კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა საქართველოში მისაღები ქუჩის მეტყველება, როგორ გაახალგაზრდავდა გინების დაწყების ასაკი და რატომ გვაწუხებს დაუხარჯავი უწმაწური სიტყვების მარაგი

 

მართალია, აქამდე გვეგონა, „ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობაო“, თუმცა დამოუკიდებლობის 20-ზე მეტმა წელიწადმა დაგვანახვა, რომ უფრო პირიქითაა. მეტიც, ბილწსიტყვაობა არათუ ჩვენი ყოფითი ცხოვრების ორგანულ ნაწილად იქცა, მან თავისი ადგილი საჯარო მეტყველებაშიც დაიკავა. ბილწსიტყვაობის უდავო პიონერი და ყველაზე აქტიური მიმდევარი კახა ბენდუქიძეა (სხვათა შორის, იმ დროიდან, რაც საჯარო მოხელე ბრძანდებოდა). სწორედ მის სახელს უკავშირდება სატელევიზიო ეთერში ოპონენტისთვის შეგინება. სულ ბოლოსაც მისგან, ახლა უკვე საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის როლში მყოფისგან, გავიგეთ ბილწსიტყვაობა პირდაპირ ეთერში. ამის პარალელურად, ისიც ცხადია, რომ არაკორექტული მიმართვები ქართველი პოლიტიკოსების ლექსიკის განუყოფელი ნაწილია, ისევე, როგორც მოქალაქეების ლექსიკაში – გამონათქვამი „ჩემი დედა …“

რატომ დაბინძურდა ჩვენს ქვეყანაში საჯარო ენა და რატომ აღარ მიიჩნევა უხამსი სიტყვებით მანიპულირება მიუღებლად, – თემას ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძესთან ერთად განვიხილავთ.

 

– უცენზურო და არაეთიკური გამონათქვამების სიმცირეს არ უჩივის ჩვენი საჯარო ცხოვრება. ჩვენი ასეთი უმწიფარობა საჯარო ქცევისა რას გამოხატავს, იმას, რომ გამოცდილება არ გვაქვს?

– სწორედ ამას, იმიტომ რომ საჯარო ენა უნდა ჩამოყალიბდეს თაობების განმავლობაში. მაგრამ, სხვათა შორის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების განვითარებასთან ერთად, მდაბიური ენა ხდება სულ უფრო…

– მისაღები?

–  მისაღები თუ არა, უფრო ხშირად იხმარება.

– სიძულვილის ენის ფენომენია დასავლეთში და რადიკალური განსხვავებაა ამერიკულ და ევროპულ მიდგომას შორის: ამერიკაში, თუ სიძულვილის ენის გამოყენებას არ მოსდევს მყისიერი საფრთხე, დასაშვებია, ევროპაში ისჯება პატიმრობითაც კი.

– სიძულვილის ენა სულ სხვა ფენომენია, მაგრამ, ზოგადად, ამერიკული მიდგომა, როგორც წესი, უფრო ლიბერალურია. იმიტომ რომ ფილმებშიც გინება და უწმაწური სიტყვები ყოველ ნაბიჯზეა, თუმცა ძალიან მკვეთრად აწერია ხოლმე მაყურებლის ასაკი.

– და მკაცრადაც აკონტროლებენ ამ ნორმის დაცვას.

– ძალიან მკაცრად იცავენ მშობლებიც და ვისაც ეს ეხება. ჩვენთან მოხდა ქუჩის ენის გადატანა პარლამენტში, იმიტომ რომ ბევრი ქუჩიდანაა მოსული და სხვანაირად საუბარი არ შეუძლია.

– ქუჩიდან, ანუ ქუჩის პოლიტიკოსს გულისხმობთ?

– ბირჟის პოლიტიკოსებს. ჩვენთან ან ბიბლიური ენით უნდა ილაპარაკო, ან მთლად ქუჩის ენით, შუა არ გვაქვს. იმედი მაქვს, ეს პრობლემა მოგვარდება და, არ მგონია, სერიოზული პრობლემა იყოს, თუმცა მნიშვნელოვანია.

– ენობრივი სივრცე ის გარემოა, რომელშიც ადამიანი აზროვნებს, შესაბამისად, როგორ ენობრივ სივრცესაც შევიქმნით, ისეთები ვიქნებით ჩვენც.

– რა თქმა უნდა, მაგრამ ენაც, სოციუმიც და მედიაც ამას გადახარშავენ და რაღაცნაირად გამომუშავდება ის, თუ რის თქმა შეიძლება და რის –  არა. ბოლოს და ბოლოს, ეს მედიასაშუალებაზეა დამოკიდებული. თუ არ მოგწონს, რას ლაპარაკობს  ადამიანი, ის არ უნდა დაპატიჟო გადაცემაში. მეორეა, რომ ასეთი გამოსვლები ეპატაჟის, პოპულარობისა და სენსაციის ამბავიცაა.

