კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმერეთში დაბადების დღეზე დაპატიჟებული ჩინელი ბიჭი და კალოშით დალეული სადღეგრძელო

გამარჯობა დედა,  როგორ ხარ? ძალიან მენატრებით შენც და ჩვენი ოჯახის თვრამეტივე წევრი, თუმცა, უკვე ოცდაერთი – ლიომ, სეენდმა და დაოლმა ხომ პატარა ვაჟკაცები შესძინეს ჩვენს ოჯახს წინა კვირაში. „ვაჟკაცი“ აქაური სიტყვაა და ყოვლისშემძლე გოლიათს ნიშნავს.

დედა, მინდა, კიდევ ერთი ამბავი მოგიყვე, რომელიც გუშინწინ გადამხდა და ახლაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად.

ჩვენს მეზობლად ერთი ქართველი ბიჭი ცხოვრობს, კობა ჰქვია. აქ ერთი პროვინციაა – იმერეთი ჰქვია და იქიდან არის. ჰოდა, ამ კობამ თავის პროვინციაში დამპატიჟა, თავისი ბიძის ძმის ცოლის დაბადების დღეზე. ჰო, ნუ გიკვირს, სწორად გწერ. აქ ასეთ ადამიანს ნათესავს ეძახიან, აბა, ჩვენც თუ ეგრე გავაკეთეთ, მთელი ჩინეთი ჩვენი ნათესავი ყოფილა და ეგ არის. მოკლედ, წავედით და ძალიან დიდხანს ვიარეთ. ჯერ ვიფიქრე, ხომ არ გამიტაცეს-მეთქი – აქ უცხოელებს ხშირად იტაცებენ, მაგრამ, კობას ვენდე. მივდიოდით მე, კობა, კობას მდიდარი ბიძა, კობას ბიძის ცოლის დისშვილის მული და კობას ბიძის ბიძაშვილის ქვისლი. ამ სიტყვებს ვერ გაიგებ და მოგვიანებით აგიხსნი, ჯერ მეც ვერ მივხვდი კარგად.

