კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ატანდნენ მოსკოვის აეროპორტიდან შვილს ეკა გაბიტაშვილს და ვის გამო მოუწია მას „ქოვენ გარდენში“ წასვლაზე უარის თქმა

საოპერო მომღერლის, მეცო-სოპრანოს, ეკა გაბიტაშვილის ცხოვრებაში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგას. ის 1 ოქტომბერს მოსკოვში უსაყვარლესი ბიჭის, დათოს დედა გახდა. მან ახალბედა დედიკოს მთელი ცხოვრების გეგმები შეუცვალა და ცოტა ხნით საოპერო კარიერაზე უარი ათქმევინა. 

ეკა გაბიტაშვილი: ყველაზე საპასუხისმგებლო და განსხვავებული ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. შვილის დაბადებას იმ დღიდანვე დიდი პასუხისმგებლობით  მოვეკიდე და დღემდე ასე ვარ. დედაჩემი მოსკოვში იყო ჩამოსული ჩემს დასახმარებლად, მაგრამ თავიდან საერთოდ ვერ ჰკიდებდა ხელს – პატარა რომ იყო‚ ეშინოდა. ამიტომ‚ ყველაფერს მე ვუკეთებდი, ჭიპის დამუშავებიანად. არადა‚ აქამდე, ჩემი მეგობრები თავის შვილებს ჭიპზე ხელს რომ ჰკიდებდნენ‚ გული ცუდად მიხდებოდა. ამიტომ, არ მეგონა‚ ჩემს შვილს, ამ პატარა არსებას მე თუ დავუმუშავებდი ჭიპს. მაგრამ‚ ეტყობა‚ როცა შვილს ეხება საქმე და დედა რომ ხარ‚ სულ სხვანაირად იქცევი. 

– პირველი შვილია. ალბათ‚ იყო რაღაც საკითხები‚ რაც გიკვირდა, ნერვიულობდი: რატომ ტირის, ამას რატომ აკეთებს...

– თავიდან ყველაფერზე ვამბობდი: ვაიმე‚ რატომ ტირის, ვაიმე‚ ასე რატომ იქცევა, სულ ეჭვებში ვიყავი. კიდევ კარგი‚ მოსკოვში ჩემი რძლები ცხოვრობენ, მათაც შვილები ჰყავთ, გადავურეკავდი და ვეკითხებოდი რაღაცეებს. ისინიც მეუბნებოდნენ: კი, კი‚ ასეა... და ვწყნარდებოდი. რამდენჯერმე სასწრაფოსაც გამოვუძახე. მეცამეტე დღიდან დაეწყო „კოლიკები“, ტიროდა, დედაჩემი მეუბნება: წიგნებში წერია, ბავშვი ერთ საათზე მეტხანს თუ ტირის, ესე იგი‚ რაღაც სჭირსო. შემეშინდა და სასწრაფო გამოვიძახე. რომ მოვიდნენ, იმდენი იცინეს: „კოლიკები“ აქვსო. იმიტომ გაგვიკვირდა, რომ მანამდე საერთოდ არ ტიროდა, მერე შევეგუეთ‚ მივხვდით: თუ ტიროდა, ესე იგი „კოლიკები“ აწუხებდა. ისე‚ მშვიდი ბავშვია. სამშობიაროს პალატაში ორნი ვიწექით. მეორეს გოგო ჰყავდა, რომ შემოიყვანდნენ ბავშვს‚ დედას ეცემოდა და მთელი ხმით ჭამდა რძეს. ამას შემოიყვანდნენ, დააწვენდნენ და მიყურებდა თვალებში, საერთოდ არ ჭამდა. ისე ვნერვიულობდი‚ რატომ არ ჭამს-მეთქი... ბოლოს‚ ექიმს ვუთხარი, არაფერს არ ჭამს-მეთქი. დამამშვიდა: პირველ დღეებში ისედაც მინიმალურს ჭამენ, თან‚ რომ გაგვყავს, დამატებით ვაძლევთ საკვებსო. ძალიან ვინერვიულე, როდესაც ჭიპლარი მოსძვრა. სამშობიაროდან რომ გამოგყავს‚ ჭიპზე პლასტმასის რაღაც ხომ უკეთიათ და როდესაც დასაბანად შევიყვანე‚ უცებ მოსძვრა. დედაჩემმა შემაშინა: ვაიმე, ბავშვებს ჭიპლარი მეათე დღეს სძვრებათ, ადრე მოსძვრა, სეფსისი დაემართებაო... თან‚ კვირა დღე იყო, პოლიკლინიკები არ მუშაობდა. მთელი ოჯახი ჩემს რძალთან გავვარდით, რომელიც მოსკოვის მეორე მხარეს ცხოვრობს. ისეთი დასტრესილი ვიყავი, ადამიანს არ ვგავდი. ექიმი გამოვიძახეთ, სიცილით მოკვდა, წამლები გამოგვიწერა‚ რითაც უნდა დაგვემუშავებინა. ისე ვინერვიულე‚ იმ დღეს რძე აღარ მქონდა. ექიმმა მითხრა: შენ თუ ასე ინერვიულებ, ბავშვზეც გადავა‚ ეცადე‚ მშვიდად იყოო. ამის მერე უფრო დავმშვიდდი.