– სენსაცია რატომ არის უცენზურო სიტყვები? ბავშვის მიერ უხამსი სიტყვების წარმოთქმა ერთგვარი ანანიზმია, ჩვენი მიდრეკილებაც უხამსი სიტყვებისკენ, აი, ამ ინფანტილური ანანიზმის გამოხატულებაა?

– ინფანტილური რომ არის, ცხადია. მეორე მხრივ. თუმცა ჩვენთან ყურადღება არ ექცევა, მაგრამ მდაბიური ენა საინტერესო რამაა, რადგან ბევრ ისეთ რამეს გადმოსცემს, რის გადმოცემაც ლიტერატურული ენით შეუძლებელია. მაგალითად, არ არსებობს სიტყვა „შაყირის“ ლიტერატურული სინონიმი.  უწმაწური არ არის, მაგრამ ვულგარული გამონათქვამია.

– თუმცა რაც გვესმის, იმის ფონზე, შენ გენაცვალეა.

– ცხადია. უხამსი გამონათქვამი სენსაციაა. იმიტომ, რომ ნებისმიერი რამ, რაც დაკავშირებულია უწმაწურობასთან და რაც არ არის მიღებული, ყოველთვის სენსაციად აღიქმება. მე რომ უშარვლოდ მივიდე უნივერსიტეტში, რამდენიმე ტელეარხი მოცვივდება. სენსაციაც არის, მედიის ყვითელი სტილიც და მეორე მხრივ, ეს არის თავისუფლების ფასიც. ამას გარდა, არსებობს ეგრეთ წოდებული კონტრასტის ეფექტი. მახსოვს „პერესტროიკის“ პერიოდის ფილმებში, როდესაც ცენზურა მოიხსნა, სულ გინება იყო.

– რაც გვაკლდა.

– დიახ, კონტრასტის ეფექტია: ადრე არ შეიძლებოდა და ახლა შეიძლება –  ამიტომ იმაზე მეტს ამბობ, ვიდრე საჭიროა.

– ერთ-ერთ საბავშვო წიგნშია, თოჯინას აალაპარაკებენ და სამ დღეს განუწყვეტლად ამბობს უაზროდ სიტყვებს. ექიმი იტყვის: დაუხარჯავი სიტყვების მარაგი აწუხებს და როგორც კი ამოწურავს, ნორმალურად ილაპარაკებსო. ჩვენც ასე უნდა ამოვწუროთ უხამსი სიტყვების მარაგი?

– რამდენიმე ფაქტორია: უცხო ხილია, მისადმი ინტერესია; მესამე, უბრალოდ ეს არის გამოუცდელობა და არცოდნა იმის, რა შეიძლება და რა არ შეიძლება.

– და პოპულარობის სურვილი? სხვას ვერაფერს აკეთებ, მაგრამ დედას შეიგინები პირდაპირ ეთერში და ყველა შენზე ილაპარაკებს.

– თქვენ რა მაგალითიც მოიტანეთ, კახა ბენდუქიძის, არ მგონია, ამ მიზანს ემსახურებოდეს.

– ასეთ მიმართვებში აუდიტორიისადმი პატივისცემის ნაკლებობა არ გამოსჭვივის?

– ცხადია, რომ გამოსჭვივის, მაგრამ ზოგი ისეთი ფიგურაა საჯარო, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, რომ ესეც საზოგადოების შეურაცხყოფაა. ასე რომ, გამონაკლის შემთხვევებში, მგონია, რომ ასეთი ექსცესები ბუნებრივია.

– თბილისის მერის მიერ ჩუკენობის ხსენებაც ყურადღების მიქცევის საშუალება იყო?

– დიახ, თან, იშვიათი სიტყვაა და ბევრმა არც კი იცოდა ამის მნიშვნელობა. ეს არის შაქარმოყრილი უხამსობა.

– 20 წელი რატომ არ გვეყო ბილწსიტყვაობით გულის მოსაჯერებლად?

– მგონი, უფრო პირიქითაა. ძალიან დაიწია გინების დაწყების ასაკმა. ეს ცალკე და ვრცელი საუბრის თემაა.

– შეიძლება, ეს იყოს მძიმე სოციალური ყოფის, განათლების დეფიციტის შედეგი?

