კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ცნობილი ტაძარი აშენდა რუსეთის იმპერიის საუკეთესო ხუროთმოძღვრის დავიდ გრიმის პროექტით თბილისში და სად ცხოვრობდა თბილისელი არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი

მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცის დასაწყისის თბილისელი არქიტექტორები იმდენად ცნობილები იყვნენ, რომ შენობებს მათი ავტორების გვარებით მოიხსენიებდნენ. ეს ტრადიცია თბილისის ძირძველ მოქალაქეებში დღემდეა შემორჩენილი და, ამიტომ, შესაძლოა, გსმენიათ კიდეც ზალცმანის, ბილფელდისა და სხვათა გვარები, რომელთა მიერ შექმნილმა ნაგებობებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის განაშენიანებასა და მისი ისტორიული ნაწილისთვის ერთგვარი ხიბლის წარმოქმნაში. დღევანდელ „ფოტოისტორიაში” იმ თბილისელი არქიტექტორების შესახებ მოგითხრობთ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თბილისის გალამაზებაში.

 

ჯოვანი და ჯუზეპე ბერნარდაცები

ერთ-ერთი პირველები უცხოელ არქიტექტორებს შორის, რომლებმაც თბილისში რამდენიმე პროექტი განახორციელეს, იყვნენ იტალიელი ძმები – ჯოვანი და ჯუზეპე ბერნარდაცები. ბერნარდაცების დინასტია პამბიოდან, შვეიცარიის იტალიური ნაწილიდან იღებდა სათავეს, რუსეთის იმპერიაში კი ამ გვარის წარმომადგენლები პირველად იმპერატორ ალექსანდრე პირველის დროს გამოჩნდნენ. ჯოვანი და ჯუზეპე სანკტ-პეტერბურგში მუშაობდნენ, შემდგომ პიატიგორსკში დასახლდნენ, საიდანაც თბილისში ჩამოსულან და რამდენიმე პროექტი განუხორციელებიათ, მათ შორის ყველაზე ცნობილია ამჟამინდელი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შენობა ერევნელის, ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე, სადაც მანამდე სასულიერო სემინარია და სასტუმრო იყო გახსნილი. მათი კიდევ ერთი პროექტი – გუდიაშვილისა და პუშკინის ქუჩების კუთხეში მდგარი სამსართულიანი სახლი – ამჟამად დანგრეულია. არქიტექტორი ძმები 1840-1842 წლებში გარდაცვლილან და, ცნობილია, რომ მიხეილ ვორონცოვს დიდი გულისტკივილი გამოუხატია მათი მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ძმები ბერნარდაცები პიატიგორსკის ძველ სასაფლაოზე – „ნეკროპოლზე” არიან დაკრძალულნი.

დავიდ გრიმი

დავიდ ივანეს ძე გრიმი დაიბადა პეტერბურგში, 1823 წლის 22 მარტს და იქვე გარდაიცვალა 1898 წლის 21 მაისს. ის ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხუროთმოძღვრად რუსეთის იმპერიაში. თბილისში გრიმის პროექტით ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარი აშენდა. გოლოვინის პროსპექტზე, ღუნიბის მოედანზე, სობოროს აგება გრიმის 1866 წელს შექმნილი პროექტით, 1871 წელს დაიწყო, თუმცა, მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა და, საბოლოოდ, ტაძრის კურთხევა გრიმის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1897 წლის 21 მაისს შედგა. 1930 წელს, ლავრენტი ბერიას ბრძანებით, სობორო დაანგრიეს და მის ადგილზე ყოფილი პარლამენტის შენობა ააგეს. 

გრიმი სანკტ-პეტერბურგის სმოლენსკის ლუთერანულ სასაფლაოზეა დაკრძალული.

