კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ არის მამაკაცი მართალი ქალთან და რატომ დგება ის დილემის წინაშე

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა უამრავ ნიუანსს მოიცავს და თითქოს ერთგვარ „თავდაუსხმელობის პაქტზეა“ დამყარებული. ამასთან, არ უნდა არსებობდეს ნახევრად ნათქვამი, ანუ, როცა რაღაც უთქმელი რჩება, ჩნდება ბზარი, რომელიც ნელ-ნელა ღრმავდება და იწყება კრიზისი. თუმცა, არსებობს ურთიერთობა, როცა ისეთი სულიერი თანხვედრაა, რომ სიტყვები საერთოდ არ არის საჭირო. ამბობენ, რომ მამაკაცებს გრძნობებზე ლაპარაკი არ შეუძლიათ და მათ ეს უნდა ვაპატიოთ. არავითარ შემთხვევაში! თუკი ეს ვითომ წვრილმანი შერჩებათ, მომავალში კიდევ უფრო მეტს დაათმობინებენ ქალებს.

პრინციპში, მამაკაცისთვისაც ბედნიერება უნდა იყოს ისეთ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც ბოლომდე მისიანი იქნება. მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რატომღაც, მაინც არ ჩქარობენ ხოლმე. ფსიქოლოგები ურჩევენ მამაკაცებს, დაზოგონ ქალი; არ შეუქმნან მას ილუზია და არ მიიჯაჭვონ, თუკი სერიოზული და შორსმიმავალი გეგმები არ გააჩნიათ. მაგრამ, თუ მამაკაცი დილემის წინაშე დგას – არც ეთმობა ქალი და ქორწინებაც ვერ გაუბედავს?! მაშინ, ქალს აუცილებლად ეტკინება გული. მოგვიანებით კი ეს გულისტკენა ორმხრივი იქნება.

ვასიკო (33 წლის): იცით, როგორი სიყვარული მინდოდა? – ყველა უჯრედით რომ გიყვარს. ყველაფრით – გონებით, გულით, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილებამდე. ქალებს, რატომღაც, ჰგონიათ, რომ ჩვენთვის სიყვარულში არაფერია განსაკუთრებული. ასე ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ბევრს არ ვლაპარაკობთ ამაზე და ისე ვიქცევით, რომ ეს არ შეგვეტყოს. გაუგებარია, რატომ, მაგრამ, ასეთია მამაკაცის ბუნება. ამით, უპირველესად, ჩვენვე ვზარალდებით. ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა, მაგრამ, გამართლება გვაქვს: ის კომპლექსები, რომლებიც ქალებთან ურთიერთობაში დილემის წინაშე დაგვაყენებს ხოლმე, ქალებმა გაგვიჩინეს.

– ქალებს რატომ სდებთ ყოველთვის ყველაფერში ბრალს?

– ბრალს არავის ვდებ, რომელი პროკურორი მე ვარ. მაგრამ, ხომ უნდა გავარკვიოთ, რატომ ვუშვებთ ამდენ შეცდომას ურთიერთობაში?! პირადად მე უამრავი გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი და, რომც ვინანო, მაინც აღარაფერი ეშველება ამ ამბავს. გულის გადასაყოლებლად გიყვებით  და კიდევ იმისთვის, რომ გავიგო, მარტო ჩემი ბრალია, რაც მოხდა თუ გარემოებამაც შემიწყო ხელი. გარემომაც იქონია გავლენა იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღება დავაგვიანე. არადა, შინაგანად მზად ვიყავი ამისთვის. სიტყვებით თქმა გამიჭირდა და ამან დამღუპა. 33 წლამდე ისე მივედი, ქალის მიმართ ასეთი გრძნობა არ მქონია. იმათაც ირონიულად ვუყურებდი, ვინც სიყვარულზე ბოდავდა. ბევრი ფიქრი მიყვარს ყველაფერზე, მძიმე ადამიანი ვარ: დიდხანს ვფიქრობ, ვაანალიზებ, ავწონ-დავწონი ხოლმე. წინასწარ ვვარაუდობ იმ რაღაცეებზე, რაც შეიძლება მოხდეს.

– ანუ, წინდახედული ხართ?

