კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიუნგრია პატრულს ცხვირ-პირი კახა კუკავამ და რაზე წუწუნებს მისი ცოლი

პოლიტიკოს კახა კუკავას ოჯახური ინტერვიუსთვის შინ ვესტუმრეთ. ფოტოსესიის შემდეგ უმცროსმა შვილმა ნიკოლოზმა სასწრაფოდ დასტაცა ხელი ჩანთას და დაგვემალა. როგორც აღმოჩნდა, ცნობილი პოლიტიკოსის ოჯახში საჯარო გამოსვლები და მედია მაინცდამაინც არ უყვართ, კახას მეუღლე – თეა, ფრანგული ენის სპეციალისტია, ამჟამად დიასახლისი. ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში მეუღლის „დიდ ჩრდილში” დარჩენას ამჯობინებს. კახას მთლიანად „საგარეო ასპარეზი“ აბარია და სამეურნეო თუ ყოფითი საკითხებისთვის არავინ აწუხებს. 

– თეა, ბანალური, ტრივიალური, ალბათ, ხშირად დასმული შეკითხვაცაა, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, რთული არ არის პოლიტიკოსის ცოლობა, თან საქართველოში?

– (იცინის). ნამდვილად ძალიან რთულია და თავიდან კიდევ უფრო რთული იყო. შეჩვევის მომენტიცაა, ძნელია ამასთან შეგუება... შემდეგ ორი ბავშვი გავაჩინე და ბუნებრივად, სხვა რაღაცეებზე გადავერთე. უკვე ამას იმდენ ყურადღებას აღარ ვაქცევ. საინტერესოც კია და თან კახას იმედი მაქვს, ვიცი, რომ კარგად იცის, რასაც აკეთებს, ამიტომ არ მეშინია. რა გითხრათ, ძირითადი სირთულე სახლში მისი არყოფნაა (იცინის). დროის დეფიციტი აქვს მუდმივი – საოჯახო საქმეები ჩემზე და მის მშობლებზე გადადის. მას ეს მხარე არიდებული აქვს. კი აქვს თავისებური ხუშტურები და ახირებები, მაგრამ დისკუსიის შედეგად მაინც ჩემს მხარეს გადმომყავს. დამყოლია... ბოლოს თმობს პოზიციებს. სანამ ცოლად მომიყვანდა, კახას თავისი საადვოკატო ფირმა ჰქონდა. რომ შევუღლდით, ახალდაწყებული ჰქონდა პოლიტიკური საქმიანობა და ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული. ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი გვქონდა ამის გამო. მარტო რომ ვიყო, ალბათ, უფრო გამიჭირდებოდა გადალახვა, მაგრამ კახას მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ და სიძნელეებსაც ერთად ვიზიარებთ. 

– განიცდით მეუღლეს რომ ხედავთ ეკრანზე?კრიტიკულ შენიშვნებს, რჩევებს აძლევთ?

– განცდით ნაკლებად, მაგრამ ყოველთვის ვუყურებ მის გამოსვლას, მაინტერესებს, რას ამბობს. თუ ვერ მოვასწარი, არის თანამედროვე საშუალებები, ვახვევ და მაინც ვუყურებ ხოლმე. საკმაოდ მკაცრადაც ვაკრიტიკებ. თუ რამე არ მომეწონა, პირდაპირ ვეუბნები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზედმეტი მოსდის ვინმეს კრიტიკა, ან ვინმეს წაკბენს. მინდა, მაინც ლმობიერი იყოს სხვების მიმართ, ვცდილობ, ობიექტური ვიყო და უფრო მეტად უარყოფით მხარეზე გავამახვილო ყურადღება, ვიდრე დადებითზე. მე კახას ვუყურებ არა მარტო როგორც ცოლი, არამედ როგორც რიგითი ამომრჩეველიც (იცინიან). ზოგადად, ვფიქრობ, ძალიან მკაცრ კრიტიკას არ იმსახურებს, იცის თავისი საქმე. 

– ზედმეტად ემოციური არც ერთი არ ხართ, როგორც ვხედავ...

– ნამდვილად არ ვარ ემოციური, შინაგანად შეიძლება ვღელავდე და განვიცდიდე, მაგრამ გარედან არასდროს არ ვიმჩნევ, ვცდილობ,  არ ვაჩვენო სხვებს.

– თქვით, სირთულეებთან იყო დაკავშირებული პოლიტიკაში ყოფნაო, კონკრეტულად რა სირთულეებზეა საუბარი?

– აქციების პერიოდი მაქვს მხედველობაში. 26 მაისი საშინელი დღე იყო. გაიტაცეს კახა, სცემეს, დილამდე ვერაფრით გავიგეთ, სად იყო. ძალიან ვნერვიულობდით...