დედა, წინასწარ გეტყვი, რომ ამ ქვეყანაში მდიდრებს ისე სცემენ თაყვანს, როგორც ჩვენს ქვეყანაში წინაპართა სულებს. ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს და დიდი რკინის კარი გაიღო. ეზოში დაახლოებით იმდენი ადამიანი იდგა, რამდენიც ჩვენთან ქორწილშია ხოლმე. თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, ნახევარზე მეტი სტუმარი არ ყოფილა – მეზობლები ყოფილან სეირის საყურებლად მოსულები. სეირი კი მართლა გაიმართა: მანქანიდან გადმოსულ კობას ბიძას ხელში 6 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებს ტენიდნენ, ბიძამაც მორჩილად გახსნა საფულე და ყველა ბავშვს წინასწარ გამზადებული ასლარიანები ჩაუტენა მაისურებში, ცოტა ხანში ბავშვები დედებმა სახლის უკან გაიყვანეს, მოფარებულ ადგილას, გასაძარცვავად და ბავშვების კივილმა სახლს კინაღამ ჭერი ახადა. გაიშალა სუფრა და დაიწყეს კაცის არჩევა, რომელიც შემდეგ ძალიან დიდხანს რაღაც ამბავს ყვებოდა, სხვები მუნჯებივით უსმენდნენ, შემდეგ სვამდა უზომოდ დიდი სასმისით ყურძნის ღვინოს და სხვებსაც აიძულებდა, დაელია. მე თვალით ვეძებდი იუბილარს, რომლისთვისაც საჩუქარი უნდა გადამეცა. მიხვდები, დედა, ალბათ, რის ჩუქებასაც ვაპირებდი – ჩვენს სოფელში რომ ვაკეთებთ ხოლმე ფოჩიან ჯოხებს და ზედ რაღაცეებს ვაწერთ, მერე კი ტურისტებს რომ ვეუბნებით ხოლმე, ავი თვალისგან გიცავსო, – აი, სწორედ ის ჯოხები წამოვუღე – აქ საერთოდ ყველანაირი საგნის სჯერათ, რაზეც ვინმე იტყვის, რომ ავი თვალისგან იცავს ადამიანს. მაგალითად, სახლის კარზე ცხენს რომ ფლოქვებზე აჭედებენ, იმ რკინას ჰკიდებენ ხოლმე; ასევე, ეკლებს, კიდევ რაღაც შავ ქვას უკეთებენ ბავშვებს სამაჯურად და, შენ წარმოიდგინე, ჩინური ჯოხები რა სასწაულს ატრიალებს აქ. მოკლედ, იუბილარს ვეძებდი, მაგრამ, მითხრეს, რომ იქ არ იყო. აბა, სად არის-მეთქი, ვიკითხე და, მიპასუხეს – საბერძნეთშიაო. მარტო ის გამიკვირდა, ვის უხდიდნენ დაბადების დღეს, თორემ, ქართველი ქალების ნახევარი საბერძნეთშია წასული – მოხუცებს უვლიან იქ და კიდევ მე მეჩხუბებიან ხოლმე – რას ჩამოეთრიეთ აქ, თქვენს ქვეყანაში ვერ ეტევითო?! ის კაცი, წეღან რომ ვახსენე – სუფრაზე ყველას აჩუმებს და ბევრ სასმელს ასმევს-მეთქი, თავიდან იაპონელი მეგონა, რადგან, მითხრეს, თამადა ჰქვიაო – თამადა ხომ იაპონური გვარია. იმერეთში სუფრაზე ძალიან ბევრს ჭამენ და ჩუმად ერთმანეთზე ლაპარაკობენ. ძირითადად, ყველა მსუქანია და სხვადასხვა ზომის ტანსაცმელი აცვიათ. ქეიფის დროს დიდი დინამიკები მოაქვთ და იაპონურ ელექტრონულ პიანინოზე სევდიან და გულისმომკვლელ მუსიკებს უკრავენ, რაც უნდა სამხიარულო სუფრა იყოს. უარესი სასწაულები სუფრასთან დაჯდომიდან ნახევარ საათში დაიწყო: ჯერ თამადამ ნახევარი საათი ილაპარაკა კობას მდიდარ ბიძაზე, შემდეგ ფეხსაცმელი გახადა, ღვინით აავსო და ბოლომდე დალია. შემდეგ მოიტანეს ხორცის გასატარებელი მანქანა. შიგ ღვინო ჩაასხეს და ყველამ ბოლომდე დალია. შემდეგ მოიტანეს ჭუჭყიანი, ნავთის სანათის შუშა, ღვინით გაავსეს და იმითაც დალიეს... მოკლედ, ყველაფრით დალიეს, რაშიც ბევრი სითხე ჩადის. დედა, მე ხომ გითხარი, რომ, მინდა, ქართული კარგად ვისწავლო, ამიტომ, ყველა გამოთქმასა და სიტყვას ვიწერ, მაგრამ, ამ  იმერეთში რასაც მელაპარაკებოდნენ, ვერაფერი გავიგე. მაგალითად, ორი ქალი ჩემზე ლაპარაკობდა და ყველაფერი ჩავიწერე, მერე კი კობას გადავათარგმნინებ. მაგალითად: „დეინახე, რავა მოუპრუწია თვალები“, „კვახის ბარდებივით არ გოუშლია ყურები?“ „ჩინდრიკით რომ ამოვარდა კიბეზე, მიტომ ყლოჭინობს ახლა“, „ე ნიგვზიანებს რავა მარწყვივით ყლაპავს“, „რანაირი ტანი აქვს, ბოვშია თუ გადაღრძუებული, კი ვერ გეიგებ“, „რავა ამთქნარებს უვახშმო ძაღლივით“ და კიდევ ბევრი. დედა, კიდევ ბევრი იქნებოდა მოსაყოლი, მაგრამ,  თამადამ დასისხლიანებული თვალებით შემომხედა, თავისი ცოლის უზარმაზარი კალოში ღვინით გაავსო და ბოლომდე დამალევინა. ამის შემდეგ  აღარაფერი მახსოვს. კიდევ მოგწერდი, დედა, მაგრამ, ახლა ღამის სამი საათია, ლუსი რაღაც სამსახურში წავიდა, ერთი საწოლი გათავისუფლდა და უნდა დავიძინო.

გკოცნით, თქვენი ტობი ვონგი.

скачать dle 11.3