კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ შეცვალა ნათია მონტგომერის ცხოვრება რადიკალურად, რომელი ქალაქით აღფრთოვანდა ამერიკაში და რა სიურპრიზებს უწყობდა მას ამერიკელი მეუღლე

„რუსთავი 2-ის“ დილის კულინარიული რუბრიკის წამყვანი ნათია მონტგომერი საოცრად კარგი, თბილი და საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ მიიწვიეს ამერიკაში კონფერენციაზე, მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ კომპანიაში და სულაც არ მოელოდა, რომ ცხოვრებას კულინარიას დაუკავშირებდა. ერთ-ერთ ამერიკულ ოჯახში მოხვედრამ კი მისი გეგმები რადიკალურად შეცვალა. როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე ამერიკაში და რა ცვლილებები მოხდა მის ცხოვრებაში, ამას თავად ნათია გვიამბობს.

ნათია მონტგომერი: 1998 წელს გავემგზავრე შეერთებულ შტატებში. ვმუშაობდი ამერიკულ კომპანიაში. ეს იყო დიეტური დანამატებისა და ვიტამინების კომპანია. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გავგზავნე სივი ერთ-ერთ კომპანიაში, რის შემდეგ მომივიდა მოწვევა კონფერენციაზე. ეს იყო ნეშვილის შტატში. მივედი კონსულთან, მივიღე მისგან საოცნებო „ვიზა“ და გავემგზავრე. მახსოვს, ზამთარი იყო, იანვარი. მოვხვდი სასტუმროში, რომელიც იყო სულ შუშებში, ნომრამდე მივდიოდი გონდოლებით და ისმოდა ჩიტების საოცარი ჭიკჭიკი. მაშინ ჩვენთან „კერასინკების” დრო იყო, უშუქობა და აქედან იქ მოხვედრა იყო ნამდვილი სასწაული. რაღაც ჯადოსნურ სამყაროს ჰგავდა. საქართველოდან წავედი სულ მარტო. ჯიბეში მხოლოდ 200 დოლარი მქონდა.

– ამერიკულ კომპანიაში მუშაობის დაწყება ადვილი არ იქნებოდა.

– თავიდან კონფერენციაზე ვიყავი მიწვეული, რადგან ვიცოდი რუსული და ინგლისური. ალბათ ჩემში რაღაც მოეწონათ, რადგან ამიყვანეს. კომპანიაში დიდხანს არ დავრჩენილვარ. ხელფასი არც ისე დიდი იყო და მერჩივნა სხვა სამსახური მომეძებნა. შემდეგ სხვა შტატში გადავედი საცხოვრებლად. ვიპოვე სამსახური ერთ-ერთ ძალიან მდიდარ ოჯახში და ამიყვანეს როგორც პერსონალური შეფი. ყოველთვის მეხერხებოდა კულინარია, თუმცა, მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ კულინარიის ფაკულტეტზე ჩავაბარებდი და ამ სფეროში გავიღრმავებდი ცოდნას. ძალიან გამიმართლა, რადგან, გადასარევ ოჯახში მოვხვდი. გამონათქვამია ასეთი: „იპოვე სამსახური, რომელიც გიყვარს და შენ არასდროს არ იმუშავებ”. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. კაცი, რომელთანაც ვმუშაობდი, იყო ფინანსური მრჩეველი და ზოგადად ძალიან განათლებული ადამიანი. ის, ასევე, იყო არაჩვეულებრივი კულინარი, ძალიან ბევრი რამ მასწავლა კულინარიაში, საოცრად დამხვეწა.

– ალბათ, თქვენც იცოდით კერძების მომზადება პროფესიონალურ დონეზე, რადგან შეფად აგიყვანეს.