– არ ვიცი, წინდახედულებაა ეს თუ სხვა რამ, მაგრამ, ძალიან ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა, როცა საქმე ჩემი პირადი ცხოვრების მოწყობას შეეხო. ყოველთვის მაშინებდა ქორწინებასთან დაკავშირებული თემები.

– „მეშინოდა“, რას ნიშნავს?

– კარგი, ვთქვათ, რომ არ მსიამოვნებდა, მძაბავდა და საკუთარ თავში ჩაკეტვის სურვილს მიჩენდა. ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონების არსი მხოლოდ ერთი მიმართულებით მესმოდა – შავი დამღაა, ძახილის ნიშანი შენს მამაკაცურ თავისუფლებაზე.

– მართლა ასე ფიქრობთ?

– გულახდილად გითხრათ? ახლაც ლამის ასე ვფიქრობ, უბრალოდ, არ ვუღრმავდები. უფრო სწორად, გრძნობა და სასურველ ადამიანთან ურთიერთობის განახლების სურვილი ძლევს – ამ ყველაფერზე ძლიერია.

– სასურველ და არა საყვარელ ადამიანთან?

– ეს ხომ ერთი და იგივეა. ნუ მელაპარაკებით სიყვარულზე, როგორც რაღაც აბსტრაქტულ, ჯადოსნურ გრძნობაზე. ეს არის ჩვეულებრივი ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც შენიანად მიგაჩნია.

– თუმცა, ამ „შენიანთანაც“ კი არ გინდოდათ ოფიციალური სახე ჰქონოდა, ხომ ასეა?

– მინდა, სწორად გამიგოთ თქვენც და იმანაც, ვისთვისაც შედგა ჩვენი საუბარი (დიდი იმედი მაქვს, რომ წაიკითხავს ამ წერილს). ბუნებრივი შიში მქონდა ქორწინების მიმართ. ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიური. ჩემი ასაკის მამაკაცისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. 19-20 წლის ბიჭისთვის ოჯახის შექმნა და ქორწინება ნაკლებად გააზრებული ნაბიჯია, ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამას მოჰყვება. მისთვის მთავარია, ყველა საშუალებით მოიპოვოს სასურველი ქალი, თუნდაც მასზე დაქორწინებით. იმიტომაც ინგრევა მერე ურთიერთობები.

– მერე ეს ცუდია?

– ანუ, თქვენი შეკითხვა სასურველი ქალის დაქორწინებით მოპოვებას ეხება. ხომ სწორად გავიგე? ერთი მხრივ, თითქოს არ არის ცუდი, მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ სპონტანურ გადაწყვეტილებებს კარგი არაფერი მოაქვს?

– თქვენი ლოგიკით, სიყვარულით შექმნილი ყველა ოჯახი ან მათი უმეტესობა დასანგრევად არის განწირული?

– რატომ არ გინდათ, გამიგოთ? მე გეუბნებით, გააჩნია, სიყვარულს რას დაარქმევ. თუ მხოლოდ ლტოლვისა და ვნების ხარისხით იხელმძღვანელებ და პასუხისმგებლობებს არ გაითვალისწინებ, შედეგი აუცილებლად „დამანგრეველი“ იქნება. არ არის ადვილი ადამიანთან წლების განმავლობაში ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. რომ წარმოიდგენ, მუდმივად ერთადერთ ადამიანთან უნდა იყო ყოველთვის და ყველგან, დღისითაც და ღამითაც, შეიძლება, გაგიჟდე.

– ისე ნუ იზამთ, ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, მამაკაცებმა საერთოდ გადაიფიქრონ დაქორწინება.

– რატომ მარტო მამაკაცებმა, იქნებ ქალებმაც?! თქვენ ფიქრობთ, მხოლოდ მამაკაცებისთვის არის ქორწინების ბორკილები დამთრგუნველი? ქალებიც ხშირად არიან ოჯახის დანგრევის ინიციატორები და ქმრებსაც ცივი გონებით ღალატობენ.

– ანუ, ძალიან, ძალიან უნდა გიყვარდეს პარტნიორი, რომ ეს დისკომფორტი დაბალანსდეს?