კახა: 26-ში, ღამე, ჩვენ აღმოვჩნდით კინოთეატრ „რუსთაველში,“ სადაც კარგად და „კვალიფიციურად“ დაგვბეთქეს. მე საკმაოდ ხშირად ვუყურებ უცხოურ არხებს და „იუთუბიზე” ყველაფერი მინახავს, მაგრამ მსგავსი იქ არაფერი იყო მიუხედავად იმისა, რომ მეოცე  საუკუნის ისტორია საკმაოდ კარგად, თითქმის ყველაფერი ვიცი. დაახლოებით 200-300 კაცი ხელფეხშეკრული ეყარა და ამ ხალხზე ფეხებით გადადი-გადმოდიოდნენ უნიფორმიანი სპეცნაზელები, თან ლითონის „ბიტებით” სცემდნენ... სერიოზული დაზიანებები მიიღო ხალხმა. მინდოდა ამის რეპროდუქციის გაკეთება, მაგრამ თბილისში საკმაოდ ძვირი ჯდება, უცხოეთში ვაპირებთ გაკეთებას.

თეა: ვუყურებდით ტელევიზორში არეულობას.  თან, წარამარა აცხადებდნენ, რომ კახა კუკავა გატაცებული იყო და არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. ძალიან ვინერვიულეთ. გამთენიისას დაბრუნდა სახლში. კახა ასეთი არასოდეს მინახავს – გაფითრებული, ნაცემ-ნაბეგვი, მაგრამ მაგას ვინღა ჩიოდა, რადგან ცოცხალი დაბრუნდა (იცინის). არაერთხელ მითქვამს, პოლიტიკას თავი დაანებე-მეთქი. მერჩივნა, თავისი პროფესიით ემუშავა, ჩვენც უფრო მშვიდი ცხოვრება გვექნებოდა. მაგრამ, რომ ვუყურებ იმ ხალხს, ვისაც კახას იმედი აქვს... არ ვიცი, ალბათ ასეა საჭირო. 

– ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსების მეუღლეები ჩრდილში არჩევენ ყოფნას, ნაკლებაქტიურები არიან. თქვენ როგორ ხართ ამ მხრივ?

– მეც ასე ვარ – ჩრდილში მირჩევნია ყოფნა, კახას დიდ ჩრდილში (იცინიან). არ მიყვარს, ჩემს ცხოვრებაში რომ იჭრებიან. პროფესიით ფრანგულის სპეციალისტი ვარ, საფრანგეთში ვსწავლობდი. აქ ვმუშაობდი ფრანგულის პედაგოგად, მაგრამ თავი დავანებე. მიმაჩნია, რომ ჩემს შვილებს უფრო ვჭირდები, ვიდრე გზაზე დავაყენებ და კალაპოტში ჩადგებიან. სხვათა შორის, კახა ამ მხრივაც ძალიან აქტიურობს, სულ მეუბნება, რამე ნახეო. მაქეზებს, რომ რამე ვიპოვო და სახლში არ ვიჯდე. არ აქვს ეგ პრობლემა. 

– რაზე კამათობენ კახა კუკავა და მისი მეუღლე?

კახა: ისეთ სერიოზულზე არაფერზე. ერთხელ დავცხეთ სერიოზულად, მაგრად ვიჩხუბეთ და რაზე, იცით? დუში მიმაგრებული უნდა ყოფილიყო თუ ჩამოსაკიდებელი (იცინის). სხვა ისეთი სერიოზული არაფერი ყოფილა, ვუთმობთ ერთმანეთს.

თეა: ორსულად ვიყავი მაშინ და ალბათ გაღიზიანებული. ამისთვის ნამდვილი ტრაგედიაა, როცა მე საჭესთან ვჯდები. ძალიან არ უყვარს, წინააღმდეგია.

– რატომ, კახა, ყველა ქართველი მამაკაცივით მიიჩნევთ, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან?

კახა: კი, ასეა. კარგი ქალი-მძღოლი არ მინახავს საერთოდ, არც პოლიტიკოსი, არც სხვა პროფესიის. ქალი ცუდი მძღოლია და კაცი მასწავლებელი კიდევ უარესი. მირჩევნია, სხვამ ასწავლოს. დიდი ხნის მძღოლი არც მე ვარ, 12 წელია, საჭესთან ვზივარ. გენდერული თანასწორობა საერთოდ არ არსებობს. მე არ ვგულისხმობ უფლებრივ თანასწორობას. არის საქმე, რაც ქალისთვის არ არის შექმნილი. მწარმოებლები თუ სპეციალურად ქალის ხასიათზე მორგებულ მანქანას გამოუშვებენ, სხვა მექანიზმით, მაშინ არ ვიცი. არ არის მანქანა ქალის საქმე, ისე როგორც შეშის ჩეხა, ან კაცისთვის სამზარეულოში ტრიალი. ზოგი ქალი ფეხბურთსაც თამაშობს და კრივზეც დადის. ცალკეულ შემთხვევაზე არ ვლაპარაკობ, საერთოდ ვამბობ. დაბნეულები არიან ქალები, ინსტინქტებში ვერ გადასდით მძღოლობა, ყოველთვის ვატყობ, საცობში რომელია ქალის მანქანა. 