– ყოველთვის არსებობდა მძიმე სოციალური ყოფის, გაუნათლებლობის პრობლემა, მაგრამ ისეთი უხამსობა, რაც დღეს არის, არ ყოფილა, გარკვეულ რეგიონებს თუ არ ჩავთვლით. მაგალითად, რუსეთშიც იგივე ხდება და ჩვენზე უარესიც. იქაც ყოველთვის ასე არ ყოფილა, მაგრამ დღეს ასეა. მგონია, რომ კულტურის სიძლიერის საზომი უნდა იყოს: თუ ამას მოერევა, გადახარშავს და მისაღებ ფორმაში გადაზრდის, კარგია, თუ არადა, ძალიან ცუდი იქნება.

– არაეთიკური და უხამსი მეტყველება მიანიშნებს მოსაუბრის ლექსიკური მარაგის სიმწირეზე?

– ლექსიკური მარაგის სიმწირე სერიოზული პრობლემაა. თუ, მაგალითად, რუსულ და ქართულ სპორტულ რეპორტაჟებს შევადარებთ, რუსი კომენტატორი 50-100 პროცენტით უფრო მეტ სიტყვას იყენებს, ვიდრე ქართველი. საერთოდ, საჯარო გამოსვლის კულტურის დეფიციტია. ისიც პრობლემაა, რომ საქართველოში ენა, რადგან ის გახდა იდენტიფიკაციისა და თვითმყოფადობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაღაცნაირად გაღმერთდა და ლიტერატურული ენა ძალიან დაშორდა სალაპარაკოს. იმავე რუსულისა და ინგლისური ენისგან განსხვავებით, იწვევს ამ ექსცესებს. როდესაც ლიტერატორი, კომენტატორი თუ მეცნიერი ლაპარაკობს კოწია გამსახურდიას ენით, არ გჯერა მისი.

– ქართული თეატრალური ენაა.

– ახლა მიდის ლიტერატურული და სალაპარაკო ენის დაახლოება. ძალიან კარგად ახერხებს ამას აკა მორჩილაძე. ქართულ ენაში არ არის, სამწუხაროდ, მიმღეობა, რაც ძალიან გააადვილებდა მეტყველებას.

– მგონი, არის და, რაც მთავარია, ქართულ ენაში ზმნას აქვს მეორე და მესამე სერიის ფორმები.

– რაც ძალიან იშვიათად იხმარება.

– იმიტომ, რომ არ იციან გამოყენების წესი. არადა, ერთი ზმნით გამოხატავ ნებისმიერ აზრს მეტყველების დანარჩენი ნაწილების გარეშეც.

– მართალია, ყველა ენას აქვს თავისი ძლიერი მხარეები და შედარებით –  სუსტი.

– საჯარო გამოსვლების გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ ზრდილობის გამოცდილება ხომ გვქონდა?

– ეტყობა, არ გვაქვს ზრდილობა-თავაზიანობის გამოცდილება, იმიტომ რომ ფეოდალური საზოგადოებიდან პირდაპირ მოვხვდით იქ, სადაც მოვხვდით. მაგალითად, ჩვენთან სტატუსით უფრო მაღალი ადამიანის მიერ შენობით მიმართვა არის ჩვეულებრივი რამ, რასაც 100 პროცენტით აკეთებენ ექიმები, პოლიციელები და ასე შემდეგ. ადრე აკეთებდნენ მოლარეები, რომლებიც ხელფასებს გასცემდნენ.

– ისინი რატომღაც სტატუსით მაღლა იდგნენ?

– მათ ხელში იყო ფული, უნდოდა მოგცემდა იმ ფულს და უნდოდა – არა. ექიმიც ასეა: უნდა გიმკურნალებს, უნდა – არა. მოლარეების პრობლემა აღარ არის აქტუალური, მაგრამ ექიმებისა და პოლიციელების ისევ აქტუალურია. 3-4 წლის წინათ დამაჯარიმეს 100 ლარით იმის გამო, რომ 10-ლარიანი დარღვევა ჩავიდინე. პატრულმა გამაჩერა და დარღვევისთვის 10-ლარიანი ჯარიმა გამომიწერა. მომმართა შენობით, როდესაც ვუთხარი, რატომ მომმართავთ შენობით-მეთქი, გამომიწერა 100-ლარიანი ჯარიმა. მეტი არაფერი მითქვამს მისთვის, არც მისი მშობლები მიხსენებია და არც მათი ანატომიური ნაწილები, მაგრამ მან 100-ლარიანი ჯარიმით გადაწყვიტა, რომ ეჩვენებინა, ვინ იყო იქ შეფი. ეს მომენტი არის და მაინც მგონია, რომ, ადრე თუ გვიან, თავისთავად მოგვარდება.

– თავისთავად –  როგორ?