– მე ასე ვიტყოდი – ძალიან უნდა იყო დარწმუნებული საკუთარ არჩევანში. ვიცი, იფიქრობთ, რომ მე მეტისმეტად პრაგმატული ვარ, მაგრამ, ნუთუ ეს უარყოფითი თვისებაა? მე ასე არ მიმაჩნია. პრაგმატულობა ერთგვარი დაცულობაა. არ მახსოვს შემთხვევა, ამ კონკრეტულის გარდა, როცა ჩემი გადაწყვეტილება მინანია.

– თქვენ, ალბათ, საქმიან გადაწყვეტილებებს გულისხმობთ.

– ოჯახის შექმნა ყველაზე დიდი საქმეა, მე თუ მკითხავთ. სულით და გულით უნდა იყო განწყობილი ამ სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად, რაშიც უმთავრესი გონებაა, გული კი, ხშირ შემთხვევაში, ცუდი მრჩვეველია. სამწუხარო ის არის, რომ ჩემს რჩეულს, რომლის მიმართაც აბსოლუტური ნდობა მქონდა, ვერაფერი გავაგებინე. როცა ამ თემაზე საუბარს ვიწყებდი, ცოფდებოდა და სკანდალს  ტეხდა. ვერ მიხვდა, რომ ამით უარესად მაშინებდა. დამიჯერეთ, არაფერი ისე არ აშინებს მამაკაცს, როგორც ისტერიჩკა ქალი და მისი სკანდალები.

– თქვენ როგორ გგონიათ, ჩამოუყალიბებელი მამაკაცი, რომელიც წლების განმავლობაში ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ქალს არ აშინებს?

– კარგი საპასუხო დარტყმა იყო. ალბათ, აშინებს. თუმცა, მე უფრო სხვა რამ მგონია მისი გაბრაზების მიზეზი – თეთრი კაბის ჩაცმის სურვილი.

– თეთრი კაბის ჩაცმის სურვილი ნაკლია?

– არ ვიცი. ალბათ, არ არის ნაკლი, თუ ის მიმბაძველობით არ არის გამოწვეული. მე მიმაჩნდა, რომ ჩემი პარტნიორი სწორედ ასეთი „მიმბაძველობის“ მსხვერპლი იყო.

– რატომ გგონიათ, ასე? ყველა ქალს ბუნებრივად აქვს სურვილი, იყოს პატარძალი.

– იმიტომაც იკლავს თავს გათხოვებისთვის ყველა ქალი?! ოღონდ გათხოვდნენ და, ისეთებს მიჰყვებიან ცოლად, გაოგნდები.

– არ გიფიქრიათ, რომ უყვართ ეს „ისეთები“?

– ჰოდა, მაგიტომაც მაქვს სიყვარულზე ნეგატიური წარმოდგენა იმ ფორმაზე, რა ფორმითაც თქვენთვის მისაღებია. ეტყობა, ყველა ქალი მაინც ერთნაირად აზროვნებს. მე ბუნებით მშვიდი ვარ. შეგნებულად ვცდილობ, რომ ნერვები არ ავიშალო, რადგან, გაბრაზებული საშინელება ვხდები.  ვეხვეწებოდი თინიკოს, ნუ მიწყობ სკანდალებს ქორწინების თემაზე, ცოტა მოიცადე-მეთქი, მაგრამ, ადამიანს რაც აქვს ხასიათში, იმას ვერ მოაშლევინებ, გამორიცხულია.

– ადამიანის გადაკეთების მცდელობა ყოველთვის განწირულია.

– გეთანხმებით. ამიტომ, ისეთზე უნდა შეაჩერო არჩევანი, რომლის გადაკეთების სურვილიც არ გაგიჩნდება. ძალიან განვიცდიდი იმ ზეწოლას, რომელიც ჩემზე ხორციელდებოდა. ბოლოს უკვე დამემუქრა: თუ ცოლად არ შემირთავ, შედეგზე პასუხისმგებელი მე არ ვიქნებიო. ამაზე ისე გავბრაზდი, რომ არც მიკითხავს, რა შედეგზე იყო ლაპარაკი. ერთ საღამოს, ჩვეულებრივ, წავეკიდეთ იმავე თემაზე, ჩაიცვა და სადღაც წავიდა. ბუნებრივია, უკან გაყოლის სურვილი არ გამჩენია. გზიდან დამირეკა და მითხრა, სულელი ხარ შენ, სულელიო. ეს კიდევ ერთი წვეთი იყო ჩემი მოთმინების ფიალაში. რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედი და, სანამ მე სტრატეგიასა და ტაქტიკას „ვამუშავებდი“, ჩემი რჩეული თურმე ჩემს შემცვლელს ეძებდა.