– ხვიჩა როგორი მამაა, ისიც ასე განიცდის? 

– ხვიჩა ჩემზე უარესია. როგორც კი ბავშვი ტირილს იწყებს, ვეღარ უძლებს  და გარეთ გადის. მაშინ უყვარს ბავშვის ხელში დაჭერა, როცა იცინის და კარგ ხასიათზეა. როგორც კი ტირილს ან კრუტუნს დაიწყებს, მაშინვე გვეუბნება‚ ბავშვი გამომართვითო კი ვუხსნი – როცა ბავშვი თავისთვის წევს, იცინის, მაშინ სულ არ უნდა ხელში აყვანა, როცა წუწუნებს‚ მაშინ უნდა აიყვანო და დაამშვიდო-მეთქი.

– მოსკოვში რომ დაიბადა‚ რუსეთის მოქალაქეობასაც მისცემდნენ...

– პასპორტიც აქვს. საზღვარზე ისეთი რთული გადმოსაყვანი იყო... წამოსვლამდე ჩემმა ქმარმა დაწერა მინდობილობა, ნოტარიულად დაამოწმა, რომ მამა თანახმაა‚ ბავშვი გამომატანოს და ასე შემდეგ. „ოტჩესტვაში“ ერთი ასო არასწორად ეწერა და არ მატანდნენ... 40 წუთი ვიდექი აეროპორტში: ათი კაცი გამოიძახეს, დაიწყეს პასპორტის განხილვა, ყალბი ხომ არ იყო... მომთხოვეს ჩემი, ქმრის დაბადების მოწმობები, ყველა საბუთი... კიდევ კარგი‚ თან მქონდა. შენ წადი და ბავშვი დატოვე, იქნებ იტაცებ რუსეთის მოქალაქესო... მოკლედ‚ გადამრიეს. თან გამაფრთხილეს: რომ ჩამოხვალ, პასპორტში შეცდომა გაასწორე, თორემ მეორედ აღარ გაგატანთო. ბოლოს‚ კონტროლს რომ გადიხარ‚ იქაც დამეწია ერთი გოგო: ბავშვის და ჩემი პასპორტი წაიღო. 20 წუთი იქ მალოდინა და ბოლოს გამომიშვა.

– როგორც მივხვდი, დათოს ძალიან მოსწონს თბილისი.

– მოსკოვში ბავშვს მზე არ ჰქონდა ნანახი, სულ ნისლია და 4 საათზე ღამდება. გარეთ ვერ გამყავდა, თან დედაჩემი მოდიოდა, ვიზის ვადა დაუმთავრდა და მარტო უნდა დავრჩენილიყავი. წამოვიყვანე აქ და ისეთი კმაყოფილი ვარ, სულ ეზოში მყავს, თუ ქარი არ არის. ისე მოსწონს, როგორც კი გარეთ გავიყვან‚ მაშინვე ეძინება და მთელი უბანი იცინის – ამას ისევ სძინავსო. მოუხდა თბილისი, კარგად სძინავს, დილის 6 საათზე იღვიძებს და თავისთვის იწყებს თამაშს. მოსწონს თბილისში და კმაყოფილი ვარ, რომ წამოვიყვანე.

– შენი მეუღლე ამჟამად თბილისში არ არის. ალბათ‚ მთელი დღის განმავლობაში გირეკავს, ნერვიულობს, ენატრება ცოლ-შვილი...

– დღეში ათჯერ რეკავს „სკაიპში“, თან მეკითხება: შეიცვალა, როგორია, თმა ამოუვიდა?  ვეუბნები: ხუთ წუთში როგორ შეიცვლებოდა-მეთქი. თავიდან, რომ დაიბადა, ცისფერი თვალები ჰქონდა და სინათლეზე რომ დაიჭერდი – მოწითალო თმა. დედაჩემი ამბობდა: ვაიმე, ეს ხომ ნამდვილად ჩვენი ბავშვიაო. მალე წითელი თმა დასცვივდა და შავი ამოუვიდა. თვალის ფერიც შეეცვალა. 