– ენა მოხარშავს რაღაცნაირად. ასე ხდება საერთოდ. რაღაც სიტყვები გახდება ლიტერატურული, რაღაც –  არა, რაღაც კოდექსი ჩამოყალიბდება, ვიღაც დაიცავს, ვიღაც –  არა, ვინც არ დაიცავს, არაპრესტიჟული იქნება და არ დაიშვება იმ სფეროში, სადაც არ იცის მოქცევა და ლაპარაკი. ასე ხდება ყველგან.

– დასავლეთში მოქალაქეებს აქვთ უფლება, რა სიტყვებითაც უნდათ, მოიხსენიონ პოლიტიკური ლიდერები და ეს არ მიიჩნევა შეურაცხყოფად. იმ ლიდერებს აქვთ უფლება, საჯაროდ ასე მოიხსენიონ მოსახლეობა? თუმცა ჩვენთან, მაგალითად, პოლიტიკოსები ბრბოსაც კი უწოდებენ ამომრჩეველს.

– ცხადია, რომ არა. ერთ ანეკდოტს მოგიყვებით ინგლისური პარლამენტის ისტორიიდან: ლორდთა პალატის სხდომაზე ერთი წევრი მიმართავს თავმჯდომარეს. ბატონო თავმჯდომარევ, ჩვენი რეგლამენტით, მაქვს უფლება, რომ ლორდ ჩესტერფილდს ვუწოდო ბინძური, ქონიანი ღორი? თავმჯდომარე პასუხობს: ჩვენი რეგლამენტით, თქვენ ამის უფლება არ გაქვთ. კარგი, ბატონო თავმჯდომარევ, მაშინ მე აღარ ვუწოდებ ლორდ ჩესტერფილდს ბინძურ და ქონიან ღორს.

– არადა, ორჯერ უწოდა. მეც ამას ვამბობ, ყველაფრის თქმა შეიძლება, ფორმას გააჩნია. 

– ამას თანდათან მოიტანს განათლების დონე, მაგრამ შეიძლება, დასჭირდეს წლები.

– რატომ არ აღიქმება უცხო ენაზე თქმული უწმაწური სიტყვა უწმაწურობად?

– მეტიც, ქართული ტრადიციული გინება, რომელიც ყველამ ვიცით, რომ გადაასხვაფერო და სხეულის სხვა ნაწილი ჩასვა, სრულიად აუტანლად გეჩვენება, როგორც ქმედება, თუმცა იქნება ნაკლებად უწმაწური. უცხო ენაზე გინება არ არის ჩამჯდარი კონტექსტში, არ აქვს სოციალური დატვირთვა და არ გამოიყენება იმ მიზნით, როგორც მშობლიურ ენაში, ამიტომ არ აღიქმება მძიმედ.

– გამონათქვამი, „ჩემი დედა“, რატომ გახდა აქტუალური და აუტანლად პოპულარული?

– თავიდანვე აუტანელი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის ქართულ კულტურაში მამის როლის სისუსტის გამოვლინება. იმიტომ რომ „ჩემი დედა“, უპირველესად, არის შეურაცხყოფა არა დედის, არამედ მამის.

– მამაკაცებს გაუჭირდათ? თუმცა ჩვენი რუკითაც ჩანს, რომ გაუჭირდათ.

– ინფანტილიზმის გამოხატვაა. თავისთავად გაქრება, როგორც კი კაცი გაძლიერდება. ჯერჯერობით კი მამაკაცის როლის სისუსტეზე მეტყველებს, ამიტომ ასახიერებდა გამსახურდია თავის დროზე სამ სოციალურ როლს: შვილის, მამისა და ქმრის. 

– თუმცა შემდეგ შევარდნაძესთან ეს დაიკარგა.

– მაგრამ რამდენადმე აღორძინდა სააკაშვილის დროს, თუმცა მას უფრო ხუთოსანი ბიჭის იმიჯი აქვს.

– ივანიშვილი?

– ჯერ არ ვიცი.

– სხვა ქვეყნებმა ხომ გაიარეს ეს გზა, ჩვენ რა რეცეპტები შეიძლება, გამოვიყენოთ, რაში მივბაძოთ ევროპას, რომ საბოლოოდ არ ვიქცეთ მდაბიურ ენაზე მოლაპარკე ბილწსიტყვა არსებებად?

– რაღაცნაირად უნდა შემუშავდეს ეთიკის კოდექსი პარლამენტში, მედიაში და მისი დარღვევისთვის რეალური სანქციები დაწესდეს. წითელ შუქზე აღარ მიდიან მანქანები, იმიტომ რომ ამის გამო რეალური სანქციებია. ასეთი რაღაცეების გამოსწორებისთვის უფრო უკეთესად მოქმედებს დამსჯელი და არა აღმზრდელობითი ზომები. 

 

 

скачать dle 11.3