– სტრატეგიასა და ტაქტიკას მის დასაბრუნებლად?

– დიახ, ურთიერთობის დასალაგებლად. არ მინდოდა მისი დაკარგვა.

– მაგრამ, არც დაქორწინება გინდოდათ...

– ვინ გითხრათ, რომ არ მინდოდა? აჩქარების წინააღმდეგი ვიყავი, თორემ, ბოლოს და ბოლოს მეც მივიდოდი იმ გადაწყვეტილებამდე. 

– ძალიან ჯიუტი ყოფილხართ.

– პრინციპული – არა?! არ ჰქვია მის საქციელს გათხოვების აკვიატებული იდეაფიქსი?! თუ ჩემთან უნდოდა ყოფნა, ყოფილიყო და ოჯახსაც შევქმნიდით.

– ძალიან მარტივად მსჯელობთ. ქალს რომ ოჯახი და შვილი უნდოდეს, ამაში დასაძრახი რა არის?

– შვილი ხომ იმ ადამიანისგან უნდა გინდოდეს, ვინც შენთვის ძვირფასია?  თუ დედობრივი ინსტინქტი იმდენად ძლიერია, რომ, სულერთია, შვილს ვისგან გააჩენ, მომკალით და, მე ეს არ მესმის. რომ მითხრა, ვთხოვდებიო, გავგიჟდი. ესე იგი, რა გამოდის? – ჰყავდა კონკრეტული „რეზერვი“ და ამ ხნის განმავლობაში ამას ოსტატურად მიმალავდა, ანუ, მატყუებდა? ახლა დილემის წინაშე ვარ. უფრო სწორად, ულტიმატუმი მაქვს წაყენებული: ან მე უნდა შევირთო ცოლად, ან – გათხოვდება.

– რატომ დგახართ დილემის წინაშე? გათხოვდეს, თუკი არაფრად გიღირთ.

– ვინ გითხრათ, რომ არაფრად მიღირს? ჩემი საუბრიდან ეს დასკვნა გააკეთეთ? მე დამოკიდებული ვარ მასზე; შეიძლება, შევეჩვიე კიდეც. პრინციპში, არც ვარ მასზე დაქორწინების წინააღმდეგი – მე მშვენიერი ცოლი მეყოლება, ჩემს შვილებს კი – კარგი, მოსიყვარულე დედა, მაგრამ, ეს ფორმა მაგიჟებს. გამოდის, რომ მაიძულა, ცოლად შემერთო, თანაც, მაიძულა შანტაჟით.

– უცნაური ლოგიკაა. ხომ ამბობთ, დაქორწინების საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო, შანტაჟი რაღა შუაშია? 

– მაინც ვერაფერი გაიგეთ. მე ვერ ვეგუები იმას, როცა რამის გაკეთებას მაიძულებენ ან მაჩქარებენ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. რა ვქნა, ასეთი ადამიანი ვარ. გამოდის, როცა ოჯახში რამეზე ვერ დამითანხმებს, უნდა დამაშანტაჟოს? მაგარი ცოლქმრობა გვექნება. 

– მაშინ, აცალეთ, გაჰყვეს ცოლად კაცს, რომლისთვისაც სასურველი ქალია და არა შანტაჟისტი.

– არ ვამბობ, რომ შანტაჟისტია, პროვოკაციაზე რატომ მოდიხართ? მაგრამ, მისი საქციელიდან გამომდინარე, ასე გამოდის. მოეშვას ამ მუქარას და მითხრას, რომ ჩემთან ყოფნა უნდა; რომ სხვა მამაკაცი არ სჭირდება – ვიქნებით ისევ ერთად და ლოგიკურ ფინალამდეც მივალთ. ის მაინც ეთქვა, რომ შვილი უნდოდა და ამიტომაც მიაჩნდა აუცილებლად ოჯახის შექმნა. მოკლედ, არ მინდა, ისეთი ქალი შევირთო ცოლად, რომელიც მოძალადის იარლიყს მიიწებებს ნებსით თუ უნებლიეთ.

скачать dle 11.3