– მე მხოლოდ ქართული სამზარეულო ვიცოდი, დავაინტერესე იმით, რომ ბევრი ვისაუბრეთ. პირველი, რაზეც ვილაპარაკე, იყო ნიგვზიანი ბადრიჯანი. აღფრთოვანებით ვყვებოდით, თუ რა საოცარი გემო აქვს ნიგვზიან ბადრიჯანს და, ზოგადად, ნიგვზით მომზადებულ კერძებს. სიამოვნებით მისმენდნენ, მაგრამ, ბოლოს მითხრეს, რომ ნიგოზს არ მიირთმევდნენ, რადგან ნაღველთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ (იცინის). ამ ადამიანს იუმორი ჰქონდა განვითრებული იმდენად მაღალ დონეზე, რომ ძალიან მსუბუქად გამოიყვანა ეს თემა და ბევრი ვიხარხარეთ (იცინის). რატომღაც, მოვეწონე. მაშინ არ მქონდა დიპლომი ამ სფეროში, მაგრამ, მაინც ამიყვანა, შანსი მომცა. პირველი კერძი, რაც იქ მოვამზადე, ეს იყო ბულგარული წიწაკის ტოლმა. აღფრთოვანდა, ისე მოეწონა. სულ მეუბნებოდა, რომ ძალიან კარგი მონაცემები მქონდა და კულინარიის ინსტიტუტში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ იქ სწავლა ძალიან ძვირი ღირდა. არასდროს მიფიქრია კულინარიის ინსტიტუტში ჩაბარებაზე, თუმცა ისე მოხდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ამ კაცმა დააფინანსა ჩემი სწავლა. ეს გახლდათ ფრანგული კულინარიის ინსტიტუტი ნიუ-იორკში. როცა პირველად შევედი ამ ინსტიტუტში, მივხვდი, რომ თურმე აქამდე საჭმლის გემოს არასრულფასოვნად ვაფასებდი. კერძები იყო საოცრად გემრიელად შეზავებული. ერთი ინგრედიენტი არ უნდა ჯაბნიდეს მეორეს, ყველამ თავისი სიტყვა უნდა თქვას კერძში. მაგალითად, მწვანილის გემო არ უნდა იყოს წინ წამოსული, ჭამისას ყველა ინგრედიენტის გემოს ცალ-ცალკე უნდა იგებდე. ამ ინსტიტუტში ვისწავლე, რამდენად არაჩვეულებრივი გემო ეძლევა კერძს, თუკი მას ხარისხიანად და სწორად მოამზადებ.

– თქვენ თვითონ რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ ყველაზე მეტად?

– ძალიან მომწონს ფრანგების დამოკიდებულება კულინარიის მიმართ – უყურებენ როგორც ხელოვნებას, მუსიკას, ფერწერას. თუმცა, გამოვარჩევდი იაპონურ სამზარეულოს. ძალიან ჯანმრთელი კერძები აქვთ და ამავდროულად მსუბუქი, ჰაეროვანი. 

– თქვენი და თქვენი მეუღლის გაცნობას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს...

– ჩემი მეუღლე გავიცანი იმ ოჯახში, სადაც ვმუშაობდი. ის იყო მისტერ პერონის მეგობარი და ძალიან ხშირად მოდიოდა მასთან. თავიდან, უბრალოდ, ვმეგობრობდით, შემდეგ კი გაჩნდა სიმპათიები. ჩემი მეუღლე არის საინვესტიციო სადაზღვევო კორპორაციაში ერთ-ერთი განყოფილების მენეჯერი. როგორც შემდეგ გავიგე, თვითონაც არაჩვეულებრივი კულინარი ყოფილა. ძალიან მოიხიბლა ჩემს მიერ მომზადებული კერძებით. როდესაც ის მოდიოდა სტუმრად, ვცდილობდი, ყველაფერი განსაკუთრებული გამომსვლოდა. მახსოვს, „მისტერიული უცხოელი“ შემარქვა. მისთვის ძალიან ამოუცნობი იყო საქართველო. ნამყოფიც არ იყო. როგორც იცით, ამერიკაში არის ასეთი შტატი ჯორჯია და ეს შტატი განსაკუთრებით ცნობილია გემრიელი ატმით. ვინაიდან ჩვენს ქვეყანასაც იგივე სახელი ჰქვია, „ჯორჯიას ატამს” მეძახდა (იცინის).

– შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა, როგორ გადაიზარდა მეგობრობა სიყვარულში?

– ის ძალიან რომანტიკული და თბილი ადამიანია. მას შემდეგ, რაც სიმპათიები გაუჩნდა ჩემს მიმართ, ცდილობდა სიურპრიზები მოეწყო. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს და შემდეგ დავქორწინდით. მახსოვს, ერთხელ წამიყვანა ნიუ-ჯერსის შტატში. „შეყვარებულების ქალაქს“ ეძახიან იმ ქალაქს, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან დამსვენებლები, რადგან, იქ არის საუკეთესო რესტორნები და თითოეული მათგანი ხუთვარსკვლავიანია. ძველი სახლები დგას. ადრე თავადებს რომ სახლები ჰქონდათ, ისეთი. სხვათა შორის, თბილისურ სახლებსაც მაგონებდა. რესტორნებში ძალიან რომანტიკული ოთახები იყო, სპეციალურად მოწყობილი, ყვავილებიანი შპალერებით. ძალიან სასიამოვნო იყო იქ აივანზე ჯდომა. მივირთმევდით კოქტეილს, ამ დროს კი ჩვენ წინ დადიოდა ცხენებიანი ფაეტონი... კერძებიც, რასაკვირველია, არაჩვეულებრივი იყო. მოგვართვეს „კრაბ-ქეიქები”. როგორც იცით, კრაბს ცოტა ხორცი აქვს და ძალიან დიდი რაოდენობაა საჭირო, რომ კოტლეტივით შეკრა. უფრო სწორად გუფთის ფორმა ჰქონდა, ეს კი იყო მრგვალი გუნდა დიდი ხორცებით და საოცრად შეზავებული კვერცხით, საფანელით, მწვანილითა და სხვადასხვა სანელებლით. შემდეგ სურნელოვან ზეთში იწვება და, მოკლედ, ძალიან ჰაეროვანი და გემრიელი კერძია. მე მისი გემო არასდროს დამავიწყდება. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საოცარი კერძი, რომელიც კი ოდესმე გამისინჯავს. ძალიან მინდა, აქ გავაკეთო ეს „კრაბ-ქეიქი”, მაგრამ, აქ არ არის ის კრაბი, რომელიც საჭიროა და როდესაც შემოვა, აუცილებლად მოვამზადებ ამ კერძს ჩვენი მაყურებლისთვის.

– რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება და როგორ მოხვდით „რუსთავი 2-ში“ დილის კულინარიის წამყვანად?

– როდესაც დავამთავრე ინსტიტუტი, შემდეგ გავაჩინე ბავშვი – ალექსი, რომელიც 3 წლისაა. იქ ინგლისურად ვლაპარაკობთ, არადა ყოველთვის მინდოდა, ჩემს შვილს ქართული სცოდნოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ცოტა ხნით ჩამოვსულიყავი საქართველოში. თანაც, მინდოდა, ალექსს გაეცნო ჩემი და, დისშვილები, მათი შვილები... ჩემმა მეუღლემ უპრობლემოდ გამომიშვა. როგორც იცით, თვითონ იქ მუშაობს და ასე ადვილად ვერ დატოვებდა ყველაფერს. ამიტომ მე და ალექსი წამოვედით. შემდეგ გადავწყვიტე აქ დავსაქმებულიყავი. მინდოდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება კულინარიის სფეროში სხვებისთვის გამეზიარებინა. ქართული კულინარია არის კლასიკა და ხელშეუხებელი თემა, მაგრამ, როგორც იცით, ბაზარზე უამრავი პროდუქტი შემოვიდა და სწორედ ახალი ინგრედიენტების სიჭარბემ გახადა აუცილებელი, რომ შექმნილიყო ახალი კერძები. სწორედ ამიტომ, დავწერე და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა კრებული – „ახალი ქართული კერძები”. თუმცა, წიგნი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩემი გამოცდილება და პრაქტიკა ხალხს გავაცნო. ყველაზე კარგი საშუალება ამისთვის იყო მედია. ამიტომ, გადავწყვიტე წერილი მიმეწერა ქალბატონი ნინო არაზაშვილისთვის, თუმცა თავი არ წარმიდგენია კულინარად. მაშინ ქალბატონი თათული დოლიძე და ბატონი ჟანრი ლოლაშვილი იყვნენ დილის კულინარიული რუბრიკის წამყვანები. ნინო არაზაშვილს მივწერე, რომ შემიძლია ოჯახში გასათვალისწინებელი ასობით პრაქტიკული რჩევა მივცე-მეთქი მაყურებელს. ანუ სასარგებლო რჩევების რუბრიკას ვთავაზობდი. ამის შემდეგ ქალბატონმა ნინომ დამიბარა და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ხედავთ. „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემის გუნდი მისი ლიდერის მსგავსად მაყურებლის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. დღე და ღამე მუშაობენ, რომ ძალიან საქმიანი და საინტერესო გადაცემა წარუდგინონ ყოველ დილით მაყურებელს. „დილა მშვიდობისა საქართველოს” სტაბილურად მაღალი რეიტინგი ამაზე მეტყველებს. ამ გუნდში ესმით, რომ მათ ბევრი ჭკვიანი, აზრიანი, გემოვნებიანი და მომთხოვნი ადამიანი უყურებს. ამიტომ ცდილობენ მათი ინტერესების დაკმაყოფილებას. ეს მაღალი სტანდარტის მანიშნებელია. მიხარია, რომ მათი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ვარ და წვლილი უნდა შევიტანო საერთო მიზნის სრულყოფაში.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები; თქვენი მეუღლე ხომ არ აპირებს საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლას?

– ჩემი მეუღლე წელიწადში ორჯერ ახერხებს ჩამოსვლას – ამერიკაში შვებულებით არ არიან გათამამებულები. ახლა ძალიან მალე ჩამოვა; შვებულების დროს ალბათ მეც წავალ იქ. ძალიან მინდა, რომ ჩემი მეუღლეც აქ ჩამოვიდეს და იპოვოს რამე სამსახური. მას ძალიან მოსწონს საქართველო. იქ ძალიან კარჩაკეტილად ცხოვრობენ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და, აქედან გამომდინარე, ძალიან მოეწონა ჩვენი ტრადიციები და კულტურა. „ეს არის ის ქვეყანა, სადაც მე დიდი ხნით ვიცხოვრებდი, სადაც ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ, სადაც ყველაზე სასიამოვნო ემოციები იღვიძებს ჩემში”, – ასე ამბობს ხოლმე (იცინის). 

скачать dle 11.3