თეა: გვერდით რომ მიზის, ისე ნერვიულობს, ოფლი ჩამოსდის და მეც ხასიათი მიფუჭდება – მაგის ნერვები არ მაქვს. არადა, წესები საერთოდ არ იცის. მე პატიოსნად, ზედმიწევნით ვიცი წესები და არ ვარღვევ. 

– პატრულთან არ გქონიათ პრობლემა, კახა?

კახა: 2006 წლის მერე ზედამხედველობის ქვეშ ვიყავი, რამდენიმეჯერ ცხვირ-პირიც მივუნგრიე პატრულის თანამშრომლებს, წარამარა მაჩერებდნენ. თუ ქუდი მეხურა (ჰაიმორიტი მაწუხებს), ძირითადად, ვერ მცნობდნენ და ხანდახან სპეციალურად არ ვიხდიდი ქუდს, რომ არ მიცნონ-მეთქი. ერთხელ დამაკავეს, მანქანაც ჩამომართვეს, გამატელევიზორეს, მაგრამ ამან ჩემს ელექტორატზე დადებითად იმოქმედა (იცინის). უნდა იცოდეს პატრულმა, რომ არ შეიძლება, მისი ქვეყნის მოქალაქეს შენობითა და აგდებით მიმართოს. ინგლისურად რომ აწერია, არ ნიშნავს, რომ ევროპული პოლიციაა. 

– მთვრალი ალბათ არ ჯდებით საჭესთან.

– როგორ არა, მთვრალიც დავმჯდარვარ.

– სახლში რომელ საათზე ბრუნდებით, ოჯახისთვის დრო გაქვთ?

– ძირითადად, გვიან. ძალიან, ვცდილობ, ბავშვებთან გავატარო დრო. დილით ნიკუშა მიმყავს ბაღში. მშობელთა კრებებზე არ დავდივარ, დრო არ მაქვს. ზეიმებს ვესწრები ხოლმე ხანდახან. საოჯახო მეურნეობა მე არ მეხება, ძირითადად, საგარეო საქმეები. აკადემიურ მოსწრებას არ ვკითხულობ სკოლაში, ეგ დედის, ბებოს და ბაბუს კომპეტენციაა. საბჭოთა ოჯახური იდილია არ გვაქვს. 

– მეუღლე როგორ და სად გაიცანით?

– ახლობლის ნიშნობაზე ბათუმში. ჩემი მეუღლე ბათუმელია. მერე დიდხანს არ მინახავს, ერთი წელი საფრანგეთში სწავლობდა და მიწერ-მოწერა გვქონდა.

თეა: პირველივე დღიდან მესიჯებს მწერდა. ძალიან ყურადღებიანი იყო, დაკავებულობის მიუხედავად. ნეტავ, ახლა ქმარი იყოს ასეთი (იცინიან). ბათუმელი ვარ და თბილისში ბევრი რამ არ მქონდა ნანახი, დავყავდი ექსკურსიებზე, გეგმა ჰქონდა შედგენილი. ვიფიქრე, აჰა, ავშენდი, ამისთანა საინტერესო ადამიანს მივყვები-მეთქი. როგორც კი ცოლად მომიყვანა, ინტერესი გაუნელდა... (იცინის). არა, ახლაც უნდა ძალიან, უბრალოდ არ სცალია.

– მერე არ წუწუნებთ ხოლმე?

კახა: კი, საკმაოდ წუწუნაა, ყველაფერზე წუწუნებს. ეგ ქალების თვისებაა. სხვათა შორის, ნინიკო დედამისს ჰგავს, ისიც წუწუნაა. ოჯახში ბევრი ნიუანსია, რასაც ვერ ვაქცევ ყურადღებას, ძირითადად, ამის გამო ბუზღუნებს. ნათესავების ნახვას საერთოდ ვერ ვახერხებთ, თუ ძალიან ახლობლები არ არიან.

– როგორც ცნობილ ნათესავს, დახმარებას არ გთხოვენ ხოლმე?

– ეგეც ოპოზიციაში ყოფნის ერთ-ერთი უპირატესობაა. ბევრი კომპეტენცია არ გაქვს (იცინის). არც ესმით წესიერად საერთოდ ვინ ვარ. რადგან ტელევიზორში ვჩანვარ, ჰგონიათ თანამდებობის პირი ვარ. მეუბნებიან, ამ მინისტრს დაურეკე, იმ მინისტრს ის უთხარიო. აღარც ვუხსნი ხოლმე... ალბათ ჯობია, რეალურად მქონდეს დახმარების შესაძლებლობა, მაგრამ რას იზამ. იმ მინისტრებს არც ვიცნობ მე. 

