეს კონკრეტულად მას?

– მიწიშვილისთვის წაყენებული ბრალდების ნუსხა საკმაოდ ვრცელია, ამ ბრალდებაში ვკითხულობთ, რომ: მიწიშვილს ბრალი ედება ანტისაბჭოთა ფაშისტურ-ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრობაში. 1923 წელს ის პარიზში დაუკავშირდა მენშევიკური ემიგრაციის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას, რომლისგანაც მიიღო მითითება საბჭოთა კავშირში კონტრრევოლუციური საქმიანობის განხორციელების შესახებ. მიწიშვილი დაუკავშირდა ერთ-ერთი უცხოური ქვეყნის დაზვერვას, რომელსაც აწვდიდა პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის საიდუმლო ცნობებს. საქართველოში დაბრუნებული მიწიშვილი დაუკავშირდა ნაციონალისტურად განწყობილ მწერლებს: მიხეილ ჯავახიშვილს, ტიციან ტაბიძეს, გიორგი ლეონიძეს, კონსტანტინე გამსახურდიას, პაოლო იაშვილს, იაკინთე ლისაშვილს, ლეო ქიაჩელს და სხვებს. მათი მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. 

– აღიარა თუ არა მან წაყენებული ბრალი?

– ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების მიღწევა საბჭოთა სინამდვილეში პრობლემას არ წარმოადგენდა საპყრობილეებში აპრობირებული წამების მეთოდების გათვალისწინებით. ცხადია, მიწიშვილსაც იმავე მეთოდებით გაუსწორდნენ, რის შემდეგაც, მათ „ნანატრი“ აღიარება მიიღეს. აქვე, უნდა შევნიშნოთ, რომ დაპატიმრებული მიწიშვილი საგამოძიებო ორგანოებმა 16-ჯერ დაკითხეს. თუმცა, მისი დაკითხვის ოქმი მხოლოდ ორჯერ გაფორმდა. მიწიშვილს 1937 წლის 12 ივლისს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ, მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით.

– როდის მოხდა მიწიშვილის რეაბილიტაცია?

– 1956 წლის 28 აპრილს სსსრ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიწიშვილი რეაბილიტირებულად გამოაცხადა და მისი საქმის წარმოება შეწყვიტა დანაშაულის არარსებობის გამო.

скачать dle 11.3