– დათომ სულ აგირია გეგმები. აქტიურად იყავი გადართული შენს კარიერაზე და ამ მხრივ‚ სერიოზული წარმატებებიც გქონდა. თუმცა‚ გარკვეული ხნის განმავლობაში პაუზის აღება მოგიწევს.

– სულ სხვა გეგმები მქონდა, თბილისში ჩემს პედაგოგთან პროგრამაც დავამუშავე, ინგლისში მივდიოდი, „ქოვენ გარდენის“ აკადემიიდან მოწვევა მქონდა‚ მაგრამ ასეთი სიურპრიზი მომიწყო. თუმცა‚ ძალიან გაგვახარა. შეიძლება‚ ძიძა ავიყვანო და მოსკოვში, დიდ თეატრში გავაგრძელო მუშაობა, იქ მიწვეული სოლისტის სტატუსით ვიყავი. უბრალოდ‚ მთელი ორსულობის განმავლობაში ვერ ვმღეროდი. თავიდან ექიმმა მითხრა: არ გინდაო. მერე‚ მუცელი რომ გამეზარდა‚ მეც ვერ ვმღეროდი, სუნთქვა მიჭირდა. ახლა, რაც გავაჩინე, სიმართლე რომ გითხრა‚ არ ავმღერებულვარ. რადგან გავხდი, ჩემს სასიმღერო წონაზე არ ვარ და ასე გამხდარს გამიჭირდება სიმღერა. თან‚ იმდენი ხანი არ მიმღერია, ახლა პირის გაღების მეშინია: ნეტავ‚ რა ხმა ამომივა-მეთქი. მაგრამ‚ არა უშავს ჩავდგები ფორმაში, ვივლი ჩემს პედაგოგთან‚ სვეტასთან. დიდი ხანია ის ჩემი პედაგოგია და მასზე კარგად არავინ იცის‚ რა მჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ სულ აქტიური ვიყავი, სახლში ვერ დამსვამდი, ახლა რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ამ ბავშვს რომ დავინახავ და მის სიცილს გავიგონებ, იმდენად ვერთობი, საერთოდ აღარ მინდა არსად წასვლა. 

– არ უმღერი?

– სადღაც წავიკითხე: ბავშვი სამი თვიდან მღერისო და არ მჯეროდა. რომ ვუმღერი, ისე მყვება, რაღაც მომენტში, ტონალობას იჭერს: ადის, ადის და იმ ტონალობაში ჯდება. ჩემი მეგობარი იყო მოსული, ვოკალისტია და იმან თქვა: ამ ბავშვს სმენა აქვს, ღიღინებსო. რამეს რომ წაიმღერებდა, ისიც იმ ხმაზე ღუღუნებდა. ახლაც გვერდზე მივუწვები ხოლმე და ყურთან ვუმღერი. მაშინვე ჩერდება, გისმენს და გყვება. თუ ძალიან ნიჭიერი იქნება, ხელს შევუწყობ. 

– ჯერჯერობით რუსეთში ცხოვრება გაქვთ გეგმაში?

– კი, თუმცა‚ ცოტა რთულია. ერთხელ ერთ-ერთ თეატრში რომ გაიგეს ქართველი ვიყავი, ასე თქვეს: ჩვენ ქართველებთან არ ვმუშაობთო და იმ ბიჭს, რომელიც ჩემს საქმეზე იყო მისული‚ ცხვირწინ მიუხურეს კარი. არადა უთხრა: მეცო-სოპრანოა, პროგრამა აჩვენა – რას ვმღერი და დაინტერესდნენ. მაგრამ გვარი რომ გაიგეს: არა, ქართველი არ გვინდაო. თუმცა, მეცო-სოპრანოები ისე უჭირთ, რომ დათმობაზე წასვლა უხდებათ. თან‚ მე ისეთ არიებს ვმღერი, რაც მეცო-სოპრანოსთვის რთულად არის მიჩნეული. ბევრი ვერ ბედავს ამას, ამიტომ‚ ამ მხრივ‚ ძალიან ინტერესდებიან. ამიტომაც ამიყვანეს დიდ თეატრში მიწვეულ სოლისტად, მაგრამ შტატში ჩასმა უჭირთ: პასპორტი არ გაქვთ, გასტროლზე რომ წავიდეთ‚ ვერ წამოხვალთ, თქვენი წამოსვლა უცხოეთში სულ პრობლემა იქნებაო. თუ კარგ სამსახურს ვერ ვიშოვი, მერე შეიძლება‚ აქეთ წამოვიდე. ხვიჩას ძალიან უნდა, რომ ვიმღერო, დაინტერესებულია და ხელს მიწყობს.

скачать dle 11.3