– ახალი პოლიტიკური გუნდიდან ვინმესთან მეგობრობთ? პოლიტიკაში მეგობრობა საერთოდ „მოსულა?”

– როგორ არ „მოსულა“, მაგრამ ახალ მთავრობასთან ძალიან ნაკლებად, უფრო ეკა ბესელიასთან. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა საქმიანი ურთიერთობა ნაკლებად გვაქვს, მაინც თანამდებობრივი მდგომარეობა ცვლის ადამიანს. 

– წეღან პატრულთან ჩხუბი ახსენეთ – ბავშვობაში არ იყავით მუშტი-კრივის მოყვარული?

– არა, არ მიყვარდა და მაინცდამაინც არც ფიზიკური მონაცემები მიწყობდა ხელს, გამხდარი ვიყავი. თუმცა, ბევრ სპორტზე დავდიოდი-ცურვაზე, ტანვარჯიშზე, ცხენოსნობაზე... შეყვარებულის გამო არ მიჩხუბია, არ მოუცია ეჭვიანობის საბაბი. 

– მეუღლე არ მოგიტაციათ ცხენით, არც დავიდარაბაში გახვეულხართ მის გამო?

– არა, რად მინდოდა? თვითონ გამომყვა.  პოლიტიკაში ჩართვამდე არ მქონია კონფლიქტები, პოლიტიკაში ბევრი დრამატული მომენტი და გაწევ-გამოწევა მქონდა. იყო როგორც მუშტი-კრივი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიც.

– შეყვარებულს რით ანებივრებდით?

– ოქრო და ბრილიანტები არ მიჩუქებია.

თეა: ძირითადად, უცხოეთიდან ჩამოჰქონდა და ჩამოაქვს სუნამოები. ძალიან მიყვარს სუნამოები და არჩევანში საკმაოდ პრეტენზიულიც ვარ. თუმცა, იცის უკვე ჩემი გემოვნება, ახალი სუნამოებიც ჩამოაქვს, სამაგიეროდ, ვერ იტანს საშინლად შოპინგს. სულ ბუზღუნებს, დროის საშინელ კარგვად მიაჩნია! სამწუხაროდ, ერთადერთხელ ვიყავით უცხოეთში ერთად – იტალიაში საქორწილო მოგზაურობაში. მას მერე სულ მპირდება, წაგიყვანო და ვერც ერთხელ ვერ წავედით. კიდევ კარგი, საფრანგეთში წავედი სასწავლებლად და მოვასწარი! სხვათა შორის, სანამ წავიდოდი, სიყვარული მანამდე ამიხსნა. არ უნდოდა, რომ წავსულიყავი, მაგრამ არ ვიყავი ჩემს გრძნობებში დარწმუნებული, შემდეგ წავედი, განშორებამ უფრო დამარწმუნა, რომ მიყვარდა. საოცარი იყო იტალია, რომაული არდადეგები გვქონდა. ერთი დღე გავლით ვენაშიც ვიყავით. იქ კიდევ უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი, საკამათოდაც ვიპოვეთ ბევრი თემა – მაგალითად, შოპინგი ისევ და ისევ (იცინიან).

– სახლში პოლიტიკაზე არ საუბრობთ?

– ვცდილობთ, არ ვისაუბროთ. კახა რაც უნდა დაღლილი და ცუდ გუნებაზე იყოს, აქეთ გაგიღიმებს, ცდილობს დაგამშვიდოს, არ არის ისე, ზოგი რომაა ცუდ ხასიათზე და ვერ მიეკარები. საკმაოდ მშვიდი მეგრელია. შვილებთანაც არ არის მკაცრი, განებივრებული ჰყავს ორივე. ამას წინათ იფიქრა, მკაცრად მოვექცევი, ძალიან გავანებივრეო და წარბი შეიკრა. მეორე წუთში თვითონ ეცინებოდა. ყვირილი და ჩხუბი არ იცის. 

– სადაური მეგრელი ხართ კახა და მეგრული თუ იცით?

კახა: მამა ხობიდანაა, დედა – ჩხოროწყუდან, ძალიან მიყვარს სამეგრელო. მარტო ბებიის მხრიდან მირევია სვანური სისხლი. მეგრული საკმაოდ კარგად ვიცი, ისეთი აქცენტით ვერ ვლაპარაკობ, როგორც იქაურები, მაგრამ ვიცი. მინდა, ჩემმა შვილებმაც იცოდნენ მეგრული. 

скачать dle 11.3