ლეოპოლდ ბილფელდი

ლეოპოლდ ბილფელდი (1838-1921) ჰანოვერში იყო დაბადებული. მამამისს, ინჟინერ-არქიტექტორს, ქალაქ ოლდენბურგის აშენებისთვის თავადის წოდება მიანიჭეს. ლეოპოლდს განათლება გერმანიასა და დანიაში ჰქონდა მიღებული, სწავლა კი 1867 წელს დაუსრულებია სანკტ-პეტერბურგში. თბილისში ლეოპოლდ ბილფელდი 1868 წელს დასახლებულა – მას მიწის ნაკვეთი შეუძენია კიროჩნის ქუჩაზე და სახლი აუშენებია (აწინდელი მარჯანიშვილის ქუჩა), რომელშიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მისი მეუღლე გახლდათ მინე ბორნემანი. ბილფელდის სახელს უკავშირდება თბილისის რამდენიმე ისტორიული შენობა-ნაგებობა: ლუთერანული ეკლესია მიხეილის პროსპექტზე; ქაშუეთის ეკლესიის რესტავრაცია 1910 წელს და სასტუმრო „ვეტცელის” აშენება მიხეილის პროსპექტზე 1911 წელს. გარდა ამისა, ბილფელდი კერძო საცხოვრებელი სახლების დაპროექტებითაც იყო დაკავებული. მისი პროექტით გაშენდა მაიერის პარკი მიხეილის პროსპექტზე, რომელსაც ამჟამად „ვარდების ბაღის“ სახელით ვიცნობთ. თბილისის არქიტექტურაში შეტანილი წვლილისთვის ლეოპოლდ ბილფელდი წმიდა სტანისლავის მესამე ხარისხისა და წმიდა ანას მესამე ხარისხის იმპერიული ორდენებით დააჯილდოვეს. ბილფელდს იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ მისი დამკვეთები თბილისის ყველაზე შეძლებული მოქალაქეები იყვნენ. 

ალბერტ ზალცმანი

თბილისში, გერმანელი კოლონისტების ოჯახში დაბადებული ალბერტ ზალცმანი (1833-1897) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორი იყო, რომელსაც განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. მამამისი, ტეოდორ ზალცმანი, პირველი თაობის კოლონისტი იყო და თბილისში ლუდის წარმოებით იყო დაკავებული. 1860-იან წლებში ზალცმანი სტაჟირებაზე იმყოფებოდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის – გერმანიაში, ბელგიასა და ინგლისში, სადაც პროექტირებაში საჭირო გამოცდილება მიიღო. მისი პროექტით ტფილისში უამრავი ცნობილი შენობა აიგო: „ცისფერი გალერეა” (იგივე „დიდების ტაძარი“) გოლოვინის გამზირზე; მიხეილის საავადმყოფო აღმაშენებლის გამზირზე; წმიდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია  ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, რომელიც კონსტანტინე ზუბალაშვილის დაკვეთით 1877 წელს ეკურთხა; ამჟამად დანგრეული სასტუმრო „ორიანტი” რუსთაველის გამზირზე და, ასევე, უამრავი კერძო სახლი. თავად ალბერტ ზალცმანი მიხეილის (აწინდელ აღმაშენებლის) გამზირის ¹115-ში ცხოვრობდა. 

ვიქტორ შრეტერი

წარმოშობით ბალტიელმა გერმანელმა ვიქტორ შრეტერმა, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა დააპროექტა – საუბარია რუსთაველის გამზირზე მდებარზე ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაზე. შრეტერმა, რომელსაც განათლება ბერლინში ჰქონდა მიღებული, რუსეთის იმპერიაში პირველმა დაიწყო ფასადის მოპირკეთებისას გამომწვარი აგურის გამოყენება. შრეტერთან ერთად ოპერის თეატრზე მუშაობდნენ თბილისში მოღვაწე სხვა ცნობილი არქიტექტორები: ალექსანდრ შიმკევიჩი, პაულ შტერნი და ალბერტ ზალცმანი. ვიქტორ შრეტერი 1901 წელს გარდაიცვალა, მას დარჩა რვა შვილი, რომელთაგან ორი მამის კვალს გაჰყვა და არქიტექტორები გახდნენ. შრეტერი სანკტ-პეტერბურგში, სმოლენსკის ლუთერანულ სასაფლაოზეა დაკრძალული.

скачать dle 11.3